„საპერე ოუდეი !“

„საპერე ოუდეი !“

"ამ დილიდანვე ჩანს, რომ როგორც პარლამენტში, ისე პარლამენტს გარეთ სიმართლის, სამართლის, სამართლიანობისა და სამართლის იდეის (ანუ: ერთი სიტყვით - სჯულის) მტერთა  ერთადერთი მიზანია ობსტრუქცია! რათა ჩვენ, ქართველებმა ვერ გავბედოთ ამ ინიცირებული კანონპროექტის განსჯა. ისინი განსჯას და მასასადამე, აზროვნებას გვიკრძალავენ. ამით, გინდა „ლიბერალები“ დაირქვან ან სხვა სახელი, ზუსტად, წვეთი წყალივით, გვანან ცნობილ ტოტალიტარულ იდეოლოგიებს - კომუნიზმსა თუ ფაშიზმს.

ამ დროს, სჯულის მოწინააღმდეგეთა ის ნაწილი, ვინც საკომიტეტო მოსმენაზე წრეგადასული უტიფრობის გამო არ გააძევეს და დარბაზში დარჩა, ამ კანონპროექტის განხილვის შეწყვეტას იგივე დაჟინებით მოითხოვს. ხოლო მთავარ არგუმენტად კონსტიტუციის 78-ე მუხლს იხმობს. ესაა მუხლი, რომელიც საქართველოს კონსტიტუციურ ორგანოებს ავალდებულებს „მათი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად“.

სჯულის მოწინააღმდეგენი გვიმტკიცებენ, რომ ვინაიდან ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების რიგმა წარმომადგენლება ფაქტიურად აგვიკრძალეს ამ კანონპროექტის არათუ მიღება, არამედ განსჯაც - დღევანდელი განხილვები თურმე კონსტიტუციის ამ 78-ემუხლს ეწინააღმდეგება!

თავი რომც დავანებოთ ფორმალურ იურიდიულ ლოგიკას, ასეთი არგუმენტი არსებითადაც უგუნურობაა. მართლაც, ფორმალური ლოგიკით: დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაციისათვის ყველა ზომის მიღებას კონსტიტუციურ ორგანოებს კონსტიტუცია მხოლოდ და მხოლოდ „თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში“(!)  ავალდებულებს. ხოლო არც ერთ კონსტიტუციურ ორგანოს თავისი უფლებამოსილების ფარგლებში არ ძალუძს და ვერავითარ ზომას ვერ მიიღებს, რათა ინიცირებული კანონის პროექტის განსჯა შეწყვიტოს.  ფორმალური იურიდიული ლოგიკის არგუმენტია, რომ განსჯა გაგრძელდეს და არავითარ შემთხვევაში არ შეწყდეს. ამ ფორმალურ არგუმენტს კონტრ-აგუმენტი არ მოეძევება, თუკი კონსტიტუციასა და ზოგადად, კონსტიტუციურობას ვცნობთ!

არსებითი არგუმენტი კი ეს გახლავთ - სჯული განსჯიდან მოდის, ამას ეს ქართული სიტყვაც მოწმობს. სჯული ისაა, რაც მართლად, უფლის ხმის - სინდისის,  სამსჯავროზე განსჯილა და სიმართლედ, სამართლად, სამართლიანობად დადგენილა.  განსჯა,  „სჯა“ - აზროვნებაა, „გონში ჩავარდნაა“. განსჯა არ არსებობს, თუკი აზროვნებას ვერ გაბედავ. ხოლო განსჯის აკრძალვა -აზროვების შეწყვეტას ნიშნავს.აზროვნებისა და სინდისის აკრძალვა - შეუძლებელია.  ეს არ შეიძლება იყოს და ვერც ვერასდროს იქნება ევროპული მოთხოვნა. ვერ და არ იქნება, რადგან ევროპული ცოცხალი ტრადიციის ძირი ჰორაციუსის დროიდან სწორედ ეს არის: Sapere aude, (საპერე აუდე) ლათინურად ნიშნავს - გაბედე აზროვნება!

 ვინც განსჯის და მაშასადამე, აზროვნების შეწყვეტას  ითხოვს, მნიშვნელობა არა აქვს - ვისი წარმომადგენელიც უნდა ბრძანდებოდეს,  იგი სჯულისა და განსჯის, სინდისისა და გონიერების მტერია.

სავალალოა და შემზარავიც, რომ ამას ევროპის სახელით აკეთებენ!

ევროპა და ევროპელობა პირიქით მოგვიწოდებს: Sapere aude!

ჩვენ გავბედეთ და ვერც ვერავინ შეგვაჩერებს"!