ოპოზიცია აშშ-ში „ქართული ოცნების“ არაღიარების შესწორების შეტანას ცდილობს

ოპოზიცია აშშ-ში „ქართული ოცნების“ არაღიარების შესწორების შეტანას ცდილობს

მას შემდეგ, რაც რადიკალურ ოპოზიციას და მათ ლობისტ კონგრესმენს, ჯო უილსონს „მეგობარი აქტი“ სენატში ჩაუვარდათ, ახლა ახალი შესწორების შეტანას ცდილობენ. მიზანი კვლავ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების არაღიარებაა.

შესწორება 11 სექტემბერს დარეგისტრირდა, რამაც სახელმწიფო დეპარტამენტის ავტორიზაციის აქტში უნდა შეიტანოს ცვლილება და ეს ცვლილება 313-ე მუხლს ეხება. მუხლი აქამდეც ითვალისწინებდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარებას. აშშ-ის კანონმდებლობით, მსგავსი შესწორების მიღება რამდენიმე ეტაპზე ხდება: კომიტეტებში განხილვა, საჯარო მოსმენები, ორივე პალატაში - სენატსა და წარმომადგენელთა პალატაში მხარდაჭერის მიღება, ბოლოს კი პრეზიდენტის ხელმოწერა.

ოპოზიციის ლობისტი კონგრესმენი, ჯო უილსონი აცხადებს, რომ ინიციატივა მიზნად ისახავს „კომუნისტური ჩინეთის, ირანისა და რუსეთის მიმღებლობის პარალელურად, ამერიკის შეურაცხყოფის აღმოფხვრას“ და აშშ-ის მთავრობას ავალდებულებს, არ აღიაროს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება.

თუმცა, საქართველოს  პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ ახალი ჩანაწერები მხოლოდ საინფორმაციო ხმაურის შექმნას ემსახურება.

„ეს ერთდღიანი ქარიშხალია. საბოლოო მიზანი საინფორმაციო ხმაურის წარმოქმნაა. ვხედავთ, რომ იგივე „მსახიობები“ მონაწილეობენ: კონგრესმენი უილსონი და გარკვეული ჟურნალისტები ვაშინგტონში. მსგავსმა წამოწყებებმა ადრე შედეგი ვერ მოიტანა“, - აცხადებს პაპუაშვილი.

„ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი, პეტრე ცისკარიშვილი განსხვავებულად აფასებს სიტუაციას:

„ოცნების არალეგიტიმურ რეჟიმს იმედი აქვს, რომ ამერიკა მხოლოდ ამერიკული საკითხებით დაინტერესდება. ეს ასე არ მოხდება. საქართველო იქნება წარმატების, პროგრესისა და ევროპულ ოჯახში გაწევრიანების მაგალითი მთელ რეგიონში. ის, რაც პუტინმა საომარი მოქმედებებით ვერ შეძლო, მიაღწია საარჩევნო ბიულეტენებით და ქართველი ხალხის ხელით“, - განაცხადა ცისკარიშვილმა.

მისივე თქმით, პარტიის ლიდერები აშშ-ის სენატში შეხვედრებს აგრძელებენ. საუბარია საქართველოსა და აშშ-ის პარტნიორობაზე, ივანიშვილის რეჟიმის კავშირებზე კრემლთან, ჩინეთთან და ირანთან, ასევე პოლიტპატიმრების საკითხზე.

ჯო უილსონი, აშშ-ში, „რესპუბლიკელი“ კონგრესმენი და ოპოზიციის აქტიური ლობისტია. მისი საქმიანობა, როგორც პაპუაშვილი განმარტავს და „ფარას“  მიხდევითაც ცნობილი ხდება, კონგრესში კონკრეტული პირების ინტერესების მხარდაჭერას ემსახურება და ამაში ჰონორარს იღებს.  

