რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებამდე პუტინი ამბიციური გეგმის განხორციელებას აპირებდა. მას სურდა 2030 წლისთვის იმ 500 ათასი რუსი ემიგრანტის დაბრუნება, რომლებმაც ბოლო წლებში რუსეთი დატოვეს. განსაკუთრებით, ეს შეეხებოდა რუს მეცნიერებს, რომლებმაც თავიანთი ადგილი ვერ იპოვეს საკუთარ სამშობლოში, რაც იმით აიხსნებოდა, რომ რუსეთში არა მარტო ნეპოტიზმი ყვაოდა, არამედ სწორედ რუსი მეცნიერები იყვნენ შესაძლო შპიონაჟში ბრალდების მთავარი სამიზნეები. ამ მხრივ ყველაზე მეტი საფრთხე კოსმოსურ სექტორში იგრძნობოდა, სადაც ყველა ოფისში დამსმენები ჩანერგეს. ამდენად, რუსი მეცნიერები სამშობლოში დაბრუნების დიდ ენთუზიაზმს არ ავლენდნენ.
დღეს 500 ათასი რუსი ემიგრანტის რუსეთში დაბრუნება წარმოუდგენელია, რადგან რუს ემიგრანტთა ტალღას უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო კიდევ ერთი ტალღა მიემატა, უამრავი რუსი გარბის საკუთარი სამშობლოდან, ცდილობს რა, თავი დააღწიოს საზარბაზნე ხორცად გადაქცევის პერსპექტივას.
პუტინის პოლიტიკით უკმაყოფილო რუსები არა მხოლოდ საქართველოში, სომხეთში, თურქეთსა და ისრაელში გარბიან, არამედ მექსიკის საზღვრიდან მასობრივად გადადიან ამერიკაშიც. მოსკოვის მიერ მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ შეერთებულ შტატებში გადასვლის მსურველთა რიცხვი სამჯერ გაიზარდა. საერთო ჯამში, რუსეთის თითქმის 22 ათასი მოქალაქე შეეცადა შეერთებულ შტატებში ქვეყნის სამხრეთ საზღვრიდან შესვლას 2022 წლის ოქტომბრიდან, ანუ მობილიზაციის გამოცხადების თარიღიდან დღემდე.
მართალია, რუსი ინტელექტუალების გადინება რუსეთზე უარყოფითად აისახება და რუსეთი ბნელი ძალების ხელში რჩება, მაგრამ, მეორე მხრივ, ეს პატარა გამონათებასავით არის, რადგან, როგორც ჩანს, რუსეთი მთლად სწორხაზოვანი არ ყოფილა და ყველა ერთნაირად, ანუ დამპყრობლურად არ ფიქრობს. ეს ნიშნავს, რომ რუსეთშიც არსებობს სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც პროტესტს გაქცევით გამოხატავს.
ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ასეთი მასობრივი მიგრაცია რუსეთში მოხდა 1917 წლის ბოლშევიკური გადატრიალების შემდეგ, მაშინაც ძალიან ბევრი ადამიანი წავიდა რუსეთიდან. განსაკუთრებით, ეს ეხება 1920-21 წლებს, როცა სამოქალაქო ომი დასრულდა რუსეთში და ძალიან ბევრმა მოქალაქემ დატოვა საბჭოთა რუსეთი, არ ისურვა რა საბჭოეთში ცხოვრება.
