უნდა გაკონტროლდეს თუ არა უცხოური თანხები, რომლებიც საქართველოსნაირ დაუცველ ქვეყანაში შემოდის?
არასამთავრობოები დააფრთხო „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულმა კანონპროექტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ. ნჯო-ების ტერმინოლოგიაში უკვე გაჩნდა შეფასება - „კუდიანებზე ნადირობა“, „რუსეთში დაბრუნება“, მათ ჩათვალეს, რომ „უცხოეთის აგენტის“ სტატუსის შემოღებით ხელისუფლება არასამთავრობოების იზოლირებას და მარგინალიზებას აპირებს. 300-მდე არასამთავრობო და მედიაორგანიზაციამ უკვე გამოხატა პროტესტი ამ კანონპროექტის მიმართ. რეალურად, ქართული კანონპროექტი არ არის პირველი, ამ კანონპროექტს წინ უძღოდა გაცილებით მკაცრი ამერიკული კანონი, თავისი უხისტესი შეზღუდვებით.
ამერიკაში ამ ტიპის კანონი პირველად 1938 წელს ნაცისტური პროპაგანდისთვის ხელის შესაშლელად მიიღეს. მოგვიანებით კანონმა სახეცვლილება განიცადა. ამერიკული კანონი მოითხოვს, რომ უცხოელი ხელმძღვანელების სახელით მოქმედმა პირებმა გაასაჯაროონ ინფორმაცია მათი ურთიერთობის, საქმიანობის, შემოსავლების შესახებ.
რაც შეეხება რუსეთს, უცხოეთის აგენტების სიების შედგენა რუსეთმა ჯერ კიდევ 2012 წელს დაიწყო. რუსეთში უცხოელ აგენტად აღიარებული პირების 18% (ანუ თითქმის ყოველი მეხუთე) სისხლის სამართლის დევნის ქვეშაა. რუსეთში უცხოეთის აგენტის იარლიყს აკრავენ თითქმის ყველას, ვისაც გრანტი აქვს აღებული. აგენტების სპეციალურ რეესტრში შეყვანილ პირებს ეკრძალებათ შს სამინისტროში მუშაობა, მასობრივი ღონისძიებების გამართვა ხელისუფლების ორგანოების შენობებთან, ბავშვების სწავლება, ასევე, სწავლება სახელმწიფო სასწავლო დაწესებულებებში...
მსგავსი კანონი სხვა ქვეყნებშიცაა. ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში დღესაც მოქმედებს ცხელი ხაზი, რომელზეც მოქალაქეები რეკავენ, თუკი გაუჩნდებათ ეჭვი უცხოური ჩარევის შესახებ.
„ხალხის ძალის“ ლიდერი სოზარ სუბარი ამბობს, რომ ქართული კანონპროექტი შერბილებულია და სულაც არ არის ამერიკული კანონივით ხისტი. ამის მიუხედავად, სოზარ სუბარის მიმართ კითხვა უჩნდება ალეკო ელისაშვილს. ელისაშვილი აცხადებს, რომ სოზარ სუბარი საკუთარ ბიოგრაფიას ებრძვის, რადგან სულ უცხოელებისგან იღებდა ხელფასს, ახლა კი თავისი ცხოვრების დიდი ნაწილი ამოაპირქვავა. ამდენად, საინტერესოა, სოზარი როდის დაიჭერს სოზარს.
სოზარ სუბარი ამბობს, რომ ევროკავშირსაც გამზადებული აქვს მსგავსი კანონი, რომელსაც მალე მიიღებენ. სუბარის თქმით, გამჭვირვალე სულაც არ არის საქართველოში მოქმედი არასამთავრობოების საქმიანობა და ბევრი რამ დაფარულია. ამდენად, დონორებისთვისაც საინტერესო იქნება, რაში იხარჯება მათ მიერ ქართველი ნჯო-ებისთვის მიცემული თანხა, ეს იქნება ძლიერი ფანარი, რომელიც გაანათებს არასამთავრობოების ბნელ ზრახვებს, თუკი ასეთი არსებობს.
