მასების მართვის ფსიქოლოგია ცალკე სამეცნიერო მიმდინარეობაა და მას აქტიურად იყენებენ პოლიტიკასა და გეოპოლიტიკაში; ძალიან კონკრეტული მეთოდებიც არსებობს ადამიანთა არათუ დიდი და მცირე ჯგუფების, ქვეყნების მოსახლეობების სამართავადაც კი. ბუნებრივია, ყველაზე იოლია ადამიანების მაღალი ღირებულებებით მართვა, როდესაც მათ ჰგონიათ, რომ ფრიად კეთილშობილურ საქმეს ეწირებიან, სინამდვილეში კი, უბრალოდ, ზომბდებიან. განსაკუთრებით, სარფიანია მართვის მეთოდის პატრიოტიზმით შეფუთვა, იმიტომ რომ, ერთი მხრივ, ადამიანი დარწმუნებულია თავის სიმართლეში და, მეორე მხრივ, ამის საწინააღმდეგოდ გალაშქრებაც მაშინვე ღალატად შეირაცხება. სოსო მანჯავიძესთან ერთად განვიხილავთ, როგორ ფუთავენ პოლიტიკოსები, დიდი თუ მცირე სახელმწიფოები თავიანთ მეტად და მეტად მდაბალსა და მერკანტილურ მოტივებს ამაღლებული ღირებულებებით.
მასებით მანიპულაცია ყოველთვის ხდებოდა, მაგრამ, ალბათ, დღეს უფრო გაიოლდა, ვინაიდან ამის მეტი ტექნიკური საშუალებაა. რა მეთოდებია დღეს წამყვანი ადამიანების დასამორჩილებლად და, რატომღაც მგონია, დღეს უფრო ადვილად ექცევიან გავლენის ქვეშ, მიუხედავად ციფრული ტექნოლოგიებისა.
სოსო მანჯავიძე: დემაგოგია და მასებზე ზემოქმედება პოლიტიკური მიზნების მისაღწევად ახალი არ არის და ყველა იმ ქვეყანაში ხდებოდა, სადაც ეგრეთ წოდებული დემოკრატიული მმართველობის ფორმები იყო დამკვიდრებული. ტყუილად არ იყო იგივე პლატონი, მაგალითად, დემოკრატიის წინააღმდეგი. გამონათქვამი - პატრიოტიზმი არამზადათა უკანასკნელი თავშესაფარია, რომელსაც ხან ვის მიაწერენ და ხან ვის, სინამდვილეში სწორედ ასეთი დისკუსიისას წარმოიშვა ინგლისში და ცნობილმა მეცნიერმა და პოლიტიკურმა მოღვაწემ, სამუელ ჯონსონმა-თქვა 1775 წელს, რაც-შემდეგ მისმა ბიოგრაფმა გამოაქვეყნა. იქვე განმარტებაა, რომ ეს გამონათქვამი ისეთია, რის გამოც მას თავს დაესხმებიან, მაგრამ ზუსტად მიესადაგება ვიგების ქცევასო. ინგლისში ვიგები იქცეოდნენ ზუსტად ისე, როგორც, მაგალითად, დღეს ჩვენთან იქცევა ოპოზიცია. ანუ არაფერი ახალი არ ხდება. ვიგები ჩვეულებრივი დემაგოგიური მეთოდებით იგონებდნენ აპოკალიპტურ სცენარებს, ავრცელებდნენ ტყუილებს, შემოჰქონდათ დემაგოგიური დისკურსი და თამაშობდნენ ბრბოს ინსტინქტებზე. სამუელ ჯონსონი მიიჩნევდა, რომ ბრბოს ინსტინქტებზე ისეთი ზემოქმედება, როგორსაც მიმართავდნენ ვიგები, იყო უღირსი, ვინაიდან მას მიაჩნდა, რომ ბრბოს არ შეუძლია, ადეკვატურად შეაფასოს მმართველობის მიერ გადადგმული ნაბიჯები. ეს ამბავი იმიტომ მოვყევი, რომ კარგი იქნებოდა, საზოგადოებას სცოდნოდა, კონკრეტულად ვის ეკუთვნის ეს გამონათქვამი და რომ ის კონკრეტულ ისტორიულ ფაქტებს უკავშირდება
ისტორიის ცოდნა კარგია იმითაც, რომ - ნათლად გვაჩვენებს - ანალოგიური პრობლემები მუდამ არსებობდა. ზოგადად, ასეთი დემაგოგიური ტრენდი უდიდეს ზიანს აყენებდა ადამიანებს. ამას გამოუწვევია ქვეყნების, ქალაქების განადგურება. კარგად აღწერს ამ პროცესს ტიტუს ლივიუსი თავის წიგნში „ომი ჰანიბალთან“. იქ მოთხრობილია ამბავი, რა ხდებოდა ისეთ ქალაქში, როგორიც იყო სირაკუზა. ეს გახლდათ დიდი ბერძნული ქალაქი, სწორედ იქ დაიღუპა ყველასთვის ცნობილი არქიმედე. იღებდნენ გადაწყვეტილებას, რომელი ორიენტაცია აეღოთ და ტიტუს ლივიუსი პროცესების აღწერისას ასეთ ფრაზას წერს: შეიძლებოდა ამ ყველაფრის თავიდან აცილება, მაგრამ ყოველთვის გამოინახებიან შფოთის გამღვივებლები, რომლებიც ბრბოს სისხლისღვრისკენ მოუწოდებენო. ამხელა ისტორიული ექსკურსი იმის დასტურად მოვიტანე, რომ ჩვენთანაც იგივე ხდება: დავაკვირდეთ, როგორ იქცევა, მაგალითად, ბევრი ჩვენი პოლიტიკოსი ბრჭყალებში, იმიტომ რომ, ეს თიკუნი მათ არ ეკუთვნით. ავრცელებენ გადაუმოწმებელ ინფორმაციას, მსჯელობენ ალოგიკურად, აღგზნებული ტონით, მოქმედებენ შედეგების გაუაზრებლად, მათ შორის, ვგულისხმობ მოწოდებებს უკრაინის პროცესში ჩართვის შესახებ, რაც გათვლილია, რომ ადამიანებს არ აქვთ აზროვნების უნარი, მაგრამ უბედურება ისაა, რომ ვინც მოუწოდებს, არც მას აქვს აზროვნების უნარი. ხშირად სუფთა ემოციებით მოქმედებს და გარკვეული სარგებელის მოტივით.
ფსიქოლოგიაში ცნობილია ეს მეთოდები, დამუშავებელია და ყოველთვის იყენებდნენ მასებზე ზემოქმედებისთვის, მაგრამ, თუ მაშინ განათლება არ იყო საყოველთაო, ახლა ნებისმიერი ინფორმაციაა ხელმისაწვდომი. ისევ იმავე წარმატებით როგორ აღწევენ შედეგს, თორემ მე ის არ მიკვირს, რომ უნდათ ადამიანების დაზომბება.
- გოეთე ამბობდა, კაცობრიობა მუდმივად წინ მიდის, მაგრამ ადამიანი იგივე რჩებაო. ინფორმაციის მოცულობის მიუხედავად, ადამიანის სააზროვნო უნარები და სულიერი მდგომარეობა წინ არ მიდის. პირიქით, ინფორმაციულმა ხმაურმა და გამოხატვის თავისუფლებამ, მათ შორის, გამოხატვის საშუალებების სიმრავლემ, სოციალურ ქსელებს ვგულისხმობ, გამოიწვია ის, რომ უამრავი არაკომპეტენტური, უვიცი და საერთოდ ფანტასმაგორიული მოსაზრება დასურათხატებული ვრცელდება საჯარო სივრცეში. ტექნოლოგიების განვითარებამ და გავრცელებამ გამოიწვია კლიპური აზროვნების ჩამოყალიბება. კვლევა ჩატარდა და აღმოჩნდა, რომ ადამიანების 65 პროცენტი, რომლებიც ეცნობიან ახალ ამბებს, შთაბეჭდილებას ამა თუ იმ ინფორმაციის შესახებ იქმნიან სათაურებით. ამდენად, საუბარი იმაზე, რომ ადამიანები უფრო ინფორმირებულები არიან და ამიტომ უფრო სწორ გადაწყვეტილებებს მიიღებენ ან ნაკლებად მოექცევიან გავლენის ქვეშ, ზედმეტია. პირიქით.
მაგრამ ადამიანს კრიტიკული აზროვნებაც ხომ აქვს? როგორ შეიძლება, თავი დააქნიო ყველაფერზე, რასაც გეუბნებიან, რომ, მაგალითად, მზე მწვანეა?