„ეს იყო მასობრივი მიგრაცია. მაშინაც ინტელექტუალები ტოვებდნენ რუსეთს, ძირითადად მეფის რუსეთის, ანუ ცარიზმის ხელისუფლების მომხრეები, ეს იყო შედარებით უფრო ინტელექტუალური ნაწილი, ვიდრე ბოლშევიკების მომხრეები. მათი გადინება შემდგომში უარყოფითად აისახა რუსეთზე, რადგან ბოლშევიკურ ხელისუფლებაში გაუნათლებელი ადამიანები დარჩნენ, რომლებიც ყველაფერს კადრულობდნენ და 1937 წლის მოვლენებიც ამის ნათელი დადასტურება იყო. დღესაც ამდენი ხალხის გაქცევა თვითონ რუსეთისთვისაა ცუდი. ვინც გარბის, ძირითადად, შრომისუნარიანი მოსახლეობაა, რომელთა სურვილია, ომს თავი აარიდონ. რუსეთი კარგავს სამუშაო ძალას, ეკონომიკურად აქტიურ მოსახლეობას, კარგავს ინტელექტუალურ ნაწილს, საქართველოშიც ზუსტად საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტები ჩამოდიან. ეს ხელს უწყობს რუსეთიდან ფულადი რესურსების გასვლას. მარტო საქართველოში 2022 წელს 2 მილიარდ დოლარზე მეტი შემოვიდა“, - აცხადებს ნიკა ჩიტაძე.
ანალიტიკოსის აზრით, რუსეთში დიქტატურა უკვე ისედაც დამყარებულია, იმის გამო, რომ შედარებით უფრო დემოკრატიულად განწყობილი ადამიანები ტოვებენ რუსეთს, ეს დიქტატურა კიდევ უფრო გამყარდება.
რაც შეეხება რუსეთის ეკონომიკას, ნიკა ჩიტაძის თქმით, ეკონომიკის მაჩვენებლების შემცირება რუსეთიდან მიგრაციამაც გამოიწვია, თუმცა აქ გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება იმ ფაქტს, რომ ნავთობზე ფასები შემცირდა და რუსულ ნავთობსა და ნავთობპროდუქტებზე დაწესებული ემბარგო ამოქმედდა. შესაბამისად, 2023 წლის იანვარში რუსეთის ბიუჯეტის დეფიციტმა 2 ტრილიონი რუბლი შეადგინა, რაც დაახლოებით 23 მილიარდი დოლარია. ასეთი დეფიციტი რუსეთს არ ჰქონია 1998 წლის შემდეგ. თუკი 2022 წელს რუსეთმა მოახერხა და მაინც გაუმკლავდა დასავლეთის მხრიდან ზეწოლას, ეს იმით იყო გამოწვეული, რომ ჯერ კიდევ ჰქონდა გარკვეული რესურსები შემორჩენილი, დღეს რუსეთს უფრო უჭირს და სულ უფრო გაუჭირდება. თუმცა, ჯერჯერობით, არ ჩანს, რომ ეს ომი მალე დასრულდება.
ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი, რონდელის ცენტრის მკვლევარი კახა გოგოლაშვილი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ რუსეთი ძალიან დიდი ქვეყანაა და იქიდან თუკი 3 მილიონი ადამიანი გაიქცევა, ეს პუტინის რეჟიმს ვერაფერს დააკლებს.
„რუსეთიდან გარბის მოსახლეობა, შედარებით პროგრესულად მოაზროვნე ხალხი, ან ვისაც არ უნდა რეჟიმთან თანამშრომლობა, მაგრამ ეს პუტინის რეჟიმს არაფერს დააკლებს. პირიქით, შეიძლება უფრო გაამყაროს პუტინი და არა მარტო პუტინი, შეიძლება შემდგომი სამხედრო დიქტატურაც უფრო გამყარდეს“, - გვითხრა კახა გოგოლაშვილმა.
უბრალოდ, მინდა ვკითხო: ამერიკა ნათელი ძალების ხელშია?
თუ კი, ე.ი. შეფასებების სხვადასხვა კრიტერიუმები გვქონია. აქამდე, სოდომიზმი და გარყვნილება ვიცოდი სიბნელედ და სიშტერედ. თუ პირიქით აფასებთ, მე სხვა მხარეს ვარ და სხვა მხარეს მივდივარ.
აფრიალეთ ტუსიკები და იძახეთ: პრადვინუტი , წინ წასული ნაწილი ვართო. მე, პას!
აი ესეთი ჩლუნგური დევიზებით უნდა ელაპარაკო ნაცებს და ამერიკელებს