საარსებო მინიმუმი - 150 თუ 250 ლარი?

საარსებო მინიმუმი - 150 თუ 250 ლარი?

საარსებო მინიმუმის სწორად დაანგარიშება საქართველოსთვის მნიშვნელოვანია. დღესდღეობით ბევრი აცხადებს, რომ ზრდასრული მამაკაცის საარსებო მინიმუმი არ უნდა ფასდებოდეს 150 ლარად, რადგან ეს არასაკმარისია ერთი ადამიანის არსებობისათვის. უფრო მეტიც, არსებული კრიტერიუმები ჯერ კიდევ 1996 წელს არის შემუშავებული და 20 წლის განმავლობაში ამ მხრივ არაფერი შეცვლილა.

საარსებო მინიმუმის თემატიკა პოლიტიკოსებმაც აიტაცეს და კილოკალორების 2500-მდე გაზრდა მოითხოვეს, რაც მთლიანობაში, სხვა პარამეტრებთან ერთად, საარსებო მინიმუმს 250-ლარიან მაჩვენებლამდე გაზრდის.

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ვაჟა ბერიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ საარსებო მინიმუმთან დაკავშირებით ამ ეტაპზე საქართველოში მიღებულია საერთო უნივერსალური მიდგომა. აქედან გამომდინარე, საარსებო მინიმუმი ჯამში 150 ლარი გამოდის. მიუხედავად იმისა, რომ ეს მეთოდი აპრობირებულია ბევრ სხვა ქვეყანაში და გარკვეულ რეალურ შედეგსაც იძლევა, მაინც რეალურად არ ასახავს საარსებო მინიმუმის დონეს.

ამდენად, ექსპერტი ფიქრობს, რომ სხვანაირად გადათვლის პირობებში, როდესაც უფრო მეტი ელემენტები იქნება გათვალისწინებული და კვების პროდუქტების გარდა, სხვა კომპონენტებიც შევა საარსებო მინიმუმის დათვლისას, საქართველოს შემთხვევაში ბევრად უფრო მაღალ ნიშნულს მივიღებთ. ეს მაღალი ნიშნული კი სადღაც 250-270 ლარის ფარგლებში უნდა იყოს.

„სხვათა შორის, როდესაც „ქართული ოცნება“ და მისი ლიდერი ხელისუფლებაში მოდიოდა, იგი დაპირდა საზოგადოებას, რომ გადახედავდა საარსებო მინუმუმის განსაზღვრის პრინციპს და სხვა უფრო რეალურ მაჩვენებელს მიიღებდა. თუმცა იქვე იყო აღნიშნული, რომ სადღეისო მეთოდიკით, ამ საარსებო მინიმუმს ავიღებთ ორიენტირად და, როდესაც ეტაპობრივად გავზრდით პენსიას, ამის შემდეგ გადავითვლით ახალი მეთოდიკის საშუალებით და დავადგენთ რეალურ მაჩვენებელს. პრინციპში, რეალურად საარსებო მინიმუმი მეტია, ვიდრე დღეს არის დაფიქსირებული. მართალია, სტატისტიკური უწყება აწარმოებს ამ მინიმუმის დათვლას, მაგრამ ჩვენ უნდა მოვუწოდოთ „ქართული ოცნების“ მთავრობას, უზრუნველყოს საქსტატის რეალური დამოუკიდებლობა“, - აღნიშნა ვაჟა ბერიძემ.

მანვე განმარტა, რომ სხვა ქვეყნებში საარსებო მინიმუმს ითვლიან ფასებისა და მომსახურებების რეალური მონაცემების საფუძველზე, რაც კონკრეტულ ქვეყანაში არსებობს. ამდენად, ამ მხრივ ყველა ქვეყნის მაჩვენებელი განსხვავდება. ამიტომ ის, რომ ჩვენი საარსებო მინიმუმი გადავიყვანოთ ისეთ მახასიათებელში, როგორიცაა სხვა ქვეყნის ვალუტის, დოლარის ან ევროს მიმართება, შედეგს არ მოგვცემს.

