ულტერნატივო არჩევნები 25 ოლქში - ხელისუფლების უპირატესობა და ოპოზიციის კრიზისი

ულტერნატივო არჩევნები 25 ოლქში - ხელისუფლების უპირატესობა და ოპოზიციის კრიზისი

2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოსთვის უპრეცედენტო ვითარებით გამოირჩევა. ცესკო-ს ოფიციალური მონაცემებით, თბილისის გარდა, ქვეყნის მასშტაბით მოქმედ 74 ოლქში, 25 მუნიციპალიტეტში, მერის არჩევნებზე მხოლოდ „ქართული ოცნების“ კანდიდატია წარდგენილი. ეს ნიშნავს, რომ საარჩევნო ოლქების მესამედში კონკურენციის გარეშე ჩატარდება არჩევნები, რაც პოლიტიკურ სივრცეში მნიშვნელოვან კითხვებს აჩენს.

მუნიციპალიტეტების ჩამონათვალი ფართოა - საგარეჯოდან ფოთამდე. მათ შორისაა, გურჯაანი, დმანისი, ახალქალაქი, მესტია, ამბროლაური, საჩხერე, ტყიბული და სხვა რეგიონული ცენტრები. ამ ოლქებში ოპოზიციურმა პარტიებმა საერთოდ ვერ, ან არ დააყენეს კანდიდატები, რაც ოპოზიციის მძიმე კრიზისზე მეტყველებს.

ოპოზიციას პრობლემები აქვს საარჩევნო კომისიებში წევრების ყოლაზეც - 3055 საარჩევნო უბნიდან, „ლელოს“ 253 უბანზე არ ჰყავს კომისიის წევრი, ხოლო გახარიას პარტიას - 1337 უბანზე.

ოპოზიციის სიმწირეა საკრებულოს მაჟორიტარ კანდიდატებშიც - 1088 საარჩევნო ოლქში, ოპოზიციას კანდიდატი 431-ში არ ჰყავს.

ხელისუფლების პოზიცია ასეთია - „ქართული ოცნება“ გამარჯვებას წინასწარ პროგნოზირებს და ამას თავისი მუშაობით, მოსახლეობის ნდობითა და გუნდური რესურსებით ხსნის. მმართველი პარტიის წარმომადგენლები ხაზს უსვამენ, რომ მათი კანდიდატები არაერთ მუნიციპალიტეტში ერთადერთები არიან, რაც, მათი თქმით, ამომრჩევლის ნების გამოხატულებაა და არა ოპოზიციის წინააღმდეგობა. ხელისუფლების არგუმენტია ისიც, რომ ოპოზიცია ვერ ახერხებს საკუთარი სტრუქტურების მობილიზებას და არჩევნებში ღირსეული კონკურენციის გაწევას.

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ  27 თუ 28 მუნიციპალიტეტში, ოპოზიციამ ვერ შეძლო მერობის კანდიდატის დასახელება. ასევე, 430 მაჟორიტარობის კანდიდატი ვერ წარადგინეს და კომისიის 1600 წევრი არ ჰყავთ. მიუხედავად ამისა, სწორედ ამ ხალხს აქვს პრეტენზია ხელისუფლებაში ყოფნაზე.

„ხელის ჩამომრთმევი არ ჰყავთ, რომელიც მათი სახელით, ბიულეტენზე საკუთარი სახელ-გვარის დაწერის თანხმობას მისცემს, რადგან იცის, რომ ამით საკუთარ სახელს შელახავს, როდესაც თაღლითებთან და მატყუარებთან იქნება გარეული. „ლელოს“ აღიარებული აქვს, რომ პარტია თაღლითური მიზნით შექმნეს. თქვეს, ანაკლიის პორტთან დაკავშირებული დავის გამო შექმნა პარტია ხაზარაძემო და გაირკვა, რომ ეს დავა იყო აბსოლუტურად თაღლითურად აწყობილი იმისთვის, რომ საქართველოს ბიუჯეტის 12% ჩააედოთ ჯიბეში, ყველა დონეზე - საქართველოში და საერთაშორისო სასამართლოებშიც ამხილეს თაღლითური სარჩელების წარდგენაში. შესაბამისად, პარტიაც თაღლითური მიზნით არის შექმნილი“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

