მსოფლიოს ცენტრალური ბანკები აქტიურად ყიდულობენ ოქროს. ჯამში, სახელმწიფო რეზერვებში, თითქმის, 37 000 ტონა ოქრო ინახება. ზედიზედ მესამე წელია, გლობალური ცენტრალური ბანკები აქტიურად ზრდიან ოქროს რეზერვებს. 2024 წელს, მარეგულირებლებმა 1 045 ტონა ძვირფასი ლითონი შეიძინეს, 2023 წელს - 1 037 ტონა, ხოლო რეკორდი 2022 წელს დამყარდა, როდესაც მათ 1 082 ტონა ოქრო შეიძინეს.
ეს ტენდენცია წელსაც გაგრძელდა. განვითარებადი ქვეყნების ცენტრალური ბანკები კვლავაც ოქროს ყველაზე დიდ მყიდველებად რჩებიან. მაგალითად, ივნისში, უზბეკეთი ყვითელი ლითონის ყველაზე დიდ მყიდველად იქცა. მსოფლიო ოქროს საბჭოს მონაცემებით, ქვეყნის საცავებში ოქროს მარაგი ცხრა ტონით გაიზარდა.
ყაზახეთიც არ ჩამორჩა, მან ოქროს მარაგს შვიდი ტონა დაამატა. თურქეთმა, ჩეხეთმა და ჩინეთმა - თითოეულმა, ორ-ორი ტონა შეიძინა, ხოლო ყირგიზეთმა, ფილიპინებმა და ყატარმა - თითო ტონა. რუსეთიც წამყვანი მყიდველია. ექვს თვეში, მან ოქროს რეზერვები 27%-ით გაზარდა, რაც ბოლო 10 წლის განმავლობაში, ყველაზე დიდი ზრდაა. ცენტრალურ ბანკებს ოქროზე გადასვლის მრავალი მიზეზი აქვთ, რომელთაგან მთავარი გეოპოლიტიკური და ეკონომიკური გაურკვევლობაა. მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში კონფლიქტები, პრაქტიკულად, ყოველდღიურად მძაფრდება და ესკალაცია ხდება, მოქმედებს სანქციები და მწვავდება სავაჭრო ომები.
გლობალური ეკონომიკის მდგომარეობა მართლაც საკმაოდ სუსტი და არასტაბილურია. მსოფლიო ბანკის პროგნოზით, 2025 წელს, მსოფლიო ეკონომიკური ზრდა მხოლოდ 2.3%-ს მიაღწევს, რაც საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია. მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზაცია რეცესიას არ ელოდება, ის მაინც აფრთხილებს, რომ ზრდის ტემპი შესაძლოა 2027 წლისთვის, საშუალოდ, 2.5%-მდე შემცირდეს, რაც ბოლო ექვსი ათწლეულის განმავლობაში, ყველაზე დაბალი მაჩვენებელი იქნება.
გარდა ამისა, მსოფლიო ბანკმა მსოფლიოს ქვეყნების 70%-ს ეკონომიკური ზრდის პროგნოზები შეუმცირა, მათ შორის, შეერთებულ შტატებსაც, სადაც ეროვნული ვალი უკვე 37 ტრილიონ დოლარს აჭარბებს. ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ გლობალური ეკონომიკა რთული გამოწვევების წინაშე დგას და სწრაფი აღდგენის პერსპექტივა, ამ ეტაპზე, საკმაოდ ბუნდოვანია.
მაგალითად, ჩინეთი ახორციელებს რეზერვების დივერსიფიკაციას აშშ-ის ვალის ფასიანი ქაღალდებიდან ძვირფას ლითონებზე. გარდა ამისა, პეკინი აპირებს შეამციროს დამოკიდებულება აშშ დოლარზე. თუმცა, ბევრი სხვა ქვეყანაც ეჭვქვეშ აყენებს თეთრი სახლის ამჟამინდელი ადმინისტრაციის მიერ არჩეული ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის მდგრადობას.
მსოფლიო საცავები - მონეტებიდან ოქროს ზოდებამდე
ოქრო ტრადიციულად ყოველთვის უსაფრთხო თავშესაფრად ითვლებოდა. ინვესტორები მას კაპიტალის შესანარჩუნებლად მიმართავენ. ცენტრალური ბანკები კრიზისებისგან თავის დასაცავად ოქროს ზოდებს აგროვებენ. ამჟამად, მარეგულირებლები ერთობლივად ფლობენ 36 500 ტონაზე მეტ ოქროს. ეს კაცობრიობის ისტორიაში მოპოვებული ოქროს 17%-ია.
