ორშაბათიდან დაანონსებული აქციები და ანტიკოლაბორაციონისტული საბჭოს შექმნის იდეა - ოპოზიცია „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან გაშვებას გეგმავს. ეს არის პოლიტიკოსების გზავნილი, რომელიც 24 თებერვალს, უკრაინისთვის ომის წლისთავზე სოლიდარობის გამოსახატად მისულ ხალხს ოპოზიციამ შესთავაზა:
„უნდა ჩამოვაყალიბოთ ანტიკოლაბორაციონისტული საბჭო, უნდა გადავდგათ ნაბიჯი, ყველა პროდასავლური პოლიტიკური ძალა უნდა შევიყვანოთ თითო წარმომადგენლით და ყველა პოლიტიკური ძალა უნდა ვაიძულოთ, რომ ნება თქვენი აღასრულონ - ნება ღვთისა, ნება ერისა, აქ არის! უფალი ყოველთვის მაშინ იყო ჩვენ გვერდით, როცა იბრძოდით, ვიბრძოდით მარტოები, ვიბრძოდით ცალად, ერთად, მაგრამ სულ ვიბრძოდით, რამ ჩაგვაჩუმა, ამ საწყლებმა, საკუთარი თავის რომ ეშინიათ, დღეს რომ აწივლდნენ „სლავა უკრაინათი“, აქამდე სიტყვა რომ ვერ დააგდეს, ამათმა? სულ „სლავა უკრაინას“ ძახილით წავლენ აქედან, ეს თქვენი გადასაწყვეტია!
ორშაბათიდან ვიწყებთ პერმანენტულ აქციებს, შევიკრიბებით, ამ საბჭოში შევა ყველა, აქ მყოფი პარტიები, „ნაციონალური მოძრაობა“, შალვა ნათელაშვილი და კიდევ ბევრი, ყველა პარტიას დაველაპარაკებით კიდევ ერთხელ და ვიტყვით - ძალა ერთობაშია! ეს გვაქვს გასაკეთებელი, ჩვენ უნდა დავასრულოთ ეს მონობა, რომელიც აქ არის! აი, მაშინ დავდგებით ღირსეულად უკრაინელების გვერდით, აი, მაშინ ექნება ფასი ჩვენს თანადგომას და სოლიდარობას, თორემ, ახლა „უკუდო ხარი სხვას ბუზებს უგერიებდაო“, ეს არის ჩვენი რეალობა, აი, აქ ვართ ჩვენ დღეს“,-მიმართა აქციაზე მისულ საზოგადოებას აკია ბარბაქაძემ.
ანალიტიკოსები for.ge-სთან ამბობენ, რომ ხალხი რუსთაველზე ნამდვილად ბევრი იყო, მაგრამ არა იმიტომ, რომ მათ პოლიტიკოსებმა დაუძახეს. იქ ხალხი კონკრეტული თემის გარშემო შეიკრიბა, რასაც უკრაინელი ხალხისთვის სოლიდარობის გამოხატვა ჰქვია. ოპოზიციამ კი, როგორც ყოველთვის ხდება, ხალხის დანახვისთანავე პოლიტიკური განცხადებების გაკეთება და ხელისუფლების დამხობის მოწოდებები დაიწყო, რაც ყველაზე დიდი შეცდომაა და ამიტომ ორშაბათს დაგეგმილ აქციაზე ამ რაოდენობის ხალხი აღარ მივა.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე for.ge-სთან ამბობს, რომ უკრაინის მხარდასაჭერად ხალხი რუსთაველის მოედანზე რომ მივიდოდა ეს მოსალოდნელი იყო და ამაში ახალი და გასაკვირი არაფერია. მით უმეტეს ეს იმ პოლიტიკური პარტიების დამსახურება არ არის, რომლებმაც აქცია დააანონსეს.
