პარლამენტის ორმა კომიტეტმა ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებს მხარი დაუჭირა. მანამდე კი, ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების განხილვა პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა. ხმაური და დაპირისპირება იყო ასევე პარლამენტის დერეფანშიც. საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების განხილვა ხმაურის ფონზე დაიწყო. ოპოზიციონერი დეპუტატები „ხალხის ძალის“ წევრს, გურამ მაჭარაშვილს, რომელიც კანონპროექტის მომხსენებელი იყო, სხვადასხვა შეძახილით აწყვეტინებენ სიტყვით გამოსვლას. დარბაზში სხდომის დაწყებამდე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა.
დეპუტატებს შორის როგორც სიტყვიერი, ისე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგაც მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა ოპოზიციონერი დეპუტატები: დავით კირკიტაძე, დავით ხაჯიშვილი, ნიკოლოზ მაჭუტაძე, ლევან ხაბეიშვილი, გიორგი ბოტკოველი, გიორგი ვაშაძე და პაატა მანჯგალაძე პარლამენტიდან გაიყვანეს. ფიზიკური დაპირისპირების შედეგად ჟიული შარტავს სახელობის სხდომათა დარბაზში კანონის მოწინააღმდეგეებმა - „არა, რუსულ კანონს“ შეძახილების ფონზე ააყირავეს სკამები და მაგიდები. სხდომათა დარბაზის პარალელურად პარლამენტის ფოიეში პროტესტს გამოხატავდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები.
პარლამენტის პარალელურად, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, სამოქალაქო სექტორი და მხარდამჭერები პარლამენტთან შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეები სკანდირებენ: „ძირს რუსული მთავრობა!“ აქციის ერთ-ერთი მონაწილის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, აქციები და პროტესტი იქნება უწყვეტი. ადგილზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა, პოლიციამ დაუმორჩილებლობისთვის აქციის რამდენიმე წევრი დააკავა. ხმაური ადგილზე მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეთა ნაწილი პარლამენტის შესასვლელისკენ გაემართა, სადაც მათი თქმით, უმრავლესობის დეპუტატებისთვის „სირცხვილის კორიდორის“ მოწყობა იგეგმებოდა.
პოლიციამ აქციის 8 მონაწილე დააკავა, მათ შორის არიან: ვანო მაღალაშვილი, ნიკა ნარსია და ჟურნალისტი, ზურაბ ვარდიაშვილი. აქციის მონაწილეები მაშინ დააკავეს, როდესაც პოლიციის მისამართით კვერცხები ისროლეს. საპატრულო პოლიციის უფროსის, ვაჟა სირაძის განმარტებით, აქცია გადაიზარდა პარლამენტის შესასვლელის ბლოკირებაში და პოლიციამ არაერთხელ მოუწოდა მათ წესრიგისკენ, რის შემდეგაც შესაბამისად იმოქმედა.
„თითოეული აქციის მონაწილეს მოვუწოდებთ თავიანთი პროტესტი გამოხატონ მშვიდ ვითარებაში და პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს დაემორჩილონ. პროტესტი კანონით დადგენილ ჩარჩოებში უნდა გამოვხატოთ, ამის შესახებ კანონი შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ არსებობს“, - განაცხადა ვაჟა სირაძემ.
„უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტს ემიჯნება პრეზიდენტი. სალომე ზურაბიშვილი ითხოვს, რომ ანტიკონსტიტუციურად გამოცხადდეს და აიკრძალოს ყველა იმ პარტიის საქმიანობა, რომელიც ეწინააღმდეგება კონსტიტუციის პრინციპებს, ქვეყნისა და მოსახლეობის არჩეულ გზას.
„საგანგაშოა პარლამენტის წევრის მიერ კონსტიტუციის საწინააღმდეგო განცხადებების გაკეთება. ქვეყნის უზენაესი კანონი კონსტიტუციურ ორგანოებს ავალდებულებს ყველა ზომის მიღებას ევროპის კავშირში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად. ევროკავშირში და ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციაში სრული ინტეგრაცია საქართველოს კონსტიტუციით გაცხადებული მიზანია“, - ნათქვამია სალომე ზურაბიშვილის განცხადებაში.
რაც შეეხება კანონს, რომელიც „ხალხის ძალის“ წევრმა გურამ მაჭარაშვილმა წარმოადგინა და რომელსაც ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი აპროტესტებს, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, ამერიკულია და სიტყვა-სიტყვით არის ნათარგმნი. შესაბამისად, მისი თქმით, კოლეგები თავს დაესხნენ ამერიკულ კანონს და თქვეს, რომ ამერიკული კანონით თურმე არ შეიძლება ნატოში შესვლა.
„ძალიან მძიმე შესაჯამებელია, რაც პარლამენტში მოხდა, როდესაც ადამიანები ევროკავშირის სახელით და ევროკავშირში გაწევრიანების დიადი მიზნის გამოყენებით ისე იქცევიან, რომ არა თუ ევროკავშირში მიგვიღებენ ასეთი ქცევით, როდესაც ასეთი პარლამენტის წევრები გყავს, საერთოდ დედამიწიდან თუ არ გაგვასახლებენ მადლობა უნდა ვუთხრათ, ასე ვთქვათ, ჩვენს თანადედამიწელებს.
ოპოზიციის ქმედება სამარცხვინოა და კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ამ ქვეყანას აქვს კანონები და ამ ქვეყანას ჰყავს არჩეული პარლამენტი და ვერავინ, მით უმეტეს, მათნაირი უვიცები და უინტელექტო ადამიანები, ვერავინ ვერასდროს შეძლებს, რომ კომიტეტის სხდომა ჩაშალოს, ან რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედება განახორციელოს პარლამენტში. ეს არის გამორიცხული“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
„ხალხის ძალის“ წევრის, სოზარ სუბარის განცხადებით, 2016 წელს ევროკავშირის დაფინანსებით საქართველოში ჩატარდა კვლევა, რომლის ერთ-ერთი ავტორია ლაშა ტუღუში, კვლევას ჰქვია „უცხო ქვეყნების სახელმწიფო ფინანსების გამჭვირვალობა საქართველოში“, ერთ-ერთი პუნქტია, რომ უნდა შეიქმნას ერთიანი რეესტრი, სადაც წარმოდგენილი იქნება საქართველოში რეგისტრირებული არასამეწარმეო იურიდიული პირები. ამას ითხოვდა ქართული არასამთავრობო სექტორი ევროკავშირის დაფინანსებით 2016 წელს და საინტერესოა, რა შეიცვალა დღეს. ჩვენი კანონპროექტი სიტყვასიტყვით ასახავს ამას, უბრალოდ, გაცილებით ნაკლებ მოთხოვნებს აყენებს, განსხვავებით ამერიკული კანონისგან, რომელიც ასევე გვაქვს თარგმნილი და რომელიც გაცილებით მკაცრია“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
ოპოზიცია მასობრივ საპროტესტო აქციებს აანონსებს. „ლელოს“ დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ დაიწყება აქტიური კამპანია და აქციის ზუსტი თარიღი გამოცხადდება მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდება, როდის გეგმავს „ქართული ოცნება“ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების პირველი მოსმენით მიღებას.
„ეს კანონი გამოიწვევს საზოგადოებაში განხეთქილებას და დაპირისპირებას, რაც ასევე რუსეთის გეგმაა. ამიტომ „ლელო“ გამოდის ინიციატივით, გავერთიანდეთ ყველა, ვისაც მიაჩნია, რომ მისმა შვილმა თავისუფალ ქვეყანაში უნდა იცხოვროს და პლენარული სხდომის დღეს, როცა რუსული კანონის დამტკიცებას გეგმავს „ქართული ოცნება“, შევიკრიბოთ პარლამენტის წინ რაც შეიძლება მეტი ადამიანი და ხმამაღლა ვუთხრათ მსოფლიოს, რომ ჩვენი არჩევანი არის ევროპა, თავისუფლება და არ ვაპირებთ, ეს ქვეყანა რუსულ საოკუპაციო რეჟიმს დავუთმოთ.
