„სამხედრო გამოცდილებიდან გამომდინარე, ქართველებს არ აქვთ ბალტიისპირეთიდან არაფერი სასწავლი, ეს მოდელები არ გამოდგება“

„სამხედრო გამოცდილებიდან გამომდინარე, ქართველებს არ აქვთ ბალტიისპირეთიდან არაფერი სასწავლი, ეს მოდელები არ გამოდგება“

2025 წლიდან ძალაში უნდა შევიდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ახალი კანონი, რომელიც ითვალისწინებს, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლა მოუწევს ყველა წვევამდელს, მათ შორის სტუდენტებსაც, ვინც შემთხვევითი პრინციპით შეირჩევა. თავდაცვის მინისტრის მოადგილის გრიგოლ გიორგაძის თქმით, სამინისტრო სტუდენტებს, სხვა წვევამდელებთან შედარებით, უპირატეს მდგომარეობაში ჩააყენებს და სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოხდის დროს განსხვავებულ პირობებს შესთავაზებს.

ყველა სტუდენტი არ დაექვემდებარება გაწვევას და სტუდენტების შერჩევა მოხდება შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, ელექტრონული პროგრამის მეშვეობით. მინისტრის მოადგილემ იქვე განმარტა, რომ სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, აირჩიონ 6-თვიანი, 8-თვიანი, 11-თვიანი ან სწავლასთან ერთად 4-წლიანი პროგრამა.

თავდაცვის ახალი კოდექსის დამტკიცების შემთხვევაში, ასევე სასულიერო პირებს, მართლმადიდებელი ეკლესიიდან, კვლავ შეეძლებათ ისარგებლონ უფლებით, არ გაიარონ სავალდებულო სამხედრო სამსახური, ყველა სხვა რელიგიური ორგანიზაციის წევრებს ეს უფლება არ ექნებათ. ისინი ვალდებულნი იქნებიან, სამხედრო სამსახურზე უარის შემთხვევაში, ალტერნატიულ შრომას დათანხმდნენ.

კანონპროექტის შეცვლის მოტივი იმ საკანონმდებლო ხარვეზის აღმოფხვრა გახდა, რომელიც პარტია „გირჩმა“ გამოიყენა - კანონი რელიგიური ორგანიზაციების წევრებს სამხედრო სამსახურზე უარის თქმის შესაძლებლობას აძლევდა. 2017 წელს ოპოზიციური პარტიის მიერ დაფუძნებულმა რელიგიურმა ორგანიზაციამ ათასობით ახალგაზრდას მისცა საშუალება, არ მოეხადათ სავალდებულო სამხედრო სამსახური.

განახლებული კანონით, სავალდებულო სამხედრო სამსახურისთვის გაწვეული წვევამდელები მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურებში იმსახურებენ და არ მოუწევთ შინაგან საქმეთა სამინისტროში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა თუ პენიტენციურ დაწესებულებებში მუშაობა.

პარალელურად „გირჩი“ ალტერნატიული კანონპროექტის წარდგენას გეგმავს, რომელიც თავდაცვის სამინისტროს ახალი კოდექსიდან სავალდებულო ნაწილის ამოღებას ითვალისწინებს.

„ის ხალხი, ვინც წავა ჯარში, წავიდეს ნებაყოფლობით, ანაზღაურების ან სხვა ბენეფიტების სანაცვლოდ, მაგრამ ნებაყოფლობით. პროფესიულ ჯარში ხომ არ მიგვყავს ხალხი იძულებით, იქ კონტრაქტს აფორმებენ, იციან რისკების შესახებ, მაგრამ მაინც ირჩევენ ამ პროფესიას. ანალოგიურად გვინდა, რომ ანაზღაურებადი იყოს ესეც, გინდ 6-თვიანი მომზადება იყოს და გინდ 1-წლიანი“, - ამბობს „გირჩის“ წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი.

