„ხალხის ძალის“ მიერ წარმოდგენილი კანონპროექტის შემდეგ, მმართველი გუნდი ჯაშუშებზე ღიად ალაპარაკდა. „ქართული ოცნების“ თავჯდომარეის განცხადებით, ვანო მერაბიშვილს, როდესაც შს მინისტრი იყო და კუდ-იც მას ექვემდებარებოდა, გადაბირებული ყავდა კონკრეტული ადამიანები, კერძოდ - ეკა ბესელია, გია ხუხაშვილი და კახა ოქრიაშვილი, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ისინი ოპოზიციონრები იყვნენ. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ჯაშუშები არიან ქართულ პოლიტიკაში, მმართველ გუნდშიც იყვნენ თავის დროზე, ასევე იყვნენ ჯაშუშის ჯაშუშები, აგენტის აგენტები.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ნებისმიერ დიდ სახელმწიფოს აქვს ინტერესი, რომ პატარა სახელმწიფოში გარკვეული ტიპის ინტერვენცია განახორციელოს და, რა თქმა უნდა, ეს მათ შორის ხორციელდება ჯაშუშების მეშვეობით. მისი თქმით, მმართველი გუნდის მთავარი მიღწევაა, რომ დღეს გუნდი არის აბსოლუტურად გაწმენდილი აგენტებისგან და ჯაშუშებისგან.
„ეს რომ ასე არ ყოფილიყო, ამ ორ წელს ჩვენ, უბრალოდ, ვერ გადავიტანდით. მარტო ინფორმაციის გატანაზე არ იყო საუბარი, მათ ძალიან მძიმე როლი შეასრულეს სხვადასხვა ეტაპზე და მძიმედ დააზიანეს სხვადასხვა დროს ჩვენი გუნდი, მაგრამ ჩვენ ყოველ ჯერზე მოვახერხეთ ამ პრობლემებიდან სათანადოდ გამოსვლა. კონკრეტული გვარებიც შემიძლია გითხრათ, ოღონდ, არა ჯაშუშების, არამედ არაპირდაპირი, ირიბი აგენტების.
მაგალითად, თავის დროზე კონკრეტულად ვანო მერაბიშვილს, როცა ის შს მინისტრი იყო და კუდ-იც მას ექვემდებარებოდა, გადაბირებული ყავდა კონკრეტული ადამიანები, როდესაც ისინი ჯერ კიდევ ოპოზიციონრები იყვნენ. შემდეგ ეს ადამიანები გახდნენ „ქართული ოცნების“ მოძრაობის წევრები. ხშირად გუნდმა იცოდა კიდეც, რომ ისინი იყვნენ მართული. მაგალითად, ავიღოთ გია ხუხაშვილი. დღემდე რაღაც ბოღმას ანთხევს ხოლმე, არის „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი.
ვისაც უნდა სცოდნოდა, იმან იცოდა, საიდან იყო მართული, რაღაც მომენტიდან, ყოველ შემთხვევაში. ის 2013 წელს, მალევე გუნდიდან გაუშვეს. მთავარი მიზეზი საბოლო ჯამში იყო ის, რომ იყო მართული, ვერც გამოსწორდა, როგორ შეიძლება აგენტი გამოსწორდეს. გარდა ამისა, ჩაერთო მძიმე საქმიანობაში. მოგვიანებით საინტერესო „ქეისი“ იყო ასევე ეკა ბესელია. იყო გარკვეული პროცესები, სადაც მან ძალიან მძიმე როლი შეასრულა. აქაც ინფორმაცია ვისაც უნდა სცოდნოდა, რეალურად იცოდა. ეს დიდი ხნის განმავლობაში ვიცოდით. მან თავი გამოავლინა განსაკუთრებით 2018-2019 წლებში, 2019 წლიდან გუნდში აღარც იყო და სხვადასხვა კუთხით გამოავლინა თავი. ასევე კახა ოქრიაშვილი, დღეს უკვე ღიად არის დაკავშირებული ვანო მერაბიშვილთან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, ძალიან ბევრი აგენტი იყო წინა ხელისუფლებაში და რაღაც პერიოდის განმავლობაში ისინი კომფორტულად იყვნენ, დიდ ფულს შოულობდნენ, ხალხს ძარცვავდნენ, ადამიანებს აწამებდნენ და ამისგან სიამოვნებას იღებდნენ, მაგრამ, საბოლოო ჯამში, მათაც ძალიან ცუდად დაამთავრეს. როგორც კობახიძე აცხადებს, დღესაც არიან ადამიანები, რომლებიც ეწევიან ჯაშუშურ საქმიანობას და მათი ხვედრიც ძალიან მძიმეა, რომელთაც, საბოლოო ჯამში, უწევთ ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რომელიც მათ უკვე ძალიან დიდ მორალურ დისკომფორტს უქმნის.
ირაკლი კობახიძის ამ სკანდალურ ბრალდებას სოციალური ქსელით უპასუხეს ჯაშუშობაში მხილებულებმა. პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერი, ეკა ბესელია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს გავრილოვის შიკრიკს უწოდებს და აცხადებს, რომ კობახიძე ქვეყანაში რუსული დღის წესრიგი გამტარებელია.
