„არაა გამორიცხული ომი დასრულდეს, როცა უკრაინაც და რუსეთიც 2022 წლის 24 თებერვლის მდგომარეობას დაბრუნდებიან“

„არაა გამორიცხული ომი დასრულდეს, როცა უკრაინაც და რუსეთიც 2022 წლის 24 თებერვლის მდგომარეობას დაბრუნდებიან“

რუსული წყაროები იუწყებიან, რომ დონეცკის ოლქი, ბახმუტი უკვე აიღეს და ის საოკუპაციო ძალის ხელშია, თუმცა ამ ინფორმაციას უკრაინული მედია და თავად უკრაინის გენშტაბი არ ადასტურებს. უკრაინაში ბრძოლა თითოეული ქუჩისთვის მიმდინარეობს. უკრაინელი სამხედროები პოზიციებს არ თმობენ. საოკუპაციო ძალა საარტილერიო ცეცხლის მხარდაჭერით ცდილობს უკრაინელების პოზიციების გარღვევას, თუმცა ამ დრომდე უშედეგოდ. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ყოველდღიურად 500-მდე რუს ჯარისკაცს ანადგურებენ. უკრაინის დანაკარგის შესახებ ცნობები არ ვრცელდება. ოფიციალური კიევის ინფორმაციით, ბახმუტის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის 80% აღდგენას აღარ ექვემდებარება.

რა ხდება ფრონტის ხაზზე და შეესაბამება თუ არა რეალობას ბახმუტის აღების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია? for.ge საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის ყოფილ უფროსს და გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძეს ესაუბრა, რომელიც ამბობს, რომ ამ ეტაპზე ბახმუტს ისევ უკრაინელები აკონტროლებენ, თუმცა რუსები მის ალყაში მოქცევას ცდილობენ. ამიტომ უკრაინის გენშტაბმა და პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, გამოიყვანოს თუ არა ბახმუტიდან დანაყოფი. სხვაგვარად შესაძლოა მარიუპოლის სცენარი განმეორდეს.

რა ხდება ფორნტის ხაზზე და რამდენად არის შესაძლებელი, რომ გაზაფხულზე რუსებმა ბახმუტი აიღონ? რუსული წყაროები უკვე იტყობინებიან, რომ ბახმუტი მათ ხელშია.

- 800 კმ გადაჭიმულ ფრონტის ხაზზე რუსები ცდილობენ მაქსიმალური უპირატესობა მოიპოვონ. თითოეული გოჯი მიწისთვის ბრძოლა მიდის. მთავარი ბრძოლები სამი მიმართულებით მიმდინარეობს. ეს არის სვიატოვას, ბახმუტის და უგლედარის მიმართულებით. ახლა განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა ბახმუტის მიმართულებაზეა. რუსები ბახმუტისთვის ალყის შემორტყმას ცდილობენ. დიდი დანაკარგის მიუხედავად, მაინც ნელ-ნელა წინ მიიწევენ. არ არის გამორიცხული, მალე დადგეს მომენტი, როცა უკრაინელებმა უნდა გადაწყვვიტონ, გამოიყვანონ თუ არა უკრაინული გარნიზონი ბახმუტიდან. დანარჩენ შემთხვევაში, რუსებს სხვა მიმართულებაზე დიდი წინააღმდეგობა და უპირატესობა არ გააჩნიათ.

ომი რა ფაზაშია, ამ ეტაპზე რისი თქმა შეგვიძლია, გარდატეხის რაიმე კონკრეტული ნიშნები თუ ჩანს?

- სამწუხაროდ, გამართლდა ის პროგნოზი, რასაც მე ერთი წლის წინ ომის დაწყებიდან ვაკეთებდი. ომი გაჭიანურების სახეს იღებს. ამ ეტაპისთვის რუსეთს არ გააჩნია იმის პოტენციალი, რომ დიდი ფართომასშტაბიანი შეტევა განახორციელოს. შესაბამისად, ის ცდილობს, ლოკალური წარმატებების ფონზე, თავისივე ოკუპირებული ტერიტორიები დაიკავოს და გაამაგროს. უკრაინისთვის ამ მომენტისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს როგორც ჯავშან ტექნიკას, ასევე საფრენ აპარატებს - ზუსტი დამიზნების აღჭურვილობას. რაც მთავარია, ეს ყველაფერი თავის დროზე უნდა იქნას მიწოდებული. გაზაფხულზე ომში რაღაცა გარდატეხის ნიშნები გამოჩნდება, მას შემდეგ, როცა ორივე მხარე გარკვეულ წარმატებას მიაღწევს და დიდი იმედი მაქვს ეს უკრაინა იქნება. ამის შემდეგ უკვე გამოჩნდება ის გზა, რა გზითაც შესაძლოა დაპირისპირება განვითარდეს. ფაქტი ერთია, რომ ეს ხანმოკლე ომი არ არის. შესაძლოა რაღაცა პერიოდის განმავლობაში გაიყინოს კიდევაც, მაგრამ ეს ომი მალე არ დამთავრდება.

რა სჭირდება ახლა უკრაინას იმისთვის, რომ ის კონტრშეტევაზე გადავიდეს, ელით გაზაფხულზე უკრაინის შეტევაზე გადასვლას?

- ამ ეტაპისთვის ზუტად არავინ იცის დასავლეთიდან უკრაინა რამდენ იარაღს მიიღებს. თუმცა იმისთვის, რომ ის კონტრშეტევაზე გადავიდეს, გაარკვეული საარმიო კორპუსიის დანაყოფის შექმნა სჭირდება. ეს უნდა იყოს დარტყმითი დანაყოფი, რომელიც მიმართული უნდა იყოს კონკრეტულ შეტევაზე. უკრაინას ამისთვის ჯავშანტექნიკა სჭირდება, როოგრიცაა ტანკები, მხარდამჭერი ქვეითთა საბრძოლო მანქანები. შესაბამისად, ამ ტექნიკას აუცილებლად დასჭირდება ჰაერიდან მხარდაჭერა. ყველაფერი ეს როდესაც უკრაინისთვის კომპლექსში იქნება მიღებული, დარტყმითი მუშტის ჩამოყალიბებას შექმნის, ამ შემთხვევაში კონკრეტულ მიმართულებაზე კონტრშეტევას შეძლებს. დარწმუნებული ვარ, ეს სამხრეთის მიმართულება იქნება. გარკვეული წარმატების მიღწევის შანსი ამ შემთხვევაში ექნება.

თქვენ აღნიშნეთ, რომ ომი გაიწელება და მის მალე დასრულებას არ პროგნოზირებთ. რუსეთს ახლა რა სახის რესურსი აქვს იმისთვის, რომ ეს ომი კიდევ დიდი ხნით გააგრძელოს?

- დიახ რუსეთს აქვს რესურსი თუკი ომი პოზიციური ბრძოლებით გაგრძელდება. მას ასეთი დაპირისპირება აწყობს და ზუსტად ამის რესურსი ჯერ კიდევ აქვს. თუმცა, თუკი უკრაინა მობილურ, თანამედროვე იარაღს მიიღებს, შექმნის იმ დაჯგუფებას, რაზეც ზემოთ უკვე ვისაუბრე, მაშინ რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლა გაუჭირდება. რუსეთს არ შეუძლია, ამ ეტაპზე, ახალი ფართომასშტაბიანი შეტევის წამოწყება. თუმცა მას აქვს რესურსი, რომ ოკუპირებული ტერიტორიების დაცვა გააგრძელოს. ამიტომ ვამბობ, რომ ომი გაჭიანურებულ ხასიათში გადავა. ფაქტობრივად, ეს ასეც ხდება.

დაახლოებით რა დრო შეიძლება ომი გახანგრძლივდეს? რაზე იქნება ეს დმოკიდებული?

- ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, რა დროში და რა სახის შეიარაღებას მიიღებს უკრაინა, ასევე, უკრაინელების უნარზე, დარტყმითი დაჯუფება ჩამოაყალიბონ, ხოლო რამდენად წარმატებული იქნება შემდეგ უკრაინელების მხრიდან ეს კონტრდარტყმები. თუკი უკრაინელები რაიმე ხელშესახებ გამარჯვებას დაინახავენ, მოლაპარაკებაზე საუბარი მით უფრო ადრე იქნება შესაძლებელი და ასევე გამოცნობა იმისა, ომი რამდენ ხანხს შეიძლება დასრულდეს.

თქვენ ფიქრობთ, რომ ამ ვითარებაში დიპლომატიური რესურსი ფაქტობრივად, არც ერთი მხრიდან აღარ არსებობს?

- დიპლომატიას უკან ზურგს გარკვეული წარმატება უნდა უმაგრებდეს. ორივე მხარე ზუსტად ამ წარმატებების მოპოვებას ცდილობს. უკრაინაც და რუსეთიც არ დაჯდება მოლაპარაკების მაგიდასთან, თუ მას ფრონტის ხაზზე რაიმე ხელშესახები წარმატება არ გააჩნია. ამ ეტაპზე დიპლომატიისთვის ეს სივრცე არ ჩანს. თუკი გამოჩნდება ეს გარდამტეხი ნიშნები რომელიმე მხრიდან, პოლიტიკური ნაბიჯები გადაიდგმება.

ამ ომის დასასრული როგორი სცენარით წარმოგიდგენიათ?

- ომის დასრულების რამდენიმე სცენარი არსებობს, მაგრამ ყველაფერი უკრაინელების ქმედითუნარიანობაზე იქნება დამოკიდებული. შეიძლება ომი დასრულდეს, როცა უკრაინაც და რუსეთიც 2022 წლის 24 თებერვლის მდგომარეობას დაუბრუნდებიან. ხერსონის და ზაპოროჟიეს დაბრუნება უკრაინელების კონტროლქვეშ მოხდება, რუსების კონტროლქვეშ კი ყირიმი და ლუგანსკი დარჩება. ან თუნდაც დონეცკი - ლუგანსკის გათავისუფლება მოხდეს, რომელიც ნაკლებად წარმოსადგენია, რადგან ამას პუტინი გადაყვება. იგივე ომის დასასრული შესაძლოა რუსეთში ცვლილებების შემდეგ მოხდეს, რაც ასევე რთული წარმოსადგენია. უკრაინის სრულად გათავისუფლება რუსების ოკუპაციისგან ძალიან რთული და წარმოუდგენელია. თუმცა რაღაცა გარკვეულ წარმატებას უკრაინამ თუ მიაღწია, ამ შემთხვევაში არაა გამორიცხული, ორივე მხარე მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდნენ.

 

merab შეიძლება მოხდეს, ოღონდ ძნელი წარმოსადგენია. თუ იარაღი დროზე მიაწოდეს, თუ დიდი სამხედრო დანაყოფი შექმნა, თუ რუსები დაიხოცნენ, თუ უკრაინელებს ტყვია არ მიეკარებათ, მაშინ შესაძლებელია ოღონდ ძნელი წარმოსადგენი ომი დამთავრდეს 24 თებერვლის მდგომარეობით.
1 წლის უკან