პარლამენტთან მოქალაქეები ისევ შეიკრიბნენ, აქ იყვნენ სტუდენტები, „ქალების მარშის“ მონაწილეები, მოქალაქეები და ასევე ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც სკანდირებდნენ: „არა რუსულ კანონს“. ისმოდა შეძახილები: „საქართველო“, „მეტი ქალი პარლამენტში“, „არა ტოტალურ კონტროლს!“ აქციის მონაწილეებმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნეს, რომ ქალები არ დათმობენ ქვეყნის ევროპულ არჩევანს.
აქცია, რომელიც გუშინდელთან შედარებით მშვიდობიანი იყო, გაჟღერდა საქართველოს და უკრაინის ჰიმნი. იყო სიტყვით გამოსვლებიც და ძირითადი გზავნილი იყო „ჩვენ გვინდა ევროპა“. თუმცა, ყველაფერი მას შემდეგ შეიცვალა, რაც რუსთაველის გამზირზე „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე გამოჩნდა და ტრიბუნა დაიკავა.
მან „ქართულ ოცნებას“ მიმართა და ულტიმატუნი წაუყენა. კერძოდ, პარლამენტს „ხალხის ძალის“ კანონპროექტი ერთ საათში გაეწვია და ასევე აქციაზე დაკავებული ადამიანების გათავისუფლება. ულტიმატუმის ვადის ამოწურვის შემდეგ, გიორგი ვაშაძე ტრიბუნაზე ისევ ავიდა და აქციის მონაწილეებს მოუწოდა, ალყა შემოერტყათ პარლამენტისთვის და შენობის მშვიდობიანი პიკეტირება დაეწყოთ.
„ხვალ აპირებენ პარლამენტის სესიის ჩატარებას, ჩვენ მოგვიწევს ყველამ ერთად, არ ჩავატარებინოთ სესია, მოვახდინოთ მშვიდობიანი პიკეტირება მანამ, სანამ ჩვენს მოთხოვნებს არ შეასრულებენ. გთხოვთ, ხელის აწევით დამიდასტუროთ თანხმობა ამ სამოქმედო გეგმაზე. მშვიდად და წყნარად გადავდივართ პარლამენტის ერთი მხრიდანაც და მეორე მხრიდანაც. ჩვენც თქვენთან ერთად ვიქნებით და მოვაქციოთ პარლამენტი ალყაში, რომელიც უნდა ემსახურებოდეს ხალხს და არა რუსული ინტერესების გატარებას ქვეყანაში, წავედით დავიძარით“, - მიმართა გიორგი ვაშაძემ მოქალაქეებს.
ამის შემდეგ აქციის მონაწილეები დაიძრნენ პარლამენტისკენ. აქციის მონაწილეებმა საკანონმდებლო ორგანოს ფანჯრებს ქვები და სხვადასხვა საგნები ესროლეს. პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეებმა რკინის ჯებირი დაშალეს, რომელიც უკანა შესასვლელთან იყო განთავსებული. შს სამინისტრომ აქციის მონაწილეებს და პოლიტიკოსებს მოუწოდა, გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების დადგენილ ნორმებს არ გასცდენოდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნებოდა აღკვეთილი.
მიუხედავად მოწოდებისა, დემონსტრატებმა გააგრძელეს შტურმი პარლამენტზე და ამის შემდეგ სპეცრაზმმა პარლამენტის შენობასთან შეკრებილი აქციის მონაწილეების დაშლა დაიწყო. მომიტინგეების წინააღმდეგ გამოყენებული იქნა წყლის ჭავლის, ისე ცრემლსადენი გაზისა და წიწაკის სპრეი. ამის შემდეგ რუსთაველის გამზირი აქციის მონაწილეებისგან გაიწმინდა. თუმცა, აქციის მონაწილეებმა მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე გადაინაცვლეს და სავალი გზა გადაკეტეს. პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე არიან დაშავებულები.
აქციის დარბევის პარალელურად გავრცელდა ვიდეო ჩანაწერი, თუ როგორ უნდა შეიჭრან პარლამენტში ამაღამ. ვიდეოში ფიგურირებენ, გიგა მაქარაშვილი, აკია ბარბაქაძე და გედი ფოფხაძე. „ხალხი თუ მოვიდა, მივიღეთ ლეგიტიმაცია, რომ ავიღოთ შენობა. მაიდანი და ქუჩაში ხალხი, შანსი არ არის... სიცივეში ვინ გამოვა, თუ შენობაში შეიყვან, ღამეს გაათევენ.
შენობაში შეყვანის გარეშე ხალხი არ გაჩერდება, ვარიანტი არ არის... თუ ესენი მწვანეს ანთებენ, ჩვენ გვაძლევენ საშუალებას, რომ უნდა გამოეწყოს რაღაც ჯგუფი და პირველი ტალღა მიიღონ, დანარჩენები აგვყვებიან მერე, მასე ხდება... 2 თვის თემაა რაა, მაინც დაამხობენ,“ - აღნიშნულია ჩანაწერში.
გარდა ამისა, გავრცელდა ვანო მერაბიშვილის და ლევან ხაბეიშვილის მიმოწერა:
„ლევან ხაბეიშვილი: ჯერ დაველოდოთ ხალხს და საჭირო დროს.
