რუსული ძალები დროებით ოკუპირებულ ყირიმში საკუთარ თავდაცვას აძლიერებენ და მეტ სიმაგრეებს აგებენ. კერძოდ, რუსეთის ჩელიაბინსკის ოლქიდან 150 ახალწვეულ ჯარისკაცს შესაბამისი საინჟინრო სამუშაოების განხორციელება დაევალა. რუსეთის ფედერაცია თავის ძირითად ძალისხმევას შეტევითი ოპერაციების წარმოებაზე მიმართავს კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და შახტარსკის მიმართულებით. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, უკრაინის მთელ ტერიტორიაზე შემდგომი სარაკეტო დარტყმის მნიშვნელოვანი საფრთხე არსებობს.
რუსეთს უკრაინის 1 800-ზე მეტი დასახლებული პუნქტი აქვს ოკუპირებული. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ოკუპანტები ახალი ქალაქებისა და სოფლების მიტაცებას ყოველდღიურად ცდილობენ, მათ შესაჩერებლად კი უკრაინას მეტი იარაღი და მხარდაჭერა სჭირდება. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარ სადაზვერვო სამმართველოში აცხადებენ, რომ ქვეყნის არმია შეტევაზე გადასასვლელად გაზაფხულზე იქნება მზად, კონკრეტული თარიღი კი სხვადასხვა ფაქტორზე, მათ შორის, დასავლური იარაღის მოწოდებაზე იქნება დამოკიდებული.
სადაზვერვო სამმართველოს უფროსის მოადგილის, ვადიმ სკიბიცკის თქმით, უკრაინელების შეტევის ერთ-ერთი სტრატეგიული მიზანი სამხრეთით, რუსული ფრონტის დაშლაა ყირიმსა და რუსეთს შორის. სკიბიცკი უშვებს იმის შესაძლებლობას, რომ უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე არსებული საბრძოლო მასალების საწყობებს დაარტყას, მათ შორის, ბელგოროდის ოლქში: „იქიდან იწყებენ უკრაინაზე შეტევებს. ეს კი საფრთხეს გვიქმნის, მაგალითად, ხარკოვისთვის“, - აღნიშნავს ვადიმ სკიბიცკი.
მაშინ, როდესაც უკრაინა დასავლეთისგან მეტ შეიარაღებას ითხოვს, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის, უილიამ ბერნსის განცხადებით, შეერთებული შტატები დარწმუნებულია, რომ ჩინეთი რუსეთისთვის ლეტალური დახმარების გაგზავნას განიხილავს, მაგრამ CIA-ის ხელმძღვანელის თქმით, ოფიციალურ პეკინს საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია. მანამდე თეთრი სახლის ლიდერმა განაცხადა, რომ რუსეთისთვის იარაღის მიწოდების შემთხვევაში პეკინი ვაშინგტონისგან მკაცრ პასუხს მიიღებს.
ამასთან, ცნობილი გახდა, რომ ჩინეთმა „დიდი ოცეულის“ სამიტის დასრულების შემდეგ უარი თქვა, ერთობლივი განცხადებით რუსეთის უკრაინაში აგრესია დაეგმო და შემაჯამებელ განცხადებას ხელი არ მოაწერა. შესაბამისად, შემაჯამებელ განცხადებას ხელი არ მოაწერეს რუსეთმა და ჩინეთმა. დოკუმენტში, რომელსაც ჩინეთი გაემიჯნა უმკაცრესი ფორმით არის დაგმობილი რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში, მისგან გამოწვეული უდიდესი ადამიანური მსხვერპლი და ზარალი, რაც ასევე ამძიმებს გლობალურ ეკონომიკაში არსებულ პრობლემებს. დოკუმენტში ასევე ხაზგასმულია, რომ ბირთვული იარაღის გამოყენება ან მასთან დაკავშირებული საფრთხე ყოვლად დაუშვებელია. მოსკოვში აცხადებენ, რომ „ანტირუსულმა“ დასავლურმა ქვეყნებმა „დიდი ოცეულის“ „დესტაბილიზაცია“ განახორციელეს.