ოპოზიციის მხარეს სურათი სრულიად სხვაგვარია. როგორც ოპოზიციური პარტიების ლიდერები, ისე ანალიტიკოსები მიუთითებენ, რომ ვითარება მიანიშნებს სერიოზულ კრიზისზე. ოპოზიციისთვის მთავარი პრობლემაა ფინანსური და ადამიანური რესურსების დეფიციტი, რაც განსაკუთრებით მკვეთრად ჩანს რეგიონებში. პარტიები აღიარებენ, რომ ბევრ მუნიციპალიტეტში ვერ შეძლეს ადგილობრივი სტრუქტურების ჩამოყალიბება, ვერ მოიძიეს საკმარისი კადრები და ვერ დააფინანსეს კამპანია.

რეგიონებში ოპოზიციის კრიზისი განსაკუთრებით თვალსაჩინოა. იქ, სადაც მხოლოდ ერთი კანდიდატია, ბრძოლა ავტომატურად დასრულებულია და ამომრჩეველი, ფაქტობრივად, „ალტერნატივის გარეშე“ რჩება. შედეგად, „ქართული ოცნება“ უპირობო ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს მაშინ, როცა ოპოზიცია საკუთარ სტრატეგიებსა და ორგანიზაციულ ძალას სერიოზულად აკლდება.

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე for.ge-თან მიიჩნევს, რომ ოპოზიციის კრიზისი სრულიად აშკარაა და ამის მიზეზი თავად ოპოზიციური ძალების ორგანიზაციული სისუსტე და საზოგადოებისადმი სანდოობის დეფიციტია.

„როდესაც ქვეყნის მესამედ ოლქში ოპოზიცია ვერ აყენებს მერობის კანდიდატს, ეს პირდაპირი სიგნალია, რომ პარტიებმა რეგიონებში დაკარგეს სტრუქტურები, ადამიანური რესურსი და მთავარი - ქართველი ხალხის ნდობა. ოპოზიცია ხშირად საუბრობს, თითქოს, ხელისუფლება ხელს უშლის მათ, მაგრამ სინამდვილეში, პრობლემა მათ შიგნითაა: დაშლილი გუნდები, ფინანსური პრობლემები, ფულს ვერ იყოფენ ერთმანეთში, ასევე, ერთმანეთთან დაუსრულებელი შიდა დაპირისპირება. ასეთ პირობებში, მათ, უბრალოდ, არ აქვთ რესურსი, რომ სერიოზული კონკურენცია გაუწიონ „ქართულ ოცნებას“. ეს არის რეალობა, რომელიც მათ თავად შექმნეს“, - აღნიშნავს გვენეტაძე.

მისივე თქმით, ეს ვითარება არჩევნების ლეგიტიმაციას არანაირად არ აკნინებს:

„ლეგიტიმაცია არ განისაზღვრება იმით, რამდენი კანდიდატი ჰყავს ოპოზიციას. მთავარია, რომ პროცესი ღიაა, ნებისმიერ პარტიას შეეძლო მონაწილეობის მიღება. თუ მათ არ ისურვეს, ან ვერ შეძლეს საკუთარი კანდიდატის წარდგენა, ეს მათი პასუხისმგებლობაა და არა ხელისუფლების. საერთაშორისო დამკვირვებლებიც აქცენტს, სწორედ პროცესის გამჭვირვალობაზე აკეთებენ და არა იმაზე, რამდენი სუბიექტი იღებს მონაწილეობას“, - აცხადებს ანალიტიკოსი.

გვენეტაძის შეფასებით, სწორედ ხელისუფლების ორგანიზებულობა და სტაბილურობა განაპირობებს იმას, რომ „ქართული ოცნება“ უპირობო ლიდერია რეგიონებში.

„ოპოზიციამ ვერ წარმოაჩინა თავი ალტერნატივად. ამიტომაც, საკუთარი კრახი სხვას არ უნდა დააბრალოს. ეს არჩევნები კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ საზოგადოება მთავრობის სტაბილურობასა და პროგნოზირებადობას ენდობა“, - აღნიშნა ანალიტიკოსმა.