ბადრი ესებუას საქმესთან დაკავშირებით არანაირი მტკიცებულებები არ არსებობს - სახელმწიფო ბადრი ესებუას იმის გამო სჯის, რაც არ ჩაუდენია , - ამის შესახებ ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობისთვის ბრალდებული ბადრი ესებუას ადვოკატებმა ალექსანდრე კობაიძემ და ნიკა მემანიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადეს.
ალექსანდრე კობაიძის განმარტებით, მასალებში არსებობს ე.წ. ოპერატიული ინფორმაცია, რაც არ არის პირდაპირი მტკიცებულება, რის საფუძველზეც შეიძლება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა.
„დაზარალებულთაგან არც ერთი არ საუბრობს ბადრი ესებუაზე. მტკიცებულებების სიმწირიდან გამომდინარე მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფოს მოსაზრებაა, რომ ბადრი ესებუამ ჩაიდინა აღნიშნული დანაშაული. მასალებში არსებობს ე.წ. ოპერატიული ინფორმაცია, რაც არ არის პირდაპირი მტკიცებულება, რის საფუძველზეც შეიძლება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა. არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, ერთადერთი ე.წ. ოპერატორთან ზარია, სადაც ადამიანი ბანკში რეკავს და სესხთან დაკავშირებით საუბრობს. პირდაპირი მტკიცებულება, რომ დავუშვათ ვიღაც ხელს ადებს, ან დნმ - მსგავსი, რამ საქმეში არ არსებობს“, - განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ.