საჰაერო განგაშის მიუხედავად აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა, რაც არა მხოლოდ პოლიტიკური სიგნალია მოსკოვისთვის, არამედ აშშ-ს მხრიდან ღია განაცხადია, რომ აშშ ბოლომდე აპირებს უკრაინის დახმარებას რუსეთის შესაჩერებლად. ბაიდენი კიევში ადგილობრივი დროით დილის 8:00 საათზე ჩავიდა. თუმცა, იყო ვარაუდი, რომ ბაიდენი პოლონეთს ეწვეოდა. უკრაინაში ვიზიტად მყოფმა ბაიდენმა უკრაინისთვის დახმარების ახალი, 500-მილიონი აშშ დოლარის დახმარების პაკეტი და რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააანონსა.
ოფიციალურ შეხვედრამდე ბაიდენმა საჰაერო განგაშის ხმების ფონზე უკრაინის გარდაცვლილ მცველებს პატივი მიაგო და მიხაილოვსკის მოედანზე უკრაინის პრეზიდენტთან ერთად გავიდა. როგორც ჯო ბაიდენმა განაცხადა, ის ეწვია კიევს, რათა კიდევ ერთხელ დაადასტუროს შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, გამოაცხადოს ახალი სამხედრო დახმარება და ახალი სანქციები. ბაიდენმა უკრაინაში ვიზიტის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ომში უკრაინისადმი აშშ-ის მხარდაჭერის შესახებ ეჭვი არ არსებობდეს.
„როდესაც მსოფლიო ემზადება უკრაინაში რუსეთის სასტიკი შეჭრის ერთი წლისთავის აღსანიშნავად, მე დღეს კიევში ვარ, რათა შევხვდე პრეზიდენტ ზელენსკის და დავადასტურო ჩვენი ურყევი ერთგულება უკრაინის დემოკრატიის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. როდესაც პუტინმა დაიწყო შეჭრა თითქმის ერთი წლის წინ, მას ეგონა, რომ უკრაინა სუსტი იყო და დასავლეთი - გაყოფილი. მას ეგონა, რომ ჩვენზე დიდხანს გაუძლებდა, მაგრამ ის ძალიან შეცდა“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.
მან უკრაინას ხანგრძლივი მხარდაჭერა აღუთქვა და განაცადა, რომ თავისუფლება ფასდაუდებელია. აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, მისთვის ღირს ბრძოლა იმდენხანს, რამდენხანსაც ეს უკრაინისთვის იქნება საჭირო.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ჯო ბაიდენთან შეხვედრაზე შორ მანძილზე მოქმედების იარაღის საკითხი განიხილეს. ზელენსკიმ ბაიდენთან მოლაპარაკების შემდეგ განაცხადა, რომ ის უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის მასშტაბურ პაკეტს ელოდება.
„ჩვენ ასევე განვიხილეთ შორ მანძილზე მოქმედების იარაღისა და იმ იარაღის საკითხი, რომელიც უკრაინას აქამდე არ მიუღია და შესაძლოა, მომავალში მიეწოდოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. შეერთებული შტატების მიერ დაანონსებული დახმარების ახალი პაკეტი არის იმის ნიშანი, რომ რუსეთს რევანშის შანსი არ ექნება. ჩვენ ერთად დავიცავთ ჩვენს ქალაქებს, ჩვენს ხალხს რუსული ტერორისგან და გავაძლიერებთ ჩვენი გამარჯვების იმპულსს. ვიმედოვნებთ, რომ 2023 წელი გამარჯვების წელი იქნება“, - აღნიშნა ვოლოდიმერ ზელენსკიმ.
მაშინ, როდესაც ბაიდენი კიევში შეხვედრებს მართავდა, მოსკოვში ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ვან ი, მოსკოვში ჩავიდა. მანამდე კი, აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს შეხვდა. რუსეთში ვიზიტს წინ უსწრებდა ჩინეთის საგარეო უწყების განცხადება, რომ აშშ-ის მიერ ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობებისკენ თითის გაშვერას არ მიიღებს.
„ჩინეთის თანამშრომლობის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობა ემყარება მესამე მხარის მიუმხრობლობასა და არაკონფრონტაციულობას, ორი დამოუკიდებელი ქვეყნის სუვერენიტეტის ფარგლებში“, - განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ვან ვენბინმა.
იმ შემთხვევაში, თუ ჩინეთი გადაკვეთს „წითელ ხაზს“ და რუსეთს სამხედრო შეიარაღებას მიაწოდებს, აშშ მზად არის, ჩინეთს კონკურენცია გაუწიოს. ამერიკულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ აშშ ჩინეთის მიერ რუსეთის სამხედრო ძალების მხარდაჭერის „შემაშფოთებელ“ ტენდენციებს ხედავს და პეკინს სურს, რუსეთს სამხედრო დახმარება ფარულად მიაწოდოს. როგორც ირკვევა, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ეს საკითხი ჩინელ კოლეგასთან შეხვედრისას დააყენა.
