„წაიკითხონ პატრიოტის აქტი - ამერიკული კანონმდებლობა, რომელიც გაცილებით მკაცრია, ესენი რომ ამერიკაში იყვნენ, დღეს ციხეში ისხდებოდნენ“

„წაიკითხონ პატრიოტის აქტი - ამერიკული კანონმდებლობა, რომელიც გაცილებით მკაცრია, ესენი რომ ამერიკაში იყვნენ, დღეს ციხეში ისხდებოდნენ“

„ქართული ოცნება“ კანონპროექტს - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით“ - მხარს დაუჭერს. პრეზიდენტი კი, ვეტოს დასადებად ემზადება. როგორც სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, ახალი აგენტების დევნას საქართველოს პრეზიდენტი მხარს ვერ დაუჭერს, რადგან კანონპროექტი არა ევროპას, არამედ რუსეთის მანკიერ მოდელს გვაახლოებს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადების თანახმად, ამუშავებულია ძალა, რომელიც საქართველოს ევროპული გზის განმტკიცების მაგივრად, ქართულ ინტერესად სხვა გზას მიიჩნევს.

„ხალხის ძალის“ დეპუტატების მიერ პარლამენტში უკვე წარდგენილი კანონპროექტით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით“ უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი შეიქმნება, სადაც ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება დარეგისტრირდება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოური ძალების მიერ ფინანსდება.

ამასთან, „ხალხის ძალა“ პარლამენტს უკვე რეგისტრირებულ პროექტთან ერთად ალტერნატიულ პროექტს - ამერიკული კანონის კოპირებას სთავაზობს. დიმიტრი ხუნდაძეს იმედი აქვს რომ პარლამენტი მხარს დაუჭერს ალტერნატიულ პროექტს - „უცხოური აგენტის რეგისტრაციის აქტის შესახებ“, რაც, მისი თქმით, იქნება სრულად ამერიკული ანალოგი.

„ჩვენ კანონპროექტს სხვადასხვა კუთხით ადარებენ შესაბამის ამერიკულ და რუსულ კანონებს, რაც ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია. ამერიკული და რუსული კანონებისგან განსხვავებით, ჩვენ მიერ ინიციირებული კანონპროექტი სრულად თავსებადია სამართლებრივ სტანდარტებთან, მათ შორის ადამიანის უფლებების კუთხით. მაგალითად, როგორც ამერიკული, ისე რუსული კანონი იყენებს ისეთ უხეშ ტერმინს შესაბამისი სუბიექტის განსასაზღვრად, როგორიცაა „უცხოელი აგენტი“. აღნიშნული ტერმინი ნამდვილად შეიცავს სტიგმატიზაციის საფრთხეს. სწორედ ამიტომ, ჩვენი კანონპროექტი ადგენს არა უხეშ, არამედ სათანადო ტერმინს და შესაბამის სუბიექტებს არა უცხოელ აგენტებად, არამედ უცხოური გავლენის აგენტებად მოიხსენიებს“, - აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.

„ქართული ოცნებიდან“ გასული დეპუტატების მიერ ინიცირებულ კანონპროექტს რუსულ ანალოგიას უწოდებენ ოპოზიციის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. მათივე განმარტებით, ეს კანონპროექტი ეწინააღმდეგება ქვეყნის ევროპულ კურსს. თუმცა, უნდა ითქვას, რომ რუსული კანონი ითვალისწინებს არა მხოლოდ უცხოელი აგენტებად რეგისტრირებული სუბიექტების საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფას, არამედ მათთვის აწესებს მკაცრ შეზღუდვებსაც. კერძოდ, დგინდება დამატებითი ბარიერები შესაბამისი გაერთიანების რეგისტრაციისთვის, უცხოელებს ეკრძალებათ ამ გაერთიანების საქმიანობაში მონაწილეობა, ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში 6 თვით შეაჩეროს გაერთიანების საქმიანობა, გაერთიანებას ეკისრება დამატებითი საგადასახადო ტვირთი.