ვანო მერაბიშვილი: ხო, ხო, მე გეუბნები მზად არიან და როგორც გეტყვით ეგრევე დაიწყება, იმას ჩვენ რო ვიცით აჩვენე, ან ჩემი დაბროა, რომ ტრაკის თამაში არ დაიწყოს.
ლევან ხაბეიშვილი: მშვენიერი. ახალგაზრები მოვიდნენ და მერე მოგწერ.
ვანო მერაბიშვილი: ოკ. ბიჭებმა იციან, მარა შენც რომ იცოდე, მთავარია (ის) ჭყლეტვაში მოხვდეს, მაშინ აქვს ეფექტი და პარტიის სახეები არ უნდა იყვნენ მაგ მომენტში. მოკლედ, იცი ყველაფერი და აბა შენ იცი.
ლევან ხაბეიშვილი: ბატონო ვანო, უტიაშვილის თემაზე ხომ ყველაფერი გეგმის მიხედვით არის?“
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მიმართა პარლამენტთან შეკრებილ მოქალაქეებს, რომ დარჩნენ მშვიდობიანი შეკრების ფარგლებში, რადგან მისი თქმით, სამწუხაროდ, რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, გაამწვავოს მდგომარეობა.
„დარწმუნებული ვარ, ჩვენი მოქალაქეები, განსხვავებით რადიკალებისგან, სწორედ ამ საკითხს გააცნობიერებენ და ასე მიუდგებიან. ჩვენ ის თაობა ვართ, რომლებმაც ვნახეთ ქვეყანა, რომელიც დამოუკიდებლობის აღდგენიდან იმართებოდა ემოციებით და ამ ემოციებმა განაპირობა ალბათ ის, რომ აისბერგებით სავსე გეოპოლიტიკურ რეგიონში ყველა ყინულს მივეხეთქეთ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, გეგმა არის ბრძოლა, რადგან ახლა სახალხო პროტესტი მნიშვნელოვანია.
„ჩვენ ვაპირებთ ბრძოლას და მოქმედებას, ჩვენ არც გუშინ გვძინებია. გეგმა არის ბრძოლა! ხვალ არის სესია! სახალხო პროტესტია მნიშვნელოვანია. დღეს და გუშინაც ახალგაზრდების პასუხი იყო. ჩვენ ვაპირებთ ბრძოლას და მოქმედებას, ჩვენ არც გუშინ გვძინებია“, - აღნიშნა ლევან ხაბეიშვილმა.
თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი ვლადიმერ ბოჟაძე ამბობს, რომ სტაბილურობას უკვე შეუქმნეს საფრთხე, ხვალ მშვიდობას შეექნება საფრთხე და ზეგ შეწყდება ქვეყნის განვითარება, რაც, მისი თქმით, არის რუსეთის და რადიკალური ოპოზიციის მიზანი. როგორც ბოჟაძე წერს, პარლამენტის შტურმი და წიგნების დაწვა არ არის ევროპული ღირებულება. ხოლო ახალგაზრდების გამოყენება პარტიული მიზნებისთვის არის ბოლშევიზმი და ევროპული ღირებულებების სახელით რევოლუციის მოწყობა არის სახელმწიფო გადატრიალება.
„ვანო მერაბიშვილის დაგეგმილი, შოთა უტიაშვილის, ლევან ხაბეიშვილის და გიორგი ვაშაძის პროვოკაცია, გაემწვავებინათ ვითარება, ვერ დარჩება სამართლებრივი რეაგირების გარეშე! მშვიდობიანი აქცია და ხალხის პროტესტი არ არის მათი რეალური მიზანი, მიზანი არეულობა, ქაოსი და დესტაბილიზაციაა, შედეგი სისხლიანი რევოლუცია და „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნებაა. იმედია ხვდება ათიათასობით გულანთებული ადამიანი, რომ თუ ვინმე აკეთებს რეალურად რუსულ საქმეს, სწორედ რადიკალური ოპოზიცია, ომის და ღალატის პარტიაა“, - წერს ვლადიმერ ბოჟაძე.
„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი აღნიშნავს, რომ აქციას „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ხელმძღვანელობს, რომელიც აქციის მონაწილეებს პარლამენტის შენობის დარბევისკენ მოუწოდებს.
„არანაირი მშვიდობიანი აქცია, არანაირი „კონსტიტუციური ჩარჩოები“ - გიორგი ვაშაძე ხელმძღვანელობს საქართველოს პარლამენტის შენობის დარბევას. ისმის შეძახილები: „ამაღამ უნდა ავიღოთ შენობა, ვინაიდან ხალხს ვერ შევინარჩუნებთ!“. ხალხმა რეალურად დაიწყო დაშლა, რის შემდეგ, როგორც ჩანს, მიღებული იქნა დირექტივა აქციის რადიკალიზაციაზე. დღეს უნდა გაწყდეს იქ, სადაც ვიწროა, თორემ „გაწყდება“ საზოგადოების უდიდესი ნაწილის მოთმინების ვალდებულება“, - წერს დავით ქართველიშვილი.
დაიღუპა დემოკრატია
სასწრაფოდ ლომჯარია კანადაში--- დემოკრატიის გადასარჩენად