იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის არსებობის საკითხი დადგება, რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილის განმარტებით, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება თავად კაცობრიობის ცივილიზაციის არსებობაც. დიმიტრი მედვედევის მტკიცებით, რუსეთის მტრები „კიევის რეჟიმს“ იარაღს აწვდიან და ამით შესაძლო მოლაპარაკებებს აფერხებენ და მათი ქმედებები „სრულ ფიასკოსა და აპოკალიფსს“ იწვევს. აქვე მედვედევმა ორი თარიღი დაასახელა, რომელმაც, მისი მტკიცებით, მოსკოვისა და დასავლეთის ურთიერთობაზე უარყოფითი გავლენა იქონია.
„ასეთად ორი თარიღი შეიძლება ჩაითვალოს: პირველი იყო 2008 წელს, როდესაც დასავლურმა სამყარომ მხარი დაუჭირა საქართველოს აგრესიას ოსი ხალხის წინააღმდეგ და ზეცამდე აამაღლა სულელი, ნარკომანი და ავანტურისტი, რომელიც მოგვიანებით უარყო არა მხოლოდ საკუთარმა ქვეყანამ, არამედ უცხომაც, სადაც მხდალად გაიქცა.
მეორე წერტილი 2014 წლის გაზაფხულია, როდესაც ყირიმის მოსახლეობამ ლეგალური რეფერენდუმის გზით გამოხატა თავისი ნება და სამუდამოდ დაბრუნდა ისტორიულ სამშობლოში. დასავლურ სამყაროში ამან გამოიწვია გააფთრებული ისტერია“, - აღნიშნა დიმიტრი მედვედევმა.
მედვედევის განცხადებას სოციალური ქსელით გამოეხამურა მიხეილ სააკაშვილი. ბრალდებული მესამე ექს-პრეზიდენტი ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტს მიმართავს, რომ მსოფლიოს გააგებინოს საქართველოს სრული იზოლაციის პირობებში მისი მთლიანად დაპყრობა და ოკუპაცია მზადდება. ამბობს, რომ ახლა წყენების გახსენების დრო საერთოდ არაა და ამ დიდ ომში, ბრძოლის ყველა შესაძლებლობა უნდა უნდა იქნას გამოყენებული. სააკაშვილის აზრით, რუსული გადატრიალების წინააღმდეგ ყველა პოლიტიკური ჯგუფი უნდა გაერთიანდეს და ქვეყნის პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან დაუყოვნებლივი კონსულტაციები ჩაატარონ.
„ნათელია, რომ უკრაინაში მარცხის პარალელურად, მოსკოვი აპირებს, უახლოეს ხანში ბოლომდე ღიად აიღოს ხელში ძალაუფლება თბილისში და ამისათვის არსებულ დაშინებულ მარიონეტებს ყველა პირობაზე დაითანხმებს. პრეზიდენტ ზურაბიშვილს ბოლო დღეებში გაკეთებულ განცხადებებს და თავისუფლებისთვის ბრძოლისკენ მის მოწოდებას მხარს ვუჭერ.
ჩემი აზრით, რუსული გადატრიალების წინააღმდეგ ყველა პოლიტიკური ჯგუფი უნდა გაერთიანდეს და ასევე, დაუყოვნებლივი კონსულტაციები ჩაატარონ პრეზიდენტთან. სალომე ზურაბიშვილმა უნდა გამოიყენოს თავისი თანამდებობა და მთელს მსოფლიოს გააგებინოს, რომ საქართველოს სრული იზოლაციის პირობებში, მისი მთლიანად დაპყრობა და ოკუპაცია მზადდება. ახლა წყენების გახსენების დრო საერთოდ არაა და ბრძოლის ყველა შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ ამ დიდ ომში. არც ერთი ადამიანი არ გვყავს დასაკარგი ამ ბრძოლაში“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ამბობს, რომ მედვედევის და „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებები ერთმანეთს ემთხვევა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, მედვედევი თუ ამბობს, რომ სააკაშვილმა დაიწყო ომი, რუსეთის რეზოლუციაში „ნაცმოძრაობამ“ ჩაწერა ეს თავისი ხელით და შესაბამისად, „ნაცმოძრაობის“ მისამართით უნდა დაისვას კითხვა, რატომ დაემთხვა მედვედევის განცხადება „ნაცმოძრაობის“ მიერ ხელმოწერილ დოკუმენტს?
„ნამდვილად არ ვეცნობი ხოლმე „რიანოვოსტის“ სტატიებს. ეს ინტერესი არ მაქვს - ეს ერთი. მეორე, რაც შეეეხება მედვედევი თუ ამბობს, რომ სააკაშვილმა დაიწყო ომი, მე შეგახსნებთ, რომ რუსეთის რეზოლუციაში „ნაცმოძრაობამ“ ჩაწერა ეს თავისი ხელით, ანუ ამ შემთხვევაში მედვედევის და „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებები ემთხვევა ერთმანეთს“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
აგვისტოს ომზე ბევრი კითხვა არსებობს, მათ შორის სააკაშვილის გუნდმა საქართველოს რატომ დააბრალა ომის დაწყება, ისევე როგორც სიჩუმე დასავლეთის მხრიდან. პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე იხსენებს, რომ დასავლეთს არანაირი რეაქცია არ ჰქონია 2008 წლის აგვისტოს ომზე სააკაშვილის მოქმედებების წამახალისებელ პროცესზე. როგორც პოლიტოლოგი აცხადებს, შეიძლება მისი მოქმედების ხელშეწყობის ნიშნები იყო, ოღონდ გაცხადებული არა.
