„ოპოზიცია, სანამ ხალხიდან ხელისუფლების შეცვლის ნებართვა არ ექნება, ვერაფერს გახდება“

„ოპოზიცია, სანამ ხალხიდან ხელისუფლების შეცვლის ნებართვა არ ექნება, ვერაფერს გახდება“

ოპოზიციის ნაწილი მსჯელობდა, როგორ უნდა გაეგრძელებინათ პროტესტი იმ კანონპროექტის წინააღმდეგ, რომლის განხილვაც პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში რამდენიმე საათი მიმდინარეობდა და რომლის ინიციატორებიც „ხალხის ძალის“ წევრები არიან. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“  და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტების პირველი მოსმენით განხილვა ხმაურის ფონზე რამდენიმე საათი მიმდინარეობდა.

სხდომის პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოსთან აქცია იმართებოდა. აქციის შემდეგ კი ოპოზიციის ლიდერები, არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლები შეიკირიბნენ. ამ შეხვედრას ესწრებოდნენ ლევან ხაბეიშვილი, გიორგი ვაშაძე, ნიკა მელია და „ლელოს“ წევრები. „ლელოს“ წევრი სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ ფართომასშტაბიან აქციებს უახლოეს დღეებში გეგმავენ. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი კი რევოლუციურ ცვლილებებზე საუბრობს. ხაბეიშვილმა განცხადება პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე გააკეთა. მისივე თქმით, ერთადერთი გამოსავალი ბრძოლა და პროტესტის გაგრძელებაა:

„რევოლუციური ცვლილებებია საჭირო, სწრაფად უნდა მოხდეს, რევოლუციურად სწრაფად უნდა შევცვალოთ ეს, სხვა შემთხვევაში რუსეთის გუბერნია ვხდებით. ამიტომ მესმის ამ ადამიანების პროტესტი, მეტიც, მოგიწოდებთ ყველას, ახალგაზრდებს, სტუდენტებს, ეს ქვეყანა არის თქვენი, თქვენ უნდა იყოთ ამ ქვეყნის ბედის წარმმართველებიც და მონაწილეებიც ამ ქვეყნის მშენებლობის. თქვენ აიღეთ ყველაფერი ხელში, ეს არის თქვენი ბრძოლა“.

ხაბეიშვილი აცხადებს, რომ პროტესტი უნდა გაგრძელდეს, როგორც პარლამენტს შიგნით ასევე გარეთ: „ჩვენ ვისაუბრეთ, რომ გავაკეთოთ საერთო სია, რომელიც ამ კანონს პირველი მოსმენით მხარს დაუჭერს. ეს ადამიანები თავიანთი ოჯახის წევრებით უნდა იყვნენ სანქცირებულები, მათ არ უნდა შეეძლოთ ევროკავშირის ქვეყნებში თავისუფლად გადაადგილება. ყველაზე დიდი პარტიაა საქართველო და ჩვენი შვილების მომავალი და იმედი მაქვს, ამ საკითხს ყველა წინა პლანზე დააყენებს“.

მან პარლამენტის ეზოში შეკრებილ მოქალაქეებს აივნიდანაც მიმართა და მოუწოდა, რომ არ დანებდნენ.

პარლამენტის აივნიდან ხაბეიშვილის მიმართვას აქციის მონაწილეები არაერთგვაროვანი რეაქციებით შეხვდნენ.

„ეს ხამი და მისი ხამი მომთრევები“ - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში და „ტაბულას“ მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოს აზიარებს.

ჩერგოლეიშვილი ხაბეიშვილს კიდეევ ერთ სტატუსს უძღვნის და ამბობს, რომ სჯობს თავის პრტიაში იხავლოს, აქციაზე მის გამო არავინ მისულა.

„ეს ხაბე გაათრიეთ და პირში წინდა ჩაუდეთ! არავინ არაა აქ ხაბესთან – თავის პარტიაში იხავლოს“, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

ხაბეიშვილის განცხადებას რევოლუციის შესახებ, მმართველ გუნდში უპასუხეს. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ რევოლუციას „ნაციონალური მოძრაობა“ და რადიკალური ოპოზიცია დიდი ხანია აანონსებს, პარტიის მიზანია რევოლუცია და არა კანონპროექტის მიზნობრივი განხილვა.

„ბოლო 2 წელიწადნახევარია და უფრო მეტიც, აქვთ ერთადერთი მიზანი, ქვეყანაში არეულობა და ამ არეულობის ფონზე რაღაც რევოლუციის და გადატრიალების მოხდენა, ეს არის მათი მიზანი. არანაირი საგნობრივი განხილვა მათ მიზანს არ წარმოადგენს. მიდიოდა ჩვეულებრივი ჩაშლა კომიტეტის, ანუ ვითომ პროცედურული საკითხების თითზე დახვევა, რომ რამენაირად საგნობრივი განხილვა არ დაწყებულიყო. რევოლუციას დიდი ხანია აანონსებენ, მაგრამ მთავარი რაც ვერ გაიგეს, არის რომ რევოლუცია მოსახდენია თვითონ შიგნით, რადიკალურ ოპოზიციაში. თუ რადიკალური ოპოზიცია რევოლუციურად არ შეიცვალა და არ განახლდა, როგორც პერსონალური შემადგენლობით, ასევე, შინაარსობრივად, ეს ვარდების რევოლუციის ნარატივი უკვე დიდი ხანია ჩაბარებულია ისტორიას.

ოპოზიცია ვერ ათვიცნობიერებს, რომ ქვეყანაში სულ სხვა რეალობაა და არანაირი რევოლუციური ცვლილებების არც ობიექტური და არც სუბიექტური განწყობა არ არის, ეს მართლა მათი ტრაგედია არის, სწორედ ამიტომაც არის, რომ ისინი ყოველ ჯერზე უშედეგო პოლიტიკას ატარებენ“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე for.ge-სთან ამბობს, რომ ლევან ხაბეიშვილის განცხადებები რევოლუციაზე სრული აბსურდია, რადგან ამას ხელისუფლება ოპოზიციის საწინააღმდეგოდ იყენებს. ძაბირაძე აცხადებს, რომ საზოგადოებაში ხელისუფლების მიმართ უარყოფითი განწყობის მიუხედავად, რევოლუცია არავის სურს. პირიქით, ამით ოპოზიცია ხელისუფლებას კიდევ უფორ მეტ საბაბს მისცემს, რათა მათი დისკრედიტაცია მოახდინოს.

„ოპოზიცია თუ რამეს აპორტესტებს, ეს უნდა გააგრძელოს იმ ფორმით, როგორც ახლა აკეთებს და სხვა რაიმე ზედმეტი მოქმედება თუ განცხადება, ოპოზიციის დისკრედიტაციას მოახდენს. რევოლუციაზე, გადატრიალებაზე, ესკალაციაზე, დაპირისპირებაზე, ყველაფერ ამაზე საუბარი, პირიქით, საზოგადოებაში უკურეაქციას იწვევს. დღეს ჩვენი მოსახლეობის დაკვეთა გადატრიალება და ხელისუფლების ჩამოგდება არ არის. მოსახლეოების დაკვეთა სხვა რამ არის. რევოლუცია და არასტაბილურობა ქვეყანაში არავის სურს. ეს ჩვენს ხალხს უკვე ნანახი და გამოვლილი აქვს. ეს არავის არაფერს მისცემს. ამიტომაც ოპოზიციამ თუ მისმა ლიდერებმა ცოტა გონება უნდა დააყოლონ და ისე ისაუბრონ. არ ვიცი ხაბეიშვილს ვინმე ავალებს ესე ილაპარაკოს? ვისზე თვლის ამ საუბარს, ვერ გავიგე. ფაქტია ვიღაცამ უნდა გააგებინოს, რომ ამით ისევ ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს, მით უმეტეს უკრაინის ომის ფონზე, ჩვენს მოსახლეობაში არასტაბილურობის მიმართ შიში დიდია. სწორედ ამით ახერხებს ხელისუფლება ოპოზიციის დისკრედიტაციას. ვერაფერს სწავლობენ, ვერაფერი გაიაზრეს ამ ხნის განმავლობაში. თუ ოპოზიცია ხელისუფლებას „ტოპკებს“ არ აუწევს, ხალხი გასაპორტესტებლად გამოვა“, - ამბობს ძაბირაძე.

მისივე თქმით, ოპოზიცია ერთ რამეს უნდა მიხვდეს, რომ სანამ ხალხიდან მათ ხელისუფლების შეცვლის ნებართვა არ ექნებათ, ვერაფერს გახდებიან. ამ ნებას კი ხალხი მაშინ მისცემს, როცა ხელისუფლებაზე უკეთეს ალტერნატივას შესთავაზებენ. თუ ოპოზიცია წითელ ხაზს გადაკვეთს, მაშინ საზოგადოების მხარდაჭერა, როგორი მართლებიც არ უნდა იყვნენ, დაიკლებს.

