მიხეილ სააკაშვილი „ვივამედის“ ექიმებს ულტიმატუმს უყენებს - რეკომენდაციებს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეასრულებს თუ იქნება თავისუფალი. საგანგებოდ გამართულ პრესკონფერენციაზე „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ განაცხადა, რომ სააკაშვილს აქვს სრულიად შეუგუებლობა იმ პირობებისადმი, რაშიც იმყოფება. მისი თქმით, ნებისმიერი პატიმრის მიზანი არის თავისუფლების მოპოვება, მაგრამ ვერ დაუშვებენ, ეს მოხდეს კლინიკის ავტორიტეტის და ექიმების კომპრომეტირების ხარჯზე. ჩხაიძე სახალხო დამცველის კონსილიუმს მეტი თანამშრომლობისკენ მოუწოდებს.
„არც პირველ, არც ბოლო შემთხვევაში მსგავსი არაფერი ყოფილა, არც ანალიზები ყოფილა ნანახი, არც კვლევის შედეგები და სხვა ინსტრუმენტალური კვლევის შედეგები. უბრალოდ, განცხადებების კეთება კლინიკის კიბეებზე და რაღაც ახალი დიაგნოზები, კუჭის პარეზი ახსენეს, მგონი, რის საფუძველზე, როდესაც კვლევის შედეგი არ არის ნანახი. კუჭის პერისტალტიკა შენარჩუნებულია, ეს დადასტურებულია ფიბროგასტროსკოპიული საშუალებითაც. ჩვენ ვისურვებდით მათთან მეტ თანამშრომლობას, რომ დაინტერესდნენ კვლევის შედეგებით და მოისმინონ ჩვენი აზრიც“, - განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.
რაც შეეხება კითხვას, იქნება თუ არა კლინიკის რეკომენდაცია მიხეილ სააკაშვილის „ვივამედიდან“ გადაყვანა, ჩხაიძის განცხადებით, ამ მიმართულებით ვერანაირ რეკომენდაციას ვერ გასცემენ.
„მესმის პაციენტის მდგომარეობა და ნებისმიერი პატიმრის მიზანი არის თავისუფლების მოპოვება, იგივე ადვოკატების მიმართულებაც, მათი ხაზიც, მაგრამ მინდა, კატეგორიულად აღვნიშნო, რომ ვერ დავუშვებთ, ეს მოხდეს კლინიკის ავტორიტეტის, ჩვენი ექიმების, პროფესიონალების კომპრომეტირების ხარჯზე. არ დავუშვებთ, რომ მოხდეს ამ ადამიანების, მათი პროფესიონალიზმის კომპრომეტირება.
რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა პაციენტის ბედი გვაწუხებს, ამ შემთხვევაშიც ძალიან გვაწუხებს პაციენტის ახლანდელი მდგომარეობა და მისი მომავალი ბედი, მაგრამ მიზანი, რაც აქვთ, ამ შემთხვევაში პაციენტს, რომ ეს მოხდეს კლინიკის ავტორიტეტის ხარჯზე, არც ერთ ვარიანტში ჩვენ ამას არ დავუშვებთ“, - განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.
რაც შეეხება ოჯახის და ადვოკატის განცხადებას, რომ სააკაშვილი წონაში სწორედ ავადმყოფობის მიზეზით იკლებს, არ ადასტურებს ენდოკრინოლოგი სოფო მებუკე, რომლის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის წონაში კლება ენდოკრინოლოგიური კუთხით გამოირიცხა და მადის დაქვეითება ფსიქოემოციურ ფონზეა განვითარებული. მისი თქმით, სააკაშვილი დღემდე აგრძელებს თავისი სურვილისამებრ შერჩეული საკვები პროდუქტებით კვებას.
„თითქმის ცხრათვე-ნახევარი სრულდება, რაც პაციენტი ჩვენთან იმყოფება და ხაზგასმით მინდა, აღვნიშნო, ფაქტობრივად, ყოველდღიურად ენერგეტიკული ბალანსი არის უარყოფით რეჟიმში, რაც ნიშნავს, რომ პაციენტი იღებს დაახლოებით მესამედ ან მეოთხედ კალორაჟს, ვიდრე მას ესაჭიროება. ოჯახის მიერ მოტანილი საკვებიდან დაახლოებით 600 კალორიამდეა (ზოგჯერ მესამედიც), რასაც ის იღებს, მაგრამ არა იმას, რასაც ჩვენ ვთავაზობთ.
არის, ფაქტობრივად, ყოველდღიური მცდელობა დარწმუნების, რომ პაციენტი თავად მივიდეს გადაწყვეტილებამდე, დაგვთანხმდეს იმ სახის კვებაზე, რომელიც მას ამ ჩიხიდან გამოიყვანს, გააუმჯობესებს მის მდგომარებას, რაც გამოწვია წონის კლებამ. პაციენტის და ჩვენი მხრიდან უნდა იყოს ურთიერთშეთანხმებული, საერთო ინტერესი, რომელსაც ექნება ერთადერთი მიზანი - პაციენტის გამოჯანმრთელება და კარგად ყოფნა“, - განაცხადა სოფო მებუკემ.
