დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, საქართველოს უახლესმა ისტორიამ ქვეყნის პრეზიდენტობის მართლაც უნიკალური მაგალითები და ეპოქები შემოგვინახა. ზვიად გამსახურდიამ საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღდგენას ჩაუყარა საფუძველი, ედუარდ შევარდნაძემ საერთაშორისო სატრანზიტო პროექტებში ჩართვით ქვეყანას ახალი ფუნქცია შესძინა, მიხეილ სააკაშვილი კი ხანმოკლე რეფორმების შემდეგ, ტიპიურ პროვინციელ დიქტატორად ჩამოყალიბდა, ხოლო მისი ტირანული მმართველობის მძიმე შედეგი უამრავმა ჩვენმა მოქალაქემ იწვნია. ასეა თუ ისე, სამივე პრეზიდენტმა, უარყოფითი თუ დადებითი, მაგრამ გრძელვადიანი და მნიშვნელოვანი კვალი დატოვა ქვეყნის ისტორიაში.
თუკი საკითხს ამ საზომით მივუდგებით, უპრიანია ვიკითხოთ - რა კვალი დატოვეს საქართველოს ისტორიაში ქვეყნის მეოთხე და მეხუთე პრეზიდენტებმა - გიორგი მარგველაშვილმა და სალომე ზურაბიშვილმა? ამაზე საუბარი ჭირს, უფრო ზუსტად, კი, უბრალოდ, შეუძლებელია, მნიშვნელოვანი კვალის არარსებობის გამო.
იმის მიუხედავად, რომ ახალი კონსტიტიციით ქვეყანა საპარლამენტო მმართველობის მოდელზე გადავიდა. ამ ორი პიროვნების პრეზიდენტობის პერიოდში საზოგადოებას არ ახსოვს არც ერთი ღირებული და რეალიზებული ინიციატივა ან იდეა. სამაგიეროდ უხვად ახსოვს მაგალითები, რომლებიც მთლიანობაში შეიძლება დახასიათდეს, როგორც ძალაუფლებით ტკბობა, ნეპოტიზმი, მუქთახორობა და აშკარა მავნებლობა, რაც მათი საპრეზიდენტო ვადის ბოლო წლებში განსაკუთრებით გამოიკვეთა.
რამ გამოიწვია მეოთხე და მეხუთე პრეზიდენტების და, ზოგადად, პრეზიდენტის ინსტიტუტის ასეთი დეგრადირება? ამის მიზეზი არა მხოლოდ საკონსტიტუციო უფლებამოსილებების შეზღუდვაში, არამედ წმინდა პიროვნულ ფაქტორსა და იმ პროცესებსა და მექანიზმებში უნდა ვეძიოთ, რომელთა წყალობითაც მარგველაშვილი და ზურაბიშვილი ქვეყანას პრეზიდენტებად მოევლინენ. დიახ, სწორედაც რომ „მოევლინენ“, რადგანაც მათი გაპრეზიდენტება არ იყო არც მათ მიერ შექმნილი საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროცესების, არც მათი პიროვნული ქარიზმის და პოლიტიკური თუ სოციალური კაპიტალის ლოგიკური შედეგი.
როგორც მარგველაშვილის, ისე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტება თითქმის მთლიანად სხვათა ძალისხმევის ხარჯზე მოხდა. ეს საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის და დეტალების გამეორებით თავს აღარ შევაწყენთ. რა მოტივებიც არ უნდა ყოფილიყო მათი არჩევა/შერჩევის უკან, ეს არცთუ ჯანსაღი პრეცედენტის დამკვიდრება იყო. თუ მარგველაშვილის შემთხვევაში ამ პრეცედენტმა შედარებით უმტკივნეულოდ ჩაიარა, რადგანაც „ნაცმოძრაობაზე“ გამარჯვების ეიფორიამ გადაფარა ეს „წვრილმანი“, სალომე ზურაბიშვილის შემთხვევაში ეს უკვე აღარ განმეორდა. ეს იყო ჩვენი საზოგადოებრივი ცნობიერებისა და კულტურის ძალიან ნიშანდობლივი ინდიკატორი, რომელიც უნდა გაითვალისწინოს ყველამ.
თუმცა, როგორც მარგველაშვილმა ისე ზურაბიშვილმა, როგორც ჩანს, ჩათვალეს, რომ ქვეყნის პრეზიდენტობა მათ ეკუთვნოდათ. თან იმდენად სერიოზულად ჩათვალეს, რომ ეს ჯერ თვითგანდიდების განცდაში გადაეზარდათ, შემდეგ კი საკუთარი თავის დამკვიდრების არცთუ პატიოსან მეთოდების გამოყენებაში.
პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, მარგველაშვილის პირველი ნაბიჯი იყო დემონსტრატიული და ხშირად გამომწვევი დაპირისპირება, იმ გუნდთან და იმ ხალხთან, რომელთა დახმარების გარეშე, ის პრეზიდენტობაზე ვერც კი იოცნებებდა. მარგველაშვილს რომ ოდნავი დოზით მაინც ჰქონოდა ემოციური ინტელექტი (ჩვეულებრივ ინტელექტთან არ აგერიოთ), მას შეეძლო გუნდიდან ისე წამოსვლა, არც საკუთარ პრინციპებთამ მოსულიყო კონფლიქტში და არც საზოგადოებაში არ გაეჩინა ის განწყობები, რაც გააჩინა და საიდანაც დაიწყო მისი პოლიტიკური დაღმასვლა. პრეიზიდენტის რანგში მარგველაშვილმა შეწყალებების რეკორდი მოხსნა, მათ შორის მის სანათესაოს წევრებზე. საზოგადოებას არ ახსოვს მისგან არც ერთი ზოგადეროვნული მნიშვნელობის და აქტუალურ საკითხზე რაიმე ღირებული ინიციატივა. მარგველაშვილის სამივლინებო ხარჯებსა და მათგან მოტანილ სარგებელზე ინფორმაცია არ არსებობს. სამაგიეროდ არსებობს ინფორმაცია, თუ როგორ იყენებდა მარგველაშვილი საერთაშორისო ფორუმებსა და კონტაქტებს „ქართული ოცნების“ გასაშავებლად. მისი პოლიტიკური და მორალური დაცემის კულმინაცია კი სააკაშვილთან და „ნაცმოძრაობასთან“ პოლიტიკური ფლირტის აშკარა გაფორმება გახდა. რაში გადაიზრდება ეს ფლირტი მალე დავინახავთ.
შეიძლება ითქვას, რომ მარგველაშვილისგან სრულიად განსხვავებული ბიოგრაფიის და პოლიტიკური წარსულის მიუხედავად, სალომე ზურაბიშვილმაც პრეზიდენტის რანგში პოლიტიკური დეგრადაციის იგივე გზა გაიარა. დეტალების შეხსენებაც საზოგადოებას არც კი სჭირდება, იმდენად კარგად იცის. თუმცა, ერთ ფაქტზე ღირს შეჩერება - ფართოდ გაპიარებული „ეროვნული თანხმობის“ ინიციატივა. ყველამ ნახა თუ ვისთან იხილავდა ზურაბიშვილი ამ ინიციატივის დეტალებს და სწორედ მოწვეული პირების პერსონალური შემადგენლობა იძლეოდა ფიქრის საფუძველს, რომ პრეზიდენტი მოწყვეტილი იყო ქართულ რეალობებს და საკუთარ მიკრო სამყაროში ცხოვრობდა.
მისი ბოლო მავნებლური გამოხდომა 25 თებერვალს საბჭოთა ოკუპაციის წლისთავზე აქ აკრედიტებული უცხოელი დიპლომატებთან შეხვედრაზე საქართველოს მთავრობის და მისი პოლიტიკის დისკრედიტაციის მორიგი მცდელობა იყო - რაც მთავარია, სრულიად ყალბ პოსტულატებზე აგებული. ბოლო დროს, აქტიურად ვრცელდება რეალობისგან არცთუ შორს მყოფი ინფორმაცია, რომ საპრეზიდენტო ვადის ბოლო წლებში, სალომე ზურაბიშვილის მთავარი საზრუნავი საკუთარი თავისთვის საზღვარგარეთ კარიერული აეროდრომის მომზადებაა, სადაც ის ვადის ამოწურვის შემდეგ წარმატებით დაეშვება.
ახალი კონსტიტუციით, პრეზიდენტი უკვე პარლამენტის მიერ აირჩევა. კარგია ეს თუ ცუდი, ამას მომავალი დაგვანახებს. ხოლო, „მარგველოპათია“ და „სალომეპათია,“ იმედია ჭკუის სასწავლებელ გაკვეთილად დარჩება ჩვენს საზოგადოებას.
ისტორიაში შევა ბოროტ დედაბრად. მოღალატე წინაპრების "ღირსეულ" გამგრძელებლად .