„გახარიამ საკუთარი მხარდაჭერა უკვე გალია და რისი იმედი აქვს არ ვიცი“

„გახარიამ საკუთარი მხარდაჭერა უკვე გალია და რისი იმედი აქვს არ ვიცი“

ქვეყნის ყოფილი მეთაური, გიორგი გახარია, ამჯერად, სამზეოზე ბიძინა ივანიშვილის კრიტიკით გამოჩნდა, ჩვეულებისამებრ, „ქართულ ოცნებასაც“ გადაწვდა და გაგვაფრთხილა: „ხელისუფლება საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ მომავალს და ქვეყანას ევროატლანტიკურ პერსპეტივას უკარგავს“.

გახარიამ ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე პასუხისმგებლობა ბიძინა ივანიშვილსა და მმართველ გუნდს დააკისრა და იქვე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაც“ გააკრიტიკა. იგი ყოფილ თანაგუნდელებსაც დაემუქრა, რომ ყველას პირადი პასუხისმგებლობა დაეკისრება.

მისივე თქმით, ივანიშვილი არც პროამერიკელია, არც პროევროპელი და არც პრორუსი, ის პროთავისია.

„მე ვიცი, უბრალოდ, რომ დღეს, ამ პატარა შეშინებულ ბიჭებს არანაირი უნარი არ შესწევთ ქვეყნის საგარეო ორიენტაციის ცვლილების. რა თქმა უნდა, ივანიშვილის გარეშე ვერ მოხდება ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილება და ეს არის სწორედ მიუღებელი, როცა დამალული ადამიანი (ბიძინა ივანიშვილი), კულისებიდან მარიონეტების გამოყენებით ცდილობს ქვეყნის საგარეო ორიენტაციის ცვლილებას, ესაა კრიტიკული ხაზი. ის ყველას ჩამოართმევს ხელს იმისთვის, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს, ეს არის მისი მთავარი მიზანი. ჩვენი ხელისუფლების ძალაუფლების სისტემა იმდენად ავტორიტარულია, რომ, უბრალოდ, მიუღებელია და არ არის თავსებადი ევროპულ ფასეულობებთან“, - ამბობს გახარია.

გახარიას განცხადებაზე მმართველ გუნდში შეფასება უკვე გაკეთდა. „ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, ვიღაცებს ყოფილი პრემიერი კერკეტი კაკალი ეგონა, მაგრამ რეალურად „კერკეტი კვერცხი“ აღმოჩნდა.

„ვიღაცებს გახარია ეგონათ კერკეტი კაკალი, ასეთი ტერმინი გამოიყენებოდა, აღმოჩნდა კერკეტი კვერცხი. ეს არის ერთადერთი ეპითეტი, რომელიც მას მიესადაგება, არის 1%-იანი პარტიის ლიდერი და ეს არის საზოგადოების განაჩენი გახარიას მიმართ, რომელიც არის სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ მოქმედი ადამიანი“, - ამბობს კობახიძე.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე for.ge-სთან მიიჩნევს, რომ გიორგი გახარიას შეცვლილ რიტორიკა რამდენიმე მიზეზით შეიძლება იყოს განპირობებული. პირველ რიგში, ანალიტიკოსის აზრით, ის ცდილობს, რომ პოლიტიკურად დაცემული რეიტინგი მაღლა ასწიოს და ამ ფორმით ოპოზიციური ხმების აკრეფა შეძლოს. ასევე ძაბირაძე არ გამორიცხავს, რომ მას ჰქონდეს ამბიცია ოპოზიციურ ფლანგზე ლიდერი გახდეს, თუმცა ნაკლებად მოსალოდნელია, რომ გამოუვიდეს, რადგან ოპოზიციაში სრულყოფილად გადაბარგება თუ სურს, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ უფრო აქტიური უნდა იყოს და ეს ტაქტიკა გამოიყენა, თუმცა რა გამოუვა, ეს უკვე სხვა საკითხია.

