„რომელ უკრაინაში ჩასვლაზეა ლაპარაკი, როცა მგლების ხროვაა იქაურ ხელისუფლებაში, რომლებიც გეუბნებიან, მოკვდი, განადგურდი, საზარბაზნე ხორცად იქეციო“

„რომელ უკრაინაში ჩასვლაზეა ლაპარაკი, როცა მგლების ხროვაა იქაურ ხელისუფლებაში, რომლებიც გეუბნებიან, მოკვდი, განადგურდი, საზარბაზნე ხორცად იქეციო“

„ომის დამთავრების შემდეგ უკრაინასთან ურთიერთობა უნდა გადაიხედოს, უკრაინელებს მოუწევთ იმის აღიარება, რატომ აკეთებდნენ და რის გამო ეწეოდნენ საქართველოს წინააღმდეგ ასეთ ანტიქართულ, ანტისახელმწიფოებრივ პროპაგანდას, მთელ მსოფლიოს რატომ ეუბნებოდნენ, თითქოს ჩვენ ვიყავით ყველაზე უკანასკნელი ქვეყანა, რომელიც არ ეხმარებოდა უკრაინას“,- აცხადებს for.ge- სთან საუბრისას „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე.

უკრაინაში ომის წლისთავზე ჩასვლას ქართული დეპუტაცია არ აპირებს. მიზეზად სახელდება უკრაინის ხელისუფლების სურვილი საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის შესახებ, ასევე, „პოლიტპატიმარ“ სააკაშვილის საკითხი. უნდა დაძლიოს თუ არა ჩვენმა დეპუტაციამ უკრაინის ხელისუფლების უმადურობა საქართველოს მიმართ და უნდა გაემგზავროს თუ არა სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანაში?

- იმ სიტუაციაში, იმ პოლიტიკურ პროცესში, რომელშიც დღეს საქართველო იმყოფება, როგორი დამოკიდებულებაც გამოამჟღავნა უკრაინის ხელისუფლებამ და როგორი უღირსი მოპყრობითაც მოექცა საქართველოს ხელისუფლებას, ანუ ქართველ ხალხს (რადგან უმრავლესობით არჩეული ხელისუფლება ქართველი ხალხის ნების გამომხატველია), ამ საკითხის განხილვა წარმოუდგენლად მიმაჩნია. ჩვენი დელეგაცია არათუ უკრაინაში არ უნდა ჩავიდეს ახლა, არამედ, საერთოდ, ომის დამთავრების შემდეგ ეს ურთიერთობები აუცილებლად უნდა გადაიხედოს. უკრაინელებს მოუწევთ იმის აღიარება, რატომ აკეთებდნენ და რის გამო ეწეოდნენ საქართველოს წინააღმდეგ ასეთ ანტიქართულ, ანტისახელმწიფოებრივ პროპაგანდას, მთელ მსოფლიოს რატომ ეუბნებოდნენ, თითქოს ჩვენ ვიყავით ყველაზე უკანასკნელი ქვეყანა, რომელიც არ ეხმარებოდა უკრაინას. ამ დროს ჩვენ ვართ ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე ქვეყანა, რომელმაც დახმარების ხელი გაუწოდა დაუნახავ უკრაინის ხელისუფლებას, აქ არ ვგულისხმობ უკრაინელ ხალხს. რა დავალებასაც არ უნდა ასრულებდნენ და ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ეს დავალება, თვითონ სინდისი როგორ აძლევთ იმის საშუალებას, საქართველოს ისე მოეპყრან და ისე ელაპარაკონ, რა ტონალობითაც ისინი გველაპარაკებიან.

„ქართული ოცნების“ დელეგაცია უკრაინაში ჩასვლას აპრილშიც შეუფერებლად მიიჩნევდა ზელენსკის ადმინისტრაციის მხრიდან გამოვლენილი უმადურობის გამო. თუმცა უკრაინის რადას თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა მაშინ მოახერხა შალვა პაპუაშვილის დარწმუნება, ბუჩასა და ირპენში მიიწვია ქართველები და რუსთაველის აფორიზმიც შეახსენა „ხამს მოყვარე მოყვრისათვის თავი ჭირსა არ დამრიდად“. როგორც ჩანს, ეს ერთი ადამიანი ფონს ვერ ცვლის უკრაინაში, მაგრამ მსგავს ადამიანებთან კონტაქტი, რომლებიც შემჩნეულნი არ არიან საქართველოს ლანძღვაში, ინფორმაციული თვალსაზრისით სიტუაციას ვერ შეცვლიდა?

