უკრაინა -რუსეთის ომის ერთი წლის თავზე ორივე მხრიდან სიუპრიზებს ელიან - „პუტინი ომის დასრულებას არ აპირებს და დროში კიდევ გაწელავს“

უკრაინა -რუსეთის ომის ერთი წლის თავზე ორივე მხრიდან სიუპრიზებს ელიან - „პუტინი ომის დასრულებას არ აპირებს და დროში კიდევ გაწელავს“

რუსეთ-უკრაინის ომიდან 1 წლის თავზე, ფრონტის ხაზზე ბრძოლის მთავარი ეპიცენტრი სამი მიმათულებაა. ანალიტიკოსები for.ge-სთან ამბობენ, რომ ახლა ყველაზე ცხელი წერტილები უგლედარი, ბახმუტი და კურდიმოვკაა. რუსებს ამ ეტაპზე მცირე და პატარა წარმატებები აქვთ და ინიციატივა მათ ხელშია. თუმცა ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ გაზაფხულზე რუსები მაქსიმუმს რასაც შეძლებენ, ბამხუტის აღებაა. ასევე ჩანს, რომ პუტინი ომის დასრულებას მანამდე არ აპირებს, სანამ რაიმე ხელჩასაჭიდს არ დაინახავს, რომელსაც გამარჯებად გაასაღებს.

ამის პარალელურად, რუსეთში შიდა დაპირისპირება ღრმავდება. „ვაგნერის“ ხელმძღვანელ ევგენი პრიგოჟინსა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შორის დაპირისპირება მწვავე ფაზაში გადავიდა. პრიგოჟინი თავდაცვის სამინისტროს მისი მებრძოლებისთვის იარაღის არმიწოდებაში ადანაშაულებს და მათ გარდაცვალებას, ფაქტობრივად, თავდაცვის მინისტრს, სერგეი შოიგუს აბრალებს. პრიგოჟინი პუტინის სამთავრობო გამოსვლაზეც არ მიიწვიეს. ამიტომ ანალიტიკოსებს უჩნდებათ ეჭვი, რომ შესაძლოა, ის თავიდან მოიშორონ.

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის ყოფილი ხელმძღვანელი და გენერალ-მაიორი ვახტან კაპანაძე უკრაინა - რუსეთის ომიდან 1 წელს აფასებს და ამბობს, რომ ამ ეტაპზე რუსეთმა დასახული მიზნის მინიმუმსაც ვერ მიაღწია. თუმცა ფრონტის ხაზზე ტაქტიკური და ოპერატიული ინიციატივა რუსების მხარეს არის. მიუხედავად ამისა, გენერალი for.ge-სთან მიიჩნევს, რომ ეს უფრო თავდაცვაზე გადასვლის წინ მომგებიან პოზიციების დაკავებას ჰგავს.

რააც შეეხება ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებას, გენერალი ამბობს, რომ ამჟამად ფრონტზე სამი ცხელი წერტილია და არსებულ ვითარებაში მაქსიმუმი, რაც შეიძლება ფრონტზე რუსებმა გააკეთონ, ისაა, რომ გაზაფხულამდე ბახმუტი აიღონ. სხვა მეტი წინ სვლის შანის მათ არა აქვთ.

„ფრონტზე სამი ცხელი წერტილია, ეს არის უგლედარი, ბახმუტი და კურდიმოვკა. რუსებს ამ ეტაპზე მცირე პატარა წარმატებები აქვთ და ინიციატივა მათ ხელშია. ცდილობენ, რომ ბახმუტს ფართო ალყა შემოარტყან. ამავე დროს მცდელობა დაიწყეს, რომ მოკლე ალყაც განახორციელონ. მცირეოდენი წინსვლა აქვთ, მაგრამ თუ ამ ტემპებით გააგრძელებენ, რუსეთი გაზაფხულამდე მაქსიმუმ რასაც შეძლებს, ისაა, შეიძლება ბახმუტი აიღონ, მეტს ვერაფერს იზამენ. ჩემი აზრია და არა ერთხელ მითქვამს, გაუგებარია უკრაინა ბახმუტს ასე რატომ ებღაუჭება. სამხედრო თვალსაზრისით არ არის იმ დონის სტრატეგიული ქალაქი, რომ მასზე ამხელა რესურსი იხარჯებოდეს. მე მიმაჩნია, რომ სჯობს ეს რესურსი უკრაინამ სხვა უფრო მნიშვნელოვან ფრონტის ხაზზე გადაანაწილოს, რადგან ბახმუტის სახით არსებობს საფრთხე, რომ მეორე მარიუპოლი მიიღონ“, - განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ.