„ვივამედის“ კლინიკის წარმომადგენლების განცხადებას, სოციალური ქსელით გამოეხმაურა მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი და ამბობს, რომ იმყოფება მისი მკვლელობის სპეცოპერაციის დამასრულებელ ეტაპზე და ამაში მონაწილეობენ პარლამენტარები, ჟურნალისტები, ახლა უკვე კლინიკა. როგორც სააკაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს, კლინიკა „ვივამედში“ უარი თქვეს მისი მთავარი დაავადებების მკურნალობაზე, კერძოდ, მძიმე მეტალებით მოწამვლის, ანორექსიის და კახექსიის მკურნალობაზე.
„კლინიკა „ვივამედის“ ექიმების პრესკონფერენციაში სიმართლე მარტო ის იყო, რომ ჩემი სიტუაცია მძიმეა და სწრაფად უარესდება და, რომ, პრაქტიკულად, კლინიკა ვერაფერს აკეთებს. დანარჩენი ყველაფერი იყო ტყუილი. ამ კლინიკაში უარი თქვეს ჩემი მთავარი დაავადებების მკურნალობაზე. კერძოდ, მძიმე მეტალებით მოწამვლის, ანორექსიის და კახექსიის მკურნალობაზე.
არავის ისე არ სურს სიცოცხლე, როგორც მე! მინდა მოვესწრო უკრაინის გამარჯვებას, რაც ხელის გაწვდენაზეა და ყველა პუტინისტის აღსასრულს. მინდა მივმართო ოლიგარქის გოშიას, 1 მილიონი კი არა 1 თეთრი არ წამიღია საქართველოდან და სადმე ამდენი ფული რომ მქონდეს, ბოლო მიწის ნაკვეთს არ გავყიდიდით ადვოკატების ხარჯებისთვის დასაფარად.
სიმართლე არის ერთი, ყველაფერი ეს ჯდება მარია ზახაროვას განცხადების კონტექსტში. ჩვენ ვიმყოფებით ჩემი მკვლელობის სპეცოპერაციის დამასრულებელ ეტაპზე და ამაში მონაწილეობენ ყველა, „პარლამენტარები“, „ჟუნალისტები“, ახლა უკვე კლინიკა. მოვუწოდებ საქართველოს და მსოფლიოს, არ მისცენ ამ დანაშაულებრივ კორპორაციას თავისი ბოროტი ზრახვების აღსრულების უფლება“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.
მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე ამბობს, რომ კლინიკა „ვივამედი“ თავდაცვის რეჟიმში გადავიდა და მომაკვდავი სააკაშვილის სულიერი და მორალური განადგურებისთვის ყველაფერს აკეთებენ. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის ფიზიკური განადგურება უკვე სახეზეა.
„ზურა ჩხაიძემ განაცხადა, რომ არაფრით არ დაუშვებს კლინიკის რეპუტაციისა და იმიჯის შელახვას. რას ემსახურებოდა დღევანდელი ბრიფინგი? კლინიკა „ვივამედი“ თავდაცვის რეჟიმში გადავიდა! სად არის აქ პაციენტის ინტერესები და უფლებები? ხვდებით ვის ხელშია სააკაშვილის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება? ისედაც მომაკვდავ მდგომარეობაში მყოფი სააკაშვილის სულიერი და მორალური განადგურებისთვის ყველაფერს აკეთებენ. ფიზიკური განადგურება უკვე სახეზეა!
მივმართავ საერთაშორისო ორგანიზაციებს, ყველა წამყვანი ქვეყნების ლიდერებს, ვისთვისაც ადამიანის სიცოცხლის უფლება ფუნდამენტური ღირებულებაა - მოუწოდეთ გამოცხადებულ ჯალათებს, ვინც ამ გამოცხადებულ სიკვდილის ქრონიკაში მონაწილეობას იღებს, შეაჩერონ ეს მარაზმი და მისცენ ადამიანს სიცოცხლის უფლება! საქართველოს კონსტიტუციით „ადამიანის სიცოცხლე დაცულია. სიკვდილით დასჯა აკრძალულია!“ - აცხადებს შალვა ხაჭაპურიძე.
კლინიკა „ვივამედის“ ექიმების განცხადებას საგანგებო ბრიფინგით გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონული შტაბების ხელმძღვანელი, გიორგი ჩალაძე, რომლის განცხადებით, სააკაშვილის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა სრულად ხელისუფლებას ეკისრება.