რაც შეეხება ქართულ მოდელს, კანონპროექტი ითვალისწინებს დარეგისტრირების ვალდებულებას 10 დღის განმავლობაში. თუ რომელიმე ორგანიზაციის და არა კერძო პირის, უცხოური დაფინანსება 20%-ს გაცდება, ასეთ ორგანიზაციას 10 დღის განმავლობაში ვალდებულება აქვს რეესტრში დარეგისტრირდეს, ხოლო შემდეგ, 1 წლის განმავლობაში უნდა წარადგინოს დეკლარაცია თავისი შემოსავლების და ხარჯვითი ნაწილის შესახებ. ეს კანონი 1938 წელს არის მიღებული და დღემდე აქტიურად გამოიყენება აშშ-ში, სადაც არაერთი ადამიანია დაჭერილი ამ კანონის საფუძველზე.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, არც ერთი ადამიანი არ იწოდება ამ კანონპროექტის საფუძველზე უცხოეთის აგენტად. საქმე ეხება მხოლოდ ორგანიზაციებს - ვერც ერთ ადამიანს, განსხვავებით ამერიკული კანონისგან, ამ კანონპროექტის საფუძველზე ვერ უწოდებ უცხოეთის აგენტს. მისი თქმით, ამერიკული კანონის მიხედვით, კონკრეტულ ადამიანებს ეწოდებათ უცხოეთის აგენტები, რაც არის ადამიანის უფლებების ძალიან უხეში დარღვევა და სრული კატასტროფა.

„პირდაპირ შემიძლია, გითხრათ, როგორც იურისტმა, ადამიანის უფლებების სპეციალისტმა, რომ ამერიკული კანონი არის სრული კატასტროფა, ჩვენ ასეთი კანონის მიღება საქართველოს პარლამენტში ნამდვილად ვერ ვიკადრებდით. რაც შეეხება რუსულ კანონს, რუსულ კანონსაც ახლა გავეცანი და ყოფილა ამერიკული კანონის მსგავსი, ანუ პირდაპირ შეგიძლია, მიამსგავსო რუსული კანონი ამერიკულს. როგორც ჩანს, რუსული მესიჯი დარბილებასთან დაკავშირებით იყო ტყუილი, რეალურად რუსული კანონი არის ზუსტად ამერიკულის ანალოგი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საპარლამენტო ოპოზიცია, ა-ო და მედიის წარმომადგენელთა ნაწილი უცხოური გავლენის აგენტების შესახებ „ხალხის ძალის“ მიერ დაინიცირებულ კანონპროექტს ეწინააღმდეგებიან და აცხადებენ, რომ რუსული კანონი საქართველოს არჩევანი არ არის.

პარტია „მოქალაქეების“ წევრის ლევან იოსელიანის განცხადებით, „ხალხის ძალის“ კანონის მიზანია, სიტყვა „აგენტი“ დაუკავშირონ არასამთავრობო სექტორს, რაც საქართველოში მოღალატეობასთან არის ასოცირებული და მოხდეს მათი სტიგმატიზაცია, რეპუტაციის შელახვა.

„ქართული ოცნების“ და „ხალხის ძალის“ გარდა, ამ კანონის მომხრე არავინ არის საქართველოში. ამას აკრიტიკებს არასამთავრობო სექტორიც, საქართველოს პრეზიდენტიც და ოპოზიციაც. ამ კანონის მიღების არანაირი აუცილებლობა არ არსებობს. ის არც რუსული და არც ამერიკული კანონის ანალოგი არ არის, ეს არის „ქართული ოცნების“ მიერ შექმნილი კანონი, რომლის ერთადერთი მიზანია, მათი ხელისუფლებაში ყოფნის გახანგრძლივებას შეუწყოს ხელი“, - აცხადებს ლევან იოსელიანი.

„ხალხის ძალის“ კანონპროექტს მხარს არ დაუჭერს „გირჩი“. იაგო ხვიჩიას განცხადებით, მსჯელობაში ჩაერთვებიან, მაგრამ მხარს არ დაუჭერენ.