მისივე თქმით, რუსეთმა ამ ერთი წლის განმავლობაში ვერ შეძლო თავისი გეოპოლიტიკური სტატუსი გაეუმჯობესებინა და სტრატეგიულად დასახულ მიზანს ამ ხნის განმავლობაში ვერ მიაღწია. რუსეთმა ვერ შეძლო თავისი ტერიტორიიდან ნატო დაეშორებინა, პირიქით, იმაზე მეტად დაახლოვა, ვიდრე აქამდე ყოფილა. ასევე გამოჩნდა ის, რომ რუსეთმა თავის გარშემო კოალიციის ჩამოყალიბება ვერ შეძლო.

„ჩინეთი რომ ჩინეთია, ისიც, გარკვეულწილად, მაინც თავს იკავებს. მართალია რაღაცა დონეზე დახმარებას უწევს, მაგრამ როგორც მოკავშირე, ჩინეთი რუსეთს არ დაუდგა. ასეთი ალიანსის წინააღმდეგ ბრძოლა, როგორიც ნატოა და სხვა ევროპული ქვეყნებია, ძალიან რთულია. რუსეთი ომის დროში გაწელვას შეეცდება, რადგან პუტინს, უბრალოდ, სხვა გზა არა აქვს.

ის ომის დამთავრებას მხოლოდ მაშინ გადაწყვეტს, როცა რაღაცა ხელშესახებს, თავისი მოსახლეობისთვის მისაყიდს რაღაცას დაინახავს. მანამდე მისთვის ომის წაგება და ამის აღიარება, განაჩენის ტოლფასია. მან ეს კარგად იცის. მისი სიტყვით გამოსვლისას სწორედ ეს ჩანდა. ის აპირებს ომის გაგრძელებას. თუმცა საგულისხმო აქ ის იყო, რომ მას ფრონტის ხაზზე რაიმე წარმატებაზე არ უსაუბრია. მხოლოდ ზოგადი საუბრით შემოიფარგლა. ბაიდენის კიევში ჩასვლა სწორედ ამის პასუხი იყო. პუტინს უთხრეს, რომ კიევი დგას, დასავლეთი და ამერიკა დგას არავინ დაღლას და არსად წასვლას არ აპირებს“, - ამბობს კაპანაძე.

მისივე თქმით, თუ გაჭიანურდება ომი, მაშინ დასავლეთიც დახმარებას გააგრძელებს. კაპანაძე ამბობს, რომ არავინ იცის კარს მიღმა ბაიდენსა და ზელენსკს შორის რა სახის და შინაარსის საუბარი შედგა. გენერალი ამბობს, რომ ბაიდენმა ზელენსკის ურჩია, რომ რუსეთს პოზიციონალურ ომში არ აჰყვეს, ძალები დაზოგოს და კონტრშეტევისთვის მოემზადოს.