რაც შეეხება „მეგობარ აქტს“, მისი მიზანი საქართველოს ხელისუფლების მიმართ სანქციების დაწესება იყო, თუ ქვეყანა არ დააბრუნებდა დემოკრატიულ კურსს. კანონპროექტი მოიცავდა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის სავიზო შეზღუდვებსა და აქტივების გაყინვას, ასევე აშშ-სა და საქართველოს ურთიერთობების სრულ მიმოხილვას.

2025 წლის მაისში, კანონპროექტი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა 349 ხმით, 42-ის წინააღმდეგ. შემდეგ, 2025 წლის აგვისტოში, სენატორმა  მარკუეინ მულინმა დაბლოკა, როდესაც მან სენატის უმრავლესობის ლიდერს, ჯონ თუნს სთხოვა, MEGOBARI აქტის გამოტანა ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტიდან. ამ ნაბიჯმა კანონის მიღების პროცესი შეაფერხა.

ანალიტიკოსი თამარ კიკნაძე ამბობს, რომ ჯო უილსონის მიერ ინიცირებული ახალი შესწორება, რომლის მიზანია „ქართული ოცნების“ ხელისუფლების არაღიარება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის აქტში, რეალურად, წინასაარჩევნო სპეკულაციაა. ანალიტიკოსი for.ge-თან ფიქრობს, რომ მისი მცდელობაა, საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობების დაზიანება. 

„ეს ინიციატივა უფრო საინფორმაციო ხმაურის შექმნას ემსახურება, ვიდრე რეალურ პოლიტიკურ გავლენას. საერთაშორისო პარტნიორები კარგად ხედავენ, რომ მსგავს შეთავაზებებს ხშირად იყენებენ პარტიული ინტერესებისთვის, რეალურად, საქართველოს სუვერენიტეტს არაფერი არ ემუქრება. ოპოზიციის ქმედებების ლოგიკა მარტივია: წინასაარჩევნო კონტექსტში შექმნან საერთაშორისო პრესინგი, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არალეგიტიმურად წარმოაჩინონ. ისინი ცდილობენ, შექმნან შთაბეჭდილება, რომ აშშ-ში არსებობს მათი ინიციატივების ფართო მხარდაჭერა, თუმცა ეს შთაბეჭდილება, ხშირად, მხოლოდ დროებითი და ზედაპირულია. ისტორია გვიჩვენებს, რომ მსგავსი მცდელობები ხანგრძლივი შედეგების გარეშე რჩება. მაგალითისთვის, MEGOBARI აქტის ამბავი კარგი ლუსტრაციაა. სენატში აქტს დაბლოკავენ, პროცესი შეფერხდება და საბოლოოდ, კანონი არ შედის პრაქტიკაში“, - ამბობს კიკნაძე.

მისივე თქმით, ამ ახალი შესწორების შემთხვევაშიც, შედეგი, სავარაუდოდ, იგივე იქნება:

„ეს ხანგრძლივი გავლენის მომტანი აქტი ვერ გახდება. მიზანი, პირველ რიგში, საინფორმაციო ხმაურის წარმოქმნა და „ნაციონალების“ პარტიული რეპუტაციის გაძლიერებაა, რაც რეალურ საერთაშორისო პოლიტიკურ შედეგებში იშვიათად ვლინდება. ამიტომ, ჯო უილსონის მცდელობა, ისევე, როგორც ოპოზიციის ქმედებები, მაქსიმუმ, მხოლოდ მოკლევადიანი პოლიტიკური ეფექტის მატარებელი იქნება, ხოლო საქართველო-აშშ-ის სტაბილური ურთიერთობები მნიშვნელოვნად არ დაზიანდება.

ზოგადად, მსგავსი სცენარები გვიჩვენებენ, რომ საქართველოს სუვერენიტეტი და დასავლური პარტნიორობა გაცილებით ძლიერი და გამძლეა, ვიდრე წინასაარჩევნო სპეკულაციები“, - ამბობს კიკნაძე.