„მინდა მოვუწოდო ყველას, ნუ სპეკულირებთ ბატონი სააკაშვილის სიცოცხლითა და მისი ჯანმრთელობით. „პირდაპირ პასუხისმგებლობის მოხსნა ხდება პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობის და მისი სასიკვდილო განაჩენის შესახებ. მინდა „ქართულ ოცნებას“ ვუთხრა, დღევანდელი განცხადებები არაფერია, თუ არა მცდელობა, სახელმწიფომ მოიხსნას პასუხისმგებლობა იმ რთულ მდგომარეობაზე, რომელიც გააჩნია. მესამედ გაკეთდა განცხადება, რომ კლინიკა მეტს ვერაფერს გააკეთებს და ეს არის მაქსიმუმი, რისი გაკეთებაც მათ შეუძლიათ. ქართულმა მედიცინამ მისი რესურსი ამოწურა და ყველაზე მნიშვნელოვანი, პასუხისმგებლობის გადატანა ბატონი სააკაშვილის მიმართ, ეს არის სირცხვილი და არ გამოდგება სასამართლოში, არც უცხოურ სასამართლოში. ყველამ კარგად უნდა იცოდეს, მიუხედავად ყველანაირი განცხადებებისა, მიუხედავად იმ უბადრუკი, შეურაცხმყოფელი და დამცინავი მდგომარეობისა, რომელიც დღეს საქართველოში არის, პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს, ჩვენს ქვეყანას და მოქმედ ხელისუფლებას“, - განაცხადა გიორგი ჩალაძემ.
სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე უსაუბრა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, რომლის განცხადებით, ეს არის კორუმპირებული, ღირსებისგან დაცლილი ოჯახი და არ არის გასაკვირი, რომ საკუთარ შვილთან და ძმასთან არ მიაქვთ სათანადო კალორაჟის საკვები. მისივე თქმით, 500 დღეზე მეტია აბსურდში ვცხოვრობთ, 500 დღეზე მეტია ამტკიცებენ, რომ კვდება და კიდევ 5000 დღე შეიძლება გაგრძელდეს ეს აბსურდი.
კითხვაზე - მართლაც რომ დადგეს მსგავსი შედეგი, ვისზე იქნება პასუხისმგებლობა? - კობახიძე აცხადებს, რომ თვითდაზიანებაზე პასუხისმგებელია მხოლოდ ის, ვინც ამას ახორციელებს. კობახიძემ ამის მაგალითად ბელგიის ციხეში 3-კვირიანი შიმშილობის შემდეგ ქართველი პატიმრის გარდაცვალების ფაქტი დაასახელა და აღნიშნა, რომ ესეც იყო თვითდაზიანება.
„გასაგებია, რომ სააკაშვილს აქვს პოლიტიკური ინტერესი, დაიკლოს წონაში, ეს არის მისთვის ინსტრუმენტი, რომ მისმა პატრონებმა ისაუბრონ მის გათავისუფლებასთან დაკავშირებით, მაგრამ როცა მისივე ოჯახი ახორციელებს ქმედებებს, რომელიც პოტენციურად ზიანს შეიძლება აყენებდეს მის ჯანმრთელობას, ეს გამაოგნებელია, აქედან ჩანს, რა ოჯახთან გვაქვს საქმე.
ზოგადად, ეს არის კორუმპირებული ოჯახი. ყველამ ვიცით, ოჯახის თითქმის ყველა წევრი ჩართული იყო კორუმპირებულ საქმიანობაში, სააკაშვილის ოჯახს აქვს მარტო საქართველოში 170 მილიონის ქონება მოხვეჭილი ხალხის ხარჯზე, ამოვარდა ახლა FARA-ს კანონის საფუძველზე, დეკლარაციაშია, რომ აშშ- ში აქვთ არაერთი ბინა ნაყიდი და უძრავი ქონება ნაყიდი.
ჩვეულებრივი კორუმპირებული, ღირსებისგან დაცლილი ოჯახია და ასეთი ოჯახისგან არც ის გვიკვირს, რომ საკუთარ შვილთან და ძმასთან არ მიაქვთ სათანადო კალორაჟის საკვები. ეს უბრალოდ კატასტროფაა, მეტყველებს იმაზე, რომ ყოველგვარი სიწმინდისგან არის დაცლილი ოჯახი. პენიტენციურის მიერ მიღებულ საკვებს არ იღებს, ნათქვამი აქვს რომ მხოლოდ ოჯახის მიტანილ საკვებს მიიღებს და ოჯახს შეგნებულად მიაქვს დაბალი კალორაჟის საკვები. ეს უბრალოდ გამაოგნებელია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ეგ 170 მილიონი მხოლოდ ისააა რაც დაუთვალეს..................... თორე სინამდვილეშიიიიიი................................. ეგ ზღვაში წვერთია
აბა კეზერაშვიული ყველაზე ახალგაზრდა მილიარდელი როგორ გახდა?
როგორ იმას მილიარდი აქვს და მაგას მხოლოდ ეგ საწყალი 170 მილიონიიიი??
ვინ ჭამს მაგას???
დიდება სტალინს!
დიდება ლავრენტი ბერიას!
დიდება საბჭოთა საქართველოს! რომელსაც ვერავინ გაყიდდა და ვერც ვერავინ იყიდდა!