ხელისუფლების „ეკონომიკურ ოპტიმიზმს“ საფუძველი ჯერ არ შერყევია

ხელისუფლების „ეკონომიკურ ოპტიმიზმს“ საფუძველი ჯერ არ შერყევია

საზაფხულო არდადეგების წინ საპარლამენტო უმრავლესობამ ეკონომიკური ვითარების შესახებ დეტალური ინფორმაციის მოსმენა ისურვა და მინისტრებს ქუთაისში უხმო. დახურულ კარს მიღმა გამართული შეხვედრის შემდეგ ხელისუფლების პათოსი არ შეცვლილა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, წლის ბოლომდე ეკონომიკის ზრდის კუთხით სერიოზული წინსვლა იქნება. სწორედ ასეთ დასკვნამდე მივიდა პარლამენტის სპიკერი ფინანსთა, ეკონომიკისა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ.

„იყო კითხვები იმის თაობაზე, სტატისტიკის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მაჩვენებელები რას ეფუძნება, როგორ უნდა წავიკითხოთ და გავიგოთ ეს ყველაფერი. ჩვენ მივიღეთ პასუხები ამ კითხვებზე, რომ ეკონომიკის კლება ქვეყანაში შარშან ივლისიდან დაფიქსირდა და მარტის თვემდე, ყოველ მომდევნო თვეში კლების ტენდენცია იყო. მარტიდან საპირისპირო პროცესი დაიწყო და წლის ბოლომდე სერიოზული წინსვლა იქნება“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

შეხვედრაზე ერთ-ერთი განსახილველი საკითხი დამწყები ბიზნესმენებისთვის არსებული პრობლემები იყო.

„ვისაუბრეთ იმაზე, რომ იაფი კრედიტის საკითხი დამწყები ბიზნესისთვის გადაუჭრელ პრობლემად რჩება და მინისტრებმა გვითხრეს, რომ მთავრობაც ასევე ფიქრობს და, ალბათ, მომავალი წლისთვის მაინც იქნება სათანადო მექანიზმები შექმნილი“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

საბოლოო ჯამში, უმრავლესობამ, რომელიც მინისტრებს დახურულ ფორმატში შეხვდა, მთავრობის ეკონომიკური გუნდიდან მიიღო გარანტია იმისა, რომ 2013 წლის ეკონომიკური მაჩვენებლები და ყველა ვალდებულება, რაც სახელმწიფოს გააჩნია, შესრულდება.

„ჩვენ მოვისმინეთ კონკრეტული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა ახალი ინვესტიციები იგეგმება და რა პროცესშია პროექტები. უახლოეს ხანებში ამ თვალსაზრისით სერიოზულ გააქტიურებას ველით“, - აღნიშნა უსუფაშვილმა.

მთავრობის ეკონომიკური გუნდის მინისტრების განცხადებით, წინა წლებში ნაციონალური ხელისუფლება ეკონომიკური ზრდის იმიტაციას არაეფექტიანი პროექტებით ახორციელებდა. დღეს კი, საქართველოს მთავრობა ორიენტირებულია გრძელვადიან ეკონომიკურ ზრდაზე, რომელიც ქვეყნის თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაზე აისახება.

ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აცხადებს, რომ „არანაირად კატასტროფული მდგომარეობა არ არის და მომავლის პერსპექტივა საკმაოდ დადებითია“.

„დაბალი მონაცემები გამოწვეულია კონკრეტული შედეგებით. ეს შედეგები არის როგორც შიდა, ისე გარე. რა თქმა უნდა, კატასტროფული მდგომარეობა არ არის. ჩვენ ერთად უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ პოლიტიკური დაძაბულობა ჯანსაღ ოპონირებაში გადავიდეს და დაძაბულობის ფონი მოიხსნას“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის თქმით კი, ბიუჯეტის მხრივ არანაირი პრობლემა არ არის და ყველა სოციალური ვალდებულება დაფინანსდება, მათ შორის, გაზრდილი ვალდებულებები.

„საქართველოს პარლამენტის უმრავლესობას მივაწოდეთ დეტალური ინფორმაცია ქვეყნის ბიუჯეტში საგადასახადო შემოსავლების კუთხით არსებულ ვითარებაზე. საქრთველოს 2013 წლის ბიუჯეტში ხელისუფლების მიერ გათვალისწინებული ყველა ვალდებულება შესრულდება. სრულად დაფინანსდება ყველა სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტი, მათ შორის, გაზრდილი პენსია, რომელიც ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, პირველი სექტემბრიდან უკვე მეორედ გაიზრდება და 150 ლარს მიაღწევს“. - განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა.