პარტნიორებისგან კრიტიკა ე.წ აგენტების კანონის შესახებ საქართველოს ხელისუფლების მისამართი ბოლო რამდენიმე დღეა აქტიურად ისმის. ამერიკიდან კონკრეტულ პირებზე სანქციების დაწესების გაფრთხილებაც კი გაისმა. ვინ შეიძლება ვაშინგტონის „შავ სიაში“ მოხვდეს, იქნებიან ეს „ხალხის ძალის“ წევრები, მმართველი გუნდის ის დეპუტატები, რომლებმაც ე.წ. აგენტების კანონპროექტს მხარი დაუჭირეს, თუ ამერიკის და დასვლეთის მთავარი სამიზნე შესაძლოა ბიძინა ივანიშვილი გახდეს?
დასავლეთში ფიქრობენ, რომ კანონპროექტის დამტკიცება ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას საფრთხეს შეუქმნის. განცხადებები ისმის ევროპარლამენტიდან და ევროპული საბჭოდან. პარტნიორები ხელისუფლებას მოუწოდებენ უზრუნველყონ დემოკრატია, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა. ეს კრიტიკა ხელისუფლებისთვის სრულიად მიუღებელია და ამბობენ, რომ ამ ყველაფერს არაფერი აქვს საერთო ევროპასთან და ევროპულ ღირებულებებთან. „ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ თუ ჩვენ სახელმწიფოს არ დავიცავთ ჯაშუშების გეგმებისგან, არა მხოლოდ ევროკავშირის წევრები ვერ გავხდებით, არამედ სუვერენიტეტსაც დავკარგავთ. მისი თქმით, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ცალ ფეხზე სიარულით ევროკავშირში ვერასოდეს შევალთ.
თბილისში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებს კი გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი. ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ უშლის აშშ-ს რამე ხელს, სანქციები დააწესოს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, რომელიც შესაძლოა განვითარებული მოვლენების უკან დგას, ნედ პრაისმა თქვა: „იმის მიუხედავად, რომ წინასწარ არასდროს ვსაუბრობთ კონკრეტულ ინდივიდებსა თუ იურიდიულ პირებზე, რომლებიც შეიძლება გახდნენ სანქციების სუბიექტები, ჩვენ მოგვეპოვება მთელი რიგი საშუალებები, რომელთა მეშვეობითაც შეგვიძლია პასუხი მოვთხოვოთ ნებისმიერს, ნებისმიერ ქვეყანაში, მათ, ვინც პასუხისმგებელია ადამიანთა უნივერსალური უფლებების შელახვაში. ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით ამ კონტექსტში ვითარებას, რათა პასუხი აგონ, ვინც შესაძლოა ეღობება იმას, რაც ქართველ ხალხს სურს, რასაც ქართველი ხალხი მოელის და უფრო მეტი - რასაც ქართველი ხალხი იმსახურებს“.
ანალიტიკოსი თამარ კიკნაძე for.ge-სთან ამბობს, რომ დასავლეთიდან და ამერიკიდან ერთდროულად იდენტური და ფაქტობრივად, მუქარის შემცველი გზავნილები ბადებს იმის თქმის საფუძველს, რომ აქ იმაზე მეტი ინტერესი არსებობს, ვიდრე ამაზე ღიად საუბრობენ. ეს ინტერესი კი, შესაძლოა, ისევ ქვეყნის ომში ჩათრევა და „ოცნების“ ხელისუფლების ცვლილება იყოს. კიკნაძე ამბობს, რომ ქვეყნის შიდა საქმეში ამ დოზით ჩართვა მიუღებელია, მით უმეტეს, როცა საუბრი ამერიკულ კანონზეა და ის თავად ამერიკაში მშვენივრად მოქმედებს.
„ერთადერთი ეჭვი რაც ჩნდება, ისაა, რომ ეს კანონპროექტი უბრალოდ საბაბად არის გამოყენებული, რათა საქართველოს ომში ჩათრევა მოხდეს, რადგან ამას „ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ვერ ახერხებენ. არც ისაა გამორიცხული, მისი ძალისმიერი მეთოდით შეცვლა სურდეთ. სწორედ ამაზეა საუბარი ამ კანონში, რომ უცხო ქვეყნის ინტერესი არ გაჩნდეს და ხალხის მიერ კანონიერად არჩეული ხელისუფლების დამხობის სურვილი ვიღაცას არ გაუჩნდეს. ეს დაფინანსება გამჭვირვალე იყოს და იმ ბაკურიანის შეკრების არ იყოს, გავიგოთ, რეალურად ჩვენს ქვეყანაში ვის რა მიზნები ამოძრავებს. საქართველოში არეულობა თუ დაიწყება, ევროპული გზა კი არა, რუსეთის გუბერნიობა მოგვენატრება.
ამერიკის საელჩოს მიერ გაკეთებული განცხადება, რომ ეს არის შავი დღე ქართული დემოკრატიისთვის, ჰგავს პარტნიორის განცახდებას? ეს არ უნდა იქნას გაგებული და აღქმული, როგორც ხალხის წახალისების და ესკალაციის ხელშეწყობა, როცა იგივე კანონი მათთან მოქმედია და ჩვენს ხალხს ატყუებენ, რომ ამით თითქოს ევროპულ კურს გადავუხვიეთ! ეს ყველაფერი ძალიან დიდ საფრთხესთან არის დაკავშირებული. დღევანდელი ხელისუფლება ცდილობს სწორედ რომ ქვეყანაში მშვიდობა იყოს, დაიცვას ქვეყნის სუვერენიტეტი და ეს უბედურება, რასაც ომი ჰქვია, თავიდან იქნას არიდებული. არ ვიცი რამდენად შორს წავა ამერიკა და გაბედავს თუ არა ჩვენი ქვეყნის მმართველი გუნდის წევრებისთვის სანქციების დაწესებას, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ქვეყნებს შორის პარტნიორობას და თანამშრომლობას ძალიან დიდ პრობლემებს შეუქმნის“, - აცხადებს კიკნაძე.
რაც შეეხება ამერიკის დეპარტამენტის მხრიდან გაკეთებულ განცხადებას და გაფრთხილებას, ვინ შეიძლება სანქცირებულთა სიაში მოაზრებული იყოს? ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კანფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ ამერიკა ჯერჯერობით ამ ნაბიჯზე არ წავა, თუმცა რადგან ეს განცხადება გაკეთდა, სავარაუდოდ, ამაზე მსჯელობა მიდის.
„მე მაინც ვფიქრობ, რომ ამერიკაც და ევროპაც ვენეციის კომისიის დასკვნას და შემდეგ ხელისუფლების გადაწყვეტილებას დაელოდებიან. ხვალ და ზეგ სანქციების დაწესებას და ვინმეს დასანქცირებას არ ველი, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ბერკეტის გამოყენება შეუძლიათ. თუმცა ამ წითელი ხაზების გადაკვეთამდე მაინც საქმე არ არის მისული. როგორც ჩანს, ამერიკა მაინც იმედს იტოვებს, რომ ხელისუფლება რაღაცა კონსესუსამდე მივა. რაც შეეხება კითხვას - ვინ შეიძლება მათი სამიზნე გახდეს, ალბათ, ეს „ხალხის ძალის“ წევრები და ის დეპუტატები იქნებიან, რომლებმაც კანონპროექტს მხარი დაუჭირეს. შესაძლოა ირაკლი კობახიძეც იყოს მოაზრებული, მაგრამ ამაზე მაინც მგონია თავს შეიკავებენ. არც პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი არ იქნება. ზოგადად, ხელისუფლების მთავარ პირებზე და საგარეო საქმეთა მინისტრზე ასეთ სანქციებს არ დააწესებენ. ვინც კი კანონი შეიტანა და შემდგე ხელი მოაწერა, ამერიკელების სამიზნე ისინი უფრო იქნებიან.
რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის შესაძლო დასანქცირებას, ეს ძალიან რთულია და ტყუილია იმის მოლოდნი, რომ მისი დასანქცირება მოხდება. ხელმოსაკიდი რომ ჰქონდეთ, ამას იზამდნენ, მაგრამ ივანიშვილის წინააღმდეგ არაფერი აქვთ. ის დაფარულია, ხმას არ იღებს და პროცესებში საჯაროდ არ მონაწილეობს. თუ ფარულად მონაწილეობს და სიტუაციას კულისებიდან მართავს, მაშინ ამას მტკიცებულება სჭირდება. ის რომ დაასანქცირონ, ივანიშვილს სასამართლოში ჩივილი შეუძლია და არაა გამორიცხული, პროცესი მოიგოს კიდევაც. ბოლოს ბიძინა ივანიშვილის აქტიურობა რაც გვახსოვს, გახარიას გადადგომის შემდეგ წერილის გამოქვეყნებაა. ამის მერე ის საერთოდ არ გამოჩენილა, ამიოტმ მისთვის ხელის მოკიდება ძალან გაუჭირდებათ. გამორიცხულია, რომ ახლა მისი დასანქცირება შეძლონ. ივანიშვილმა ახლა რამე რომ თქვას, მის წინააღმდეგ გამოიყენებენ. მან ეს კარგად იცის, ამიტომ დასანქცირებისთვის რაიმე ხელჩასაჭიდია საჭირო“, - ამბობს ზაქარეიშვილი.
დაიღუპა დემოკრატია
სასწრაფოდ ლომჯარია კანადაში--- დემოკრატიის გადასარჩენად