„დიდი ოცეულის“ შეხვედრამდე ჩინეთმა უკრაინაში ომის დასრულების 12-პუნქტიანი გეგმა გამოაქვეყნა. დოკუმენტში არ არის აღნიშნული, რომ რუსეთმა უკრაინის ტერიტორიიდან ჯარი უნდა გაიყვანოს, არც თვითონ უკრაინაში შეჭრის ფაქტია დაგმობილი. ჩინეთის სამშვიდობო გეგმა მოითხოვს - ყველა ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვას, ცივი ომის მენტალიტეტზე უარის თქმას, საომარი მოქმედებების შეწყვეტას, სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლებას, ჰუმანიტარული კრიზისის მოგვარებას; მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამხედრო ტყვეების დაცვას; ატომური ელექტროსადგურების დაცვას, სტრატეგიული რისკების შემცირებას, მარცვლეულის ექსპორტის ხელშეწყობას, ცალმხრივი სანქციების შეჩერებას, სამრეწველო და მიწოდების ჯაჭვების სტაბილურობის შენარჩუნებას, პოსტკონფლიქტური რეკონსტრუქციის ხელშეწყობას. 12-პუნქტიანი გეგმის გარდა, ჩინეთის მიერ წარდგენილ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ბირთვული იარაღი არ უნდა იქნას გამოყენებული და ბირთვული ომები არ უნდა მოხდეს.
ცხადია, რომ ჩინეთის გეგმა მოიწონეს კრემლში, თუმცა გააკრიტიკეს ვაშინგტონში. აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, იდეა, რომ ჩინეთი აპირებს მოლაპარაკებას ომის შედეგზე, რომელიც უკრაინისთვის სრულიად უსამართლო ომია, უბრალოდ, ირაციონალურია. აშშ-ის პრეზიდენტი ჩინეთის მხრიდან რუსეთისთვის ლეტალური იარაღის შესაძლო მიწოდების საკითხსაც გამოეხმაურა და ხაზი გაუსვა, რომ ჩინეთს დაემუქრება იგივე მკაცრი სანქციები, როგორიც ნებისმიერ სხვა ქვეყანას ან სუბიექტს, რომლებიც რუსეთს იარაღს აწვდიან.
უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი ამბობს, რომ თუ ჩინეთს პრეტენზია აქვს, რომ გლობალური მოთამაშე იყოს, არარეალურ გეგმას არ უნდა თავაზობდეს და ფსონს აგრესორზე არ უნდა დებდეს.
„თუ პრეტენზია გაქვთ იმაზე, რომ გლობალური მოთამაშე იყოთ, არარეალურ გეგმას არ უნდა გვთავაზობდეთ, არ უნდა დებდეთ ფსონს აგრესორზე, რომელმაც დაარღვია საერთაშორისო კანონი და წააგებს ომს. ეს არ არის შორსმჭვრეტელობა. ჩინეთო, „შესაძლებლობის ფანჯარა“ უსასრულო არ არის“, - აცხადებს მიხაილო პოდოლიაკი.
აღსანიშნავია, რომ მარტის ბოლოს მოსკოვში ოფიციალური ვიზიტით ჩადის ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი. პეკინში უკვე შედგა რუსეთის მოკავშირის ირანის პრეზიდენტის ვიზიტი. ანალიტიკოსების შეფასებით, აშკარაა, რომ ევრაზიული სამკუთხედი სულ უფრო და უფრო რეალურ კონტურებს იძენს, თუმცა ამ ეტეაპზე გამორიცხავენ ჩინეთი-რუსეთი-ირანის კოალიციას.
დიპლომატის, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის ირაკლი მენაღარიშვილის შეფასებით, ამ სამეულს ერთმანეთთან ურთიერთობებში იმდენი დაპირისპირების საკითხი აქვთ, რომ ასეთ ვიწრო კოალიციის ჩამოყალიბების საშუალებას, ალბათ, არ მისცემს. თუმცა, მისი თქმით, საფრთხილოა, რადგან როცა საუბარია რუსეთზე, ყოველგავრი უმსგავსობა არის მოსალოდნელი. როგორც დიპლომატი აცხადებს, ჩინეთიც ასევე ამ ტონუსზე აწყობილი ქვეყანაა და თან გაუგონრად უფრო ძლიერი ეკონომიკური ბაზით, რაც სერიოზულ პარტნიორად და კონკურენტად ხდის მსოფლიო არენაზე.
„რა აკავშირებთ ჩინეთს და რუსეთს? - ეს არის ანტიამერიკანიზმი. ამერიკასთან დაპირისპირება ერთადერთი თემაა, რომელიც ჩინეთს და რუსეთს ერთმანეთთან ახლო ურთიერთობისკენ უბიძგებს. არა მგონია, რომ ეს ყველაფერი მივიდეს ბლოკის შექმნაზე და დაჯგუფების გაჩენაზე, რომელმაც შეიძლება მსოფლიოში გლობალურ დაპირისპირებამდე მიგვიყვანოს. იმიტომ, რომ რუსეთსა და ჩინეთს შორის იმდენი შინაგანი წინააღმდეგობა არის, რომ ეს ყველაფერი მათ ერთმანეთისადმი მიზიდულობის ძალას არ მისცემს საშუალებას, რომ მეტისმეტად ეფექტური გახდეს.
მაგრამ სიფრთხილე საჭიროა. ჩინეთს გააჩნია საკმაოდ მძლავრი ინდრუსტიული ბაზა და, თავისი ეკონომიკური შესაძლებლობებით, შეიძლება აღმოჩნდეს რუსეთის ძალიან მნიშვნელოვანი მოკავშირე, თუკი სერიოზულ დაპირისპირებაზე წავა საუბარი. თვითონ ამ გეგმის გამოქვეყნებით ჩინეთმა გარკვეული განაცხადიც კი გააკეთა, იმის პრეტენზიით, რომ იგი გლობალური პრობლემების გადაწყვეტაში აქტიურად ერევა, ესეც დასაფიქრებელია და ამიტომაც არის ამერიკელების რეაქცია ასეთი აქტიური. შესაბამისად, სიფრთხილე საჭიროა, თუმცა პანიკის საფუძველი არა მგონია არსებობდეს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ირაკლი მენაღარიშვილმა.
სამხედრო ანალიტიკოსის, ვახტანგ მაისაიას შეფასებით, ჩინეთის როლი რაციონალურია, რომელიც ცდილობს ამ გეოპოლიტიკური თამაშიდან თავისი ინტერესი მიიღოს. მისი თქმით, ჩინეთი მუშაობს ძალთა ბალანსის პრინციპზე, რომ არ გაძლიერდეს აშშ, რომ ჩინეთმა საკუთარი ეროვნული ინტერესები დაიკმაყოფილოს.
„ჩინეთს პრაგმატული საგარეო პოლიტიკური კურსი აქვს აღებული. აქ მნიშვნელოვანია ისიც, რომ მას აქვს ამბიცია იყოს გლობალური ჰეგემონი. შეიმუშავა 12-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა, რომელიც წარუდგინა უკრაინას და რუსეთს. ყოველ შემთხვევაში ეს იყო დაბალანსებული გეგმა, რომელიც ერთი მხრივ ორივე მხარის ინტერესებს ითვალისწინებდა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს არის პირველი ცდა, ერთგვარი ტესტი, რაზე წამოვიდოდნენ და რაზე არა მხარეები.
დარწმუნებული ვარ, რომ ჩინეთი კიდევ გამოვა ანალოგიური გეგმით. რაც შეეხება მეორე მხარეს, ჩინეთს გააჩნია თავისი ინტერესები ტაივანთან მიართებაში და ბუნებრივია, რომ ჩინეთის ინტერესებშია უკრაინის კონფლიქტში როგორმე დააბალანსოს ამერიკული პოტენციალი, რომ მერე წყანარი ოკეანის სივრცეში მოიპოვის სრული გლობალური რეგიონალური ჰეგემონობა. საკმაოდ ძიერი გეოპოლიტიკური გავლენის ცენტრია, რომელიც თვითონ წყვეტს ვისთან როგორ და რა უნდა გააკეთოს“, - აცხადებს მაისაია.
რაც შეეხება ჩინეთის მხრიდან რუსეთისთვის ლეტალური დახმარების გაგზავნის განხილვას, მაისაიას განცხადებით, ამ ეტაპზე ჩინეთი თავს იკავებს იარაღის მიწოდებაზე, მაგრამ თუ დასჭირდება, ამ ნაბიჯებზეც წავა. თუმცა, მისი თქმით, ეს ყველაფერი გამოჩნდება სი ძინპინის მოსკოვში ვიზიტის დროს.
„რაც შეეხება ჩინეთი-ირანი-რუსეთის კოალიციას, მე ვიტყოდი, რომ რუსეთ-ირანის კოალიცია სახეზეა და, როგორც ჩანს, რუსეთი და ირანი ცდილობენ ჩინეთიც თავის ორბიტაზე შემოაბრუნონ. თუმცა, ჩინეთი ასეთ კოალიციაზე ჯერჯერობით თავს შეიკავებს და დაელოდება ამერიკის შემდგომ ნაბიჯებს. თუ ამერიკა იმდენად გაძლიერდა, რომ დაიწყო თავისი თამაშები, ამ შემთხვევაში, ჩინეთი გადადგამს ამ ნაბიჯებს. თუმცა, ამ ეტაპზე ჩინეთი არ ჩქარობს. საინტერესო გლობალური დაპირისპირების ეტეპაზე გადავდივართ, ვიდრე ეს რუსეთ-უკრაინის ომია“, - განაცხადა for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ მაისაიამ.