თავის მხრივ, არასამთავრობოებს აინტერესებთ, რომელია უცხოეთის გავლენის აგენტი - ყინწვისის ანგელოზის ცნობილი ფრესკა, სხალთის ტაძარი, გელათის მონასტერი, ასობით ახალი ავტობუსი, რეგიონებში აშენებული სკოლები, რომელთა განახლება, აღდგენა, აშენება უცხოური დაფინანსებით მოხდა?!
„ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე მიიჩნევს, რომ დაე, რუსეთმა და ამერიკამ გაარკვიონ ერთმანეთში, რომელი კანონი გადმოიღეს საქართველოში, რადგან ორივეგან (რუსეთშიც და ამერიკაშიც) აბსოლუტურად იდენტური კანონი მუშაობს. ფაქტობრივად, ამერიკელების და რუსების კანონს ვერც განვასხვავებთ ერთმანეთისგან.
„ის კანონპროექტი, რომელზეც გვეუბნებიან, რომ საქართველოს ინტერესებსა და ქართულ რეალობაზეა მორგებული, ჯერ არ წამიკითხავს, მაგრამ, როგორც ამბობენ, ეს არის განსხვავებული ქართული კანონპროექტი. არასამთავრობოები გვეუბნებიან, ყინწვისის ფრესკის რეაბილიტაცია უცხოური გრანტებით მოხდაო, თქვენ რა გგონიათ, ვინც ბოროტებას ჩადის, მარტო ბოროტებითაა დაკავებული? სატანაც კი არ იყო ასეთი, ქრისტეს რომ გამოცდას უტარებდა, ათას სიკეთეს ჰპირდებოდა. მარტო ცუდის კეთებით ბოროტება არ გაკეთდება. ეს კანონპროექტი ნჯო-ების დევნად არ მიმაჩნია. ვნახავთ, რა იქნება. მე ვერ გავიგე, რატომ არის შფოთი მანამ, სანამ ჯერ კიდევ არავინ იცის ამ კანონში რა წერია, ჯერ ვნახოთ ეს კანონი და მაშინ ავტეხოთ შფოთი და არეულობა, როცა დავინახავთ, რომ ამ კანონში რაღაც ცუდი წერია“, - აცხადებს ნანა კაკაბაძე ჩვენთან საუბარში.
უფლებადამცველი ფიქრობს, რომ შეშინებულია ის ადამიანი, ვინც წაუკითხავად იძახის, რომ აღნიშნული კანონპროექტი ცუდია. როგორც ჩანს, ასეთ ადამიანებს კუდი ეწვით. თავად ნანა კაკაბაძე არ მალავს, რომ ამ კანონპროექტის ნამდვილად არ ეშინია, მიუხედავად იმისა, რომ 1996 წლიდან 2013 წლამდე გრანტებით ფინანსდებოდა მისი ორგანიზაცია.
„დღესაც სულაც არ მეხამუშება, რომ ჩემი ბიუჯეტი და დაფინანსება იყოს გამჭვირვალე. ეს ჭიქაში ატეხილი ქარიშხალია. როგორც ჩანს, ვიღაცას ძალიან ეშინია რაღაცის და ამიტომ იჭერს თადარიგს“, - განმარტავს ნანა კაკაბაძე.
ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე აღნიშნულ კანონპროექტს უარყოფითად აფასებს. For.ge-სთან საუბრისას ის აცხადებს, რომ ამ კანონპროექტის გატანის შემთხვევაში, საქართველოში დაიწყება ინტელექტუალებზე ნადირობა, ეს არის ავტორიტარიზმის გამოვლინება, რადგან ავტორიტარული ძალაუფლება, პირველ რიგში, ებრძვის სწორედ ინტელექტუალებს, მოაზროვნე ადამიანებს, ასეთ რეჟიმებს სჭირდებათ მასის იოლად მართვა და არ სჭირდებათ განათლებული ადამიანები.
„არასამთავრობოები თუკი უცხოეთიდან დაფინანსებას იღებენ, ამას იღებენ არა აგენტურული საქმიანობისთვის, არამედ იმისთვის, რომ განახორციელონ პროექტები, ტარდება კონფერენციები, ტრენინგები მიზნობრივი ჯგუფებისთვის, გამოიცემა წიგნები. ეს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ემსახურება. თუმცა აქ აქცენტი სხვა რამეზეა, დისკრედიტაცია მიმდინარეობს იმიტომ, რომ აი, ნახეთ, ხალხს როგორ უჭირს, ესენი კი გრანტებს იღებენ და გრანტიჭამიები არიან. ჩემს მიმართაც ხორციელდებოდა ასეთი დისკრედიტაცია ცალკეულ გადაცემებში, რომ ჩვენ გვიჭირს, ის კი თბილად მოწყობილა, არადა, სამი უნივერსიტეტის პროფესორი ვარ, არაფრით არ იტყვიან, რომ ამას ადამიანი საკუთარი შრომით აღწევს, სადოქტოროს იცავს, წიგნებს წერს, ჩემს შემთხვევაში, 30-წლიანი გამოცდილება მაქვს პედაგოგიური მოღვაწეობის, სამწუხაროდ, ეს მასაზე მოქმედებს“, - აცხადებს ნიკა ჩიტაძე.
ანალიტიკოსის აზრით, საქართველოში საეჭვოდ არავინ ფინანსდება, დონორი ორგანიზაციები აქვეყნებენ მონაცემებს, რამდენი პროექტი დაფინანსდა და რა თანხით. უფრო მეტიც, აგენტს სულაც არ სჭირდება არასამთავრობოები, აგენტი ახორციელებს ჯაშუშურ საქმიანობას.
ნიკა ჩიტაძის განმარტებით, ამერიკაში რომ არის კანონი აგენტურული საქმიანობის შესახებ, ეს გასაგებია, რადგან ცივი ომის დროს მიმდინარეობდა კომუნისტური იდეების პროპაგანდა და ამის საწინააღმდეგოდ სჭირდებოდათ შესაბამისი კანონი. დღესაც რუსეთი ეწევა ჯაშუშურ საქმიანობას ამერიკაში, ამიტომ მასზე დაკვირვებაა საჭირო, რომ ანტიდემოკრატიულმა ძალებმა გავრცელება არ ჰპოვონ, საქართველოში კი სულ სხვა ვითარებაა.
„თუ აგენტობაზეა საქმე, რატომ არ იძიებენ, რუსეთი ვის აფინანსებს, არადა, ხომ ვიცით, რომ რუსეთი აფინანსებს საქართველოში გარკვეულ ჯგუფებს, მათ შორის, რადიკალურ ჯგუფებს, ვითომ მართლმადიდებლურ იდეებს რომ გვთავაზობენ. რატომღაც ეს კანონპროექტი მათ წინააღმდეგ არ არის მიმართული, რადგან ეს რადიკალური ჯგუფები ხელისუფლების თამაშს თამაშობენ“, - აცხადებს ანალიტიკოსი.
ამერიკელების ზრახვები თითქმის ღიად გაცხადებულია. აი, თურქეთის და აზერბაიჯანის ენჯეოების მუშაობის მიმართულება - უცნობი და გასაიდუმლოებულია, და ყველაზე საშიში.
საქართველოში მინიმუმ 12 ქვეყანასა ყავს შტირლიციო. და ისინი აქაურ აგენტებით მუშაობენო , ჩამოთვლილი ჰქონდა (მეზარება ძველების გამეორება)
აი სწორედ ის აგენტები ---- ეს ფანდარასტები არიან!!
კანეშნა ....... ვინც ფულს უხდის იმათზე მუშაობენ....
ისე მე მოზამბიკის აგენტად მინდოდა მოვწყობილიყავი, მაგრამ არ მიმიმღეს---ბებერი ხაროოო.....
ჩათლახები........... აგენტობაზე დაჟე მოზამბიკმაც კი დამბრაკა
არადა ამ მოზამბიკს, ნიკარაგუასი არ იყოს, სტუდენტობიდან ვბალეშიკობ.....
გამახსენდა ........... მოზამბიკის საელჩო საქართველოში თურმე არა გვქონია