დედაქალაქის ქუჩებში უკვე გაჩნდა წარწერები - „რევოლუცია“, რომელსაც უცხოელ გავლენის აგენტებზე კანონპროექტის წინააღმდეგ შეკრებილი მომიტინგეები აკეთებენ. მთელს საპროტესტო აქციებს წითელ ხაზად გასდევს ლოზუნგები „არა რუსულ კანონს“, „ვშორდებით დასავლეთს“, „ვკარგავთ ევროპულ პერსპექტივას“ და ა.შ. ასეთი ლოზუნგებით ხომ უფრო იოლია გამოუცდელი ახალგაზრდობის აყოლიება და საპროტესტო მუხტის აწევა. სიტუაცია ემსგავსება იმ მდგომარეობას, რაც შეიქმნა 2019 წელს ე.წ. „გავრილოვის ღამის“ წინ.
სინამდვილეში, აღნიშნულ კანონპროექტს ქვეყნის საგარეო-პოლიტიკურ ორიენტაციასთან პირდაპირი კავშირი არა აქვს. ის უფრო შიდა მოხმარების გახლავთ, თუმცა აშკარად უდროო დროს ინიცირებული. რთული გასათვლელი არ იყო ის რეაქციები, რაც წამოვიდოდა დასავლეთიდან და ადგილობრივი ოპონენტებისგან.
და მაინც რა გახდა, უცხოური გავლენის აგენტებზე კანონპროექტის ინიცირების სტიმული და ინსპირატორი? ამაზე პასუხისთვის წარსულში მცირე ექსკურსი მოგვიწევს.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, წინა ხელისუფლების მიერ დაჩაგრულ-შევიწროებულმა სამოქალაქო სექტორმა და მედიამ, რომ იტყვიან, ღრმად ჩაისუნთქეს თავისუფლების ჰაერი. არტახებისგან გათავისუფლებულმა ენჯეოებმა და მედიამ დაიწყეს და გააძლიერეს ხელისუფლებაზე წნეხი. ამის მკაფიო მაგალითი იყო სამოქალაქო სექტორის მოთხოვნით, სუს-ს მიერ აღმოჩენილი ფარული ჩანაწერების დემონსტრატიული განადგურება ენჯეოების თანდასწრებით. სამოქალაქო სექტორის წნეხს „ქართულ ოცნებაში“ თავდაპირველად თმენით შეხვდნენ. უფრო მეტიც, გარკვეულ სფეროებში თანამშრომლობის გარკვეული ფორმებიც კი გამოინახა. თუმცა, შემდგომ წლებში პროცესებმა ისეთი მიმართულება მიიღეს, რომ თანამშრომლობა პრაქტიკულად შეუძლებელი გახდა.
ამის ერთ ერთი მთავარი მიზეზი გახდა ის, რომ გარედან დაფინანსებული „ელიტარული“ ენჯეოების უმრავლესობა პირდაპირ და დაუფარავად ჩაერთო ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლის მცდელობებში. ფაქტობრივად, ის გახდა ოპოზიციის მოკავშირე - ანუ პოლიტიკური მხარე. ამის პირველი ნიშანი გახლდათ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ხელისუფლებისათვის ყალბი პირადობის მოწმობების გამოშვების დაბრალება და ამით არჩევნების გაყალბება. ენჯეოებმა ბრალდება ვერ დაადასტურეს, მაგრამ მათმა ინფორმაციამ საერთაშორისო შეფასებებში ადგილი დაიკავა. შემდეგ იყო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხმების პარალელური დათვლის მცდარი მონაცემების გამოქვეყნება, ვითომ „ტექნიკური შეცდომის“ გამო, რომლის საფუძველზეც ოპოზიციასაც და დამკვირვებლებსაც ლეგიტიმური უფლება ეძლეოდათ არჩევნების შედეგები არ ეღიარებინათ. მხოლოდ გაყალბების დროულმა მხილებამ ააცილა ქვეყანას არეულობა. კულმინაცია კი გახლდათ 2022 წლის ივნის-ივლისის საპროტესტო აქციები, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსი ვერმიღების გამო. აქციების ავანგარდში სწორედ გარედან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები აღმოჩდნენ, რომლებიც არჩეული მთავრობის დაუყონებლივ გადადგომას და მის ჩანაცვლებას ითხოვდნენ ე.წ. „ტექნიკური მთავრობით“, რომლის საკვანძო თანამდებობებზე თავიანთი წარმომადგენლები და ოპოზიციის ლიდერები წარმოედგინათ. აქციაზე ისმოდა რადიკალური მოწოდებები, რომ თუ ხელისუფლება არ გადადგებოდა, მომიტინგეები წალეკავდნენ მთავრობას და ა.შ.