ამერიკის შეერთებულ შტატებს ყველაზე დიდი რეზერვები აქვს - 8 100 ტონაზე მეტი. ძვირფასი ლითონის წილი ქვეყნის ოქროსა და სავალუტო რეზერვების მთლიან მოცულობაში (GFR), თითქმის 75%-ს აღწევს. თუმცა, ყველა შეძენილი ზოდი და მონეტა სადმე უნდა ინახებოდეს. მაგალითად, ამერიკის ოქროს რეზერვების ნახევარზე მეტი ყოფილი სამხედრო ბაზის საცავშია შენახული.
გერმანია მეორე ადგილზეა ოქროს რეზერვებით. ქვეყანას 3 350 ტონა აქვს. აქედან ნახევარი, ბუნდესბანკის საცავში ინახება, მეოთხედი - ნიუ-იორკშია, ხოლო დანარჩენი - ლონდონში. თუმცა, 2013 წლიდან, საზოგადოების ზეწოლის ქვეშ, გერმანიის ხელისუფლებამ საზღვარგარეთიდან ოქროს რეპატრიაცია დაიწყო.
სამეულს იტალია ასრულებს - 2 450 ტონით. რეზერვების თითქმის 45% რომშია, 43.3% - შეერთებულ შტატებში, დანარჩენი - შვეიცარიასა და დიდ ბრიტანეთში ინახება. საფრანგეთი იტალიას მიჰყვება. პარიზში მდებარე მის ლა სუტერენის საცავში, 27 მეტრის სიღრმეზე, 2 430 ტონა ოქროა მოთავსებული.
ოფიციალურად, ჩინეთი, თავის საცავებში 2 430 ტონა ოქროს ფლობს. 2025 წლის პირველ კვარტალში, ჩინეთის სახალხო ბანკმა 12.5 ტონაზე მეტი შეიძინა. ამ აქტივის ლომის წილი პეკინსა და სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ფონდებშია განთავსებული. ამასობაში, ვრცელდება ხმები, რომ ჩინეთი ფარულად ყიდულობს მეტ ოქროს და ქვეყანაში ოქროს რეალური მოცულობა ოფიციალურ მაჩვენებელს 10-ჯერ აღემატება.
რუსეთი ასევე ზრდის ოქროს შესყიდვებს. Bloomberg-ის შეფასებით, მისი რეზერვები 2 330 ტონა ოქროს შეიცავს. რუსეთის ბანკის მონაცემებით, 2025 წლის ივლისის მონაცემებით, ოქროს რეზერვების ღირებულებამ 248.7 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ამასთან, რუსეთი ოქროსაც ჰყიდის. 2025 წლის დასაწყისში, რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა 3.1 ტონა ოქრო გაყიდა.
ოქროს ფასი სწრაფად იზრდება
ოქროს საბირჟო ფასმა ახალ რეკორდს მიაღწია და ტროას უნციაზე 3 740 აშშ დოლარს გადააჭარბა. ეს მოხდა აშშ-ის ფედერალური რეზერვის მიერ, საპროცენტო განაკვეთების 4-4.25%-მდე შემცირების გადაწყვეტილების შემდეგ. წლის დასაწყისიდან, ძვირფასი ლითონი თითქმის 40%-ით გაიზარდა. აქ მსოფლიოს ცენტრალური ბანკებიც იყვნენ ჩართულნი.
მსოფლიო ოქროს საბჭო პროგნოზირებს, რომ სუვერენული ბანკები გააგრძელებენ ძვირფასი ლითონის შეძენას.
როგორც Deutsche Bank-ის ანალიტიკოსებმა აღნიშნეს, ოქროზე მოთხოვნა 2011-2021 წლების საშუალო მაჩვენებელთან შედარებით, ორჯერ უფრო სწრაფად იზრდება. „დოიჩე ბანკის“ შეფასებით, მომავალ წელს, ძვირფასი ლითონის ფასი ტროას უნციაზე 4000 დოლარი იქნება.
წყარო: https://www.trtrussian.com/article/841aef0c0bfc