„ოპოზიცია მუდმივად ერთსა და იმავე შეცდომას უშვებს. როგორც კი სადმე ბევრ ხალხს დაინახავენ, იმავე წუთში ფიქობენ, რომ ეს პროტესტი ხელისუფლების შეცვლის მიზნით გამოიყენონ. შევნიშნე აქციაზე ახალგაზრდები ვარდებით ხელში რომ იდგნენ. ეს არის „ვარდების რევოლუციისკენ“ საკმაოდ ღია მინიშნება. რაც, ზოგადად, საერთო მოძრაობის ჩამოყალიბებას ხელს უშლის. როცა ამ ფორმით გამოდიხარ, ასეთ განცხადებებს აკეთებ, რა გამოდის? - ესე იგი წყალს ხელისუფლების წისქვილზე ასხამ. დღეს საზოგადოება ჯერ კიდევ არ არის მზად იმისთვის, რომ ხელისუფლების შეცვლის ლოზუნგით ქუჩაში გამოვიდეს. ხელისუფლების მიმართ პროტესტი არის, მაგრამ ამ პროტესტსა და შიშს შორის, განცდა, რომ არასტაბილურობით კიდევ უფრო უარესი სიტუაცია იქნება, საზოგადოებაში მუშაობს. არანაირი რევოლუცია არ იქნება. ქვეყნის შიგნით არეულობა დასავლეთსაც არ უნდა. ამიტომ ხაბეიშვილის ლაპარაკი წყლის ნაყვაა, რომელიც ხელისუფლებაზე მეტად არავის რგებს“, - ამბობს ძაბირაძე.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე კი ამბობს, რომ ლევან ხაბეიშვილი ტიპური ქუჩის პოლიტიკოსია. ის ტრადიციული პოლიტიკოსი არ არის და არც იმ განცხადებებს უკვირდება, რომელსაც აკეთებს. ანჯაფარიძე for.ge-სთან ამბობს, რომ მან აქამდე თავი სწორედ ამ რადიკალური, ქუჩის აქტივობებით მოიტანა და ამიტომ ფიქრობს, რომ მისი ეს განცხადებები, საზოგადოებაში გარკვეულ საპროტესტო მუხტს გააჩენს. არადა პირიქით, ასეთი რადიკალიზმი მოსახლეობში შიშს უფრო აჩენს, რაც ოპოზიციასვე აზიანებს.

„ხაბეიშვილი ამ ფორმით ცდილობს, რომ მუდმივად საზოგადოების და მედიის ყურადღების ცენტრში მოექცეს. ის რეალურად არ ფიქრობს ამ განცხადებას რა პოლიტიკური სარჩელი შეიძლება მოჰყევეს. მისთვის მთავარია, რომ მთელი ყურადღება და კონცენტრაცია მასზე გადავიდეს და ფიქრობს, რომ საზოგადოების რაღაცა ნაწილში იმედის ნაპერწკალს გააჩენს. არადა მსგავსი განცხადებები საზოგადოებაში რა განცდებს აჩენს და როგორ დისტანცირდებიან ასეთი პროცესებისგან არაერთხელ გვაქვს ნანახი. ასეთია ხაბეიშვილის მოქმედებების სტილი და არც მგონია, მის განცხადებებს საზოგადოების დიდი ნაწილი სერიოზულად იღებდეს. მას რევოლუციის მოწყობის არანაირი რესურსი არ აქვს. მოსახლეობა არ არის მზად ხელისუფლების ცვილებისთვის, ამის მიზეზი კი ისაა, რომ ოპოზიცია უკეთეს არაფერს სთავაზობს.

ოპოზიცია ხალხს ეუბნება, დამამხობინე „ოცნება“, ხელისუფლებაში მომიყვანე და მერე ვნახოთო. დაახლოებით ეს იკითხება მათ მოწოდებებში. ამ ანკესს საზოგადოება აღარ წამოეგება. ეს კი ოპოზიციის არაერთმა ჩაფლავებულმა მცდელობებმა დაამტკიცა. საზოგადოების უმრავლესობას ე.წ. აგენტების კანონი არ აინტერესებს. მათ დღეს სულ სხვა პრობლემები აწუხებთ, რომელზეც მათი ყურადღებაა კონცენტრირებული. იმ განცხადებებიდან გამომდინარე, რაც მიტინგზე კეთდებოდა, იმ ახალგაზრდებსაც კი, ვინც პარლამენტის წინ იდგნენ, კანონზე თვალიც კი არა აქვთ გადავლებული. დაზეპირებულ ლოზუნგებს იმეორებენ, რაც ოპოზიციის ლიდერებმა ჩაუდეს. ეს კანონი საერთოდ საგარეო პოლიტიკასთან არაფერ კავშირში არ არის. ის უფრო შიდა მოხმარებაზეა განთვლილი - კონტროლქვეშ მოექცეს არასამთავრობო ორგანიზაციების ერთი ნაწილის ფინანსური საქმიანობა, რათა ხალხმა გაიგოს მასშტაბური აქციები, რომელსაც ხელისუფლების წინააღმდეგ ატარებენ, საიდან ფინანსდება“,-ამბობს ანჯაფარიძე.

 

merab ხალხის დაკვეთა იყო და არის : ნაც საპიდარატეთ-ენჯეო-ლიბერ-ოპიზიციად წოდებული ნაგავის მოცილება პოლიტიკიდან და უმაღლეს სასწავლებლებიდან.
უმეტესობას ციხეში ელოდებიან და ნაწილი თავების დახეთქვას ითხოვს.
დროზე გაიტანე ნაგავი, "ოცნება" , თორე, მოგიტრიალდება და იქეთ გაგიტანს!
1 წლის უკან