- ვერ შეცვლიდა, რადგან უკრაინაში მთავარი მოთამაშე ზელენსკია. ზელენსკის ფიგურა შექმნეს, როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი ავტორიტეტული ფიგურა. ვინ იცის სხვა დანარჩენის გვარი და სახელი უკრაინაში? ყველაფერი ზელენსკის ირგვლივ ტრიალებს. აქედან გამომდინარე, ჩვენ უმძიმეს სიტუაციაში ვართ. ძალიან მძიმე ზეწოლის ქვეშ ვიმყოფებით, ბომბი გვიდევს სააკაშვილის სახით, ლამის ევროპარლამენტარები შეიჭრან „ვივამედში“, გაიტაცონ და წაიყვანონ სააკაშვილი ისე, რომ სამართალი არად ჩააგდონ, ასეთ მოცემულობას ყველაზე მეტად რუსული გამოთქმა შეეფერება, ეს პოლიტიკის „ბესპრედელია“. ამ სიტუაციაში რომელ უკრაინაში ჩასვლაზეა ლაპარაკი, იქ ვინ რას გიზამს, კაცმა არ იცის, მგლების ხროვაა იქაურ ხელისუფლებაში, რომელიც პირდაპირ გეუბნება, მოკვდი, განადგურდი, საზარბაზნე ხორცად იქეცი, რადგან ეს ამერიკის ინტერესებშიაო. ზელენსკის გარშემოა აგებული ნაძვისხის „ვერხუშკა“, ის არის საქართველოს დაუძინებელი მტერი.

თქვენ ახსენეთ „უკრაინის დაუნახავი ხელისუფლება“. ბევრი ფიქრობს, რომ ზელენსკის ადმინისტრაცია გარკვეული ძალების მხრიდან მძევლის როლშია, რადგან რაც უკრაინაში ხდება, უკრაინელი ხალხის ინტერესში არ არის. თუმცა საქართველოში ზოგიერთები ცდილობენ, ზელენსკის ხელისუფლებას გამართლება მოუძებნონ, რომ რაც არ უნდა თქვას უკრაინის ხელისუფლებამ, ყველაფერი ეპატიება, რადგან უკრაინა ომის მდგომარეობაშია.

- რა თქმა უნდა, სხვა მართავს ამ პროცესებს, მაგრამ ეს პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს უკრაინის ხელისუფლებას, რომელსაც ღირსების და მადლიერების გრძნობა უნდა გააჩნდეს. როგორ, დავალებას რომ ასრულებ, რის ფასად? ღირსების და მადლიერების განცდის ფასად? ვის უნდა ისეთ ქვეყანასთან ურთიერთობა, რომელიც ასეთი გაჭირვებული საქართველოსგან მიღებული ამხელა დახმარების მიმართ დაუნახავი აღმოჩნდა? ასეთ დაუნახავ უკრაინის ხელისუფლებას რა პრეტენზია შეიძლება ჰქონდეს რაიმეზე. თუკი ასეთი მონაა, რომ ღირსებაც გადალახა, მაშინ ასეთ ქვეყანასთან რა უნდა გვაკავშირებდეს?! ომის მდგომარეობაში მყოფი ქვეყანაო, ხშირად გვესმის, შე დალოცვილო, ომის მდგომარეობაში ხარ და სააკაშვილის „პოლიტპატიმრის“ სტატუსი გაღელვებს? საკუთარი ქვეყანა თავზე გენგრევა და სააკაშვილს დასდევ? ამოგეჟლიტა ნახევარი უკრაინა, მეორე ნახევარი ლტოლვილად არის გაქცეული ქვეყნიდან და სააკაშვილს მისდევ?!