„გახარიამ თავიდან აირჩია ტაქტიკა, რომ წინა პლანზე მისი გუნდი წამოწეულიყო და ხალხს ისინი გაეცნო. მეტ-ნაკლებად მან ეს შეძლო, მაგრამ მისი გაუჩინარება და პასიურ მდგომარეობაში ყოფნა რის ფასადაც დაუჯდა, ვნახეთ. მისი რეიტინგი 7% იყო და ახალი კვლევების მიხედვით 2%-მდე ჩამოვიდა. ის რეიტინგიც იმიტომ ჰქონდა, რომ პრემიერი იყო და რეგიონებში გარკვეული გავლენები ჰქონდა. ამიტომ ადგილობრივ არჩევნებში 7%-მდე აღება შეძლო. მისი ეს ქარიზმა, რომელიც ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჰქონდა, მოქმედებდა, მაგრამ დრო გავიდა, ეს მხარდაჭერა მიილია და ჩვეულებრივ ოპოზიციონერ ლიდერად დარჩა. ათასში ერთხელ გამოჩნდება და რაღაცას იტყვის, რომელიც პოლიტიკურად არაფრის მომცემია, ამით ხალხს ვერ მოხიბლავს. ამიტომ, როგორც ჩანს, ჩათვალა, რომ ახლა ქვეყანაში და რეგიონში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, მისი აქტიურობა აუცილებელია. თუმცა, საზოგადოებას რაღაცა ახალი ხომ უნდა უთხრას. ამიტომაც გადაწყვიტა, რომ დარტყმის მთავარი ობიექტი ყველაზე მძიმე ფიგურა ყოფილიყო. თუმცა ეს მას რას მოუტანს, ნამდვილად არ ვიცი. ალბათ, ამით შეეცდება, რომ ოპოზიციაში მიიღონ და ამ ფომრით აღქმული იყოს როგორც ოპოზიციონერი ლიდერი. ის ეცდება, რომ აი, ამ მძიმე პოლიტიკურ ფონზე, როცა „ნაციონალები“ დაშლის პირას იმყოფებიან და წვრილ პარტიებს კაციშვილი არაფრად აგდებს, ოპოზიციური ხმების რაღაცა ნაწილი აიღოს“, - ამბობს ძაბირაძე.

ძაბირაძე მიიჩნევს, რომ მეორე მხრივ, გახარია დასავლეთისთვის რაღაცების დამტკიცებას ცდილობს და არ გამორიცხავს, რომ ამ განცხადებებით ცდილობს ზოგიერთ ევროპულ პოლიტიკურ წრეში პროდასავლურ ლიდერად წარმოჩინდეს. თუმცა, თუკი დასავლეთში დაინახავენ, რომ მას ხალხის მხარდაჭერა არ აქვს, მასზე ფსონს არ დადებენ.

„ჩვენს პოლიტიკოსებს ერთი მნიშვნელოვანი რამ ეშლებათ, დასავლეთს მაშინ უნდიხარ, თუკი ქართველების დიდი მხარდაჭერით სარგებლობ. ყველამ კარგად ვიცით, რომ ბიძინა ივანიშვილი თავიდან დასავლეთს არ უნდოდა. მას ყველა პრორუს ფიგურად აღიქვამდა, მაგრამ როგორც კი დაინახეს, რომ მან ოპოზიციის კონსოლიდირება შეძლო და ხალხის დიდი მხარდაჭერა მიიღო, მის მხარეს გადავიდნენ. ამიტომ, თუკი გახარიას ხალხის მხარდაჭერა არ ექნება, მან რაც არ უნდა ილაპარაკოს, ვერავის მოხიბვლას ვერ შეძლებს.