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსის ყოფილი მოადგილე და პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე for.ge-სთან ამბობს, რომ მართალია, საქართველოში დღევანდელი კანონი სავალდებულო სამსახურის შესახებ ყოვლად გამოუსადეგარია, მაგრამ ის კანონპროექტი, რომელიც თავდაცვის სამინისტროს მიერ იქნა წარდგენლი, ასევე არაფრის მომცემია. ბერიძე ამბობს, რომ საქართველოს წინაშე ძალიან დიდი გამოწვევებია, მით უმეტეს უკრაინის ომის ფონზე და კანონი, რა თქმა უნდა, შესაცვლელია, მაგრამ ეს უნდა გაკეთდეს ძალიან ზუსტი და ფრთხილი მიდგომით.

„ამ კუთხით ცვლილებებს მხარდაჭერას ვერ გამოვუცხადებ და ავხსნი რატომაც. პირველ რიგში, კითხვა მიჩნდება, რატომ 2025 წელს და არა ამ წელსვე, მით უმეტეს სამეზობლოში ამხელა ომია გაჩაღებული და კაცმა არ იცის დღეს და ხვალ ჩვენს თავს რა მოხდება. „გირჩს“ მხოლოდ ამ ერთ საკითხში ვეთანხმები და მეტში არაფერში. ჩვენი სავალდებულო სამსახურის შესახებ კანონი გამოუსადეგარია. იმისთვის, რომ ქვეყანა დავიცვათ, საჭიროა, რომ ჯარში წავიდნენ განათლებული, მოტივირებული ახალგაზრდები, რომელთაც სურვილი აქვთ, რომ ლიდერები გახდნენ. სამშობლოს დაცვის მაგალითი ყველას ჯერ მათ უნდა მისცენ. ქვეყნის დაცვა რჩეულთა პრივილეგია უნდა იყოს და არა იძულება. ჩვენი ახლანდელი კანონი, რომ საერთოდ შესაცვლელია, ამაში თავდაცვის სამინისტროს ვეთანხმები, მაგრამ არა იმ ფორმით რაზეც საუბრობენ.

ჩემთვის სიტყვა სავალდებულო სამსახური კატეგორიულად მიუღებელია. ეს არის საბჭოური და გაუგებარი დასახელება, რომელიც ახალგაზრდებში პატრიოტულ და მებრძოლ სულს ვერ აამაღლებს. მთელს მსოფლიოში ამას „ევრონული სამსახურს“ უწოდებენ. იგივე უნდა დაერქვას ჩვენთანაც და მთელი კამპანია უნდა დაიწყოს ჯარში მოღვაწეობის სულისკვეთების ამაღლებაზე“, - ამბობს ბერიძე.

პოლკოვნიკი აცხადებს, რომ ბევრ ქვეყანას ძალიან კარგი კანონი აქვს, რომელიც შეგვიძლია გავიზიაროთ, ჩვენს ქვეყანას და მენტალიტეტს მოვარგოთ. მაგალითისთვის ბერიძე ფინეთის, სამხრეთ კორეის, სინგაპურის, ისრაელის კანონის მოდელებს ასახელებს.

„ჯარში, პირველი, მინისტრების, პოლიტიკოსების, საზოგადოებისთვის ავტორიტეტული ხალხის შვილები უნდა მიდიოდნენ. არაბეთში მრჩევლად ვმუშაობდი და იქ სადაც მონარქიული მმართველობაა, ჯარში პირველ რიგში შეიხის შვილები და მისი ნათესავები მიდიოდნენ. ეს კანონი ახალგაზრდებს უნდა გაეცნოთ და მათთან სწორი კომუნიკაცია გვქონდეს. სამწუხაროდ, არც ერთი გენერალი, პოლკოვნიკი და სხვა სამხედრო დარგის სპეციალისტი ამ კანონის დაწერის დროს არავის მიუწვევია. თავად მათივე გენშტაბის ყოფილი უფროსებიც კი არავის დაუბარებია და აზრი არ უკითხავთ. ამიტომ, ისევ კანონი კანონისთვის თუ იწერება, ეს სხვაა. თუ რეალურად რაღაცის შეცვლა გვინდა, მაშინ ყველა ერთად უნდა დავსხდეთ და ვისაუბროთ ახალგაზრდები როგორ დავაინტერესოთ“, - ამბობს ბერიძე.

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის ყოფილი უფროსი და გენერალ-მაიორი ვახტაგნ კაპანაძეც მიიჩნევს, რომ არსებული კანონი სრულიად შესაცვლელია, მაგრამ არა იმ ფორმით, როგორსაც ახლა თავდაცვის სამინისტრო გვთავაზობს. გენერალი for.ge-სთან ამბობს, რომ მაღალ პროფესიულ დონეზე ამ თემის გარშემო ღია დისკუსია უნდა დაიწყოს. მოხდეს აზრთა გაცვლა- გამოცვლა და კონკრეტულ გადაწყვეტილებამდე ყველა ერთად უნდა მივიდეთ.

 „ყველაფრის თავი და ამოსავალი წერტილი ისაა, რეალურად საქართველოს როგორი ჯარი სჭირდება. როგორი ტიპის საომარი მოქმედებებისთვის და რა არის ჩვენი ქვეყნის ამბიცია. რისთვის გვინდა ჯარი? საქართველოს ამ ეტაპისთვის, კარგად მომზადებული, პროფესიული, მაღალ დონეზე შეიარაღებული და უაღრესად განვითარებული სამობილიზაციო ჯარი სჭირდება, ასევე, დიდი რეზერვით მომზადებული. განსაკუთრებული ყურადღება სწორედ რეზერვზე უნდა იყოს გადატანილი. ეს უნდა იყოს სრულად ნებაყოფილობითი შეიარაღებული ძალები, კარგად მომზადებული რეზერვით. ამის მიზეზი კი ისაა, რომ ჩვენი ქვეყანა რუსეთის მიერ არის ოკუპირებული და არავინ იცის საომარ მოქმედებებში, როდის და რა დროს მოგვიწევს ჩართვა. ამიტომ, რეგულარული ჯარი, სადაც ახალგაზრდებს ძალით წავიყვანთ, არ გადავამზადებთ სათანადოდ და არ ეცოდინებათ ელემენტარული იარაღის გამოყენება, გინდ გვყოლია და გინდ არა.

 ვის ჩავაბარებთ ჩვენს ჯანმრთელობას პირველ კურსელ ექიმს, რომელსაც სამედიცინოზე ძალით ჩააბარებინეს, თუ გამოცდილ ექიმს? სავალდებულო სამსახურს აქვს თავისი პლუსები, მაგრამ აქ ხომ საქართველოს რეალობიდან გამომდინარე ვსაუბრობთ. ჩვენ მუდმივად რუსებთან შეიარაღებული დაპირისპირების რისკის ქვეშ ვიმყოფებით. ამიტომ უნდა გყვავდეს პროფესიონალი და კარგად მომზადებული ჯარი. ჩვენ სავალდებულო გაწვევა ბოლომდე არ უნდა გავაუქმოთ. უბრალოდ, არ გავიწვიოთ, ხოლო მაქსიმალურად მოკლე დროში, თუკი დიდი ომისთვის საჭირო გახდა, ამ ხალხის გამოძახება სწრაფად შეგვეძლოს“, - ამბობს გენერალი.

მისივე თქმით, სჯობს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ მაგალითები ისრაელის, ჩეხეთის, პოლონეთის კანონიდან აიღოს. მათ შორის რაღაცა შუალედი მოიძებნოს, რაც უფორ მისაღები იქნებოდა.