„ვეცდებით, რომ არასამთავრობო სექტორს და მედიას ავუხსნათ, რომ ასეთ კანონპროექტებზე მხარდაჭერა არც მაშინ არ შეიძლება, როდესაც სხვას ეხება. ჩვენი ენჯეო სექტორი და მედია საშუალებები მსგავსი კანონების მიღებას სხვების მიმართ არ აპროტესტებენ, თავის მიმართ არ მოსწონთ“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

„ლელოს“ დეპუტატი, დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ არანაირი ამერიკული ამ კანონში არ არის. მისი თქმით, პარლამენტში წარდგენილი პროექტის მიხედვით, მაგალითად „წითელი ჯვარი“ „უცხო ძალად“ ცხადდება და თუკი „წითელი ჯვარი“ რომელიღაც ორგანიზაციას, რომელიც ვეტერანებსა და დაჭრილებზე მუშაობს, რაღაც კაპიკებს მისცემს, ეს ხალხი ინტერესების გამტარებელი ხდება.

„არანაირი ამერიკული ამ კანონში არ არის. პროექტიდან გამომდინარე, დაფინანსების მიღების ფაქტი უკვე აღიარებულია საკმარის ფაქტად, რომ დაფინანსების მომცემი ამ ქვეყანაში საკუთარი ინტერესის გატარებას ცდილობს, ხოლო დაფინანსების მიმღები მის კონტროლის ქვეშაა და მის მითითებებს ასრულებს. აშშ-ს კანონი პირიქით არის აწყობილი. აშშ-ს კანონი აცხადებს, რომ თუ ვინმე თავისი ინტერესის განსახორციელებლად ჩემს ქვეყანაში ვიღაცას საკუთარი კონტროლის, დაქვემდებარების და პირდაპირი მითითებების ქვეშ აქცევს, მერე მასთან მაქვს საქმე. ხვდებით განსხვავებას?!“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

კრიტიკის მიუხედავად საპარლამენტო უმრავლესობა კანონპროექტს მხარს დაუჭერს. ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის შეფასებით, თუ კანონპროექტის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, კანონად ქცევა უკვე მყარად გადაწყვეტილი საკითხია, ხელისუფლება მზად უნდა იყოს დასავლელ პარტნიორებთან სერიოზული „გარჩევებისათვისაც“.

„ეს ჩანს უკვე მათი რეაქციებით. თუ კანონი მაინც მიიღეს, მაშინ ჩემი მოკრძალებული აზრით, მასში აუცილებლად უნდა განიმარტოს „გავლენა“ და/ან „ზემოქმედება“ რას გულისხმობს, რომ ინტერპრეტაციების სივრცე არ დარჩეს. მაგალითად, უცხოელ სუბიექტს შეუძლია „გავლენა“ ან „ზემოქმედება“ მოახდინოს ფულადი, მატერიალური თუ სხვა მხარდაჭერის სახით, ასევე დარწმუნებით /იძულებით ან ორივეს მეთოდის კომბინაციით“, - აცხადებს ზაალა ანჯაფარიძე.

კანონპროექტის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, კანონად ქცევის აუცილებლობაზე საუბრობს პოლიტოლოგი სოსო მანჯავიძე, რომლის განცხადებით, მსოფლიოში არსებობს უამრავი „სააგენტო“ ანუ ამა თუ იმ ორგანიზაციის ადგილობრივი განყოფილება და მათი თანამშრომლები ანუ „აგენტები“. მისი თქმით, „აგენტი“ შეიძლება იყოს იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელიც სხვა პირის სახელით, ხარჯითა და დავალებით მოქმედებს, ასევე დებს გარიგებებს მესამე პირებთან.

