„ევროპულობა მხოლოდ კანონოებით არ განისაზღვრება, უკრაინასა და მოლდოვასთან შედარებით ჩვენ ყველაზე ახლოს გვქონდა საკანონმდებლო ბაზა ევროპულთან, მაგრამ ჩვენ უარი გვითხრეს და ისინი მიიღეს“

„ევროპულობა მხოლოდ კანონოებით არ განისაზღვრება, უკრაინასა და მოლდოვასთან შედარებით ჩვენ ყველაზე ახლოს გვქონდა საკანონმდებლო ბაზა ევროპულთან, მაგრამ ჩვენ უარი გვითხრეს და ისინი მიიღეს“

 მაქსიმალური წნეხი და ზეწოლა, როგორც პარლამენტის შიგნით, ისე პარლამენტის გარეთ. სირცხვილის დერეფნები სახელმწიფო უწყებებთან და თუ საჭირო გახდება თანამდებობის პირების და დეპუტატების შენობებში არშეშვება - ასეთია რადიკალური ოპოზიციის სამოქმედო გეგმა, რომელთა შეფასებით, ყველა კონსტიტუციურ ბერკეტს გამოიყენებენ იმისათვის, რომ „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტი არ იქცეს კანონად.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, ასევე „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე წარიმართა. „უწიგნური“, „გაუნათლებელი“, „მოღალატე“, „რუსო“, „სოფლელო“, „მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის მსახურება იცით“ - ამ ფრაზებით შეამკო ოპოზიციამ მმართველი გუნდი.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა მანდატურის სამსახურს, ადგილიდან შეძახილების გამო, რამდენიმე დეპუტატის დარბაზიდან გაყვანის შესახებ მოუწოდა. აღნიშნული გიორგი ვაშაძემ და ლევან ხაბეიშვილმა კომიტეტის თავმჯდომარესთან გააპროტესტეს, შემდეგ კი, ლევან ხაბეიშვილსა და ანრი ოხანაშვილს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა პროტესტის ნიშნად პარტია „საქართველოსთვის“ წევრებმა დატოვეს. ანა ბუჩუკურმა, მიხეილ დაუშვილმა და ბექა ლილუაშვილმა საკუთარი პროტესტის თაობაზე განცხადება ჟურნალისტებთან კომიტეტის დარბაზის მიღმა გააკეთეს. მათი თქმით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა რეგლამენტის დარღვევით დაიწყო, ვინაიდან მათ საკითხი დააყენეს იმის თაობაზე, რომ „ხალხის ძალის“ მიერ მომზადებულ კანონპროექტებთან ერთად განხილულიყო მათ მიერ მომზადებული ალტერნატიული კანონპროექტიც, რაზეც მათ კომიტეტის ხელმძღვანელობისგან მიიღეს უარი.

კანონპროექტის შინაარსს ოპოზიცია პარლამენტს შიგნით, სამოქალაქო სექტორი და მედიის წარმომადგენლები პარლამენტის შესასვლელთან და რუსთაველის გამზირზე აპროტესტებდნენ. აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ „რუსებო“, „მონებო“, ასევე კვერცხები ესროლეს პარლამენტის შენობას. უკვე ცხადია, რომ ოპოზიცია „ხალხის ძალის“ მიერ მომზადებულ კანონპროექტს იყენებს პროცესების რადიკალიზაციისთვის და ამას თავად ადასტურებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი, რომელმაც აქციის მონაწილეებს პარლამენტის აივნიდან მიმართა, რომ არ დაშლილიყვნენ, რადგან ოპოზიცია აპირებს ფიზიკურად ბრძოლას, რომ ეს კანონი არ გაიტანონ.

„ამათ დედა უნდა ვუტიროთ! ფაქტობრივად, სუს-ის და სპეცდანიშნულების რაზმი ჰყავთ მოყვანილი, შეშლილი „პუტინისტები“ არიან. რუსეთუმე „პუტინისტი“ დეპუტატები ფიზიკური ანგარიშსწორებისთვის მზად არიან“, - მიმართა აქციის მონაწილეებს ლევან ხაბეიშვილმა.

რადიკალური ოპოზიცია რომ პროცესების რადიკალიზაციისკენ მიდის, ამაში დარწმუნებულია ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი, რომლის განცხადებით, დევიზად იყენებენ ვითომ ევროპას და სინამდვილეში ითხოვენ სრულიად წარმოუდგენელ რამეს, ინიცირებული კანონპროექტის განხილვის აკრძალვას, ანუ განსჯის აკრძალვას. მისი თქმით, ეს არის აზროვნების აკრძალვა და თვლის, რომ ვინც ამ მოწოდებას აკეთებს, ის არის აზროვნების და სინდისის მტერი.

„რაც არ უნდა ლიბერალები დაირქვან, ერთი-ერთში გვანან ფაშისტებს და კომუნისტებს. პრაქტიკულად, ისინი მოდიან და ხელსიუფლების დამხობას მოგვიწოდებენ აზროვნების აკრძალვით - ინიცირებული კანონპროექტის განხილვის აკრძალვის დევიზით, რაც წარმოუდგენელი რამ არის. რასაკვირველია, არაფერი გამოვა და კიდევ ერთხელ მოიჭრიან ათასჯერ მოჭრილ თავს“, - აცხადებს ზარდიაშვილი.

ანალიტიკოსის დაკვირვებით, სახეზეა ძალადობა სახელმწიფოს წინააღმდეგ და ასეთ შემთხვევაში, მისი თქმით, პროპორციული ძალის ჩარევა იქნება უპირობო, რომ ოპოზიციის მიერ ორგანიზებული ძალადობა იქნას აღკვეთილი.

„ამ შემთხვევაში სახელმწიფოს სრული უფლება აქვს ძალა გამოიყენოს და წესრიგი აღადგინოს. თუ პროცესები არეულობაში გადაიზრდება და საფრთხე შეიქმნება მასობრივი არეულობით, რასაკვირველია, აქ შეიძლება დადგეს ეს საკითხი - პროპორციული ძალის გამოყენების აუცილებლობა.

მასობრივი არეულობის მოწყობის სერიოზული ნიშნები გვაქვს და ეს თვალსაჩინოა. მასობრივი არეულობის მოწყობა და კიდევ უარესი, ხელისუფლების არაკონსტიტუციური გზით შეცვლა - ეს არის უმძიმესი დანაშაული სახელმწიფოს მხრიდან და ამას რეაგირება უნდა მოჰყვეს, მიუხედავად იმისა, ვინ არის ამის ორგანიზატორი“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით ზარდიაშვილმა.

დადგება თუ არა პროპორციული ძალის გამოყენების აუცილებლობა, ჯერჯერობით ამის თქმა რთულია, თუმცა ანალიტიკოს გია აბაშიძის განცხადებით, პოლიცია გამოიყენებს იმ ძალას, რომელიც საჭიროა კონკრეტულ შემთხვევაში. მისი თქმით, როცა დაირღვევა კანონი, იქნება ადმინისტარციულ შენობებში შეჭრის მცდელობა, ბლოკირება, თანამდებობის პირებისთვის ფიზიკური შეურაცხოფის მიყენება, პოლიცია იმოქმედებს შესაბამისად.

„ეს არის აპრობირებული მეთოდი დემოკრატიულ სამყაროში და ეს ჩვენც არაერთხელ ვნახეთ. „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში პოლიცია იქცევა ადეკვატურად და არ ატარებს სადამსჯელო ღონისძიებებს, როგორც ეს იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნისას.

ცხადია, რომ ამ კანონის ირგვლივ მიმდინარე ბატალიებს არ სჭირდება ღრმა ანალიზი, პირდაპირ მოუწოდებენ იქნებიან ეს „ნაციონალური მოძრაობის“ ნომინალური თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, თუ სხვა აქტიური სუბიექტები რადიკალური ფლანგიდან, რომ დავამხოთ ეს მთავრობა, გავისტუმროთ, გავანადგუროთ და ა.შ. ეს არის დამხობისკენ პირდაპირი მოწოდებები, მაგრამ ნამდვილად ახალი არ არის ქართულ პოლიტიკურ ისტორიაში, რამეთუ ნებისმიერ თემაზე ჩვენ გვესმის რადიკალების მცდელობა, რომ მოახდინონ ლეგიტიმური ხელისუფლების დამხობა.

მაგრამ არ აქვთ ადამიანური რესურსი, რამდენიმე ასეული კაცის მიერ შეკრებაზე გამოთქმული ეს მოსაზრებები, ან თუნდაც სოციალურ ქსელებში მოწოდება არაფერს ნიშნავს. დაელოდონ მომდევნო არჩევნებს! თუ შეუძლიათ და აქვთ მაგის ავტორიტეტი საზოგადოებაში, ასე შეცვალონ ხელისუფლება. სხვაგვარად ისინი ვერაფრით ვერ მოახერხებენ ამას, მით უმეტეს, რომ 2012 წლიდან ვხედავთ მათ სასოწარკვეთილ გამოხდომებს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას გია აბაშიძე.

პოლიტოლოგი, რამაზ საყვარელიძე დარწმუნებულია, რომ ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ეს კანონპროექტი გამოყენებული იქნას პროცესების რადიკალიზაციისთვის. მაგრამ რევოლუციას ვერ მოაწყობენ, რადგან აღარ არის ხალხი.

„სიტყვა რევოლუციაც თქვა ბატონმა ხაბეიშვილმა. უეჭველია, რომ მიზანი არის რევოლუცია, მაგრამ როგორც კი ოდნავ მაინც იგრძნობენ ხალხის რაოდენობას, ანუ ძალას, პირდაპირ წამოვა ისეთი ფორმულები, რომელიც, ადრე თუ გვიან, აყირავების, სახელმწიფო დამხობის მოწოდებას გულისხმობს და მანდ უკვე აღარ უნდა გაგვიკვირდეს. ამიტომ, ალბათ, მოსახლეობა ყურადღებით უნდა იყოს, მაშინაც კი, თუნდაც თვითონ ეთანხმებოდეს ამა თუ იმ პროტესტს და დააკვირდეს, ამ პროტესტს ვინმე სხვა ხომ არ გამოიყენებს უკვე იმისთვის, რომ სახელმწიფოში მმართველობა შეიცვალოს.

ასეთი დაკვირვება ეტყობა უცხო არაა ქართველებისთვის, რადგან ვხედავთ, რომ ბევრი არც გადის აქციებზე, უბრალოდ, ხანდახან, როცა ეს ევროპულის და რუსულის დაპირისპირების თემა ამოტივტივდება, მაშინ უფრო მეტი ადამიანი გამოდის ქუჩაში. მაგრამ, იმასაც დააკვირდით, ევროპულობა კანონოებით არ განისაზღვრება მხოლოდ, უკრაინასა და მოლდოვასთან შედარებით ჩვენ ყველაზე ახლოს გვქონდა საკანონმდებლო ბაზა ევროპულთან, მათ შორის ყველაზე ახლოს ვიყავით ევროპასთან, მაგრამ ჩვენ, როგორც კანდიდატებს უარი გვითხრეს, ისინი მიიღეს. ასე რომ, რაღაცა სხვა ფაქტორებიც არის“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.