მას შემდეგ, რაც მარია ზახაროვამ ზელენსკის უწინასწარმეტყველა სააკაშვილის ბედი და აღნიშნა, რომ ამერიკის აგენტები ასე ტრაგიკულად ამთავრებენო, საქართველოში გაჩნდა ასეთი მოსაზრება, ზახაროვას ჯინაზე ხომ არ ჯობდა სააკაშვილის გაშვება? ისე, უცნაური ტენდენციაა, ზახაროვა იწონებს სააკაშვილის პატიმრობას, პუტინის ერთადერთი მეგობარი ლუკაშენკო კი სააკაშვილის პატიმრობას უხერხულობად მიიჩნევს. რა თამაშები მიმდინარეობს? ზახაროვასგან განსხვავებით, ლუკაშენკოს ნამდვილად აშფოთებს სააკაშვილის ბედი? ეს ხომ ორმაგი დამოკიდებულებაა სააკაშვილის მიმართ?

- ეს ფაქტი იმით აიხსნება, რომ სააკაშვილი თავად იყო ორმაგი აგენტი, რა თქმა უნდა, ის ემსახურებოდა რუსეთს. დღეს, როდესაც სააკაშვილს უჭირს, რუსეთი ყოველ ღონეს იხმარს, თავისი აგენტი - სააკაშვილი ციხიდან დაიხსნას. მართალია, სააკაშვილის ახლობლები იძახიან, პუტინის პატიმარიაო, მაგრამ რაში ჩანს, რომ პუტინის პატიმარია? როგორც კი გაუჭირდებოდა სააკაშვილს, ყოველთვის პუტინი გამოდიოდა და ცდილობდა მის დახმარებას. გახსოვთ, როდესაც ატყდა ერთი ამბავი, ომი საქართველომ დაიწყოო, გამოვიდა პუტინი და თქვა, ომი მე დავიწყე, მე შევიჭერი საქართველოშიო. კითხვაც კი არავის დაუსვამს, ისე თქვა პუტინმა ეს, არავინ ელოდა მის ასეთ ნათქვამს. ეს იმიტომ, რომ იცავენ თავიანთ აგენტს. ადრე თუ გვიან ეს ყველაფერი გაიხსნება და ნათელი გახდება, ვის ინტერესებს ემსახურებოდა სააკაშვილი, მაგრამ ის, რომ ორმაგი აგენტია და რუსული ინტერესები სერიოზულადაა სააკაშვილში, ამას რად უნდა ლაპარაკი? არეულობა, დაძაბულობა, ხელისუფლების დამხობა ვის უნდა საქართველოში? მღვრიე წყალში ვინ დაიჭერს თევზს? რაც შეეხება ზახაროვას ნათქვამს, ასეთი ფორმულირებით, რომ ზელენსკიც გაიზიარებს სააკაშვილის ბედს, ზახაროვამ ის რიტორიკა „გააპრავა“, რომელსაც დასავლეთი და „ნაცმოძრაობის“ აგენტები აჟღერებენ, თითქოს სააკაშვილი პუტინის პატიმარია. ზახაროვამ „გაუპრავა“ სააკაშვილს, ეს უკვე ღია თამაშია, აღარ არის დახურული თამაში არც დასავლეთის მხრიდან და არც რუსეთის მხრიდან. ჩვენც ღიად უნდა ვისაუბროთ, აღარ არის ის დრო, რებუსებით ვილაპარაკოთ, ღიად უნდა ვისაუბროთ თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენი მოქალაქეები დაბნეულობაში არ შეიყვანოს ამ პოლიტიკურმა აფიორამ, რომელიც მიმდინარეობს. ამხელა საინფორმაციო სივრცეა ამ ტყუილის მატირაჟებელი. ხელისუფლებამ ორი- სამი მიკროფონი უნდა გამოიყენოს, რომ თავის მოქალაქეებს განუმარტოს, რასთან გვაქვს საქმე და რა პროცესები მიმდინარეობს ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის წინააღმდეგ.

მას შემდეგ, რაც მიუნხენიდან გააჟღერა პრემიერმა, რომ მიშა კარგი მსახიობია, ამას მოჰყვა გიული ალასანიას განცხადება, მიშა რომ მოკვდეს, მაშინაც იტყვიან, რომ ის მსახიობობს. იმ ვიდეოკადრების შემდეგ, რომელშიც ჩანს, რომ სააკაშვილი თავისით გადაადგილდება და გადაადგილებისთვის დამხმარე საშუალებას კი არ ეყრდნობა, არამედ თვითონვე მიათრევს რკინის კონსტრუქციას, დასავლეთს შეიძლება თვალი აეხილოს? თუ უკვე მომგებიანი გახდა იმით აპელირება, რომ მიშა თურმე პუტინის მსხვერპლია?