„ოპოზიცია კიდევ ერთხელ ჩქარობს და კვლავ ნაცნობ შეცდომებს იმეორებს. ერთი წლის წინ, ზუსტად ამ დროს, იგივე სცადეს და შეცდომა დაუშვეს. ხალხი როგორც კი ტრიბუნასთან პოლიტიკოსებს ხედავს, აქცია ნელ-ნელა იშლება. ორშაბათს ხალხი კიდევ რომ გამოიყვანონ, შემდეგ დღეებში უკვე მიილევა. მოსახლეობაში მასობრივი აქციების განწყობა არ არის, მით უმეტეს, როდესაც უკვე ლაპარაკი პარტიულ აქციებზეა. ამიტომ, ისევ და ისევ სიჩქარე, დაუფიქრებლობა... ოპოზიცია როგორც კი შეხედავს, რომ რაიმე თემის გარშემო ხალხი საკუთარ ნებას გამოხატავს და ქუჩაში ბევრ ხალხი გამოვა, მაშინვე სიტუაციის ესკალაციას იწყებს. ხელისუფლების დასრულება ორ დღეში უნდათ, ასეთი განცხადებებით ხელისუფლება კი არ სრულდება, ხელისუფლება ძლიერდება. ხალხი პრობლემის მოგვარებას ქუჩაში ვერ ხედავს. მათ ოპოზიციის მიმართ ნდობა არა აქვთ. ხელისუფლების მიმართ პროტესტი აქვთ, მაგრამ მის ჩამნაცვლებელს ვერ ხედავენ“, - ამბობს ძაბირაძე.
მისივე თქმით, ქართული ოპოზიცია 10 წლის განმავლობაში ვერ მიხვდა შეცდომას სად უშვებს. ვერ მიხვდნენ - ეს ხელისუფლება გადააგდეთ და ჩვენ დაგვაბრუნეთ - არ მუშაობს. ასევე ძაბირაძე ამბობს, რომ ქართველებმა კარგად იციან როგორია რუსებთან პირისპირ შეჯახება. იციან როგორც ომის, ასევე მშვიდობის ფასი. ქართველები იყვნენ პირველები, რომლებიც, ფაქტობრივად, შიშველი ხელებით, ამხელა მონსტრს მარტო დაუპირისპირდნენ. ამიტომ რუსთაველზე გამოსულმა ხალხმა ყველაზე კარგად იცის, რომ სიფრთხილეა საჭირო და თუ კიდევ დაუფიქრებელ გადაწყვეტილებას მიიღებენ, იგივე სიტუაციაში აღმოჩნდებიან, რაც წლების წინ უკვე გაიარეს.
„განცხადება რომ არ გაკეთებულიყო აქციას პოლიტიკოსებიც უერთდებიანო, კიდევ ბევრი ხალხი მივიდოდა. ქართველი ხალხს 30 წლის განმავლობაში, რუსებთან ბრძოლა სრულიად მარტოს უწევდა. ამიტომ ჩვენი ხალხი ფიქრობს, რომ ევროპული მომავლისთვის არავისზე ნაკლებად არ უბრძოლია და რუსთაველზე ამის სათქმელად ყოველთვის გამოვლენ. ახლა როცა გაირკვა, რომ ამ აქციებს სათავეში „ნაციონალური მოძრაობა“ ჩაუდგება, ხალხი ამ აქციებისგან კიდევ უფრო დისტანცირებას მოახდენს. ის ვინც „ოცნებით“ უკმაყოფილოა, მით უმეტეს „ნაციონალური მოძრაობა“ არ უნდა. ხალხი ფიქრობს, თუ ის ქუჩაში იმიტომ უნდა გამოვიდეს, რომ უკან ისევ მერაბიშვილი და კეზერაშვილი დააბრუნოს, მაშინ არ გავა, რადგან ამ ხალხის ხელისუფლებიდან გასაშვებად ისევ ბრძოლა მოუწევს, როგორც ეს 90-იან წლებში მოხდა - ჯერ შევარდნაძე დავაბრუნეთ, მერე ვიბრძოდით, რომ ხელისუფლებიდან მოგვეშორებინა. მოსახლეობა არ არის დარწმუნებული, რომ ოპოზიციის ხელისფლებაში მოსვლით რამე შეიცვლება, გარდა იმისა, რომ ერთს მეორე ჩაანაცვლებს და შეიძლება ამაზე დიდ უბედურებაში მოხვდეს. „ოცნებას“ დავასრულებთო ტყუილია, ამას ვერ შეძლებენ თუ ხალხის ნება არ იქნება. ხალხის ნება კი მაშინ გაჩნდება, თუკი ოპოზიცია უკეთეს შესთავაზებს. როცა ხალხს პოლიტიკოსების არ სჯერა, ვერაფერს უშველის. უბრალოდ, ოპოზიციამ ფიქირი უნდა დაიწყოს ხალხს მათი რატომ არ სჯერა. შეიძლება გჯეროდეს ვანო მერაბიშვილის, რომელიც 9 წელი იმ სისტემის შემქმნელი იყო და რომელმაც არაერთი ოჯახი გააუბედურა და რეპრესიების მსხვერპლი გახადა?! როგორ შეიძლება კეზერაშვილის დაიჯერო, როცა ომის დროს კაცს ჯარის ფულის მოპარვა ბრალდება? ხალხი ამბობს: კი ბატონო, არ ვარგა ივანიშვილი, მაგრამ თქვენ ხომ უარესები ხართ. ესაა მთელი პრობლემა, რომელსაც ვერ ხვდებიან, ან არ უნდათ მიხვდნენ“,-ამბობს ძაბირაძე.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ როგორც ერთი წლის წინ, ახლაც ხალხის აქციებზე მიტყუებას დამალული, კულისებიდან ცდილობს. აბაშიძე for.ge-სთან ფიქრობს, რომ რუსთაველზე ხალხი მივიდა არა პოლიტიკოსების დაძახილზე, არამედ უკრაინელი ხალხისთვის სოლიდარობის გამოსახატად.
„ძალიან მიკვრის, რატომ ჰგონიათ, რომ ხალხს რამე დაავიწყდა, ან ამათი ტყუილების სჯერა? ერთი წლის წინ, ზუსტად იგივე მცდელობა ჰქონდათ. ხალხს დაუძახეს, მოდით, უკრაინას სოლიდარობა გამოვუცხადოთ, რადგან ხელისუფლება ამას არ აკეთებსო. ხალხიც მივიდა, მაგრამ, საბოლოო ჯამში, აღმოჩნდა, რომ ენმ-ს მათი გამოყენება უნდოდა. ნაციონალები სადაც რამდენიმე კაცს დაინახავს შეკრებილ, მაშინვე სახელმწიფო გადატრიალებაზე და რევოლუციურ სცენარებზე ფიქრობს. ვინმეს მართლა სჯერა, რომ აკია ბარბაქაძის განცხადებებზე ხალხი აქციაზე მივა? კაცი, რომელიც დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების, ზვიად გამსახურდიას მთავრობის დამხობაში მონაწილეობას იღებდა, რუსთაველზე საკუთარ ხალხს ზარბაზნიდან ესროდა. ხალხმა მშვიდობის ფასი გაიგო. ერთი წელია უკარინაში ომია და ზუსტად ერთი წელია საქართველოში მშვიდობაა. რუსთაველზე მისული ხალხი ვერ ხვდება ეს ვისი დამსახურებაა? ხალხს არ ახსოვს როგორ ცდილობდნენ ამ ხნის განმავლობაში თუნდაც ეს პოლიტიკოსები ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნას და ომისკენ მოწოდებები ისმოდა?! ამიტომაც ეს აქციები, რომელიც ორშაბათისთვის დააანონსეს, ისევეა განწირული, როგორც ეს ათი წლის განმავლობაში ხდებოდა. ხალხს არ სურს დესტაბილიზაცია, არ სურს ომი და არ აქვს ამ ოპოზიციის ნდობა. ამიტომ კვლავ იგივე ხრიკების გამოყენებით ხალხის მიტყუებას ცდილობენ, რაც არ გამოუვათ“, - ამბობს აბაშიძე.
ამიტომაა, რომ სულ პარლამენტიდან გამოქცევაზე და აქციებზე უჭირავთ თვალი.
აბა, ხაბეიშვილი, ცისკარიშვილი, ბარამიძე და პრინციპში, ყველა ნაცი ლიდერი ხომ დარჩება შემოსავლების გარეშე პარტია როცა გაუქმდება. დემაგოგობის გარდა მაგათ არაფერი შეუძლიათ და ლუკმა-პური რით იშოვონ მერე