- კრიტიკული აზროვნების დეფიციტი ყოველთვის იყო. ეს სიზარმაციდან გამომდინარეობს და გარკვეული განწყობის შედეგიცაა, ადამიანის ცხოვრებისადმი მიდგომიდან გამომდინარე. გნოსტიკოსები ძირითად სამ ნაწილად ყოფდნენ ადამიანებს: პნევმატიკებად, ფსიქიკებად და გილიკებად-ინტელექტუალურ ემოციონალურ-უხეშ მატერიალურ სამყაროზე მიმართულ ადამიანებად. ინდურ სისტემაში იყვნენ ბრაჰმანები, ქშატრიები, ვაიშები და შუდრები და იყვნენ ისინი, რომლებიც ამ ოთხ კასტაში არ შედიოდნენ და რომლებთანაც შეხებაც არ შეიძლებოდა იმ ოთხი კასტის წარმომადგენლებისთვის. მე ამას არ ვემხრობი, მაგრამ იმიტომ ვამბობ, რომ ეს დიფერენციაცია ყოველთვის არსებობდა ადამიანებს შორის და ახლაც არსებობს. შესაბამისად, როდესაც ვლაპარაკობთ პატრიოტიზმზე, არის პატრიოტიზმის სახეობა, რომელიც გულისხმობს მასების გამოყენებას საკუთარი მიზნებით და არის პატრიოტიზმის ის სახეობა, რომელიც ცდილობს, რაც შეიძლება, ბევრი ადამიანი განვითარდეს და პატრიოტიზმის ეს ორი გაგება ერთმანეთს ეწინააღმდეგება. პირველი ხაზი ემსახურება ამა თუ იმ ეთნოსის აბსოლუტიზაციას და მას უპირისპირებს ჭეშმარიტებას და ღმერთსაც კი, ანუ პატრიოტიზმს მაღლა აყენებს, ვიდრე თავად ღმერთს. როდესაც ასეთ რამეს ვხედავთ, უნდა გვესმოდეს, რომ ეს ინვოლუციური ხაზია. არ გავიმეორებ მაგალითებს, რაც საქართველოშიც იყო და, მათ შორისაა დღევანდელი, „სლავა უკრაინეც“. დავაკვირდეთ, იქ, სადაც ეს ხდებოდა, ანუ ღმერთის ადგილი აღარ რჩებოდა, იმიტომ რომ, ღმერთის ადგილს კერპი იკავებდა, პროცესი ყოველთვის მძიმე შედეგით მთავრდებოდა. მაგრამ, როდესაც ადამიანების მიერ ეროვნულობა და ეთნიკურობა განიხილება, როგორც სტადია, როგორც ადამიანის განვითარებისთვის აუცილებელი პირობა, როგორც ინფორმაციისა და სულიერი ცოდნის შენახვისა და გადაცემის უნიკალური ფორმა, რომელიც ფასდაუდებელია, ეს უკვე ევოლუციური განვითარების გზაა. ეს ორი მიმართულება - ინვოლუციური და ევოლუციური - ერთმანეთს ებრძვის. როდესაც ვხედავთ ურაპატრიოტულ განწყობებს, როდესაც ერთ ეთნოსზე დაჰყავთ ყველაფერი: სრული ბოროტება ან სრული სიკეთე, ეს გონებრივი უმწიფრობის მანიშნებელია. მაგალითად, ის, რომ დედამიწაზე ყოველგვარი ბოროტების წყარო რუსეთია ან მეორე მხრივ, როდესაც ადამიანები ამბობენ, რომ ჩვენი ეთნოსია ანი და ჰოე, ყველაფრის მშობელი და შემოქმედი; ჩვენი ენა დგას ყველაზე მაღლა და ასე შემდეგ.
გვახასიათებს ეს ჩვენც.
- დიახ, ეს ნაციონალიზმის საერთო უარყოფითი მახასიათებლებია და სამუელ ჯონსონი სწორედ მათ უწოდებდა პატრიოტიზმს შეფარებულ არამზადებს, ვინც ასეთი გრძნობებით მანიპულირებდნენ. ეს ავადმყოფობა ბევრს ახასიათებს სხვადასხვა ფორმით. ჩვენთანაც საკმაოდ გაიდგა ფესვი, რაც ძალიან სამწუხაროა. ამ ადამიანების ამოცნობა შეიძლება იმით, რომ ავადმყოფურად არიან მიჯაჭვულები ამ აზრზე, მიიჩნევენ ერთადერთ ჭეშმარიტებად და ვერ იტანენ, როდესაც ამას კრიტიკულად აფასებ.
ისე, უცნაურია, პატრიოტიზმი ხან ნაციონალიზმად იმართება და ხან - მანიპულირების საშუალებაა.
- ახლა თვალყურს ვადევნებთ პროცესს, როდესაც ტრანსნაციონალური კორპორაციები და ახალი მსოფლიო გლობალური ელიტა განიხილავს შესაძლებლობას, რომ კაცობრიობამ უნდა იარსებოს ოჯახისა და ეთნიკურობის გარეშე. ისინი ამბობენ, რომ ეს შეიძლება, უკეთესი იყოს გლობალური მმართველობისთვის და ამას ამართლებენ კლიმატის ცვლილებით, პანდემიებისა თუ კოსმოსური საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის აუცილებლობით. ეს გამოიწვევს სრულ კატასტროფას; ადამიანის, როგორც ღვთის ხატის, განადგურებას და სწორედ ეს არის მათი მიზანი, რასაც, სხვათა შორის, ამართლებენ სხვადასხვა მიზეზით. ადამიანი ისეთი არსებაა, რომ, სანამ რამეს აკეთებს, ყველაზე დიდი არამზადაც კი, თავის თავს გამართლებას უძებნის, აბსურდულს, მაგრამ თავს იმართლებს. ასეთები ვართ ადამიანები ბუნებით. ტრანსნაციონალური, გლობალური ელიტის წრეში მიღებულია აზრი, რომ კაცობრიობამ გამრავლებით, საწარმოო განვითარებითა და მოხმარების დონით, მიაღწია იმ ზღვარს, რაც საფრთხეს უქმნის პლანეტის არსებობას. ამიტომ ისინი მიიჩნევენ, რომ საერთო სიკეთისთვის მოსახლეობა უნდა შემცირდეს. მაგრამ ადამიანებს ამას ვერ გააგებინებ, იმიტომ რომ, შეუძლებელია ისტორიულად ჩამოყალიბებული ტრადიციების შეჩერება. მაგალითად, როგორ უნდა დააჯერო ადამიანი, რომ თავი გაინადგუროს?! ჩვენ ერთმანეთს ვეუბნებით, „გაიხარე“ და როგორ უნდა დააჯერო, რომ უკეთესია, უთხრა, „ამოწყდი“?! წყევლას კეთილგანწყობის გამოხატვის ფორმად ვერ გადააქცევ. ამდენად, ხვდებიან, რომ აშკარად იმის თქმა, ამოწყდითო, შეუძლებელია და ცდილობენ, სხვადასხვა საშუალებით დაიყვანონ კაცობრიობა გარკვეულ ოდენობამდე. მაგრამ აქ რამდენიმე ლაფსუსია: ჯერ ერთი, ეს ჩარევაა გაცილებით უფრო დიდი და გონიერი გონების ფუნქციონირებაში; სახეობამ ზუსტად იცის ის რესურსი, რაც არსებობს. არანაირი პლანეტის რესურსი არ იწურება და თანამედროვე ტექნოლოგიები სავსებით საკმარისია, რომ რესურსი გამოვიყენოთ რაციონალურად, მეტიც, აღდგეს ბევრი რესურსი და ისე მოეწყოს საზოგადოება, რომ ციფრული საკონცენტრაციო ბანაკის გარეშეც მეტი ენერგია მიიმართოს განვითარებისკენ. ამ ელიტას რა უნდა? რომ ყველა სიკეთე იყოს მხოლოდ მათთვის, ანუ მეფური პრივილეგიები, რაშიც დანარჩენები ხელს უშლიან. ამ შემთხვევაში კი პატრიოტიზმი არის ის, რომ დავიცვათ ჩვენი ეთნიკურობა და სახელმწიფოებრიობა, მაგრამ ეს არ გადაგვეზარდოს ავადმყოფურ-მანიაკალურ მდგომარეობაში. უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი ეთნიკურობის გარდა, არსებობს სხვა ეთნიკურობაც, ჩვენი პატრიოტიზმის გარდა, არსებობს სხვა პატრიოტიზმიც.