ეს კანონი შეუძლებელს გახდის დაცულ, ევროპულ მომავალს, ყველას ვისაც თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრება უნდა, მოუწევს წასვლა ემიგრაციაში, არ გაწიროთ საკუთარი შვილები ემიგრაციისთვის, არ გაწიროთ საკუთარი თავი, რომ დაბრუნდეთ იქ, საიდანაც ჩვენ გამოვედით 30 წლის წინ, როცა საბჭოთა კავშირი დაინგრა“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ოპოზიციას აქვს სამოქმედო გეგმა. როგორც გიორგი ვაშაძე ამბობს, ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონს „ქართული ოცნება“ ვერ მიიღებს.
„მთავარია, ჩვენ ვერ გადაგვახვევინებენ ევროპული ინტეგრაციის გზაზე. დღეს, მათი ლუსტრაცია მოხდა. პოლიციის ზურგს უკან იმალებიან რუსეთის მიერ მართული „ჩმორები“. „ჩმორები“ ვერასდროს მიიტაცებენ ხელისუფლებას. „ჩმორებისგან“ გავათავისუფლებთ ამ ქვეყანას. მახსოვს, საქართველოდან რუსეთში როგორ გაიქცა ლევან მამალაძე, ასლან აბაშიძე, ასე გაიქცევიან, ოღონდ იმ რუსეთში პუტინი არ დახვდებათ, სად დაიმალებიან, მე არ ვიცი.
საქართველოს ჩვენ გავათავისუფლებთ რუსული უმცირესობისგან, რომელიც დღეს ქვეყანას მართავს. კომიტეტის მოსმენა კიდევ არის ჩანიშნული, მძიმე დღე ექნებათ. დღეს, რასაც აკეთებ არალეგიტიმურია, იმიტომ რომ იქ დეპუტატები არ არიან. სუს-ის და სპეცსამსახურების ზურგს უკან ამოფარებული მხდალები და ლაჩრები არიან“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ის, რასაც დღეს ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი აპროტესტებს, 2016 წელს თავად არასამთავრობო ორგანიზაციები, ევროკავშირის დაფინანსებული კვლევის საფუძველზე, ითხოვდნენ იგივეს, რასაც კანონი ითხოვს. ამერიკული კანონის პროექტი ეფუძნება 2016 წლის დოკუმენტის დასკვნებს, რომლის ავტორებიც არიან ლაშა ტუღუში, გოგიტა ღვედაშვილი, ალეკო ცქიტიშვილი, ანა გურიელი, რომლებიც დღეს იგივე კანონპროექტს, რომელიც „ხალხის ძალის“ მიერაა ინიცირებული, უპირისპირდებიან და ანტისახელმწიფოებრივს უწოდებენ და ამტკიცებენ, რომ ეს არის სწორედ რუსული კანონის ანალოგი.
სუვერენიტეტის "აღდგენიდან" განვლილ 32 წელიწადში საქართველოს მოსახლეობა 2 მილიონი ადამიანით შემცირდა 3,5 მილიონი დავრჩით. რეალურად აღარც ამდენნი ვართ, რადგან ერის მომავალი ახალგაზრდობა მიილტვის მაძღარი ცხოვრებისაკენ და ბედ-იღბალის ძებნაში სტოვებს სამშობლოს. უფროსი თაობა, დიასახლისები უცხო ქვეყნებში ღამის ქოთნის გამტანებად არიან დასაქმებული.
დროზე შემოვკრათ განგაშის ზარები, საერთო სახალხო მოძრაობა გვჭირდება ალტ-ინფოს ბაზაზე, ამისათვის უპირველესად უნდა გაუქმდეს პოლიტიკური პარტიები, საერთოდ, როგორც ასეთი. ხმამაღლა უარი უნდა ითქვას საქართველოში დასავულრი ლიბერალ-ლგბტ დემოკრატიის დანერგვის პროცესზე! კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუნდაც სიცოცხლის ფასად დაგვიჯდეს თავიდან უნდა მოვიშორეოთ გარყვნილი მტარვალი აშშ და ევროკავშირი!
მთავარია, ოცნება რატომ არ იყენებს იმპიჩმენტს?! ცარიელი ლაპარაკი ეროვნულებაზე!
ბმული