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში იოსებ არჩვაძე ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ ჩვენთან საშუალო ევროპულ დონეზე 2,5-ჯერ უფრო დაბალი ფასებია ენერგომატარებლებზე, ბუნებრივ აირზე და ელექტროენერგიაზე. ასევე, საარსებო მინიმუმის დაანგარიშებისას გათვალისწინებულია სხვა სამომხმარებლო პარამეტრები, ნიუანსები, კულტურა და სხვა. იოსებ არჩვაძე ადასტურებს, რომ საარსებო მინიმუმისთვის 150 ლარი, რა თქმა უნდა, ძალიან დაბალია, მაგრამ მეორე საკითხია, რომ ჩვენთან საარსებო მინიმუმს ვანიჭებთ იმაზე მეტ დატვირთვას, ვიდრე მას ეს შეუძლია.

„აშშ-ში სულ სხვა დონეა, დაახლოებით 22 ათასი დოლარის ფარგლებშია საშუალო ოთხსულიან ოჯახზე თანხები და ამ ზღვარს მიღმა, მოსახლეობის თითქმის 14 % ცხოვრობს. ანალოგიური მდგომარეობაა ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში, იქაც განსხვავებული საარსებო მინიმუმია, ამიტომ საუბარი იმაზე, რომ ჩვენ ავიღოთ ევროპული ან ამერიკული საშუალო მსოფლიო სტანდარტები, არ იქნება სწორი, რადგან ჩვენთან ფასების დონე დაბალია და ეკონომიკური მდგომარეობაც შესაბამისად ჩამორჩება საშუალო მსოფლიო ფასებს“, - განმარტავს იოსებს არჩვაძე.

უნდა იყოს თუ არა საარსებო მინიმუმი 250 ლარი, ექსპერტის თქმით, ეს დამოკიდებულია ფასების საერთო დონეზე და სამომხმარებლო კულტურაზე. მაგალითად, ის, რაც ადრე ითვლებოდა ფუფუნების საგნად და გამორჩეული დატვირთვის მქონე იყო, დღეს ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო ელემენტია, საუბარია თუნდაც მობილურ ტელეფონზე. დღეს მობილური ტელეფინი უკვე დაბალშემოსევლიანი ოჯახის ისეთივე ატრიბუტია, როგორც - ავტოკალამი და რვეული.

ამდენად, თანდათანობით სამომხმარებლო არეალისა და კულტურის გაფართოების კვალობაზე, იმის მომსწრენი ვიქნებით, რომ ღირებულებითად გაიზრდება ჩვენი საარსებო მინიმუმი. თუ რამდენ ხანში მოხდება დაახლოება მსოფლიო ან ევროპულ დონესთან, ამაზე საუბარი ამ ეტაპზე ზედმეტია. თუმცა რაც დღეს გვაქვს და, რასაც სტატისტიკის სამსახური ანგარიშობს, კრიტიკას ვერ უძლებს.

„საარსებო მინიმუმის სასურსათო და არასასურსათო მაჩვენებლებს შორის პროპორციები უნდა შეიცვალოს. დღესდღეობით ეს პროპორცია არის სადღაც 70-30-ზე, აქედან 70 სურსათზე მოდის და 30- ყველა დანარჩენზე, ეს იქნება არასასურსათო საქონელი, მომსახურება, ტრანსპორტი და ა.შ. ამიტომ, თუ პირობითად ავიღებთ პროპორციებს 50/50-ზე, თვით სასურსათო ნაწილის კომპონენტის უცვლელობის პირობებშიც კი, მივაღწევთ იმას, რომ საარსებო მინიმუმი გაიზრდება 70-80 ლარით. ეს კი ახლოსაა 250-ლარიან მაჩვენებელთან. სხვათა შორის, დღევანდელი რეალობა არც ისე შორსაა ამ პარამეტრთან“,-აცხადებს იოსებ არჩვაძე.