„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს, ასევე - „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე დღეს იმსჯელებენ. „ხალხის ძალის“ მიერ მომზადებული კანონპროექტის განხილვა პირველი მოსმენით მოხდება, რის შემდეგაც მსჯელობა პლენარული სხდომის ფორმატში გაგრძელდება. კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა ხმაურისა და ფიზიკური დაპირისპირების ფონზე წარიმართა. ცვლილებების შინაარსს რუსული კანონის ანალოგს უწოდებს ოპოზიცია, სამოქალაქო სექტორი და მედია ორგანიზაციები.
კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიცია არა კანონპროექტების შინაარსობრივად განხილვისთვის, არამედ მომდევნო სხდომის ჩაშლისთვის ემზადება. მისივე თქმით, რადიკალური ოპოზიცია დემოკრატიის სახელით, ანტიდემოკრატიულ პროცესს აანონსებს. ამასთან, დასძენს, რომ ამერიკულ კანონს, რომელსაც იურიდიულ კომიტეტზე განიხილავენ, საზოგადოებაში მხარდაჭერა ექნება, რადგან მოქალაქეები გაიგებენ, დაინტერესების შემთხვევაში, როგორ შეძლებენ ინფორმაციის მიღებას, რომელი არასამთავრობო სექტორი საიდან ფინანსდება.
„სამწუხაროდ, რადიკალური ოპოზიცია კარგად გრძნობს თავს იქ, სადაც არის დესტრუქცია, ფიზიკური დაპირისპირება, სადაც არ არის განხილვა და საზოგადოებასაც დესტრუქციისკენ მოუწოდებენ. ნიშანდობლივია, რომ დემოკრატიის სახელით, ანტიდემოკრატიულ პროცესს აანონსებენ. მათთვის მიუღებელია ნებისმიერი ტიპის საკითხის განხილვა და თქმა, რომ ესა და ეს საკითხი ამ არგუმენტით არაა სწორი. თავად არიან ასეთი ბუნების - აუცილებლად დაპირისპირება, ფიზიკური შეხლა-შემოხლა უნდა იყოს, რათა როგორმე იტივტივონ პოლიტიკურ ზედაპირზე. ვერც „რუსული კანონპროექტის“ ნარატივი გამოუვიდათ“, - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დღეს დაგეგმილი კანონპროექტების განხილვა, დიდი ალბათობით, ოპოზიციის, სამოქალაქო სექტორის და მედიაორგანიზაციების პროტესტის ფონზე ჩაივლის. ერთობლივ გეგმაზე გადაწყვეტილება პარლამენტში, ფრაქცია „ლელოს“ კაბინეტში მიიღეს. „ლელოს“ წევრის ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ რუსული კანონის წინააღმდეგ საქართველოში უნდა გაიშალოს წინააღმდეგობის ერთიანი ეროვნული ფრონტი. წინააღმდეგობა უნდა იყოს კომიტეტზეც, მედიაშიც, სამოქალაქო ჯგუფების მხრიდანაც, ქუჩაშიც. ნაცვლიშვილის თქმით, ეს გზა არის ერთადერთი, რასაც შეუძლია, შეაჩეროს საქართველოს მეორედ გასაბჭოება.
„ჩვენ გვაქვს დასახული ძალიან კონკრეტული ამოცანები, მათ შორის ამოცანის ერთ-ერთი ნაწილი არის, რომ რაც შეიძლება ბევრ ადამიანთან მივიტანოთ ძალიან გასაგებად ახსნილი, რა საფრთხეს უქმნის რუსული კანონი საქართველოში მცხოვრებ თითოეულ ადამიანს, რა ტიპის პოლიტიკური განაცხადი იქნება ქვეყნის მხრიდან, რომ ამ კანონის მიღებით, ფაქტობრივად, შეიცვლება ქვეყნის გეოპოლიტიკური კურსი, საქართველო მტრად გამოაცხადებს დასავლურ სამყაროს და მოყვარედ -რუსეთს, დაადგება რუსეთის გზას. საქართველოს ათასობით მოქალაქეს აღარ ექნება შესაძლებლობა, იმუშაოს, იმოქმედოს ათასობით სხვა ქართველის დასახმარებლად.
ეს არის ის საფრთხეები, რომელიც ემუქრება არა მხოლოდ ადამიანის უფლებათა დაცვით ორგანიზაციებს, რომლებიც განსაკუთრებით ჰყავს სამიზნეში ამოღებული ხელისუფლებას - და ასეთია, მათ შორის, რუსეთის გზაც, სწორედ ამ ხალხს იღებს პირველად სამიზნეში - არამედ ეს კანონი სამიზნეში იღებს მეწარმეებს, მეცნიერებს, მკვლევრებს, სახელოვნებო დარგის სპეციალისტებს, სამედიცინო დარგის სპეციალისტებს, ტურიზმში ჩართულ ადამიანებს. არ დარჩება სფერო, რომელსაც ამ კანონის დამანგრეველი ეფექტი არ შეეხება. ეს არის საფრთხე, რომელსაც ეს კანონი გვიქადის ყველას, თუ ახლა არ გამოვფხიზლდებით და საერთო ძალისხმევით არ შევეწინააღმდეგებით ამ პროცესს“, - აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.
ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, ყველა საპარლამენტო ოპოზიციურ ჯგუფს აქვს ერთი აზრი, რომ არ უნდა დავუშვათ საქართველოში რუსული კანონის მიღება. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მოუწოდებს მოქალაქეებს, რომ ერთად დადგნენ.
„დავაფიქსირებთ პროტესტს და ყველა შესაძლო ფორმას მივმართავთ. ყველა საპარლამენტო ოპოზიციურ ჯგუფს აქვს ერთი აზრი, ის, რომ არ უნდა დავუშვათ საქართველოში რუსული კანონის მიღება. საპარლამენტო ოპოზიცია ერთიანია და მოვუწოდებთ მოქალაქეებს, ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას და დამოუკიდებელ მედიასაშუალებას ერთად დავდგეთ, რათა არ დავუშვათ ამ კანონის მიღება და განხილვა. კონკრეტულ გეგმაზე საუბარი არ არის მართებული. არ ვართ ისე განწყობილები, რომ არ დავაფიქსიროთ ჩვენი პროტესტი. დავაფიქსირებთ პროტესტს და ყველა შესაძლო ფორმას მივმართავთ, რათა კომიტეტის სხდომაზე ხალხმა გაიგოს, რომ რუსული და რეპრესიების კანონია“, - ამბობს ლევან ბეჟაშვილი.
„გირჩის“ დეპუტატი იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტები არის შემოღებული საერთაშორისო მესიჯისთვის, რომ ჩვენ პუტინის გზაზე გვინდა დადგომა. მისი თქმით, „გირჩი“ოპოზიციას რითაც შეეძლება დაეხმარება, რადგან მიაჩნია, რომ კანონპროექტების შინაარსი საშიშია.
„მგონი, ყველას ვისაც გული შესტკივა ამ ქვეყანაზე, განსხვავებული პოზიცია ამ კანონპროექტთან დაკავშირებით ნაკლებად აქვს. ყველასთვის ცხადია, რომ ეს კანონი რაიმეს შესაცვლელად კი არ არის შემოღებული, ეს საერთაშორისო მესიჯის სათქმელად არის შემოღებული, რომ ჩვენ პუტინის გზაზე გვინდა დადგომა, ან მზად ვარ ამისთვის. ასეთი ნიშანია და ეს ბევრად უფრო საშიშია ვიდრე ის, რომ მსუსხავი ეფექტი ექნება მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებზე.
რაც შეეხება ოპოზიციის შეხვედრას, წელიწადი გავიდა, რაც ოპოზიცია ერთად შეკრებილი არ მინახავს. სანამ ამ ხალხს არ ვნახავ ერთად, როგორ შეიძლება ვთქვა, თუ რას ვაპირებთ? ჯერ უნდა გავესაუბრო, მოვისმინო რა ჭკუაზე არიან, რა უნდათ. ჩვენ ჩვენი პროტესტი გვაქვს, 11 მარტს გვაქვს აქცია მონობის წინააღმდეგ. ჩვენს კოლეგა ოპოზიციონერებს რითაც შეგვეძლება დავეხმარებით, მთავარია მათ რამე უნდოდეთ“, - აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.
მმართველმა გუნდმა უკვე იცის, რომ კანონპროექტის განხილვა მორიგი დაპირისპირების ფონზე მოუწევთ და ამისთვის მზად არიან. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ოპოზიცია ცდილობს, რომ ე.წ. უცხო ქვეყნის გავლენის აგენტების კანონპროექტების შესახებ დასავლელი პარტნიორები შეცდომაში შეიყვანოს. მისი თქმით, ბევრჯერ თუ გაიმეორებენ, რომ რუსული კანონპროექტია, ამერიკული კანონის თარგმანი რუსულად არ გადაიქცევა.
„გარკვეული დროით შეიძლება აღქმას აჩენდეს, მაგრამ ვერ გავექცევით ფაქტს, იმასთან დაკავშირებით, რომ ამერიკული კანონის თარგმანია. საუბრები იმასთან დაკავშირებით, რომ მომავალში შეიძლება რაიმე ისეთი გადაწყვეტილება მიღებული იყოს, რომელიც შეიძლება საფრთხეს უქმნიდეს მედიას ან სამოქალაქო სექტორს, ე.ი. ვთანხმდებით, რომ ეს კანონპროექტი ასეთ საფრთხეებს არ ითვალისწინებს, ასე გამოდის ყოველ შემთხვევაში. თუ მომავალზეა საუბარი, გაითვალისწინოს ყველამ, რომ არასდროს ისეთი თავისუფლება არ ჰქონია, არც მედიას და არც სამოქალაქო სექტორს საქართველოში, როგორც ახლაა.
ფაქტია, ოპოზიცია ცდილობს, რომ შეცდომაში დასავლელი პარტნიორები შეიყვანოს, რომლებსაც ინფორმაციას აწვდიან. ისინი არ ფლობენ ქართულ ენას და ისინი ტექსტებს არ კითხულობენ, მაგრამ ვისაც ამის შესაძლებლობა აქვს, ქართული და ინგლისური ტექსტი შეადაროს და თქვას, რომ იდენტურია. ამის შემდეგ განცხადებების კეთება, რომ ეს არ ჰგავს ერთმანეთსო, ეს აბსურდია. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ იდენტური ტექსტებია, უბრალოდ თარგმანია“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
კარგად რომ იციან რაც წერია, იმიტომ არ უნდათ, საქართველომაც მიიღოს მსგავსი კანონი.