„თუკი მე დამარწმუნებენ იმაში, რომ მათი აზრი უფრო ქმედითია, არგუმენტებით დამისაბუთებენ რატომ სჯობია ასე, მე მზად ვარ მათ მხარეს გადავიდე. მე მაქვს იმ დონის გამოცდილება, ცოდნა, რომ ამაზე პრეტენზია მქონდეს. ლიეტუვას, ესტონეთის და ფინეთის კანონის ანალოგი კანონი ჩვენთვის ვერ გამოდგება. საქართველოს ჯარს და ქართველებს იმაზე მეტი საბრძოლო გამოცდილება აქვთ, ვიდრე სამივე ქვეყანას ერთად. ეს არ არის სწორად მოყვანილი მაგალითები. ესტონეთმა თავისი 6 000-იანი შეიარაღებული ჯარით რა მაგალითი უნდა მოგვცეს, როცა საქართველოს შეიარაღებული ძალები, კოსოვოში, ერაყში, ავღანეთში, ძალიან წარმატებით მოღვაწეობდნენ. ამის გარდა ქართველები 2008 წლის ომში იბრძოდნენ და მანამდე აფხაზეთში სრულიად უთანასწორო ომში აქვთ მონაწილეობა მიღებული. ამ შუალედში კი კოდორის ხეობაში და ამ კონფლიქტის ზონებში მუდმივი დაძაბული პერიოდი იყო. ასე რომ, გამოცდილების და ჯარის ეფქტიანობის თვალსაზრისით, რაში უნდა გვქონდეს სასწავლი? შესაძლოა ყაზარმის მოწყობაში ვისწავლოთ რაღაცა, ან იარაღის შესაძენად რა თანხები გვჭირდება და ა.შ. სამხედრო გამოცდილებიდან გამომდინარე, ქართველებს არ აქვთ ბალტიისპირეთიდან არაფერი სასწავლი. ამ ქვეყნებს პატივს ვცემ, მაგრამ ეს მოდელები არ გამოდგება“, - ამბობს გენერალი.

ლაზი სამხედრო სფეროში ექსპერტობისაგან ნამდვილად შორს ვარ, მაგრამ ეს სტუდენტების შერჩევითი გაწვევა და სტუდენტობის პარალელური სამხედრო სამსახური, რაღაც გაუგებრობაა. ჯერ სტუდენტების დასაქმების ადგილობრივმა თუ გერმანიაში სამუშაოდ სიარულის ხელშეწყობამ დაანგრია სასწავლო პროცესი, ახლა პარალელურად ჯარში სიარული დაუმატეთ და სტუდენტი ყველაფერი იქნება სტუდენტის გარდა. სტუდენტის ერთად ერთი ადგილი და საქმე უნივერსიტეტშია. სტუდენტის ყველა სხვა საქმიანობა ანადგურებს უმაღლესი განათლების სისტემას.
1 წლის უკან
merab შემთხვევითი და ელექტრონული შერჩევა ნიშნავს, ფულის კეთების უძირო ქვევრს. ბლატებით და ფულით მოხდება არ გაწვევა. ვისაც არც ბლატებით აქვს და არც ფული, წინ, სამშობლოს დასაცავად!
პირდაპირ დააწერონ კანონს: კანონი გაჭირვებული ოჯახებისთვის!
1 წლის უკან
არაგველი641 ორივე კომენტატორს ვეთანხმები. დროა ჩვენს ახალგაზრდებს ვასწავლოთ სამშობლო და მისი სიყვარული და არა მოვალეობიდან თავის დაძვრენების გზები!
1 წლის უკან
DDD სამშობლო, სიყვარული, მამული!
როგორი პათეტურია!
რომელი სამშობლო?
ჩემი?
კეთილი, მაგრამ ჩემი რა არის ამ სამშობლოში?
საერთოდ არაფერი.
საერთოდ.
ყველაფერი რამდენიმე მოქალაქისაა.
ყველაფერი მათთვისაა.
მე რა უნდა დავიცვა?
მათი ქონება?
მათი შემოსავლები?
მათი უფლება, რომ მე უფრო კარგად მყვლიფონ?
სამშობლო ყველასთვის ერთია მაშინ, როდესაც ყველა ერთად იღებს მისი დაცვის ვალდებულებას.
პაპაჩემისთვის და სტალინის შვილებისთვის ერთი სამშობლო იყო.
ამიტომ წავიდა პაპაჩემი ომში მოხალისედ.
სად არიან კლიჩკოს შვილები?
ისინი ხომ 20 და23წლისანი არიან?
თუ სანგრებში სხვები უნდა ლპებოდნენ?
სად არიან ჩვენი ელიტის შვილები?
თუ მათთვის ეს ქვეყანა სამშობლო არ არის?
ამიტომ ჯარი უნდა იყოს პროფესიული და ნებაყოფლობითი, ან ყველასთვის ერთნაირად სავლადებულო.
სხვანაირასპდ ეს არის მხოლოდ მონობის დაკანონებული ფორმა.
1 წლის უკან