„არიან ორგანიზაციები , რომელთაც საქართველოს ინტერესები რეალურად სულ ფეხებზე ჰკიდიათ და მათ ამოცანას საკუთარი კეთილდღეობა წარმოადგენს“

„არიან ორგანიზაციები , რომელთაც საქართველოს ინტერესები რეალურად სულ ფეხებზე ჰკიდიათ და მათ ამოცანას საკუთარი კეთილდღეობა წარმოადგენს“

„ქართული ოცნების“ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის ირგვლივ აჟიოტაჟი და დისკუსია არ წყდება. ევროკავშირიდან და ამერიკიდან ხელისუფლებას მიუთითეს, რომ ამ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს საფრთხე დაემუქრება. უფრო მეტიც, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში განაცხადა, რომ ეს კანონპროექტი 12-პუნქტიან გეგმას, რომელიც სტატუსის მინიჭებისთვის საქართველომ უნდა შეასრულოს, ორ პუნქტთან სრულ წინააღმდეგობაში მოდის. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კი განაცხადა, რომ კანონპროექტს ნებისმიერ შემთხვევაში ვეტოს დაადებს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ „ოცნებას“ და „ხალხის ძალას“ ერთობლივად ვეტოს დაძლევა შეუძლიათ.

ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებმა ახალ კანონპროექტთან დაკავშირებული კრიტიკული მოსაზრებები პირადად გადასცეს შალვა პაპუაშვილს. აუდიენცია პარლამენტის თავმჯდომარესთან სამ საათს გაგრძელდა. შეხვედრაზე, როგორც ევროკავშირის ელჩმა განმარტა, მარტივი დისკუსია არ ყოფილა. სტრატეგიულმა პარტნიორებმა მკაფიოდ განაცხადეს, რომ ახალი ინიციატივები ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს არ შეესაბამება.

კითხვები აქვს კანონპროექტებთან მიმართებაში ამერიკის ელჩსაც. კელი დეგნანის პოზიცია ასეთია: კანონის მიღება საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს საფრთხეს შეუქმნის.

პარტნიორების წუხილები გასაგებია პარლამენტის თავმჯდომარისთვის. შალვა პაპუაშვილის თქმით, კანონპროექტების თაობაზე დისკუსიის სტიგმატიზებამ დამატებითი შეკითხვები გააჩინა. თავმჯდომარის შეფასებით,  საკომიტეტო მოსმენები იდეალური საშუალებაა ყველა კითხვაზე პასუხის მისაღებად.

პარლამენტი, გაერთიანებული კომიტეტების ფორმატში, „ხალხის ძალის“ კანონპროექტების: „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, საკომიტეტო განხილვას 2 მარტიდან დაიწყებს. კანონპროექტების ავტორები განმარტავენ, რომ მათი მიზანი გამჭვირვალობისა და დემოკრატიის ხარისხის გაზრდა და ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების დაცვაა.

კონფლიქტოლოგი მამუკა არეშიძე for.ge-სთან აცხადებს, რომ რაში სჭირდება ახლა ხელისუფლებას ამ კანონის მიღება, ამაზე პასუხი არა აქვს. თუმცა ასეთი ტიპის კანონის არსებობა დღის წსერიგში რომ იდგეს, ამაში გასაკვირი არაფერია. არეშიძე ამბობს, რომ საქართველოში არაერთი ორგანიზაციაა, რომლის საქმიანობაც აბსოლუტურად გაუმჭვირვალეა. თუმცა არ გულისხმობს იმ ორგანიზაციებს, რომლებიც განსაკუთრებით ამ კანონის წინააღმდეგ გამოდიან.

