gangsta's paradise – „პარტიიდან  ჯერ სხვები მოიშორეს, ახლა ერთმანეთს ხოცავენ“

gangsta's paradise – „პარტიიდან  ჯერ სხვები მოიშორეს, ახლა ერთმანეთს ხოცავენ“

„ნაციოანლური მოძრაობის“ ახალ „ბოსებს“ შორის ძალაუფლებისთვის დაპირისპირება დაიწყო - ხელისუფლების თქმით, მათ აქვთ ინფორმაცია, რომ მერაბიშვილსა და კეზერაშვილს შორის ბზარები გააჩნდა. სავარაუდოდ, ვანო მერაბიშვილი პარტიაში გავლენების გაძლიერებას ცდილობს, რის გამოც მას დავით კეზერაშვილთან უკმაყოფილება მოუვიდა. სავარაუდოდ, პარტიაში ე.წ. განგსტერული გარჩევები დაიწყება, რომელსაც მერაბიშვილის ძალაუფლება და კეზერაშვილის ფული დაუპირისპირდება. საბოლოოდ კი ის ჯგუფი გაიმარჯვებს, რომლის წარმომადგენლებიც 2024 წელს პარლამენტში შესვლას შეძლებენ.

კეზერაშვილსა და მერაბიშვილს შორის, სავარაუდოდ, კიდევ ერთი დაპირისპირების მიზეზი პარლამენტის ბოიკოტია. დარჩება თუ არა ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია საკუთარი ულტიმატუმის ერთგული, უცნობია, რადგან პარტიაში ერთიანი პოზიცია არ არსებობს. ინდივიდუალური გადაწყვეტილებები კი უკვე მიღებულია. ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ იმ დროს, როცა პარლამენტში „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტები დარეგისტრირდა, საპარლამენტო რესურსი მაქსიმალურად უნდა გამოიყენონ. დეკანოიძე ბოიკოტზე უარის თქმისთვის მზადაა და პირველ ეტაპზე საკომიტეტო მოსმენებში ჩართვას გეგმავს. ფრაქციის ყოფილი თავმჯდომარე პოზიციის შეცვლას ურჩევს თანაგუნდელებსაც.

ახალი ხელმძღვანელობის ტაქტიკამ პარტიიდან წევრების წასვლაც განაპირობა. „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვების გადაწყვეტილება რომან გოცირიძემ, იდეოლოგიურ განსხვავებებთან ერთად, იმითაც ახსნა, რომ მისთვის მიუღებელი იყო პარტიის მიერ არჩეული სტრატეგია. ახლა უკვე ყოფილი ნაციონალი პარტიის წევრებს ბოიკოტზე უარის თქმისკენ მოუწოდებს.

 „ყველამ ვიცით, რომ ხაბეიშვილი არის ფორმალური თავმჯდომარე. რეალურად კეზერაშვილი და მერაბიშვილი მართავენ პროცესებს - კეზერაშვილი საზღვარგარეთიდან, მერაბიშვილი ქვეყნის შიგნით და მათ შორისაც გაჩნდა პირველი ბზარი, ამაზე გვაქვს ჩვენ ინფორმაცია. ანუ, მერაბიშვილსაც უნდა, რომ უფრო მეტად მოძლიერდეს და ეს პატარ-პატარა დაპირისპირებები და ა.შ. რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის გამოვლინებაა. კიდევ უფრო მეტად დაიშლებიან ისინი, კიდევ უფრო მეტად გაიყოფიან. ამ გავლენისთვის ბრძოლაში ერთმანეთის დაჭმას ეცდებიან. კარგია, კარგია ძალიან ეს პროცესი“ -  განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

გია აბაშიძე for.ge-სთან აცხადებს, რომ ვანო მერაბიშვილსა და დავით კეზერაშვილს შორის რომ ბზარი გაჩნდებოდა ეს მოსალოდნელი იყო, რადგან ორივე მათგანს ძალაუფლების ხელში ჩაგდების დაუცხრომელი სურვილი აქვს. ისინი დაპირისპირებულები მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დროსაც იყვნენ და მათ დაბალანსებას სააკაშვილი მუდმივად ცდილობდა. ახლაც იგივე სიტუაციაში არიან, ისინი რეალურად ერთმანეთს თვალის დასანახად ვერ იტანენ, მაგრამ სხვა გზა არა აქვთ.

