„სულ არ მჭირდება ისეთი დაფინანსება, რომელიც აფინანსებს „იდენტობას“ იმაში, რომ საქართველოში დანერგოს ჩვენს აღმსარებლობასთან შეუთავსებელი იდეოლოგია. თუკი უნივერსიტეტის ლექტორები ფიქრობენ, რომ უცხოური დაფინანსების გარეშე ვერ იმუშავებენ, ეს ეროვნული ნიჰილიზმის გამომწვევია. მსოფლიო ისტორიაში მაგალითი არ არსებობს, რომ ეროვნული განათლება, მეცნიერება, კულტურა ეროვნული ენერგიით არ შექმნილიყო და ვინმე უცხოელს გაეკეთებინოს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი.
პარლამენტმა ე.წ. აგენტების შესახებ კანონი პირველი მოსმენით მიიღო. ეს პირველი შემთხვევაა, როცა ე.წ. გავრილოვის ღამისა და 2022 წელს ევროკავშირისგან უარის თქმის შემდეგ ამდენი ხალხი გამოვიდა ქუჩაში. ღირს თუ არა ამ კანონის მიღებას გადავაყოლოთ ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა? იქნებ, არ ღირს „სირცხვილიას“, „დროას“ მსგავსი ორგანიზაციების უკან მდგომი ძალების გამოვლენა ევროკავშირისგან უარის მიღების ფასად დაგვიჯდეს?
- აქ არ დგას „სირცხვილიას“, „დროას“ და სხვა ექსტრემისტული ორგანიზაციების გამოვლენის საკითხი. აქ საუბარია იმაზე, რომ გავლენა, რომელიც უცხოელებს ჩვენზე აქვთ, რამდენად მოექცევა გამჭვირვალობის ჩარჩოში, ანუ რამდენად გვეცოდინება, ეს გავლენა რაში მდგომარეობს. თუკი ჩვენ მკაფიოდ დავინახავთ, რომ უცხოელების გავლენა ძალიან ნეგატიურია და ქვეყნის ეროვნული ინტერესების საპირისპიროდაა მიმართული, რისი ეჭვიც არის, რომ გარკვეულ ძალებს სურთ საქართველოს ომში ჩართვა, ან კიდევ ხელისუფლების არაკონსტიტუციური ცვლილება, ან კიდევ სისხლის სამართლის დამნაშავის, სააკაშვილის მართლმსაჯულებისგან დახსნა, მაშინ ეს ყველაფერი ღია უნდა იყოს, ეს კანონპროექტი ამისკენაა მიმართული, ვიდრე „დროას“, „სირცხვილიას“ წინააღმდეგ. „დროას“ და „სირცხვილიას“ მსგავსი ორგანიზაციები ისედაც გაშიფრულები არიან. ერთიცაა, ამ პროექტის ინიცირებამ კიდევ ერთხელ ხაზგასმით აჩვენა, ვის ინტერესებს ემსახურება ეს ხალხი. საქართველოს ეროვნულ ინტერესებთან მათ არანაირი საერთო არ აქვთ. ეს ძალიან დემოკრატიული, სამართლებრივად გამართული ნორმაა, რომ შენ თუ უცხოეთიდან ფინანსდები და მის გავლენას ახორციელებ, ანგარიშვალდებული ხარ, გვითხრა, როგორ და რაში ხარჯავ ამ ფულს. უცხოური გავლენის იდენტიფიკაციის საშუალებები ისედაც არსებობს, მაგრამ კანონისმიერი ვალდებულების შემთხვევაში, ეს უფრო მკაფიო იქნება.
არასამთავრობოების არგუმენტია, რომ ფინანსთა სამინისტროში ისედაც ხდება გრანტის მიმღებთა აღრიცხვა, ასევე, აუდიტის სამსახურში, რადგან გრანტს თუ აიღებ და არ დარეგისტრირდები, ეს სისხლის სამართლის დანაშაული გამოვა. თუკი ეს ასეა და ფინანსთა სამინისტრო ფლობს ამ მონაცემებს, დამატებითი ცვლილებები მაინც აუცილებელია?
- არასამთავრობოების მხრიდან ეს თვალებში ნაცრის შეყრაა. ეს არის გამოსაძრომი საშუალების პოვნა იქ, სადაც ეს შეუძლებელია. ჯერ ერთი, ყველა საგადასახადო დოკუმენტი, რაც ფინანსთა სამინისტროში გვხვდება, კომერციული საიდუმლოებაა და არავის არ აქვს უფლება, გაასაჯაროოს და ღია გახადოს. ეს აბსოლუტურად სხვა მიზნით შეკრებილი დოკუმენტებია, საგადასახადო ვალდებულებების შესრულებას უკავშირდება, თუ ვინ ასრულებს და არ ასრულებს ამ ვალდებულებებს, ფინანსთა სამინისტროს ხშირად უფლებაც არ აქვს, ეს გაამჟღავნოს, რადგან შეიძლება ეს იყოს კონფიდენციალური ინფორმაცია, რაც უკავშირდება კომერციულ საიდუმლოს. ახლა არასამთავრობოებს დაბნეულობის შემოტანა იმისთვის უნდათ, რომ ცრუ არგუმენტი მოიშველიონ. ეს არ გამოუვათ. საკითხი მარტივია, ის კი არ მაინტერესებს, რომელიმე კონკრეტული ორგანიზაცია რა გადასახადს იხდის და რას არა, მე მაინტერესებს, რაში მდგომარეობს უცხოური გავლენა ამ ორგანიზაციაზე, როგორ ფინანსდება კონკრეტული ორგანიზაცია და ეს გავლენა თუ ნეგატიურია, მაშინ საზოგადოება შესაბამის დასკვნებს გამოიტანს.
თავის დროზე ეს კანონი რომ ყოფილიყო, ალბათ, „კმარაც“ აღარ იაქტიურებდა და და არც ვარდების რევოლუცია მოხდებოდა.
- რა თქმა უნდა, მართალი ბრძანდებით, ეს კანონი რომ ყოფილიყო, ჩვენ იმთავითვე გვეცოდინებოდა, რომ გარკვეული უცხოური ძალები რევოლუციაში ინვესტირებას ახდენდნენ, ისინი გაშიფრულნი იქნებოდნენ, გვეცოდინებოდა, ვინ იყვნენ დამფინანსებლები, არაფერს ისე უკან არ დაუხევია საქართველო, როგორც რევოლუციებმა დაგვაზიანეს და, საბოლოო ჯამში, მიგვიყვანეს აგვისტოს ომის კატასტროფამდე. რომ არ ყოფილიყო დასავლეთის მიერ დაფინანსებული და რუსეთის თანხმობით მიღებული ვარდების რევოლუცია, არ იქნებოდა არც აგვისტოს ომი. რამხელა საფრთხეს გვიქადის, თუ ეს გაგრძელდება, თანაც ძალიან არასტაბილურ ვითარებაში. ჩვენ თუ არ ვიმოქმედეთ საკუთარი ეროვნული ინტერესების შესაბამისად, აი, ისე, როგორც დღეს მოქმედებს ჩვენი ხელისუფლება, ძალიან დიდი რისკები გვაქვს, ყოფნა-არყოფნის ზღვარზე გავდივართ. დანარჩენ ყველაფერზე საუბარი ლირიკაა, საქართველო არის პოლიტიკური ზეწოლის ქვეშ, ვინც ამას ვერ ხედავს, ან ბრმაა, ან მტრის მხარეზეა. ამ ვითარებაში რით შეგვიძლია თავის დაცვა? სხვა იარაღი, გარდა სიმართლისა არ გვაქვს. იარაღი ჩვენ არ გვაქვს, დიდი რესურსების ქვეყანა ჩვენ არ ვართ, საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი ძალა არც ისე დიდია, თუმცა სიმართლეა ის იარაღი, რომლითაც შეგვიძლია ამას დავუპირისპირდეთ.
როგორ ფიქრობთ, ამ კანონის მიღებით ხელისუფლებას სურს, გაშიფროს არა მარტო დასავლეთში, არამედ რუსეთში არსებული ბნელი ძალების ინტერესიც?
- რასაკვირველია, ისე, რუსეთს რა გაშიფვრა უნდა, მაგრამ ამით გაიშიფრება ის, რომ ვითომ მეგობარი, სინამდვილეში, რამხელა მტრულ საქმეს აკეთებს. ახლა აგვისტოს ომის თემაა აქტუალური, გამოჩნდება ისიც, რა საერთაშორისო ინტერესები იყო აგვისტოს ომის დროს, რამაც ჩვენ ამ კატასტროფულ მარცხამდე მიგვიყვანა. რა ინტერესები ამოძრავებს გლობალური ომის პარტიას საქართველოში, რა ინსტრუმენტები აქვს და რა მიზნები, ეს გამოჩნდება არა მარტო საქართველოში, საქართველოს ფარგლებს გარეთაც. ვინც ასეთ მავნე გეგმებს ახორციელებს საქართველოს მიმართ, ამიერიდან ცოტა თავს შეიკავებს. ეს პრევენციაცაა და ერთადერთი იარაღია ჩვენს დასაცავად. ცხადია, გლობალიზაციის ეპოქაში გავლენებს ვერაფრით ვერ შეაჩერებ, ურთიერთგავლენა ძალიან დიდია, მაგრამ აქ საუბარია, რომ ეს გავლენა იყოს თვალსაჩინო, მკაფიოდ დასანახი და შეგვეძლოს შეფასება, ეს გავლენა სასარგებლოა, თუ მავნე და საშიში. ჩვენ ვხედავთ, რომ ეს გავლენა ახლა საშიში ხდება. როდესაც აფინანსებ „სირცხვილიას“, „დროას“, ანუ „კმარას“ მსგავს ორგანიზაციებს, აფინანსებ საქართველოში არჩევნების პარალელური დათვლის შედეგების გაყალბებას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მასობრივი მღელვარება და არეულობაც კი, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს პოლიტიკური სისტემის არა მხოლოდ სტაბილურობა, არამედ სახელმწიფოს ლეგიტიმაციას მნიშვნელოვანი გამოწვევა შეუქმნას, ეს აშკარა და ღია მოქმედებაა. ვერავინ ვერ დამაჯერებს, რომ „ისფედის“ ეს დაკვეთა, რაც მან არჩევნებზე გააკეთა, თავისით გააკეთა, თითქოს ეს დონორებისგან არ ჰქონდა დავალებული. არაფერ შუაში რომ არ იყვნენ, მაშინ თვითონვე მოსთხოვდნენ პასუხს „ისფედს“, როგორ, ამხელა ფული მაგიტომ მოგეცი, რომ შენ დასკვნა გააყალბო?! პასუხს მოსთხოვდნენ „ისფედის“ ხელმძღვანელს და საერთაშორისო ასპარეზზე კი არ დააწინაურებდნენ, საერთოდ, მგლის ბილეთი ექნებოდა და არანაირი აქტიური საზოგადოებრივი მოღვაწეობის საშუალება აღარ ექნებოდა, იმდენად სახელგატეხილი იქნებოდა.
სიტუაცია რაღაცით მაგონებს მეფისნაცვალ ვორონცოვის ქმედებებს საქართველოში, რომელიც კულტურის განვითარებისთვის ზრუნავდა, მაგრამ თანმიმდევრულად ატარებდა რუსიფიკაციის პოლიტიკას. უცხოური გრანტები კეთილ საქმესაც ხმარდება, ფრესკების, სკოლების, ბაღების რეაბილიტაციას, სტუდენტების სწავლა-განათლებას, მაგრამ დასავლეთს აქვს სხვა მიზნებიც საქართველოში... ამიტომაცაა, რომ უნივერსიტეტის ლექტორები ეწინააღმდეგებიან „აგენტების შესახებ“ კანონს?
- ამას წინათ გამოქვეყნდა უნივერსიტეტის ლექტორთა მიმართვა, ეს არის ეროვნული ნიჰილიზმი. თუკი ისინი ასე ფიქრობენ, უნივერსიტეტი დაქცეულა. სად გაგიგიათ, უნივერსიტეტმა უცხოური დაფინანსებით იმუშაოს?! ასეთი რამ მსოფლიოში არ არსებობს. უნივერსიტეტის მუშაობაში მთელი ძალისხმევა, ეროვნული ენერგია, ეროვნული რესურსი უნდა იყოს გამოყენებული. თუ ვინმე დაგეხმარება, ცხადია, მადლობელი იქნები, მეცნიერებაში ურთიერთგავლენასაც არავინ ებრძვის, მაგრამ იმის თქმა, რომ უცხოური გავლენისა და დაფინანსების გარეშე განათლების სისტემა და მეცნიერება დაინგრევა, ეს არის ეროვნული ნიჰილიზმის გამომწვევი. თავის დროზე ასე რომ ეფიქრათ უნივერსიტეტის შემქმნელ მამებს, არც შექმნიდნენ უნივერსიტეტს. უცხოელების იმედად როგორ შეიძლება უნივერსიტეტი ამუშაო?! მსოფლიო ისტორიაში არც ერთ ეპოქაში, არც ერთი ქვეყნის მაგალითი არ არსებობს, რომ ეროვნული განათლება, მეცნიერება, კულტურა ეროვნული ენერგიით არ შექმნილიყო და ვინმე უცხოელს გაეკეთებინოს. ეს არის აბსურდი. შენი თავის იმედი თუ არ გაქვს, მაშინ უნივერსიტეტში რა გინდა, პროფესორი კი არა, კაციც არ ყოფილხარ. ან შეშინებული ხარ და კომპლექსები გაწუხებს, ან სულგაყიდული ადამიანი ხარ. თავისთავად, ეს გავლენები ზოგჯერ პოზიტიურია, ზოგ შემთხვევაში, აუცილებელიცაა და ალტერნატივა არ აქვს ცალკეულ სფეროებში და ამისთვის ვინც დაგეხმარება, ყველას მადლობა უნდა გადაუხადო, მაგრამ არის საფრთხის შემცველი და არასასურველი მიმართულებებიც. მაგალითად, არასამთავრობო სექტორი „იდენტობა“ დაფინანსებას იღებს იმაში, რომ საქართველოში დანერგოს ჩვენს ყოფიერებასთან, ტრადიციებთან, მსოფლმხედველობასთან, რწმენასთან, აღმსარებლობასთან შეუთავსებელი იდეოლოგია. ეს სრულიად გაუგებარია. როგორ შეიძლება, ასეთ გავლენას შეეგუო და თქვა, თითქოს ეს დახმარებაა. ასეთი დახმარება სულ არ მჭირდება. საქართველოს იდენტობის საკითხი, სულ ცოტა, ათი საუკუნის წინ ერთხელ და სამუდამოდ გადაწყვეტილია, გიორგი მერჩულის ცნობილი ფორმულა არსებობს - „ქართლად ფრიადი ქვეყანაი აღირაცხების, რომელსაცა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაი ყოველი აღესრულების“. ეს იგივეა, რაც ილიამ თქვა - „მამული, ენა, სარწმუნოება“.