„ჩვენს ირგვლივ უამრავი გვყავს სარეკლამო, სადაზღვევო, საბანკო, სპორტული, ხელოვნების სფეროების, ყიდვა-გაყიდვის და ა.შ. აგენტები და ვინმეზე რამეთი მეტი თუ არა, ნაკლები ნამდვილად არ არიან. სიტყვა აგენტი უარყოფითი კონოტაციით აღიქმება და აგენტი არის ვინც ვიღაცის წარმომადგენელია. რატომ სწყინთ? ვისაც ემსახურებიან და ვინც ხელფასს უხდის იყოს ღია და გამჭვირვალე, დაერქვას, რომ ის წარმოადგენს სახელმწიფო დეპარტამენტის ინტერესებს. ან, საფრანგეთის საგარეო უწყებისგან იღებს ხელფასს, როგორც ქალბატონი სალომე იღებდა წლების განმავლობაში. ისევე როგორც ქალბატონო ელენე ხოშტარია იღებს რუსეთის საგარეო უწყებიდან და ა.შ ეს უნდა იყოს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი, ისევე როგორც ფინანსური ანგარიშების ყველა დოკუმენტი“, - აცხადებს სოსო მანჯავიძე.

როგორც პოლიტოლოგი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, ამ კანონის მიღების აუციელბლობა დგას, რადგან, ვხედავთ ღია აგენტურას. მანჯავიძის განცხადებით, მსგავსი კანონი მოქმედებს ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში და პირველ რიგში აშშ-ში.

„მთელი კომედია იმაში მდგომარეობს, რომ ესენი იძახიან, ეს არის რუსული დოკუმენტიო. რუსული კი არა ამერიკული დოკუმენტია. წაიკითხონ პატრიოტის აქტი - ამერიკული კანონმდებლობა ამასთან დაკავშირებით, რომელიც გაცილებით უფრო მკაცრია. წაიკითხონ საფრანგეთის და ისრაელის კანონმდებლობა. ესენი რომ ამერიკაში იყვნენ, დღეს ციხეში ისხდებოდნენ.

ამიტომ იცავენ თავიანთ იტერესებს და ამტკიცებენ თავიანთ ფუნქციას, რომ არიან აგენტები, რომელთა დანიშნულებაა არ დაუშვან საქართველოში სტაბილური პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბება. როცა სტაბილურ პოლიტიკურ სისტემაზე ვლაპარაკობთ, ცხადია სახელმწიფოს სჭირდება კონტროლი, რადგან ყველა სახელმწიფო აპარატი მიდრეკილია კორუფციასა და ნეპოტიზმისკენ, მაგრამ ამას სჭირდება შიდა კონტროლი და ეს ა-ო საქართველოში უნდა იყოს შექმნილი და არ უნდა წარმოადგენდეს საერთაშორისო კორუფციული ქსელის ნაწილს, რომელსაც იყენებენ იმისთვის, რომ პოლიტიკური მართვა განახორციელონ, ეს არის და ეს. შესაბამისად, თავისი ქცევით ადასტურებენ იმას, რომ ეს კანონი აუცილებელია.

იგივე მედიები ასე უპრაგუნოდ რომ არიან მიშვებული, სიტყვის თავისუფლებას ამოფარებული ვინ რას ქადეგებს და ლაპარაკოს არავინ იცის. ესენი არიან დივერსიული სადაზვერვო დაჯგუფებები, ფულს იღებენ ნებისმიერი პოლიტიკური ძალისგან, რომლებიც ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ და ამაზე არავითარ პასუხს არ აგენებ. ბუნებრივია, რომ ამ კანონის წინააღმდეგ იბრძვიან თვითონ ეს აგენტები, რომლებისთვის ეს ბიოლოგიური გადარჩენის საკითხია და ასევე მათი პატრონები, რომლებსაც თავისი აგენტურული ქსელის ლუსტრაცია არ აწყობთ“, - განაცხადა for.ge-სთან საუბრისას სოსო მანჯავიძემ.

საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, პოლიტოლოგი ირაკლი გოგავა ამბობს, რომ 1995 წლიდან არასამთავრობო ორგანიზაციები უცხოეთიდან საკმაოდ მსუყედ ფინანსდებიან. მხოლოდ აშშ-დან საშუალოდ წელიწადში 30-40 მილიონი აშშ დოლარი და ევროპიდან 10-15 მილიონი შემოდის. 28 წლის განმავლობაში $1 მილიარდზე მეტი შემოვიდა ამ საქმისთვის. საქართველოს პირობაზე ეს დიდძალი თანხაა. მისი თქმით, ამ ძალისხმევის შედეგი საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების განვითარება უნდა ყოფილიყო, თუმცა რეალურად სამოქალაქო საზოგადოების განვითარების შემაფერხებელი ფაქტორი გახდა.

„შემომავალი თანხების უდიდესი ნაწილი უცხო ქვეყნების სამთავრობო ფულია, უცხო ქვეყნის მთავრობას კი თავისი ინტერესები აქვს, რომელიც შეიძლება საქართველოს ინტერესს ემთხვეოდეს ან არა. ისიც უნდა გვესმოდეს, რომ ნებისმიერ ფულს მოყვება ვალდებულება და აქვს კონკრეტული მიზანი. ძლიერი ქვეყნები მუდამ ცდილობენ, სხვა ქვეყნებში მოაწყონ ისეთი სისტემა, რომ ადგილობრივი მთავრობის გადაწყვეტილებებზე მოახდინონ გავლენა თავისი ქვეყნის ინტერესების შესაბამისად. საბოლოო ჯამში, ეს ადამიანები გაუცნობიერებლად თუ ცნობიერად ემსახურებიან სხვა სახელმწიფოს ინტერესებს.

მათი მოტივაცია, პირველ რიგში, კარგი ხელფასია, თანაც ბევრი იდეოლოგიურად დამუშავებულია. საქართველოში საშუალო ხელფასი 1541 ლარია, ხოლო არასმთავრობო სექტორში 3000-4000 ლარი ან მეტი. ყოველწლიურად გრანტების სახით შემოსული 40 მილიონი დოლარიდან მინიმუმ 1500 ადამიანი იღებს გასამრჯელოს. ამ ხალხს კი ქვია არასამთავრობო სექტორი, მაგრამ რეალურად სხვა სახელმწიფოების სამთავრობო ფულით არიან დაქირავებულნი“, - აცხადებს ირაკლი გოგავა.

პოლიტოლოგი ფიქრობს, რომ სასარგებლო იქნება საოზგადოებამ იცოდეს, საიდან ფინანსდება სამოქალაქო სექტორი და მედია, შესაძლოა ეს რელიგიურ ორგანიზაციებზეც გავრცელდეს ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე. როგორც გოგავა აცხადებს, ამერიკული „FARA”-ტიპის კანონის შერბილებული ვარიანტი შეესაბამება საქართველოს ინტერესებს. ეს კანონი აშშ-ში წარმატებით მუშაობს 1938 წლიდან. ამასთან, პოლიტოლოგი მიმართავს „ხალხის ძალა“-ს, რომ იმსჯელონ „პოლონური მოდელის“ და სოციალური ქსელების სუვერენული კანონმდებლობის ინიცირებაზე.

„აუცილებელია სახელმწიფომ იზრუნოს არასამთავრობო ორგანიზაციების განვითარებაზე. ამ მიზნით საუკეთესო გამოსავლად მიმაჩნია არასამთავრობო ორგანიზაციების სახალხო დაფინანსების ე.წ. „პოლონური მოდელი“. პოლონეთში ყველა ადამიანს, ვისაც აქვს შემოსავალი, იხდის საშემოსავლო გადასახადს, ისევე როგორც საქართველოში. მოქალაქეს უფლება აქვს აირჩიოს მისთვის სასურველი არასამთავრობო ორგანიზაცია და საშემოსავლო გადასახადიდან ამ კონკრეტულ არასამთავრობოს გადაურიცხოს 1%.

