ის ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც თვითმმართველობის არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადეს და 4 ოქტომბერს დიდი, საპროტესტო აქცია დააანონსეს, მტკიცედ არიან დარწმუნებულნი, რომ ხელისუფლებას „მშვიდობიანად დაამხობენ“. ამის ფონზე, ისმის კითხვები: რა შესაძლო ბერკეტები აქვს ოპოზიციურ სპექტრს დღეს? რამდენად რეალურია ის, რასაც ამბობს და აკეთებს?! ამ ეტაპზე, მკაფიო და ნათელი პასუხები არ არის, შესაბამისად, კითხვები რიტორიკულია. თუმცა, ფაქტია, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების განცხადებებში თავდაჯერებულობა და სიმტკიცე იგრძნობა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ანა წითლიძე ამბობს, რომ არა მხოლოდ მსოფლიოს, არამედ საქართველოს ისტორიაშიც იყო მშვიდობიანი რევოლუცია, როგორც ეს, მაგალითად, „ვარდების რევოლუციის“ დროს მოხდა. მისი თქმით, ზუსტად ასე „მშვიდად, წყნარად და ნარნარად“ აპირებენ, რომ 4 ოქტომბერს, ეგრეთ წოდებული „რუსული რეჟიმი“ დაემხოს. წითლიძის განმარტებით, ხელისუფლებას აშინებს ქართველი ხალხის ძალა და „მშვიდობიანი დამხობა“.
„4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების“ განცხადებები ნათლად მიუთითებს, რომ რეჟიმს არ ეშინია არანაირი ე.წ. არჩევნების, რეალურად კი რუსული სპეცოპერაციის, რეჟიმს ეშინია ერთადერთი რამის - ეს არის საქართველოს ათასობით მოქალაქე, მშვიდობიანი რევოლუცია და რეჟიმის მშვიდობიანი დამხობა, რომელიც 4 ოქტომბერს, 16:00 საათზე, რუსთაველზე არის დაანონსებული. ის, რომ რეჟიმს პრობლემა აქვს ყველგან, არის ძალიან ცხადი. ეს დასტურდება მათივე განცხადებით, მათ შორის, იმ პროცესებით, რაც „ქართულ ოცნებაში“ მიმდინარეობს. მათ პრობლემა აქვთ გდდ-ში, თავდაცვის სამინისტროში, პრობლემა აქვთ პარტიის შიგნითაც. ერთმანეთის დაჭმა, დასუსტება, დაჯიჯგნა, მათ შორის, ერთმანეთის თვითმკვლელობამდე მიყვანა, რაც თორნიკე რიჟვაძის შემთხვევაში მოხდა, ეს არის ნათელი დადასტურება იმისა, რომ როგორც არასდროს, 13 წლის განმავლობაში, „ქართული ოცნება“ არის სუსტი, დგას „შუშის ფეხებზე“ და ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი მოტივაცია 4 ოქტომბრის მშვიდობიანი რევოლუციისთვის“, - განაცხადა წითლიძემ.
„მშვიდობიანი დამხობის“ შესახებ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ნინო წილოსანი. მისი თქმით, „მშვიდობიანი დამხობისკენ“ მოწოდება არის კანონსაწინააღმდეგო მოქმედება, რომელიც ისჯება კანონით.
„ხელისუფლების ცვლილების ერთადერთი დემოკრატიული და კონსტიტუციური გზა არის ხალხის ნება და არჩევნები, რომელიც 4 ოქტომბერს გაიმართება. ყველაფერი, რაც ხალხის ნებას ეწინააღმდეგება, არის ანტიდემოკრატიული, ანტიკონსტიტუციური და, რაც მთავარია, ძალადობრივი. რევოლუცია, დამხობა, აქციები, თუ სხვადასხვა პროვოკაციის მეშვეობით ხელისუფლების ცვლილება არის ხალხის ნებაზე ძალადობა და ყველანაირი ძალადობა არის დაუშვებელი. ყველა ის პოლიტიკური ე.წ. პარტია, თუ ადამიანი, რომელიც აცხადებს, რომ შეიძლება „მშვიდობიანი დამხობა“ და „ლამაზი რევოლუცია“, ანტიკონსტიტუციურ და კანონსაწინააღმდეგო მოწოდებას აკეთებს. რაც შეეხება მათ, ვინც არჩევნებში მონაწილეობას იღებს - იმედი მაქვს, არსებული პირები ბოლომდე დარჩებიან თავისი იდეის ერთგულნი, რომ არჩევნები არის ერთადერთი საშუალება, ხალხმა თავისი ნება გამოხატოს. იმედია, ბოლომდე დარჩებიან პრინციპულნი, რომ არ შეუერთდნენ იმ გიჟურ იდეას, რომელიც სასაცილო ფორმულირებით, „მშვიდობიან დამხობას“ შეესაბამება“, - აღნიშნა წილოსანმა.
კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე, For.ge-სთან ინტერვიუში, „მშვიდობიან დამხობას“ განმარტავს:
„მშვიდობიანი ნიშნავს ძალის გამოუყენებლობას. ამ წინადადებაში გამოყენებული სიტყვებიდან შეიძლება ის დავასკვნათ, რომ დამხობაში იგულისხმება ძალის გამოუყენებლად ხელისუფლების შეცვლა. რაც ეკრძალება ხელისუფლებას არის, წყობილების შეცვლა - მიუხედავად იმისა, რომ დამხობა, აღქმის თვალსაზრისით, ბევრმა შეიძლება გაიგოს, როგორც ძალის გამოყენებით ხელისუფლების შეცვლა, ამაში არ იგულისხმება ძალის გამოყენება და ეს არის მშვიდობიანი პროცესი - ეს ნიშნავს ფაქტობრივი ხელისუფლების იძულებას, რომ მან დათმოს ხელისუფლება“, - განგვიმარტა ვახტანგ ხმალაძემ.
ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე ჩვენთან ინტერვიუში ამბობს, რომ დღეს ქვეყანაში რევოლუციის შესაძლებლობა არ არსებობს.
„როგორი შესაძლებლობები ექნება ხაბეიშვილს, რომ გაიყვანო ტაისონთან, რინგზე? - ნულია მისი შესაძლებლობა, ანალოგიური სიტუაცია აქვს მთელ ოპოზიციას იმ სურვილების შესრულებაში, რომელიც მას გააჩნია. „მშვიდობიანი დამხობოსკენ“ მოწოდება კრიმინალია და ეს უნდა დაისაჯოს ისე, როგორც კრიმინალები ისჯებიან. რევოლუციას სჭირდება შესაბამისი პირობები - დღეს, საქართველოში, რევოლუციისთვის შესაბამისი პირობები არ არსებობს“, - განაცხადა ედიშერ გვენეტაძემ.