„ის ორგანიზაციები, რომლებიც ახლა ამ კანონის მიმართ განსაკუთრებით კრიტიკულები არიან, მათი საქმიანობა მეტ - ნაკლებად გამჭვირვალეა. თუმცა ეს აისბერგის მწვერვალის ძალიან პატარა ნაწილია. ამის ქვემოთ უამრავი ორგანიზაციაა, რომელიც არ ჩანს და, ხშირ შემთხვევაში, სხვადასხვა უცხო ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებენ. ეს არის, როგორც დემოკრატიის საფარქვეშ არსებული, ასევე რელიგიური და საზოგადოებრივი მანტიით მოსხმული ორგანიზაციები. მათთან შეხება თავადაც მქონია - მაგალითად, დარგობრივი არასამათვრობო ორგანიზაციები ავიღოთ. არ დავაზუსტებ რომელ ორგანიზაციეზე ვსაუბრობ, რომლებიც გრანტული პრინციპით არსებობენ. საქართველოში სულ 10 ასეთი ორგანიზაციაა. ეს ორგანიზაციები ინაწილებენ იმ გრანტებს, რომლებიც უცხოეთიდან მოდის. მათ თავიანთ პარტნიორებთან, წლების განმავლობაში, კარგად დალაგებული ურთიერთობები აქვთ და საქართველოს ინტერესები რეალურად სულ ფეხებზე ჰკიდიათ. მათ მთავარ ამოცანას საკუთარი კეთილდღეობის მოწყობა წარმოადგენს. თუმცა ექსტრემალურ სიტუაციაში, როცა საჭიროა, ამ დარგის ირგვლივ ყველაზე მეტს ხმაურობენ, მაგრამ საქმე-საქმეზე რომ მიდგება, არაფერსაც არ აკეთებენ. ძალიან დიდი შემოსავლები აქვთ. მაგალითად, სოფლის მეურნეობა რომ დავასახელოთ, ამ მიმართულებით ასეთ შემთხვევები გვაქვს. ამიტომ უნდა ვიცოდეთ, ეს ხალხი ამხელა თანხებს რაში ხარჯავს. ზოგიერთი ორგანიზაციის რეალური მიზანი ფულის გათეთრებაა, ვიდრე კონკრეტული საქმის კეთება“, - ამბობს არეშიძე.

მისივე თქმით, მას ჰქონდა ასეთ შემთხვევა, როდესაც ერთ-ერთი ძალიან ცნობილი ორგანიზიცია პირდაპირ ანტიქართული საქმიანობით იყო დაკავებული. ამ ორგანიზაციის წარმომადგენელი კონფერენციაზე გამოვიდა და პირდაპირ, ღიად დაიწყო მცდელობა, რომ საქართველოში ენერგოსისტემების განვითარებისთვის ხელი შეეშალა. ლაპარაკობდა იმაზე, რომ მეგრელების და სვანების ინტერესები ყველაზე მეტად უნდა იყოს გათვალისწინებული. დანარჩენი ქართველები კი, უბრალოდ, ჩამოსახლებულები არიან. ხოლო ეს ხდებოდა იმიტომ რომ, ერთ-ერთ რეგიონში ჰესი არ აშენებულიყო.

„ვთვლი, რომ ასეთი კანონი ფულის ხარჯვის და საქმიანობის ნაწილში უნდა არსებობდეს. თუმცა დასახელება უცხო ქვეყნის აგენტი, საკმაოდ ცუდად ჟღერს. მეორე, რომელიც შალვა პაპუაშვილმა დაასახელა, ბევრად უფრო სწორი და მოზომილი იყო. იმის გამო, რომ ნაბიჯები ამ კანონთან დაკავშირებით საკმაოდ გაუაზრებლად იდგმება, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ეს ვიღაცის წისქვილზე წყალს ასხამს. ამის გაკეთება ბევრად უფრო მოქნილად და გააზრებულად შეიძლება. ასეთი ტიპის რეგულირება აუცილებელია, თუმცა ფორმა არასწორი და მოუქნელია. ამიტომაც არის, რომ ჩვენი პარტნორებისთვის ეს კანონი სრულიად სხვა კონტექსტში იქნა აღქმული. პოლიტიკური კულისების ნიუანსებში არ ვიცი რა ხდება, მაგრამ თქვენი კითხვის საპასუხოდ გეტყვით, რომ კი ბატონო, არ არის გამორიცხული პოლიტიკური ვაჭრობისთვისაც იყოს ეს კანონი გამოყენებული. შესაძლოა, ვენეციის კომისიისგან ამ ეჭვების გამო უარიც კი მიიღონ. თუმცა, ვფიქრობ, შესაძლოა, შეარბილონ და ისე მიიღონ. უარს რომ არ იტყვის, ფაქტია. აბსოლუტურად დემოკრატიული პრინციპებიდან გამომდინარე, ქვეყნის შიდა საქმეებში არავინ უნდა ერეოდეს. თუმცა დღეს ჩვენ აბსოლუტურად სხვა რეალობაში ვიმყოფებით. ევროკავშირის ქვეყნების საქმეში ბრიუსელი ერევა და ეს ყველამ კარგად იცის. ჩვენც გვეუბნებიან, რომ თუ გვინდა ევროკავშირი, ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებშიც ჩაერევიან. მართალია, ხშირ შემთხვევაში ამ ჩარევას აბსოლუტურად არაკორექტული ფორმა აქვს, მაგრამ ეს ჩარევა ლოგიკურია. მე არ მომწონს, მაგრამ ევროკავშირი ამ პრინციპით მოქმედებს. თუ მათთან ყოფნა გვინდა, მაშინ მათი აზრიც უნდა გავიზიაროთ“, - ამბობს არეშიძე.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე ფიქრობს, რომ „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროქტი შესაძლოა „ოცნებას“ თავის ტკივილად ექცეს. ხელისუფლება ამას მიხვდა, ამიტომაც თავის დაზღვევის მიზნით, ვენეციის კომისაში გაგზავნა გადაწყვიტა. რაც შეეხება ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას ვეტოსთან დაკავშირებით, ეს მხოლოდ პოლიტიკური აქტია, რომლითაც პრეზიდენტმა საკუთარი დამოკიდებულება ამ ფორმით გამოხატა.