თუ არ სურს არჩევა, მაშინ ეს 1% ბიუჯეტს მაინც მიაქვს. ამ კანონის წყალობით პოლონეთის არასამთავრობო სექტორში ყველა ერთმანეთს ეჯიბრება, რომ საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმე გააკეთონ, რათა მეტი ადამიანისგან მიიღონ ის 1%. ამ მოდელმა პოლონეთში დიდი ეფექტი გამოიღო და უცხოეთიდან დაფინანსებული ჯგუფები თითქმის არ ჩანან აქტიური ადგილობრივი ორგანიზაციების ფონზე.

საქართველოში საშემოსავლო გადასახადით 5 მილიარდი ლარი იკრიბება ყოველწლიურად, ამ თანხის 1% 50 მილიონ ლარს შეადგენს. ეს სავსებით საკმარისი თანხაა პირველ ეტაპზე, რომ რეალურად საჭირო ორგანიზაციები განვითარდნენ: დემოგრაფიული კავშირი, ტყის გადარჩენის ალიანსი, სასურსათო უსაფრთხოება, ეკოლოგია, კორუფციის კონტროლი და ა.შ.

მესამე ღონისძიება, რაც უნდა მოყვეს ამ პროცესს, ეს გახლავთ სოციალური ქსელების შესახებ სუვერენული კანონმდებლობის მიღება. სოციალურ ქსელებში არაადეკვატური ცენზურის გაძლიერება სახეზეა, ცენზორებად თხუტმედიოდე ზერელე განათლების ახალგაზრდა გოგო-ბიჭები გამოდიან, რომლებიც, ძირითადად, იდეოლოგიური და პოლიტიკური გემოვნების მიხედვით ადებენ ცენზურას და ჩრდილოვან ბლოკს მომხმარებლებს და თან ამაში $500,000-ს იღებენ წელიწადში. ეს სერიოზული პრობლემაა სიტყვის თავისუფლებისთვის და მისახედია“, - აცხადებს ირაკლი გოგავა.

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის შეფასებით, მაშინ, როდესაც ახლა პიკშია თემა - არის თუ არა საქართველო რუსული გავლენის ქვეშ, ამ ფონზე ამ კანონის წითელი ნაჭერივით აფრიალება გაუგებარია, თუმცა მისი თქმით, „ქართული ოცნების“ სტილში შემოვიდა ის ფაქტი, რომ ხშირად ახერხებს აუტკივარი თავის ატკივებას.

„ჩემთვის სრულად გაუგებარია ახლა რაში დასჭირდათ ისეთი კანონპროექტის დადება, რომელზედაც ტყუილით, თუ სიმართლით ატყდებოდა ყანყალი. ხომ ვხედავთ, რომ ტყუილზე უკან არ იხევენ. ფაქტია, რომ იტყვიან ეს კანონი არის რუსული ვარიანტის ერთ-ერთი გამოხატულებაო. მაშინ, როდესაც ახლა პიკშია ეს თემა - არის თუ არა საქართველო რუსული გავლენის ქვეშ, აი, ამ ფონზე წითელი ნაჭერივით რატომ აუფრიალეს ეს კანონი საქართველოს და ასევე ხელისუფლების ოპონენტებს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ? ჩვენ ვიცით, რომ ბრაისმაც კრიტიკულად შეაფასა ამ კანონის მიღება. სიმართლე გითხართ, ჩემთვის გაუგებარია ეს რატომ გააკეთეს. ვფიქრობ, რომ ამ კანონის ინიცირება არ იყო საჭირო“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე თვლის, რომ კანონპროექტის ინიცირება უნდა შეფასდეს იმისდა მიხედვით, თუ რა აუცილებლობის წინაშე დგას ქვეყანა. მისი თქმით, ამ შემთხვევაში აუცილებლობა რაზეც „ქართული ოცნება“ და „ხალხის ძალა“ ლაპარაკობს, არის ნულის ტოლი.