„ირაკლი კობახიძის ჯანმრთელობის შესამოწმებლად ექსპერტიზის ხარჯებს ვანაზღაურებ, რაც შეიძლება სწრაფად რომ ჩაუტარდეს. პარლამენტი ხომ გადაწვა ამ გავრილოვის შიკრიკმა და ახლა ქვეყანას მიადგა რუსული დღის წესრიგით, მარია ზახაროვას ასისტენტობა შეითავსა! საბრალოა ეს პოლიტიკური ზომბი და მართლა მებრალება, ქვეყანას რომ არ მტრობდეს“, - წერს ეკა ბესელია.
კობახიძის ბრალდებებს სოციალური ქსელით პასუხობს ექსპერტი გია ხუხაშვილი, რომლის განცხადებით, ახლა სააკაშვილის კი არა, კობახიძის ჯანმრთელობაა მთავარი საზრუნავი.
„ახლა გადავხედე კობახიძის გუშინდელ განცხადებებს ჯაშუშებზე და აგენტებზე. ასეთი დასკვნა გავაკეთე - ახლა სააკაშვილის კი არა, კობახიძის ჯანმრთელობაა მთავარი საზრუნავი. თუ ვინმე აქციებს აპირებს, მთავარი მოთხოვნა სწორედ ეს უნდა იყოს“, - წერს გია ხუხაშვილი.
ბრალდებას უმძიმესს უწოდებს „ლელოს“ დეპუტატი დავით უსუფაშვილი და აცხადებს, რომ კობახიძეებს არ აქვთ საკუთარ ტყავზე გამოცდილი ის ვითარება, რაც აგენტომანიამ მოიტანა ამ ქვეყანაში. მისი თქმით, 1991-92 წლების ის საშინელი კონფლიქტი სწორედ ასეთი იარლიყების მიწებებამ მოიტანა. როგორც უსუფაშვილი ამბობს, უპასუხისმგებლობის მწვერვალია ასე ლაპარაკი და აგენტომანიის ბაცილის გაღვივება.
„უპასუხისმგებლობაში „ქართულ ოცნებას“ არ ავყვებით. კობახიძეებს არ აქვთ საკუთარ ტყავზე გამოცდილი ის ვითარება, რაც სწორედ ამ აგენტომანიამ მოიტანა ამ ქვეყანაში. 1991-92 წლების ის საშინელი კონფლიქტი მოიტანა სწორედ ასეთი იარლიყების მიწებებამ. საბედნიეროდ, ქართული საზოგადოება ახლა უფრო ყოჩაღები ვართ და არ ავყვებით უპასუხისმგებლო, ქვეყნის და საზოგადოების დამანგრეველი განცხადებებით გამორჩეულ პოლიტიკოსებს.
ამათ რომ ავყვეთ, აქ უბედურება დატრიალდება, რადგან უპასუხისმგებლობის მწვერვალია ასე ლაპარაკი და აგენტომანიის ბაცილის გაღვივება, რამაც წინა საუკუნის 30-იან წლებში და 90-იანი წლების დასაწყისში უბედურება მოიტანა ქართველი ხალხისთვის, მაგრამ ამათ საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის არაფერი წმინდა არ გააჩნია“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
ექსპერტის უსაფრთხოების საკითხებში დავით კუხალაშვილის განცხადებით, ირაკლი კობახიძე არის მაღალი დონის იურისტი, კარგად იცის როგორც საქართველოს კონსტიტუცია, ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი და უნდა იცოდეს, რომ როდესაც ასეთი ინფორმაცია ჟღერდება, მაშინ ხდება გარკვეული სახის დაზუსტება, რომ საზოგადეობაში არ დაინერგოს შიში და პანიკა, რომ გარკვეული არასწორი ინფორმაცია არ მიეწოდოს საზოგადოებას.
„ღია ეთერში გაიშიფრა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშანი. პრაქტიკულად, ღია წყაროში დაფიქრსირებულია ინფორმაცია, რომელიც სახელწიფოს უნდა ჰქონდეს მაღალი საუდუმლოების გრიფის ქვეშ დაცული. თუ ეს ინფორმაცია რეალობას შეესაბამება, მაშინ დარღვეულია კანონი და სისხლის სამართლის საქმე არის აღსაძვრელი“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას დავით კუხალაშვილი.
პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძეს უკვირს რა გაუჭირდა ხელისუფლებას ისეთი, რომ წამოწია ჯაშუშების თემა. მისი თქმით, სანიტერესოა ისიც, რომ უმრავლესობა „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტის კომენტირებისას აცხადებს, რომ სიტყვა „აგენტი“ გამოყენებულია სხვა კონტექსტში და ამ დროს ლაპარაკობენ ჯაშუშებზე.