„დღეს თუ ხვალ დადგება მომენტი, როცა უკრაინა დასავლეთისგან დახმარებას მიიღეებს. თვითმფრინავების და აღჭურვილობის მიღებამ რაღაცა მნიშვნელოვანი ცვლილებები უნდა შეიტანოს. პუტინი ყველაფერს იყენებს, რისი საშუალებაც გააჩნია. რუსეთს ჯერ კიდევ აქვს რესურსი ეს დაპირისპირება გააგრძელოს და ომი დროში გააჭიანუროს. უკრაინას ამიტომ სჭირდება, არა მარტო ის ახალი სისტემები, არამედ შეიარაღების ახალი სისტემების დიდი მარაგი. ამიტომ დასავლეთი უნდა ჩამოყალიბდეს, როგორ უნდა დასრულდეს ეს დაპირისპირება. უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდების მხრივ მაინც სიფრთხილეს იყენებს. მეორე არის ის, რომ ნებისმიერ ქვეყანას თავისი თავდაცვითი მინიმალური ზღვარი გააჩნია, რომლის ქვემოთაც არ უნდა ჩამოვიდეს. ნუ დაგვავიწყდება, ცივი ომის შემდეგ ბევრმა ქვეყანამ ტექნიკის წარმოება შეამცირა. ამიტომ ამ სამხედრო პოტენციალის ისევ ამოქოქვა უწევთ“, - ამბობს კაპანაძე.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია კი აცხადებს, რომ ომის დაწყების წლისთავთან დაკავშირებით ორივე მხარისგან რაღაც მნიშვნელოვანია მოსალოდნელი. მაისაია for.ge-სთან ამბობს, რომ ფრონტზე ჯერჯერობით არაფერი შეცვლილა, პოზიციური ბრძოლები მიდის და არც ერთ მხარეზე სერიოზული გარდაქმნები არ შეინიშნება. თუმცა ის არ გამორიცხავს, რომ 24 თებერვლისთვის „სიურპრიზები“ როგორც ერთი, ისე მეორე მხრიდან იყოს.

„ახლა ფრონტის ხაზზე რეალურად რაიმე ახალი არ ხდება. ორივე მხარე ბრძოლას ბახმუტისთვის ისევ განაგრძობს და ერთი სიახლე ისაა, რომ უკრაინელებმა მარიუპოლს შორსმსროლელი რაკეტიდან ესროლეს, რომლის დაფარვის მანძილი 150-კმ-ია. ამიტომ გაჩნდა ვარაუდი, რომ დასავლეთმა უკრაინას ეს შეიარაღება ზესაიდუმლოდ გადასცა. სხვაგვარად უკრაინა მარიუპოლზე ასეთ თავდასხმას „ჰაიმარსით“ ვერ შეძლებდა. რაც შეეხება რუსეთში განვითარებულ მოვლენებს და პრიგოჟინის განცხადებებს, ეს შიდა დაპირისპირებები ფრონტზე აუცილებლად აისახება, თუმცა კრემლი სიტუაციას ჯერჯერობით აკონტროლებს. როგორც ვხედავთ, პრიგოჟინი შოიგუს ურტყამს და მის წინააღმდეგ ნამდვილი ომი აქვს გამოცხადებული.

 აღსანიშნავია ისიც, რომ ფედერალური სათათბიროს წინაშე გამოსვლისას პუტინმა „ვაგნერი“ არ ახსენა, მაგრამ, რა თქმა უნდა, იგულისხმა. არ მგონია პრიგოჟინი ასე ადვილად მოიშორონ, რადგან მის დაჯგუფებას თავისი ამოცანა და მისია აქვს. თავად პრიგოჟინიც ასეთი ხელწამოსაკრავი ფიგურა არაა. „ვაგნერის“ დაფინანსება მილიარდებს აღწევს. პუტინმა პრიგოჟინს შესთავაზა დაქირავებული მებრძოლების სარდალი კადიროვი გახდეს. ალბათ, ეჭვები შიდა კორუფციაზე არსებობს. პრიგოჟინი კრემლში პუტინის გამოსვლაზე არ მიიწვიეს, მაგრამ ე.წ. სპეცოპერაციის რეალიზაციის 60% მაინც „ვაგნერზე“ მოდის“, დიდი წყალი აქვს პირგოჟინს შედგმული, მაგრამ მაინც არ მგონია ამ ეტაპზე მისი მოშორება შეძლონ“, - განაცხადა მაისაიამ.