„ჩვენ მივესალმებით ჩინეთის განცხადებას, რომ მათ მშვიდობა სურთ, რადგან ეს არის ის, რისკენაც ჩვენ ყოველთვის ვისწრაფვით მსგავს სიტუაციებში. მაგრამ ჩვენ ასევე მკაფიო უნდა ვიყოთ, რომ ჩინელები და სხვები თუ აპირებენ რუსების ლეტალურ მხარდაჭერას უკრაინაზე მათ სასტიკ თავდასხმაში, მაშინ ეს მიუღებელია. პრეზიდენტმა თქვა, რომ ჩვენ ვხედავთ ჩინეთს, როგორც მოწინააღმდეგეს. ჩვენ მზად ვართ, კონკურენცია გავუწიოთ ჩინელებს და, საჭიროების შემთხვევაში, მზად ვართ წინააღმდეგობის გასაწევადაც. და ჩვენ ამას ვაკეთებთ. ეს არის ის, რასაც ჩვენ გავაგრძელებთ იმისთვის, რომ ჩვენი ეროვნული ინტერესები ყოველთვის პირველ ადგილზე იყოს“, - განაცხადა გაერო-ში აშშ-ის ელჩმა.
პოლიტოლოგ სოსო მანჯავიძის განცხადებით, ის, რომ აშშ-ს პრეზიდენტი და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ერთდროულად ახორციელებენ დაუგეგმავ ვიზიტებს დაპირისპირებულ ქვეყნებში, სრულიად გარკვეულად მიანიშნებს შეუთანხმებლობას და დაძაბულობას აშშ-სა და ჩინეთს შორის, რაც სრულიად ნათლად გამოიხატა ერთი მხრივ, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში, სადაც ის ბრძანებითი ტონით მოუწოდებს ჩინეთს, რომ მან შეწყვიტოს რუსეთის დახმარება და შეუერთდეს სანქციებს და, მეორე მხრივ, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მკვეთრად უარყოფით პასუხში ამ განცხადებაზე.
„ბაიდენის ვიზიტი კიევში მკვეთრად აწევს თამასას და გაზრდის შიდა კონსოლიდაციის და რადიკალიზაციის ხარისხს, მით უმეტეს, პუტინის მოსახლეობასთან დაგეგმილი შეხვედრისა და „გოსდუმაში“ გამოსვლის წინ. გასათვალისწინებელია სხვა კონტექსტიც უკრაინის ომის დაწყების ერთი წლის თავზე, რა დროსაც ელიან პუტინის მიმართვას ფედერალური კრების მიმართ, სადაც ექსპერტთა უმეტესობა მნიშვნელოვან გზავნილებს ელის. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოხატული პოზიცია მხარდაჭერად აღიქმება რუსეთში და არა მარტო იქ, ხოლო ბაიდენის ვიზიტი კიევში ერთმნიშვნელოვნად ფასდება, როგორც ომის ახალ ფაზაში გადასვლის ინდიკატორი“, - აცხადებს სოსო მანჯავიძე.
მისი თქმით, ზოგადად, ბაიდენი და უკრაინა მეტად უცნაურ ბმაში არიან ერთმანეთთან.
„შეგახსენებთ, რომ სწორედ ბაიდენის ვაჟიშვილის, ჰანტერ ბაიდენის უკრაინული სკანდალის მასალები შეიძლება გახდეს აშშ-ს პოლტიკური ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი თემა 2024 წლის არჩევნებში, ისევე როგორც უკრაინისთვის გაწეული დახმარების ეფექტურობის საკითხი, რაც კიდევ უფრო ზრდის ამ ომის მნიშვნელობას ბაიდენის ადმინისტრაციისათვის, რადგან უკრაინის მარცხი მის სრულ პოლიტიკურ ფიასკოს ნიშნავს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას სოსო მანჯავიძემ.
ანალიტიკოს კახა გოგოლაშვილის განცხადებით, ბაიდენის კიევში ვიზიტი ძალიან ბევრის მეტყველია და ამის ფონზე, კრემლის რეაქცია უკვე აღარავის აინტერესებს. მისი თქმით, თავიდან იყო საუბარი იმაზე, რომ ბაიდენი პოლონეთში უნდა ჩასულიყო და ამის შესახებ საუბრობდნენ საერთაშორისო ექსპერტები.
„ეს პოლიტიკურად ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა, რომ მხცოვანი პრეზიდენტი ჩავიდა ისეთ ადგილას, სადაც ბომბები ფეთქდება ყოველ მეორე დღეს. მან მხარდაჭერა პირადად დაუფიქსირა როგორც პრეზიდენტს, ისე მთლიანად უკრაინელ ხალხს. ბაიდენი, ასევე, მომავალი არჩევნების საკითხებზეც ფიქრობს. ალბათ, აქედან ჩანს, რომ ამერიკის შეიძლება საარჩევნო კამპანიის შემადგენელიც იყოს ეს ვიზიტი, მაგრამ ეს ნორმალურია. ის გრძნობს და ხედავს, რომ შეერთებულ შტატებში ძალიან დიდი მხარდაჭერა აქვს უკრაინას. თუ არის ეს კიდევაც კამპანიის რაღაც შემადგენელი ნაწილი, ეს ცუდი სულაც არ არის. ეს ნიშნავს იმას, რომ ამერიკაში შეიძლება პოლიტიკოსმა გაიმყაროს პოზიციები. ძალიან ბევრის მეტყველია ბაიდენის ვიზიტი“, - აცხადებს კახა გოგოლაშვილი.