„თუ ჯაშუშებზე ლაპარაკობ ე.ი. აგენტში გულისხმობ იმას, რაც მთელმა საზოგადოებამ იგულისხმა. ამიტომ გაუგებარია რას აკეთებენ ამ მხრივ. მე მგონია, რომ თვითონაც არ არიან გარკვეული იმ ნაბიჯებში, რასაც დგამენ. იმის იმედი მაქვს, რომ ისევ როგორც ბევრ სხვა საკითხში, ამ საკითხსაც ხელისუფლება ვერ მოაბამს თავს და რომც ვიღაცას დაარქვას აგენტი, ან ჯაშუში, მერე მასთან ურთიერთობის შემზღუდავ ნაბიჯებს ვერ გადადგამს და ამდენად, იმედი მაქვს, რომ ამ კანონს არ ექნება თავისი უარყოფითი შედეგები.
კობახიძის განცხადებიდან მიჩნდება ლოგიკური კითხვა - თუკი ამდენი ჯაშუშია ირგვლივ, რატომ არავინ არ იქნა გამოვლენილი, ან დაკავებული მთელი ამ წლების განმავლობაში? ამერიკის მაგალითი მოაქვთ ხოლმე ახლა ამ კანონის საპირწონედ და ამერიკის შემთხვევაში იყო ნაციზმის პირდაპირი საფრთხე და ის, რომ ნაციზმი სახიფათო იყო, აგერ ისტორიამ აჩვენა. ამ შემთხვევაში არ ჩანს ასეთი ხიფათის მატარებელი რაიმე. ამიტომ სრულიად გაუგებარია, რატომ წამოწიეს ეს საკითხი და რატომ დაიწყეს ახლა საუბარი ჯაშუშებზე“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, რომ საქართველოში არ ყოფილა არც ერთი ხელისუფალი, რომელსაც ეს თემა - ჯაშუში არ გამოეყენებინა. საბჭოთა სისტემიდან მოყოლებული მუდმივად მიდის ლაპარაკი აგენტებზე, ჯაშუშებზე, რითაც ამართლებდნენ რეპრესიებს, რომელიც ქვეყანაში იყო.
„რეპრესია უნდა გაამართლო იმით, რომ ჯაშუშია. თუ ჯაშუშია იმას რაღა სასამართლო სჭირდება და ეს არის მთელი იდეოლოგია. საბჭოთა ხელისუფლება ამას იყენებდა დისიდენტების წინააღმდეგ. შემდეგ უკვე ეროვნულ მოძრაობაში გადმოვიდა ეს ტრადიცია და იქ უკვე „კაგებეს“ და „სუკის“ აგენტები იყვნენ, მერე წამოვიდა რუსეთის აგენტები და ვერ დამისახელებთ ვერც ერთ ხელისუფლებას, რომლის დროსაც ეს აგენტომანია არ ყოფილა.
2007-2008 წლებში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სია გააკეთა გამყივდელების, ვინ იყვნენ რუსეთის ჯაშუშები და როგორ უნდა შემოეყვანათ აქ რუსული ტანკები და ა.შ. ვიცით, რამდენი ადამიანი დააკავეს ამ ბრალდებით მაშინ. ეს სამწუხარო რეალობა გრძელდება დღესაც და ახლა კობახიძე ლაპარაკობს ჯაშუშებზე. ირაკლიმ შეიძლება არ იცის 1991-92 წლებში რა ხდებოდა და როგორ, მაგრამ მშვენივრად იცის მამამისმა. ბოლო-ბოლო მამისთვის უნდა ეკითხა. მაგრამ პრობლემა ის არის, რომ აგენტომანიის თემა ეროვნული მოძრაობის დროიდან დაიწყო და მოგვდევს დღემდე“, - აცხადებს ძაბირაძე.
კითხვაზე, რატომ აკეთებენ ამას ხელისუფლებები, პასუხუხობს, რომ ჯერ ხდება ადამიანის დისკრედიტირება, შედეგ, როგორც წესი, იწყება შეზღუდვების დაწესება და პირის რეპრესირება.
„როდესაც ხელისუფლებას მეტი გზა არ აქვს თავის გასამართლებლად და სხვა არგუმენტი არ აქვს იმისთვის, რომ რატომ აკეთებს იმას, რასაც აკეთებს, ასეთ შემთხვევაში შემოდის უკვე ჯაშუშების თემა. თუ საქართველოში არიან ჯაშუშები, ამის შესახებ კობახიძე ჩვენ რატომ გველაპარაკება? მმართველი პარტიის თავმჯდომარეა, ფაქტობრივად მან უნდა განსაზღვროს პარლამენტთან ერთად ვინ იქნება მთავრობაში, ვინ იქნება უშიშროების მინისტრი და ა.შ. ამოიღოს ეს ფაქტები და დადოს, თუკი არსებობს ასეთი ფაქტები. რა უშლის ხელს?
მაგრამ როგორც ჯაშუშობაზე იწყება ლაპარაკი, მერე სრულდება ხელისუფლებაც. ის ხალხი, ვისაც ხელისუფლება ჯაშუშებად მოიხსენიებდა მოდის ხელისუფლებაში და მერე ისინი ეძებენ ახალ ჯაშუშებს უკვე ოპოზიციაში. ამ რეალობაში გვიწევს ცხოვრება ბოლო 30 წელია და ამ რეალობასთან გვაქვს საქმე ამ შემთხვევაში“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძემ.