ფრაქციას, პოლიტიკურ ჯგუფს, პარლამენტის შვიდ წევრს შეუძლია დაასახელოს სახალხო დამცველის კანდიდატი. ამის შემდეგ კანდიდატის დასახელების საკითხს განიხილავს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი და უკვე შემდეგ, პლენარულ სხდომაზე კანდიდატს სჭირდება 90 ხმა. ეს არის პროცედურა, რომელიც სახალხო დამცველის არჩევის წესთან დაკავშირებით მოქმედებს. პარტია „მოქალაქეებმა“ სახალხო დამცველის კანდიდატად, ვიცე-სპიკერის ლევან იოსელიანის კანდიდატურა დაასახელა.
ბიუროს გადაწყვეტილებით, იოსელიანის კანდიდატურა განსახილველად ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს გადაეცა. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ საკითხიც მალე იქნას განხილული, ვინაიდან ეს არის თემა, რომელიც მნიშვნელოვანია და საზოგადოების ინტერესის ქვეშაა. შალვა პაპუაშვილის განმარტებით, თუ კანდიდატის დასახელების სურვილი სხვა პოლიტიკურ ჯგუფებსაც აქვთ, შეუძლიათ დაასახელონ, ვიდრე საკითხს კომიტეტი განიხილავს და პარლამენტს გადაწყვეტილების მისაღებად გადასცემს.
„1 იანვრიდან იყო შესაძლებლობა დაესახელებინათ კანდიდატი და ვნახეთ, რომ არავინ იყენებდა ამას. ერთმა ჯგუფმა გამოიყენა. 2 თვე გავიდა, ვადა და თვე დათქმული არ იყო, მაგრამ ყველას ჰქონდა შესაძლებლობა. ასე რაიმე ვადას ვერ დავაწესებთ“, - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.
ომბუდსმენობის კანდიდატი ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ სააკაშვილს პოლიტპატიმრად არ მიიჩნევს, მაგრამ თვლის, რომ სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს უზრუნველყოს მისი ჯანმრთელობის დაცვა და მისთვის ყველა ტიპის სამედიცინო მომსახურების მიწოდება, იქნება ეს ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ. იოსელიანი ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ სახალხო დამცველის არც ერთ ანგარიშში სააკაშვილი პოლიტიკურ პატიმრად შეფასებული არ არის.
თუმცა, იოსელიანი ასე არ ფიქრობს „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმეზე. მისი თქმით, ნიკა გვარამიას პატიმრობა არის პოლიტიკური მოტივებით ნაკარნახევი. შეგახსენებთ, რომ გვარამიამ ღია წერილით მიმართა იოსელიანს და კითხვა დაუსვა - არის თუ არა პოლიტპატიმარი.
„ნიკა გვარამია, გამარჯობა, ნამდვილად სწორია, პატიმრობაში მყოფმა ადამიანმა საჯაროდ დაუსვას შეკითხვები სახალხო დამცველობის კანდიდატს. მეც მზად ვარ, საჯაროდ დასმულ ყველა შეკითხვას, პასუხი, ასევე, საჯაროდ გავცე. მიმაჩნია, რომ ჩემი განცხადებები შენს საქმესთან დაკავშირებით არასდროს ტოვებდა ორაზროვან შთაბეჭდილებას, მაგრამ ვხვდები, საშუალება არ გქონდა ყველაფრისთვის მიგედევნებინა თვალი. შენი დაპატიმრების პირველი დღიდან მეც ისე, როგორც ალეკო ელისაშვილს, არაერთხელ გაგვიცია მკაფიო პასუხი შენს შეკითხვაზე და კიდევ ერთხელ, როგორც მოქმედი პოლიტიკოსი და სახალხო დამცველობის კანდიდატი ვაფიქსირებ, რომ შენი პატიმრობა არის პოლიტიკური მოტივებით ნაკარნახევი, არანაირი წინაპირობა წარდგენილი ბრალის ფარგლებში, გამოყენებული ყოფილიყო პატიმრობა, როგორც სასჯელის ზომა, არ არსებობდა.
რაც შეეხება ტექსტის იმ ნაწილს, უნდა გქონდეს თუ არა ჩემი იმედი სახალხო დამცველად არჩევის შემთხვევაში, მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ჩემი იმედი უნდა გქონდეს, არა მარტო შენ, არამედ ყველა პატიმარს, რომელიც დღეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება. მე ვიქნები ჩემთვის მონიჭებული მანდატის ფარგლებში, მათი უფლებების დაცვაზე ეფექტური ზედამხედველი. დაბოლოს მინდა გისურვო, მხნეობა და მალე განთავისუფლება პატიმრობისგან, რომელსაც ვთვლი, რომ ღირსეულად იტან“, - მიმართა ლევან იოსელიანმა.
უკვე ცნობილია, რომ იოსელიანს მხარს არ დაუჭერს ოპოზიცია. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, იოსელიანთან, როგორც ადამიანთან, კოლეგასთან, მეგობართან კითხვები არ აქვს და მნიშვნელოვანი იქნება მკაფიო პასუხები რუსულ კანონპროექტებზე, სააკაშვილის ტრანსფერზე, გვარამიას საკითხსა და უმცირესობებზე. მისი თქმით, მკაფიო პასუხები მნიშვნელოვანია განსაკუთრებით იმ მძიმე პოლიტიკურ ფონზე, რომელიც ქვეყანაში არსებობს.
„როგორც კოლეგის, როგორც ადამიანის და როგორც მეგობრის, მათ შორის, მთელი ამ წლების განმავლობაში, მე ნამდვილად კითხვის ნიშნები არ მაქვს ამ კუთხით. რაც შეეხება პოლიტიკურ პასუხისმგებლობას სახალხო დამცველის პოსტზე, ჩემთვის პირადად და ძალიან ბევრი ადამიანისთვის, დარწმუნებული ვარ, ასევე ფრაქციაში, ძალიან მნიშვნელოვანია კითხვებზე კონკრეტული პასუხების გაცემა.
ფრაქციის გარკვეული წევრების პოზიცია ვიცით და იმედი მაქვს, ფრაქციას ამაზე ერთიანი პოზიცია ექნება. ვფიქრობ, მკვეთრი და მკაფიო პოზიციები უნდა იყოს ამ საკითხებთან დაკავშირებით, მე ადამიანურად და კოლეგიალურად ლევანთან არანაირი შეკითხვები არ მაქვს. მოცემულობა არის მძიმე, მძიმეა ის პოლიტიკური ფონი, რომელიც ქვეყანაშია და ვფიქრობ, მკაფიო პასუხები ჩვენთვის მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
ომბუდსმენობის კანდიდატს მხარს არ დაუჭერს „სტრატეგია აღმაშენებელი“. გიორგი ვაშაძე თვლის, რომ მან კანდიდატურა უნდა მოხსნას, რადან მისი თქმით, იოსელიანის კანდიდატურის წარდგენა, მიზნად ე.წ. აგენტების კანონპროექტების საკითხის გადაფარვას ისახავს.
„როცა პარლამენტში რუსული კანონი იხილება, თუ შენ ოპოზიცია გქვია, არ შეიძლება შენი კანდიდატურა დააყენო ომბუდსმენის პოსტზე. მით უმეტეს, რომ უფლებადაცვითი საქმიანობა თითქმის არ განგიხორციელებია, ყოველ შემთხვევაში, ის საქმიანობა, რომელსაც სახალხო დამცველის კანდიდატურა მოითხოვს. ერთი მხრივ, რუსული კანონი იხილება და მეორე მხრივ, შენს კანდიდატურას აყენებ იმისთვის, რომ რუსული კანონის საკითხი როგორმე „ქართულ ოცნებას“ გადააფარინო, ვფიქრობ, რომ არის ძალიან ცუდი ქმედება. მე იმედი მაქვს, რომ ეს ადამიანი ამას გაიაზრებს“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ლევან იოსელიანის კანდიდატურას მხარს უჭერს ოპოზიციის წევრი ხათუნა სამნიძე, რომლის განცხადებით, ომბუდსმენი პოლიტიკური ფიგურა არ უნდა იყოს, მაგრამ აქვე დასძენს, რომ კონსენსუსისთვის საჭიროა კომპრომისი.