„ფაქტია, ვანო მერაბიშვილი დიდი ხნის განმავლობაში ლევან ხაბეიშვილის ზურგს უკან არ იდგება. მის მიერ მიცემული ინტერვიუც სწორედ ამის ნიშანია. თუმცა, მან 20 თებერვალს მცირერიცხოვან აქციაზე გამოჩენა და მასთან ასოცირება არ ისურვა. ფაქტია, ის რაღაცებს მიზანმიმართულად აკეთებს და, დიდი ალბათობით, კეზერაშვილის გავლენისგან თავის გათავისუფლებას ცდილობს. ამ ორ ადამიანს შორის მტკიცე პარტნიორული ურთიერთობა რომ არ იქნება, ყველა კარგად ხვდება. ისინი რეალურად ერთმანეთს თვალის დასანახად ვერ იტანენ. ერთმანეთზე მუდმივად ეჭვიანობენ და ძალაუფლებისთვის ისე გაიმეტებენ ერთმანეთს, თვალსაც არ დაახამხამებენ. ამ პარტიაში დროებით გაერთიანებული რევანშისტები არიან, რომელბიც ფიქრობენ ხელისუფლება და ქვეყანა რაც შეიძლება მეტად დააზიანონ. ისინი ცდილობენ ქვეყანაში სიტუაცია არიონ და ამით ხელი მოითბონ. მათ რეალურად არც სააკაშვილი და არც პარტია არ ადარდებთ. მთავარია პოლიტიკაში შემოვიდნენ და მათი პოლიტიკური რეანიმაცია მოხდეს. ერთი სურვილი აქვთ, როგორმე ხელისუფლებაში დაბრუნდნენ. „იმედმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დავით კეზერაშვილი სააკაშვილის დროინდელ მაღალჩინოსნებთნ ერთად ცდილობს, რომ ახალი ბრიტანული ლობისტური კომპანია დაიქირავოს. ეს არის უშედეგო მცდელობა, რადგან არ ვფიქრობ, რომ რეალურად კეზერაშვილს სააკაშვილის ბედი ანაღვლებდეს. მან პარტია უკვე ხელში ჩაიგდო. მეორე მხრივ კი მერაბიშვილს სურვილი და ამბიცია აქვს, რომ პარტიაში მეტი გავლენა ჰქონდეს. ამაში კი არც კეზერაშვილი და არც სხვა არავინ ჩაერიოს. შიდა ბრძოლა და დაპირისპირება ახლა ამის გამო დაიწყება“, - ამბობს აბაშიძე.

მისივე თქმით, პარტიაში სიტუაცია იმდენად აირია, რომ დიდი ალბათობით, რომან გოცირიძის შემდეგ, მას სხვა ძველი პოლიტისკოებიც დატოვებენ. აბაშიძე ამბობს, რომ ახალი დაპირისპირების მიზეზი პარტიის ბოიკოტირებაა. ლევან ხაბეიშვილი გადაწყვეტილებებს იღებს ისე, რომ ამას პარტიის წევრებთან არც კი ათანხმებს. მას მერაბიშვილის სახელის ხსენებაზე უკვე გაღიზიანებაც ეტყობა და ფაქტია, რომ მისგან ხაბეიშვილი უკვე დისკომფორტს გრძნობს. ამიტომ აბაშიძე ელის, რომ პარტია მალე ორად გაიყოფა ან ნაწილებად დაიშლება. პარტიის წევრების უმრავლესობა პარტიულ შეხვედრებზეც კი აღარ დადის. მხოლოდ ხაბეიშვილი და მისი რამდენიმე მხარდამჭერი ცდილობს, რომ აქციების ილუზია შექმნას. ანალიტიკოსს მიაჩნია, რომ ნიკა მელიას და მისი ფრთის მხრიდან პარტიის დატოვება დროის საკითხია და ეს გარდაუვალი იქნება.

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ფიქრობს, რომ თუკი მერაბიშვილსა და დავით კეზერაშვილს შორის დაპირისპირება რეალურად არსებობს, ალბათ, ეს გავლენისთვის ბრძოლაა.ზაქარეიშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ ენმ პოლიტიკური პარტია კი არა განგსტერების თავშესაფარი გახდება, სადაც წინა პლანაზე ფული და ძალაუფლებაა წამოწეული.

„მგონია, რომ ვანო მერაბიშვილს ენმ-ში უფრო მეტი გავლენა აქვს, ვიდრე დავით კეზერაშვილს. თუმცა მერაბიშვილის ხელში ფულია არაა, რომელიც ძალიან საჭიროა. ამიტომ ამის მიხედვით პარტიაში ძალთა გადანაწილება ხდება. მათ მელიას გუნდზე უკვე გაიმარჯვეს, ეს პრობლემა მოეხსნათ. ნახევარი პარტია სერთოდ ჩახსნეს და ისინი, უბრალოდ, პარტიის წევრებად ფორმალურადღა ითვლებიან. დარჩათ პარტიის მეორე ნახევარი და ფიქრობენ, თუკი მიხეილ სააკაშვილის სახელი მათთან დაკავშირებული იქნება, 2024 წელს პარლამენტში მაინც შევლენ, ანუ 5%-იან ბარიერს გადალახავენ და დანარჩენი არ ადარდებთ.

ახლა შეიძლება უკვე განქსტერული ისტორიები რომ არის, ის ხდება - ჯერ მერაბიშვილმა და კეზერაშვილმა პარტიიდან სხვები მოიშორეს, ახლა ერთმანეთის დახოცვაზე გადავიდნენ. ძალაუფლება, რომ სრულად რომელიმე მათგანს დარჩეს. კეზერაშვილს, ალბათ, უფრო ფული აქვს და მერაბიშვილს, ალბათ, უფრო ძალაუფლება. ახლა ფული უპირისპირდება ძალაუფლებას, ან ძალაუფლება ფულს. ფაქტია, რომ მათ შორის ეს პრობლემა გაჩნდებოდა, რადგან ამ დონის ორი ფიგურა ერთად ბოლომდე არსებობას ვერ შეძლებს. ვნახოთ, ვისი გადაწონის, იმის მიხედვით გავიგებთ პარლამენტში ვისი ხალხიც უფრო მეტი შევა“, - ამბობს ზაქარეიშვილი.