უკრაინის კონფლიქტის გაღვივებაზე, ესკალაციაზე, მსხვერპლთა რაოდენობის ზრდაზე პასუხისმგებლობას ვლადიმერ პუტინი მთლიანად დასავლეთს და უკრაინის ხელისუფლებას აკისრებს. რუსეთის პრეზიდენტმა ფედერალურ ასამბლეაში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ რუსეთი ნაბიჯ-ნაბიჯ გადაწყვეტს უკრაინაში მიმდინარე სპეცოპერაციის ამოცანებს.
„ერთი გარემოება ყველასთვის გასაგები უნდა იყოს - რაც უფრო მეტად შორი რადიუსის სისტემების მიწოდება მოხდება უკრაინისთვის, მით შორს გავხდებით იძულებული, რომ გავწიოთ საფრთხე ჩვენი საზღვრებიდან. დასავლეთი მიზნად ისახავს ლოკალური კონფლიქტი გლობალური დაპირისპირების ფაზაში გადაიყვანოს. ჩვენ ეს ასე გვესმის და ამაზე გვექნება შესაბამისი რეაგირება“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
ამასთან, როგორც პუტინმა აღნიშნა, რუსეთი სტრატეგიული შეიარაღების შემცირების ხელშეკრულებაში მონაწილეობას აჩერებს. მისი თქმით, შეერთებული შტატები, ნატო-ს მეშვეობით, მოსკოვს სტრატეგიული შეიარაღების შემცირების ხელშეკრულებასთან დაკავშირებით ულტიმატუმს უყენებს. პუტინის თქმით, ვაშინგტონი ყველა პუნქტის შესრულებას ითხოვს, თავად კი გეგმავს, მოიქცეს ისე, როგორც უნდა.
„ჩვენ დანამდვილებით ვიცით, რომ ზოგიერთი ფიგურა ვაშინგტონში უკვე ფიქრობს მათი ბირთვული იარაღის გამოცდის შესაძლებლობაზე, მათ შორის იმის გათვალისწინებით, რომ შეერთებული შტატები ავითარებს ბირთვულ იარაღის ახალ ტიპებს. ამ სიტუაციაში რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ და „როსატომმა“ უნდა უზრუნველყონ მზადყოფნა რუსული ბირთვული იარაღის გამოცდისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვიქნებით პირველი, ვინც ამას გააკეთებს, მაგრამ თუ შეერთებული შტატები გამოცდას განახორციელებს, ჩვენც გავაკეთებთ ამას“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
უკრაინაში რუსული აგრესია გრძელდება და პუტინის მუქარის ფონზე სავარაუდოა, რომ რუსული აგრესია უფრო სასტიკი იქნება. საბრძოლო მოქმედებების ეპიცენტრი ისევ დონბასი და ხარკოვის ოლქია. გვიან ღამით საოკუპაციო ძალებმა, იერიშები სწორედ ხარკოვის მიმართულებით გააძლიერეს. რუსული ძალების მოგერიება უკრაინის თავდაცვის ძალებს რამდენმე მიმართულებით უწევთ. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მიმდინარე კვირაში საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობებში, როგორც ევროპაში, ასევე მთელ მსოფლიოში, მნიშვნელოვანი მოვლენებია დაგეგმილი.
„ამ კვირაში ჩვენ გავაგრძელებთ დიპლომატიურ მუშაობას შეერთებული შტატების წარმომადგენლებთან. ასევე მნიშვნელოვანი მოვლენები მოხდება ჩვენს სხვა პარტნიორებთან ურთიერთობაში, როგორც ევროპაში, ისე მთელ მსოფლიოში. სრულმასშტაბიანი ომის წელი, ჩვენი დაუმარცხებლობის წელი, რომელიც იყო პასუხი კრემლის ილუზიაზე - „სამი დღე კიევამდე“ - ერთი წელი! და ჩვენ ვაწყობთ ჭეშმარიტად უკრაინულ გლობალურ კვირას“, - აღნიშნა ვოლოდიმერ ზელენსკიმ.
24 თებერვალს კი, უკრაინა რუსეთის შეჭრიდან, ერთი წლის თავს აღნიშნავს. კიევში „სამი დღე კიევამდე“- ს აღსანიშნავად მსოლიოს სხვადასხვა კუთხიდან სტუმრებს ელოდებიან, მათ შორის - საქართველოდან. კიევში უკვე გაემგზავრნენ ოპოზიციის წევრები. „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, უკრაინის რადამ, რუსეთ-უკრაინის ომის ერთი წლის თავზე, „ქართული ოცნებას“ საპარლამენტო დელეგაციისთვის ოფიციალური მოწვევა გამოგზავნა, თუმცა მათ ჩასვლაზე უარი განაცხადეს.
მმართველ გუნდში ადასტურებენ, რომ მიწვეული არიან 24 თებერვალს უკრაინაში, თუმცა გამგზავრებაზე უარს ამბობენ იმ მოტივით, რომ უკრაინელი მაღალჩინოსნები საქართველოს მოუწოდებენ მეორე ფრონტისკენ, სააკაშვილს პოლიტპატიმარს უწოდებენ, რაც არ ტოვებს დიპლომატიური ურთიერთობების სივრცეს.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ომის შემდეგ ექნებათ საუბარი იმ უკრაინელ ჩინოსნებთან, რომლებიც ქვეყნას ბრალდებას უყენებენ. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საკითხი მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელებს შორის კომუნიკაციისას განიხილეს, სადაც გაჟღერდა პოზიცია, რომ საქართველომ, იმ პირობებში, რომელშიც არის, უკრაინისადმი ისეთი სოლიდარობა გამოიჩინა, რომელსაც ასეთ მდგომარეობაში მყოფი არც ერთი ქვეყანა არ გამოიჩენდა. მისი თქმით, საქართველო არც ნატო-ს ქოლგითაა დაცული და არც ევროკავშირის ეკონომიკური სოლიდარობის ქვეშაა და მიუხედავად ამისა, საერთაშორისო ფორმატებში ყველაზე ხმამაღალია.
„უკრაინის ზოგიერთი ჩინოსნის მხრიდან არასამართლიანი დამოკიდებულება ახალი არაა, დაწყებული მიტინგებზე პირდაპირი ჩართვებითა და მოწოდებებით, ამის მიუხედავად ხელი არ აგვკანკალებია, რომ მხარი დაგვეჭირა ნებისმიერი რეზოლუციისთვის, რომელიც უკრაინას მხარს უჭერს და რუსულ აგრესიას გმობს, ეს ერთი წელი ჩვენს კეთილსინდისიერებას ადასტურებს.
დედამიწაზე არ არის ქვეყანა, რომელიც ჩვენს მდგომარეობაში იქნებოდა და ჩვენზე მეტ სოლიდარობას გამოიჩენდა. ეს ომი დასრულდება, გავა წლები და უკრაინელ ხალხთან ძმობა, რაც გვაქვს, გვექნება, რაც შეეხება ზოგიერთ უკრაინელ ჩინოსანს, რომელიც საქართველოზე თავდასხმითაა დაკავებული, მათთან გვექნება საუბარი. უკრაინას თავის ომი აქვს და მათ მიმართ სოლიდარულები ვართ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის ვიცე-სპიკერის გიორგი ვოლსკის განცხადებით, კიევი საქართველოს მიმართ პოზიციას არ შეიცვლის, რადგან მას სტრატეგიული ამოცანა გააჩნია.
„არ მგონია უკრაინის ხელისუფლებამ პოზიცია შეიცვალოს, თუ საქართველოს დელეგაცია ფორუმზე კიევს ესტუმრება. ცალმხრივი მოძრაობა არ უნდა იყოს დიპლომატიურ ურთიერთობაზე, მის არსზე. როდესაც კონკრეტული ქვეყანა, კონკრეტულ ცნობილ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ყველა პირობას უქმნის იმისთვის, რომ პოლიტიკურად პოზიციები გაიმაგროს, იყოს აქტიური და დაუპირისპირდეს ინტენსიურად კონკრეტულ ქვეყანას, რომელთანაც მოკავშირეობა უნდა გინდოდეს, აი, ამ პერიოდში საკმაოდ სერიოზული თავშეკავება გამოიჩინა თბილისმა, როდესაც არ შეაფასა იქ გუბერნატორად დანიშვნა, კონკრეტული ადამიანების, სისხლის სამართლის დამნაშავეების დაწინაურება და პოზიციებზე დაყენება. აქედან გამომდინარე, ჩვენ არ ველოდებით, რომ კიევი პოზიციას შეიცვლის, რადგან მას სტრატეგიული ამოცანა გააჩნია. ფაქტია, რომ კონტეინერით გამოგზავნილი სააკაშვილი სამეგობროდ არ მოდიოდა. მე გამოვრიცხავ იმას, რომ კიევმა არ იცოდა სააკაშვილი სად და რა მიზნით მიემართებოდა“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, უკრაინასთან ურთიერთობა, მეგობრობა და პარტნიორობა ცალმხრივი ვერ იქნება, ის ორმხრივი უნდა იყოს. მისი თქმით, უკრაინის მხრიდან არანაირი განმარტება არ მოჰყოლია ქვეყნიდან ელჩის გაწვევას.
„ჩემი პოზიცია ძალიან მარტივია. ძალიან ბევრჯერ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ უკრაინასა და უკრაინელ ხალხს მინდა მშვიდობა ვუსურვო. უბედურებაა ის, რაც უკრაინაში ხდება. სამწუხაროდ, ჩვენ ომი გამოვლილი გვაქვს, საკუთარ თავზე გვაქვს გამოცდილი. როგორც ჩვენთვის, ასევე უკრაინისთვის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეეხება უკრაინასთან ურთიერთობას, მეგობრობა და პარტნიორობა ცალმხრივი ვერ იქნება, ის ორმხრივი უნდა იყოს. გულდასაწყვეტია ის, რომ ყოველგვარი ახსნა-განმარტებების გარეშე, გაუგებარი მიზეზებით, უკრაინამ, მაგალითად, ელჩი გაიწვია. არანაირი ახსნა-განმარტება არ მოჰყოლია იმას, თუ რასთან იყო ეს ყველაფერი დაკავშირებული“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ანალიტიკოს სოსო მანჯავიძის განცხადებით, იმის ფონზე, რა ბრალდებებიც ისმის უკრაინის ხელისუფლების მხრიდან, საქართველოს ხელისუფლებას არ აქვს ვალდებულება, თუნდაც მეგობარი სახელმწიფოს სტატუსით გაემგზავროს უკრაინაში.
„პირიქით, საქართველომ უნდა გამოიწვიოს ელჩი, იმიტომ, რომ უკრაინა საქართველოს წინააღმდეგ აწარმოებს მტრულ პოლიტიკას. ის დროებითი პიარი, უკრაინის ხელისუფლების და ზელენსკის გმირად წარმოჩენა, ძალიან მალე დამთავრდება, უკრაინაში ხელისუფლებაც შეიცვლება და მართლაც დაისმება საკითხი, კერძოდ რა იდგა ამ ანტიქართული და საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკის უკან, რომელსაც ჩვენ ვხედავთ არა მარტო ომის პერიოდში, არამედ მთელი 2012 წლიდან სააკაშვილის იქ მივლინებიდან დაწყებული და დამთვარებული დღევანდელობამდე.
პირდაპირ გააფრთებული ბრძოლა და მტრული პროპაგანდა მიმდინარეობს საქართველოს წინააღმდეგ. ამას, ხომ ყველა ვხედავთ. რას ნიშნავს უნდა ჩავიდეს? რატომ უნდა ჩავიდეს? უკრაინის რამე ვალი გვაქვს? რატომ წარმოაჩენენ თავს ისე, რომ თითქოს უკარაინის ვალი ჰქონდეს საქართველოს, არანაირი ვალი არ გვაქვს და ეს პროპაგანდა უნდა შეწყდეს“, - აცხადებს სოსო მანჯავიძე.
რა შეეხება ოპოზიციის წევრების გამგზავრებას უკრაინაში, ანალიტიკოსი ამბობს, რომ ეს მათი თავისუფალი ნებაა.
„სხვათა შორის, ძალიან საინტერესო იქნება უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ კანონის მიღება, სადაც ლუსტრირებული იქნება ბევრი რამ და სადაც ყველა დაინახავს ვინ, რა ფინანსური ნაკადებით იმართება და რატომ არიან ასე პირაქაფებული სხვა ქვეყნების ინტერესში და რატომ ებრძვიან საკუთარ ქვეყანას ასე გააფრთებით“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას სოსო მანჯავიძემ.