„იმის გათვალისწინებით, რომ ომბუდსმენის არჩევის პირველი რაუნდი ჩაიშალა, რაზეც პასუხისმგებლობა სრულად მმართველ გუნდს აკისრია, ამის შემდეგ ახალ კანდიდატზე ახალი მოლაპარაკებები უნდა დაწყებულიყო. წინა პროცესზე მე კოლეგებთან ერთად კატეგორიულად ვითხოვდი, რომ სამოქალაქო საზოგადოების მიერ შეთავაზებული კანდიდატები განხილულიყო.
ეს პროცესი ჩაიშალა. საჭიროა ახალი მოლაპარაკებების დაწყება. ახალ მოლაპარაკებებამდე ლევან იოსელიანმა საკუთარი თავი წარადგინა. ჩვენ ბევრჯერ გვითქვამს, რომ ომბუდსმენი პოლიტიკური ფიგურა არ უნდა იყოს, მაგრამ ვფიქრობ, რომ კონსენსუსისთვის საჭიროა კომპრომისი. ჩემი მხრიდან ეს კომპრომისია - იმის მიუხედავად, რომ ლევან იოსელიანი პოლიტიკური ფიგურაა, ის პარტიას დატოვებს“, - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.
ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ იოსელიანის არჩევა სახალხო დამცველის პოსტზე ნიშნავს, რომ უნდა გააუქმონ ომბუდსმენის თანამდებობა. ასე არ ფიქრობენ ანალიტიკოსები, თუმცა მიაჩნიათ, რომ იოსელიანის კანდიდატურა ჩავარდება. კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ძაბირაძის განცხადებით, ქვეყანაში არის საკამოდ მძიმე გარემო, შესაბამისად ვინც არ უნდა იყოს ომბუდსმენი, ძალიან ცუდ დღეში იქნება.
„ძალიან გაუჭირდება იყოს ხელისუფლებასთან მიკერძოებული. ვითარება ისეთია, რომ ადამიანის უფლებების შელახვა ხდება ყოველ ფეხის ნაბიჯზე. გავიხსენოთ ყველა ომბუდსმენი სოზარ სუბარიდან მოყოლებული, ყველას თუ თავიდან ხელისუფლებასთან ფლირტი ჰქონდა, საბოლოოდ ყალიბდებოდნენ ოპოზიციად. ამ შემთხვევაშიც ასე იქნება. იოსელინი ვერ იქნება გამონაკლისი. პრობლემა იცით რაშია? ობიექტური ომბუდსმენი არ უნდა არც ერთ მხარეს. სამწუხაროდ, ზოგადად, ჩვენი საზოგადოებაც ასეთია. ჩვენ ვეძებთ იმას, ვინ იქნება ჩვენს მხარეს. შესაბამისად, ასეთი კანდიდატის პოვნა, რომ ორივეს ხელს აძლევდეს, ძნელი საპოვნელია“, - აცხადებს ძაბირაძე.
ამასთან ვახტანგ ძაბირაძე ფიქრობს, რომ ამ შემთხვევაში ხელისუფლება ძალიან არ აჩქარდება, რადგან მისი თქმით, ხელისუფლების პოლიტიკა ჯერ-ჯერობით არის ის, რომ ყველა პროცესი, რომელიც კი ეხება ევროინტეგრაციის თემას, თუ სასამართლო რეფორმას, ცდილობს მაქსიმალურად დროში გაწელოს.
„ომბუდსმენის თემაც ასეთია. კი, ხელისუფლება მხარს უჭერს, მაგრამ აღმოჩნდება „ხალხის ძალა“, რომელიც არ დაუჭერს მხარს, არადა 90 ხმა უნდა. როცა ამბობ, რომ სააკაშვილი არაა პოლიტპატიმარი, ცხადია, „ნაცმოძრაობის“ ხმების იმედი არ უნდა გქონდეს. მაგრამ ის, რომ გვარამიასთვის იბრძოლებ, ეს საკმარისი არაა, აუცილებელია სააკაშვილის პოლიტპატიმარად დასახელება. შესაბამისად, იოსელიანს შანსი ნაკლები აქვს, მით უმეტეს, რომ ხელისუფლება შეეცდება ეს პროცესი მინიმუმ წლის ბოლომდე გაწელოს. ამიტომ, ძალიან მეეჭვება, რომ რაიმე გადაწყვეტილება იყოს მიღებული. სახალხო დამცველის როლი მნიშვენლოვანია დემოკრატიულ ქვეყანაში, მაგრამ ჩვენ ხომ დემოკრატიული ქვეყანა არ ვართ. უკეთეს შემთხვევაში ჰიბრიდული დემოკრატია გვაქვს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძემ.
პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის შეფასებით, გვარამიას ნაწილში გაკეთებული განცხადება ცხადყოფს, რომ ომბუდსმენობის კანდიდატი გასულია მმართველი გუნდის ჩარჩოებიდან, რადგან მმართველი გუნდის ვერსიიდან ძალიან განსხვავდება იოსელიანის შეფასება, რომელმაც, ფაქტობრივად, პოლიტპატიმრობის კვალიფიკაცია მიანიჭა გვარამიას საქმეს.
„მმართველი გუნდი დაბეჯითებით იძახის ყველა დონეზე, რომ ჩვენთან პოლიტპატიმრები არ არისო. ასე რომ, იოსელიანი უკვე გასულია მმართველი გუნდის საზღვრებიდან. ალბათ, ერთ-ერთი მოტივი იმისა, რომ იოსელიანმა ახლა გააკეთა ეს განცხადება, არის ის, რომ ხმების ოპოზიციური ნაწილი მიემხროს. ის მიკვირს, იოსელიანს და მის პარტიულ ხელმძღვანელს რატომ მოუნდათ ომბუდსმენობა. იოსელიანი საკმაოდ კარგი, პროდუქტიული და ძალიან გაწონასწორებული იყო პარლამენტში.
შეიძლება ეს იოსელიანმა ვეღარ მოახერხოს სახალხო დამცველის სკამიდან და ვხედავთ, რომ უკვე ვეღარ ახერხებს, რადგან გვარამიას პოლიტპატმრად აღიარება ცოტა ნაადრევია. ალბათ, ჯერ, ის, როგორც ომბუდსმენი საქმეს არ გაცნობია და როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი უყურებს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თვალით დანახული გვარამია სულ სხვა არის და ომბუდსმენის, ანუ იურიდიული ნიუანსებში ჩახედული ადამიანის მხრიდან, ალბათ, სხვა იქნება. მაგრამ ფაქტია, რომ მან ეს ნაბიჯი უკვე გადადგა და დიდი შანსია, რომ სამომავლოდ იოსელიანი მოექცევა დაპირისპირებებში. ამიტომ, არ გამოვრიცხავ, რომ არა მარტო ოპოზიციამ, არამედ არც „ქართულმა ოცნებამ“ არ დაუჭიროს მხარი“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.
.......ვთვლიდი და ვთვლი რომ პატიოსანია.........
......მაგას ავტორიტეტი სწორედ იმ პერიოდში აქვს მოპოვებული, .მაგრამ ....... მაგისი პოლიტიკოსობისა რა მოგახსენო.