გახარიას თავისი ცოდვებიც ბევრი აქვს. ის იყო ხელისუფლების პირველი მეთაური, რომელიც ამბობს, რომ ივანიშვილი მის საქმეში არ ერეოდა. ახლა გამოდის და იძახის, რომ ხელისუფლებას ის მართავს. ხალხს ხომ კითხვები უჩნდება, ეს კაცი სიმართლეს როდის ამბობდა, ახლა თუ მაშინ, როცა მთელი საქართველოს ჭორვილიზაცია უნდოდა? ივანიშვილზე სხვა ოპოზიციური ლიდერებიც ამბობენ, რომ პრორუსი ლიდერია, საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს, მაგრამ ხალხი იჯერებს? არა, რადგან ოპოზიცია თავისსავე თავის წინააღმდეგ მიდის, ხალხს უკეთესს ვერაფერს სთავაზობენ და ამიტომ მათი საუბარი კედელზე თავის რტყმის ტოლფასია. იგივე იქნება გახარიაც, მან საკუთარი მხარდაჭერა უკვე გალია და რისი იმედი აქვს არ ვიცი“,-ამბობს ძაბირაძე.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე for.ge-სთან ფიქრობს, რომ გახარიას შეცვლილი პოზიციონირება უკავშირდება იმ ფაქტს, რომ მან პოლიტიკაში აქტიური გამოჩენა გადაწყვიტა. ამიტომ, ჩათვალა, რომ ივანიშვილზე იერიშით სჯობია მისი, როგორც ოპოზიციონერი ლიდერის, ახალ ამპლუაში გამოჩენა. ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ეს არცთთუ კარგი იდეაა, რადგან ამით ვერანაირ პოლიტიკურ დივიდენდს ვერ დააგროვებს.

„გახარიას დანარჩენი ოპოზიცია მუდმივად უკიჟინებდა, რომ შენ ივანიშვილის წინააღმდეგ განცხადებებს არ აკეთებ და რანაირი ოპოზიციონერი ხარო. ამიტომ გახარიამ გადაწყვიტა, ოპოზიციურ ფლანგზე ახალი ნიშა, ასეთი ხისტი და როყიო განცხადებებით დაიმკვიდროს. დანარჩენ ოპოზიციას აჩვენოს, რომ მათნაირია და მათ რიგებში უნდა მიიღონ. გახარიას პრეტენზია ჰქონდა, რომ მესამე ალტერნატიულ ძალად ჩამოყალიბებულიყო, ისევე, როგორც ეს პრეტენზია ბადრი ჯაფარიძის და მამუკა ხაზარაძის დუეტს ჰქონდათ. თუმცა ჩვენ ვნახეთ, რომ მათ წარუმატებლობა განიცადეს. იგივე ბედი ეწია გახარიასაც. პარტიის შექმნიდან სულ რაღაც ერთი წლის თავზე, მისი რეიტინგი 7%-დან 2%-ს ძლივს აღწევს. გახარიას პარტია პოლიტიკოსებისგანაც კი არ შედგება და უფრო ტექნიკური მუშაკები არიან, ადმინისტრაციის თანამშრომლებისგან არის დაკომპლექტებული, ხალხშიც რაიმე სერიოზულ გავლენას ვერ ახდენენ, რადგან პოლიტიკოსებად ვერ აღიქვამენ. თავად გახარიაც არ იყო პოლიტიკოსი, ის ხალხმა თანამდებობებზე ყოფნის დროს გაიცნო, სხვა პოლიტიკური ბეგრაუდი არ ჰქონია. ის 7%, რაც ჰქონდა, იმიტომ აიღო, რომ ხალხის უმეტესობა მას „ოცნება 2“-ად აღიქვამდა, მით უმეტეს ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლამდე თქვა, რომ მმართველი გუნდის წიაღიდანვე შესაძლებელი იყო ჯანსაღი პოლიტიკური ძალა შექმნილიყო. ამიტომ, ბევრ ადამიანს ის, უბრალოდ, მმართველი გუნდის სხვა განშტოებად წარმოედგინა. თუმცა დროთა განმავლობაში ყველამ დაინახა, რომ ეს რეალობა არ იყო. თავად გახარია კი არანაირ სერიოზულ პოლიტიკურ ფიგურას არ წარმოადგენდა“, - ამბობს ანჯაფარიძე.

ის ასევე არ გამორიცხავს, რომ გახარია ამ განცხადებებით დასავლეთის თვალში ცდილობდეს, რომ პროდასავლურ ლიდერად წარმოჩინდეს, რადგან მას ხელისუფლებაში ყოფნის დროს უფრო პრორუსულ ფიგურად აღიქვამდნენ. ამაზე ოპოზიციაც აპელირებდა და მისი წარსული ბეგრაუნდიც ამის თქმის საშუალებას იძლეოდა. ამიტომ, შესაძლოა, ის ამ ფომით მათთვის თავის მოწონებასაც ცდილობდეს.