ამ აქციებზე, რომლებიც 3 ივლისამდე გაგრძელდა, საკმაოდ სერიოზული თანხები იქნა დახარჯული. სცენის და გახმოვანების დამონტაჟება, უზარმაზარი ტირაჟით დაბეჭდილი ფლაერებით და ბროშურებით შეიარაღებული აქციის მონაწილეების მოგზაურობა მთელი საქართველოს მასშტაბით, სადაც ხალხის მობილიზებას ცდილობდნენ დიდ აქციაზე, საკმაოდ სოლიდური თანხა დაჯდებოდა.
დღემდე უცნობია, თუ ვინ დააფინანსა ეს ყველაფერი და იყო თუ არა ეს გარედან შემოსული ფული. არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენდა, რომ აქციის შედეგს გულდასმით აკვირდებოდნენ ვაშინგტონშიც და ბრიუსელშიც.
როგორ ჩანს, მმართველი ძალისათვის ამ ყველაფერს „ალარმისტული“ეფექტი ჰქონდა. მათთვის ნათელი გახდა, რომ გარედან დაფინანსებული და მხარდაჭერილი ენჯეოები წინააღმდეგობას არ შეწყვეტდნენ და გაათკეცებული ენერგიით ხელახლა შეუტევდნენ ხელისუფლებას. ალბათ, აქ უნდა ვეძებოთ აღნიშნული კანონპროექტის ინიცირების მოტივები.
თუ გავითვალისწინებთ სამოქალაქო სექტორის მიმართ საზოგადოების საკმაოდ დაბალ ნდობას, რთული წარმოსადგენი არ არის, რომ ეს კანონპროექტი ამ მწირ ნდობას კიდევ უფრო შეამცირებს, გამომდინარე შედეგებით.
მომდევნო დღეები დაგვანახებს რამდენად მასშტაბური იქნება კანონპროექტისადმი წინააღმდეგობა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ საზოგადოების უმრავლესობა კანონპროექტს არ იცნობს და არც დიდ ინტერესს ამჟღავნებს მის მიმართ. შესაბამისად რჩება მათ ემოციებზე თამაშის მეთოდი, რაც საკმაოდ სარისკო რამეა, რადგანაც შეიძლება მიზნის მისაღწევად მიუღებლის ჩადენის ცდუნება წარმოშვას.
ხალხის დაკვეთაა ამ კანონის არ მიღებაო. რატომ აძლევთ, ამ მუქთამჭამელობას მიჩვეულებს, ხალხის სახელით სპეკულაციის საბაბს.
ეს კანონი აღმოჩნდა ლაკმუსის ქაღალდი, რომელმაც გამოამჟღავნა, რამდენი გრანტიჭამია ყოფილა ამ ქვეყანაში, რომლებიც კბილებითა ბრჭყალებით დაიცავენ საკუთარი არსებობის შავი რძის წყაროს. ისინი ძალიან ბევრნი არიან, მაგრამ იმაზე უფრო ცოტანი, ვიდრე ქვეყნის პატრიოტები და ნამდვილი დამოუკიდებლობის მომხრეები. ჩაატარეთ რეფერენდუმი და გამოჩნდება ვინ რამდენია.
ყველამ გაიგოს, ეს ქვეყანა არავის ბოსტანი არ არის. საქართველო ან შედგება სახელმწიფოდ ან დაბრუნდება 13 წლის წინანდელ მდგომარეობაში.
ნაცები მათთვის ნაცადები იყვნენ, აწყოდათ და ყოველ შემთხვევისთვის შეინახეს ისინი
აი ამისთანა შემთხვევებისთვის.....თუ ვინცობააა და ოცნება იმათ ჭკვაზე არ გაივლიდა.....როგორც ეხლა
ფუუუუუ...........................მეგობარი........
,,მტერი მოყვრულად მოსული მტერზედაც ბევრჯერ მტერია,,--ო.
ეგრეა
რატო აღარ მიეთრევა ეგ ვადაგასული ............... დახატული ტარტაროზი