„ადამიანი, რომელიც მორალზე უარს არ იტყვის, რა თანამდებობაზეც არ უნდა დანიშნონ, მისაღებია“, - ასეთნაირად ახასიათებენ ლევან იოსელიანს, მაგრამ არასამთავრობოებს აინტერესებთ არა ის, რამდენად გამოადგება ხალხს ლევან იოსელიანი და გაამართლებს თუ არა სახალხო დამცველის სტატუსს, არამედ ადარდებთ მხოლოდ ერთი რამ, როგორ დაიცავს ლევან იოსელიანი სააკაშვილს, რომლის პრეზიდენტობასაც უარყოფითად აფასებს?!
თავად სახალხო დამცველის კანდიდატი ლევან იოსელიანი იმედოვნებს, რომ კონსენსუსი მოხდება მის გარშემო და 90 ხმაზე მეტი შეიკვრება, ამასთან, უარყოფს იმ ბრალდებას, რომ იგი „რაღაც ლინკებით“ უკავშირდება „ქართულ ოცნებას“.
ჯერაც უცნობია, „ქართული ოცნება“ მხარს დაუჭერს თუ არა აღნიშნულ კანდიდატურას. სამაგიეროდ, იოსელიანის მიმართ უარყოფით დამოკიდებულებას არ მალავენ „ნაცმოძრაობის“ ცალკეული წევრები და მას „ქართული ოცნების“ მაშველ რგოლად მოიაზრებენ. „ნაცმოძრაობაში“ თვლიან, რომ არასამთავრობო სექტორის რეკომენდებული კანდიდატები „ქართულმა ოცნებამ“ იმიტომ დაბლოკა, რომ მათზე გავლენას ვერ მოახდენდა.
ცნობილია ისიც, რომ იოსელიანი პოლიტიკიდან წასვლას აპირებს, რაც არ მოსწონს იაგო ხვიჩიას. ის თვლის, რომ სახალხო დამცველის თანამდებობა პოლიტიკურია, ამდენად, უმჯობესია, ლევან იოსელიანი პოლიტიკოსად დარჩეს სახალხო დამცველის თანამდებობაზეც.
ფაქტია, რომ პარლამენტში ომბუდსმენის შერჩევის მრავალთვიანი პროცესის განმავლობაში 19 კანდიდატს მოუსმინეს და 19-ვე დაიწუნეს, მე-20 კანდიდატად კი პარლამენტის ვიცე- სპიკერი, ლევან იოსელიანი შეარჩიეს.
რამდენად შეიძლება სახალხო დამცველის კანდიდატის ავკარგიანობაზე მსჯელობა იმის მიხედვით, ემხრობა თუ არა ლევან იოსელიანი სააკაშვილს? იქნებ, ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, გამოადგება თუ არა სახალხო დამცველი ხალხს?
ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია მიიჩნევს, რომ სახალხო დამცველის კანდიდატურის შეფასება იმ კრიტერიუმით, მხარს უჭერს თუ არა იგი სააკაშვილს, აბსურდულია. ვახტანგ მაისაია ფიქრობს, რომ თავის დროზე უჩა ნანუშვილიც ებრძოდა სააკაშვილის ავტოკრატიულ რეჟიმს, მაგრამ დღეს ნანუაშვილს სხვა პოზიცია აქვს სააკაშვილთან მიმართებით, ასევეა ეკა ბესელიაც, გუბაზ სანიკიძეც, დრონი იცვლებიან და იცვლება ადამიანიც. ამიტომ სააკაშვილზე არ უნდა იყოს აგებული სახალხო დამცველის კანდიდატის შერჩევა, სააკაშვილი ხომ საქართველოს სახელმწიფოებრიობის ჭიპლარი არ არის. მთავარია, სააკაშვილის დანაშაულები არ გავიმეოროთ, რაც მან ჩაიდინა, ეს იყო დანაშაული და არა შეცდომა.
ვახტანგ მაისაიას აზრით, ლევან იოსელიანი იქნება ზომიერი, გაწონასწორებული სახალხო დამცველი, ყოველ შემთხვევაში, იმ შემადგენლობიდან, რომელიც დღეს სახალხო დამცველის კანდიდატურებს შორის არსებობს, ყველაზე ოპტიმალურია აღნიშნული კანდიდატურა.
„როგორი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს ლევან იოსელიანს სააკაშვილის მიმართ? ეს დამოკიდებულია იმაზე, რას მოიტანს მომავალი და როგორი იქნება სააკაშვილის შემდგომი მდგომარეობა. ყოველ შემთხვევაში, სააკაშვილზე არ უნდა იყოს აგებული მთელი სახელმწიფოებრივი მოწყობის სისტემა. თუკი მისი უფლებები ირღვევა, უნდა დაიცვან მისი უფლებები და არ უნდა დაემსგავსონ თავად სააკაშვილს, რომლის დროსაც ყველას უფლება ირღვეოდა. ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით ვერ ვხედავ სააკაშვილის უფლებები ირღვეოდეს. ფაქტობრივად, საპყრობილის ნაცვლად იგი სამკურნალო დაწესებულებაშია, ასეთ პირობებში სხვა პატიმრების უფლებები უფრო ირღვევა, ვიდრე სააკაშვილის“, - აღნიშნა ვახტანგ მაისაიამ ჩვენთან საუბრისას.
ანალიტიკოსი იგორ კვესელავა ფიქრობს, რომ ლევან იოსელიანი სახელმწიფოებრივად, დიპლომატიურად მოაზროვნე დაჯერებული ადამიანია, სამწუხაროა, რომ ის ოპოზიციაშია, მაგრამ ის არის ზომიერი, კონსტრუქციული ოპოზიცია.
„ამ კაცს შეიძლება ენდო, ის ვერ იტყვის თეთრზე შავიაო. უკვე ჩანს, რომ ოპოზიციის გარკვეული ნაწილი მიემხრობა ლევან იოსელიანს, ხელისუფლება კი მთლიანად მიემხრობა. ზოგადად, ასე ხდება, თანამდებობაზე რომ მოდიან, იცვლებიან ხოლმე და სხვანაირები ხდებიან. არა მგონია, ეს დაემართოს აღნიშნულ კანდიდატურას“, - აცხადებს იგორ კვესელავა for.ge- სთან საუბრისას.
მოვიცილოთ. სააკაშვილ-მარგველაშვილ-ზურაბიშვილი კარგი მაგალითია სკამის პირად და მტრების ინტერესებზე მორგების.
ლომჯარია ხომ პირდაპირ მავნებლობის სახელმძღვანელოა.