მთავრობა წელიწადნახევარში 60-65 ათასი ადამიანის დასაქმებას გეგმავს

მთავრობა წელიწადნახევარში 60-65 ათასი ადამიანის დასაქმებას გეგმავს

წელიწადნახევრის განმავლობაში დაახლოებით 40-45 ათასი სამუშაოს მაძიებელი დასაქმდება. გარდა ამისა, დროებით პროექტებში დასაქმდება 10-12 ათასი უმუშევარი. პროფესიულ სწავლებას გაივლის დაახლოებით 10 000 ადამიანი. მათგან, სწავლის დასრულებიდან უახლოესი 6 თვის განმავლობაში, დასაქმდება დაახლოებით 40%. ასეთი საინტერესო და მეტად საშური გეგმები დაისახა მთავრობამ შრომის ბაზრის ფორმირების სახელმწიფო სტრატეგიის მეშვეობით.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, უმუშევრობის დონე ქვეყანაში 15-16%-ია, ექსპერტული გათვლებით კი, ეს მაჩვენებელი, სულ მცირე, 40%-ს შეადგენს. ოფიციალური მონაცემების სიმცირე განპირობებულია იმით, რომ ქვეყანაში ყველა ადამიანი, რომელიც სოფლის მეურნეობის სფეროში ცდის ბედს, დასაქმებულად ითვლება. „საქსტატის“ ხელმძღვანები ზაზა ჭელიძე აღიარებს კიდეც, რომ რომ არა ასეთი მიდგომა, საქართველოში უმუშევრობის მაჩვენებლი 65%-ს გადააჭარბებდა.  

სტატისტიკური კვლევების მიხედვით, დამსაქმებელთა წლიური დანახარჯები მომუშავეთა პროფესიულ სწავლებაზე, ერთ მუშაკზე გაანგარიშებით, წელიწადში, საშუალოდ, 4-5ლარია. საქართველოში უმუშევართა, თითქმის, 1/3-ს უმაღლესი განათლება აქვს. ეს განპირობებულია როგორც მოსახლეობის მაღალი საგანმანათლებლო ცენზით და შრომის პირობებისადმი მათი გაზრდილი მოთხოვნებითა და მოლოდინებით, ისე სამუშაო ძალის მოთხოვნა-მიწოდებას შორის არსებული სტრუქტურული და ხარისხობრივი დისბალანსით.

ქვეყანაში უაღრესად აქტუალურია ე.წ. „ღარიბი დასაქმებულების“ პრობლემა. „დასაქმებიდან მიღებული შემოსავლები, მომუშავეთა გარკვეული კატეგორიისათვის, საარსებო მინიმუმზე ნაკლებია. მართალია, უკანასკნელ წლებში დასაქმებულთა საშუალო ხელფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა, მაგრამ ხელფასის გაუმართლებლად მაღალი დიფერენციაციის პირობებში (როგორც კერძო, ისე სახელმწიფო სექტორში), დასაქმებულთა მნიშვნელოვანი ნაწილის ხელფასი არსებობისათვის არასაკმარისია.

ერთი სიტყვით, მთავრობამ შრომის ბაზრის ფორმირების სახელმწიფო სტრატეგიის რეალიზაციის 2013-2014 წლების სამოქმედო გეგმა გამოაქვეყნა. სტრატეგიული დოკუმენტიდან ირკვევა, რომ უახლოეს ორ წელიწადში შეიქმნება საკანონმდებლო, მეთოდური, ინფორმაციული და ორგანიზაციული სისტემა დასაქმების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი კომპონენტების ამოქმედებისათვის. იმავდროულად მოხდება ბაზების სრულყოფა, რათა სახელმწიფოს ჰქონდეს სამუშაოს მაძიებლების გამართული ბაზა და პერსონალური მონაცემები. 

2013-14 წლებში „დასაქმების ხელშეწყობის ცენტრებში“ დარეგისტრირდება, დაახლოებით, 150-170 ათასი სამუშაოს მაძიებელი. მათგან ცენტრების საშუამავლო მომსახურებით დასაქმდება, დაახლოებით, 40-45 ათასი სამუშაოს მაძიებელი. გარდა ამისა, საზოგადოებრივ სამუშაოებსა და ინფრასტრუქტურულ პროექტებში დროებით დასაქმდება ცენტრებში რეგისტრირებული 10-12 ათასი უმუშევარი.  ამავე პერიოდში, შემუშავდება და განხორციელდება „უმუშევართა პროფესიული სწავლების სახელმწიფო პროგრამა“, რომლის ფარგლებში, შრომის ადგილობრივი ბაზრების მოთხოვნების შესაბამისად, მოხდება უმუშევრების პროფესიული მომზადება-გადამზადება მათი შემდგომი დასაქმებისთვის. 

2013-14 წლებში პროფესიულ სწავლებას გაივლის დაახლოებით 10 000 უმუშევარი, აქედან 2013 წელს - 3 000, ხოლო 2014 წელს - 7 000 უმუშევარი. მათგან, სწავლის დასრულებიდან უახლოესი 6 თვის განმავლობაში, დასაქმდება დაახლოებით 40%.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ მასობრივი უმუშევრობის პირობებშიც, დამსაქმებელთა 1/3-ზე მეტს (ზოგიერთ რეგიონსა და სფეროში 70-80%-ს) პრობლემები აქვთ მათთვის საჭირო კადრების მოზიდვისას. ამის ერთ-ერთი მიზეზად კი მთავრობა შრომის ბაზრის ინფრასტრუქტურის განუვითარებლობას ასახელებს.

მთავრობის მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით ირკვევა, რომ შრომის ბაზარზე სამუშაო ძალაზე მოთხოვნასა და სამუშაო ძალის მიწოდებას შორის არა მარტო რაოდენობრივი, არამედ სერიოზული სტრუქტურული და ხარისხობრივი დისბალანსია.  ასევე, დასაქმებულთა საერთო რაოდენობიდან მხოლოდ 38%-ია დაქირავებით მომუშავე, დანარჩენი კი თვითდასაქმებულია.

საგულისხმოა ისიც, რომ შინამეურნეობის შემოსავლებში დაქირავებით დასაქმებიდან მიღებული შემოსავლების წილი 1/3-ზე ნაკლებია. სამუშაო ძალის დაბალ ფასს ემატება დაქირავებით დასაქმებულთა მძიმე შრომის პირობები. 8 საათზე მეტი ხანგრძლივობით, შრომის მძიმე და მავნე პირობებში მუშაობა, შვებულების უქონლობა, აუნაზღაურებელი ხანგრძლივი სააპრობაციო პერიოდი, ხელფასის დაგვიანება, სამუშაოდან დაუსაბუთებლად გათავისუფლება, ასაკით, პროფკავშირის წევრობის გამო ან პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაცია, საქართველოს შრომის ბაზარზე მასობრივ მოვლენებად იქცა.

„ამას ხელი შეუწყო საქართველოს შრომის კოდექსის ე.წ. „ლიბერალიზაციამ“. საქართველოს შრომით კანონმდებლობაში 2006 წელს და შემდგომ პერიოდში განხორციელებული ცვლილებების შედეგად არსებითად გაუარესდა მოქალაქეთა შრომითი და სოციალური უფლებების რეალიზაციის პირობები და ქვეყანამ ამ სფეროში უკან დაიხია“, - ნათქვამია სტრატეგიულ დოკუმენტში.