„გაცხადებული რაც ვიცით კონდოლიზა რაისის და სხვა პერსონების შეფასებით, ყველა კრიტიკული იყო სწორედ იმის მიმართ, რომ საქართველო არ ჩაბმულიყო საომარ მოქმედებებში. ამდენად, მედვედევის ტექსტის ეს ფრაგმენტი, რომ უცხოეთი მხარს უჭერდა, უფრო დღევანდელი პოლიტიკური კონიუნქტურით არის აგებული, როდესაც პუტნის დირიჟორობით მთელი რუსული სახელისუფლებო პერსონები ანტიდასავლური განწყობილების პედალირებას აკეთებენ.
დღეს, უკრაინასთან ომიც თვითონ რუსების მიერ შეფასებულია, როგორც დასავლეთთან დაპირისპირება, უფრო სწორედ დასავლეთის მიერ დაწყებული ომი, რომელსაც „საწყალი“ რუსეთი იძულებულია, უპასუხოს. თვითონ რუსეთის აგრესიულობა მეათე პლანზეა გადადატანილი და აგრესიის ხელშემწყობად დასახელებულია დასავლეთი. ამ სულისკვეთებით არის მედვედევის განცხადება გაკეთებული“, - აცხადებს საყვარელიძე.
რაც შეეხება აგვისტოს ომს და საქართველოს პროკურატურის მიერ გამოძიების დაწყების აუცილებლობას, პოლიტოლოგის შეფასებით, ერთ-ერთ ძირითად დამნაშავედ მხოლოდ სააკაშვილის ბრალეულობა არ იკვეთება. 2008 წელს მომხადარი ომი თავისი წინაპირობით და პროცესით ტოვებს იმის შთაბეჭდილებას, რომ იქ სხვა უფრო სერიოზული ჩანაფიქრი იყო.
„მოლაპარაკებების შედეგს უფრო გავს ეს ომი, ვიდრე რეალურ ომს. აფხაზეთის ომს შეგახსენებთ - თითქმის წლიწადნახევარი იბრძოლა საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ და გაუძლო ამ ბრძოლას, აგერ 2008 წელს 5 დღე ვერ გაუძლეს ცხინვალის ომს? ე.ი. რეალურად ქართველების სისუსტეში არ იყო საქმე. მთავარი იყო ომის ფაქტის კონსტანტაცია, ცხინვალზე საქართველოს თავდასხმის კონსტანტაცია, რომ მერე რუსეთს ჰქონოდა ოფიციალური აღიარების საშუალება.
ომის კონსტანტაცია როგორც კი მოხდა, მხედართმთავრები გამოიქცნენ სახლში. აი, ასეთი სურათის შთაბეჭდილება რჩება და არა ის, რომ სრულფასოვანი საბრძოლო დაპირისპირებით წავაგეთ ომი. არ ყოფილა საბრძოლო დაპირისპირება. როგორც ჩანს, აქ მარტო ქართული მოვლენა არ არის. რაღაცა ინტერნაციონალური მართლაც არის, ოღონდ არა ის ვარიანტი, რასაც მედვედევი ამბობს, რომ დასავლეთს აწყობდა ეს ომი, არამედ სწორედ რუსული ინტერესია ამ ომში“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.
2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიების აუცილებლობაზე საუბრობს გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი, ანალიტიკურ ცენტრ „ჯეოქეისის“ მრჩეველი, ვახტანგ კაპანაძე, რომლის განცხადებით, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ 2012 წელს გაკეთდა ომის სამხედრო და ოპერატიული შეფასება, რომელსაც ადევს „გრიფით საიდუმლო“.
„ომს აქვს რამდენიმე ფენა - არის პოლიტიკური, სოციალური, სამხედრო და საინფორმაციო ნაწილი. რაც შეეხება სამხედრო ნაწილს, 2012 წელს ჩვენ გვაკეთეთ ომის სამხედრო და ოპერატიული შეფასება. აქ არ იყო პოლიტიკა, მხოლოდ სამხედრო ნაწილი იყო შეფასებული, რა შეცდომები იყო დაშვებული, რომ არ განმეორებულიყო მომავალში. საკმაოდ დიდი ნაშრომი გამოვიდა. მარტო 1200 ინტერვიუ იქნა ჩაწერილი, დანარჩენი პატაკების საშუალებით გაკეთდა და ეს დოკუმენტი დევს ხელისუფლებაში „გრიფით საიდუმლო“. დანარჩენზე რატომ არ დაიწყო გამოძიება, ვერ გეტყვით.
იქ ბევრი რამ არის საინტერესო. საინტერესოა იგივე პროკურატურის მხიდანაც, მაგრამ ეს ეხება უშუალოდ სამხედრო საკითხებს და არ ეხება პოლიტიკურ და იურიდიულ საკითხებს. საერთოდ, ეს ომი იმსახურებს მოკვლევას. 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით მთელმა მსოფლიომ დაწერა წიგნი საქართველოს გარდა. რა თქმა უნდა, საინტერესო იქნება გამოძიება და იმსახურებს იმ მოვლენების განხივლსაც და შესწავლასაც. ბევრი იმ ომის ვითომდა „წარატებული“ სამხედრო მეთაური ახლა სხვებს ასწავლის ჭკუას და როგორ არ იმსახურებს გამოძიებას? ვინც დასასჯელი იყო, უნდა დასჯილიყო, მაგრამ ჩაიფარცხა და გაიარეს. ახლა უკანა რიცხვით ამოტრიალება რამდენად შესაძლებელია არ ვიცი“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ კაპანაძე.
ეს იყო აგვისტოს "ომი".
თითქოს, ომის დროს, რამე წესი არსებობს მაგ საკითხში.