„აქ ლაპარაკია ფინანსურ გამჭვირვალეობაზე. ეს ვალდებულება ყველას აქვს და ფინანსური დოკუმენტაციის გამჭვირვალეობის კუთხით აქ არაფერი იცვლება. პოლიტიკური თვალსაზრისით, კი ბატონო. კანონის ასეთი ფორმულირება, როდესაც ლაპარაკია რუსულ ანალოგზე, მომდინარეობს იქიდან, რომ ეს არის პიარისთვის გათვალისწინებული. დამერწმუნეთ, როგორც კი ეს კანონი იქნება მიღებული, სახლისუფლებო და სამთავრობო წრეებიდან სიტყვა ა-ო გაქრება და დარჩება აგენტი. პრინციპში ხელისუფლება ცდილობს სახელი გაუტეხოს ა-ო და ეს არის მთლიანად. დღეს ასეა, შემდეგომ შესაძლოა დაიწყოს შესწორებების შეტანა, მაგრამ იცით რა? ერთია, როდესაც კანონს იღებ და ეს უფრო ყურს სჭირს და მეორეა, არსებულ კანონში შესწორებების შეტანა. როცა შესწორებებზეა ლაპარაკი, ის ნაკლებად მტკივნეული ჩანს და ნაკლებად პრობლემურია მისი აღქმა საზოგადოებისთვის. არ მინახავს ეს კანონპროექტი, მაგრამ როგორც ამბობენ, შეზღუდვები არ არის ამ კანონში.

უბრალოდ, უნდა დარეგისტრირდეს როგორც უცხო ქვეყნის გავლენის აგენტი. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ გარკვეული დროის შემდეგ დაიწყებენ შეზღუდვების შეტანას. ამიტომ, ვფიქრობ, რომ საერთოდ არ იყო საჭირო ამ კანონის ინიცირება, რადგან ამის საჭიროება არ არსებობს, იმიტომ, რომ ფინანსური გამჭვირვალობა ისედაც არის“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძემ.

მიშა მანჯავიძეც მართალია, გოგავაც და საყვარელიძეც. სხვადასხვა პერსპექტივიდან აფასებენ თემას და იმიტომ.
დაპირისპირებული პოლიტიკური მხარეები კი ვირეშმაკობენ, ვითომ. ვერ ხვდებიან საპირისპირო არგუმენტების არსს.
,,აგენტი" მართლა ძალიან ვიწრო გაგებითაა დამკვიდრებული ჩვენი მოსახლეობის ცნობიერებაში, თორემ ქიმიური პროცესების აღწერაშიც კია აგენტი და კონტრაგენტი. იურისპუდენციაზე რომ აღარაფერი ვთქვათ.
1 წლის უკან
მიშა რუსული კანონი რაც იქნება, გასაგებია და რაც შეეხება ამერიკულ 20 პროცენტს. ჩათვალეთ, ჩვენებურად 100 პროცენტს ნიშნავს.
ამერიკაში არასამთავრობო სექტორს აფინანსებენ კერძო პირები, ბიზნესი, ალბათ მთავრობაც, რომ სამოქალაქო სექტორი გაძლიერდეს. ანუ, ძირითადი დაფინანსების წყარო ისევ ქვეყნის შიგნიდან მოდის. ამიტომაა 20 პროცენტიანი ზღვარი დაწესებული უცხოურ ფინანსებზე.
ჩვენთან კი, ალბათ მთელი დაფინანსება უცხოეთიდანაა და 20 პროცენტი იქნება, თუ 80, არსი არ იცვლება.
მთელი ქართული არასამთავრობო სექტორი რომ ნაცების ხელოვნური დანამატია, ეგ არავისთვისაა საიდუმლო.
1 წლის უკან
Aburjga Tasmanieli სტალინი ღადაობს - "მე ყოველთვის ვფიქრობდი, რომ დემოკრატია ხალხის ძალაუფლება, მაგრამ ამხანაგმა რუზველტმა ნათლად ამიხსნა, რომ დემოკრატია არის ამერიკელი ხალხის ძალაუფლებაა!!!" ))) მაგარი იყო ცხონებული!
დიდება სტალინს!
დიდება ლავრენტი ბერიას!
დიდება საბჭოთა საქართველოს! რომელსაც ვერავინ გაყიდდა და ვერც ვერავინ იყიდდა!
1 წლის უკან