„არ ვიცი ახლა „ოცნებას“ ეს კანონი რაში სჭირდება, ყველა კარგად ვხედავთ, რომ შესაძლოა, იგი ახალ თავის ტკივილად ექცეს. ოპოზიციასაც და დასავლეთში არსებულ პოლიტიკურ წრეებსაც საბაბი მიეცემა იმისთვის, რომ 12-პუნქტიანი გეგმა, რომელიც სტატუსის მინიჭებისთვის უნდა შევასრულოთ, არ ჩაგვითვალონ. ამიტომ ჩემთვის სრულიად გაუგებარია, რა სახის პოლიტიკური ნაბიჯია. არეშიძის მოსაზრებას გავიზიარებ და დავეთანხმები, რომ რაღაცისთვის სავაჭროდ შესაძლოა სჭირდებათ. მაგრამ რისთვის, ზუსტად ვერ გეტყვით. ალბათ, უფრო ნელ-ნელა გამოჩნდება. 30 წლის განმავლობაში სამი ომი გამოვიარეთ, ჩვენს ქვეყანაში ყველანაირი აგენტურა მუშაობდა. გვახსოვს, რომ ყველა მიმართულებით უამრავი პრობლემები არსებობდა. საჭირო არ გამხდარა ასეთი კანონის მიღება და დღემდე მოვედით. არ ვფიქრობ, რომ ეს კანონი ახლა საჭირო იყო.

ევროკავშირი იმდენ შეცდომას უშვებს საქრათველოსთან მიმართებაში, არ გამიკვირდება ამ კანონპროექტთან დაკავშირებითაც იგივე გააკეთოს. შესაძლოა, მათ ეს ქვეყანაში პოლიტიკური სიტუაციის გამწვავებისთვისაც კი გამოიყენონ. არის შემთხვევები, როდესაც ერთი ხელით დეპოლარიზაციას ითხოვენ, მეორე ხელით კი პოლარიზაციას და ცეცხლზე ნავთს ასხამენ. კულუარებში რაზე საუბრობენ, ალბათ, ამაზე მხოლოდ აზრის გამოთქმა შეგვიძლია და დრო გამოაჩენს“, - ამბობს საყვარელიძე.

მისივე თქმით, თუკი ხელისუფლება ვენეციის კომისიის გადაწყვეტილების მიუხედავად (ნათელია, რომ დადებითი პასუხი არ იქნება), ამ კანონს მიიღებს, მოსახლეობაში პროტესტს გამოიწვევს. თუმცა ისევ დ ისევ იმ პრობლემამდე მივალთ, შეძლებს თუ არა ოპოზიცია ამ სამოქალაქო პროტესტის პოლიტიკურ პროტესტად გარდაქმნას.

„ახლა ოპოზიციას ხალხის ქუჩაში გამოყვანის და მასობრივი აქციების რესურსი არ გააჩნია. თუკი ხელისუფლება ამ კანონპროექტს ვენეციის კომისიის უარყოფითი პასუხის მიუხედავად მაინც მიიღებს, არ ველი, რომ ოპოზიცია ამის გამოყენებას შეძლებს. იმდენი თემა იყო მანამდე უფრო გამოსაყენებელი, ის ვერ გამოიყენეს და ამ კანონს მით უმეტეს ვერ გამოიყენებენ. ალბათ, „ოცნება“ მაინც ეცდება, რომ კანონის ისეთი შერბილებული ვარიანტი მოძებნოს, რომელიც ასე მძიმე აღსაქმელი აღარ იქნება. ოპოზიცია, ფაქტია, თავის მხრივ ეცდება, რომ ქუჩის ჩავარდნილი აქციების ფონზე, ხელისუფლება დასავლეთთან დაასმინოს და პარტნიორებთან ურთიერთობა მაქსიმალურად გაუფუჭოს“, - ამბობს საყვარელიძე.

 

ლევკოთეა სულაც არ ვთვლი, რომ ამ კანონის მიღება მოსახლეობის პროტესტს გამოიწვევს.
ნუ, მარგინალ ასო-ებს არ ვთვლი მოსახლეობაში.
1 წლის უკან
trampi კარგიააა კარგიიიიიიიიიიიიიიიიიი
საქართველოს მოსახლეობის 80% ს გონება უნათთდებათ
1 წლის უკან