- მთელი ამხელა მონსტრი, მაფია თამაშობს ერთ თამაშს და ჩვენ გვიხდება ამ ლაბირინთებიდან თავის დაღწევა და გადარჩენა. მთელ ამ პერიოდში სხვას ვერაფერს ვერ ვაკეთებთ, უბრალოდ, ვაკეთებთ იმას, რომ როგორმე გადავირჩინოთ თავი. ეს ომის პარტია ამ ომში მხოლოდ ძალაუფლების მოპოვებას კი არ ცდილობს, არამედ უზარმაზარი ფული მოაქვს ამ ომს. უზარმაზარი ფული იჭრება, მაფიის ჯიბეში გადადის, ვინც ამ პოლიტიკას ქმნის. ეს უზარმაზარი თამაშია. როდესაც ითქვა, მიშა კარგი მსახიობიაო, ეს მართლაც ასეა, სწორედ აფერისტობის ნიშნითაა შერჩეული ამხელა მოთამაშე აგენტად, სააკაშვილს პატარა როლი არ აქვს, საკმაოდ სერიოზული როლი აქვს ომის პარტიის თამაშში.

იმ ფონზე, როცა ევროპარლამენტარები სააკაშვილის მხარდამჭერ რეზოლუციებს თხზავენ და საკუთარი ნებით იმყოფებიან სააკაშვილის პიარჯგუფის ტყვეობაში, ისინი ვერ აცნობიერებენ, როგორ მოდიან წინააღმდეგობაში სტრასბურგის განაჩენებთან, რომლის სულ ბოლო განაჩენითაც მტკიცდება, რომ სააკაშვილის რეჟიმი უსასტიკესად გაუსწორდა აკაკი ოჩიგავას, რომელმაც ცემის შემდეგ გონს მოსულმა აღმოაჩინა, რომ გვამებზე მიბმული ყოფილა. რატომ არის დროსა და სივრცეში ერთმანეთისგან აცდენილი სტრასბურგის განაჩენები და ევროპარლამენტართა „განაჩენები“ საქართველოს ხელისუფლების მიმართ?

- სტრასბურგის სასამართლო არ არის პოლიტიკური მოთამაშე, ჯერჯერობით მაინც არ არის ჩართული პოლიტიკაში, რადგან სასამართლო ნეიტრალური, მიუკერძოებელია, მაგრამ ევროპარლამენტიც და ევროსაბჭოც პოლიტიკური ორგანოა და პოლიტიკურ თამაშს თამაშობს, თუმცა არ არის გამორიცხული, პოლიტიკურ თამაშში ჩართონ სტრასბურგის სასამართლოც. ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპამდე არ მომხდარა პოლიტიკურ თამაშებში სტრასბურგის სასამართლოს ჩართვა. სააკაშვილის დროს ოჩიგავაც ჩემთან ერთად იყო, როდესაც ჩვენ ჩავატარეთ პრესკონფერენცია „რეპორტიორში“ და ამ საკითხზე ვისაუბრეთ, თუ როგორი წამების ქვეშ იმყოფებოდა ოჩიგავა. ის არ იყო გამონაკლისი, ის იყო ერთ-ერთი, რომელსაც სასტიკად ეპყრობოდნენ. როგორ გგონიათ, ის რეჟიმი, ვინც გამოაცხადა „დემოკრატიის შუქურად“, სულელი იყო და არ იცოდა, რას აკეთებდა? უბრალოდ, ასეთი პოლიტიკური მოთამაშეებისთვის ყველაფერი დასაშვები იყო, რადგან ისინი ემსახურებოდნენ ამერიკულ და რუსულ ინტერესებს, ორივეს ერთად.

Aburjga Tasmanieli მთავრობა რომ გასულელდეს და სამთავრობო დელეგაცია უკრაინაში გაგზავნოს, სრულიად შესაძლებელია იქაურმა ჯიბგირებმა მძევლად აიყვანონ და სააკაშვილზე გაცვლა მოითხოვონ!
1 წლის უკან