„ნაციონალური მოძრაობის“ აზვირთებული აქცია, რომელმაც „ქართული ოცნება“ უნდა წალეკოს, კვლავ არ გამოვიდა. არსებობდა მოლოდინი, რომ 20 თებერვალს ენმ დედაქალაქში მასშტაბური აქციის გამართვას შეძლებდა, თუმცა მცდელობა კვლავ უშედეგოდ დასრულდა. უფრო მეტიც, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი, რომელიც საზოგადოებას მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე გამოსვლისკენ მოუწოდებდა, 20 თებერვალს მთავრობის ადმინისტრაციასთან თავადაც არ გამოჩენილა. არადა, რუს ოპოზიციონერ ჟურნალისტთან, მარკ ფეიგინთან ინტერვიუში მერაბიშვილი მშვიდობიანი პროტესტის აუცილებლობაზე საუბრობდა, რამაც ბევრი დაარწმუნა, რომ 20 თებერვლის აქციის ორგანიზატორი მერაბიშვილი იყო.
სად არის მერაბიშვილი? - ეს კითხვა მედიამ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს დაუსვა, თუმცა ლევან ხაბეიშვილი კითხვამ გააღიზიანა და თქვა, რომ ის ყოფილი მაღალჩინოსნის პრესსამსახური არ არის და არ იცის მერაბიშვილი აქციაზე რატომ არ მივიდა.
„კონკრეტული პროპაგანდისტული სამთავრობო მედიები ცდილობენ, ამა თუ იმ ადამიანის დისკრედიტაციის მცდელობას, თურმე სადმე რატომ არ არის?! ეს არ არის ჩამი საქმე, ჩამთვის მნიშვნალოვანია ქართველი ხალხის გადაწყვეტილება, რომელსაც უნდა ევროკავშირში. ვისაც შეუძლია თითო აგურის დადება ბიძინა ივანიშვილისა და რუსული ოლიგარქის მარცხში, მზად ვარ ყველასთან სასაუბროდ. ვანო მერაბიშვილს საჯაროდ აქვს დაფიქსირებული პოზიცია, რომ მას საქართველოში საჯარო პოლიტიკა არ აინტერესებს. რამე კითხვა თუ გაქვთ, მიმართეთ ივანე მერაბიშვილს, პარტიის თავმჯდომარე ვარ, პრესსამსახურში არავის დაუნიშნივარ“, - თქვა ლევან ხაბეიშვილმა.
ამასთანავე ხაბეიშვილი იმედს არ კარავს და ამბობს, რომ „ხალხში პროტესტი არსებობს, უბრალოდ, რწმენა უნდა ჰქონდეს ქართველ ხალხს, რომ ჩვენ ვიბრძოლებთ გამარჯვებამდე“, - განაცხადა მან აქციაზე.
მისი თქმით, საპროტესტო გამოსვლები ყველა ქალაქში, რაიონში გაგრძელდება, საბოლოო ჯამში კი პროტესტი დედაქალაქში მოიყრის თავს.
„ჩემო ძვირფასებო, დაელოდეთ მოვლენების უსწრაფეს განვითარებას, ნახავთ იმ აზვირთებულ პროტესტს, რომელიც წალეკავს რუს ოლიგარქს“, - თქვა ხაბეიშვილმა და პირობა დადო, რომ არასდროს დანებდება.
„არაფრის არ მეშინია და არაფრის კომპლექსი არ მაქვს თქვენთან ერთად. არ დანებდეთ, ხელები არ ჩამოუშვათ, ვიბრძოლოთ ბოლომდე“, - მიმართა ხაბეიშვილმა მხარდამჭერებს.
„ნაციონალური მოძრაობის“ აქციებზე კომენტარი გაკეთდა „ქართულ ოცნებაში“ - მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ პარტიას ხალხის მობილიზების და მნიშვნელოვანი საპროტესტო გამოსვლების რესურსი არ აქვს.
„ყველა ვხედავთ, რომ „ნაცმოძრაობას“ არ აქვს არც ქუჩის რესურსი, არც არჩევნების რესურსი და ამას აქვს ერთი და იგივე მიზეზი - ამ პოლიტიკურ ძალას არ აქვს ხალხის მხარდაჭერა. ხალხმა ძალიან კარგად დაინახა ყველაფერი, რაც უკავშირდება ამ პოლიტიკურ პარტიას, მათ შორის დაინახა ისიც, თუ როგორ უპირისპირდებოდა „ნაციონალური მოძრაობა“ მშვიდობას ჩვენს ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არ არის, რომ ამ პოლიტიკურ ძალას დღეს არ აქვს ხალხის მხარდაჭერა. შესაბამისად, მათ არ გააჩნიათ არავითარი რესურსი ქუჩაში. 24-შიც დააანონსა „ნაცმოძრაობამ“ აქცია, თუმცა იქაც იმავე სურათს ვიხილავთ“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე for.ge-სთან ამბობს, რომ არსებობდა მოლოდინი, 20 თებერვალს „ნაციონალური მოძრაობის“ აქცია უფორ მასშტაბური და ხალხმრავალი იქნებოდა, მაგრამ რეალობა ისევ სხვა აღმოჩნდა. აბაშიძის განცხადებით, ასევე მოსალოდნელი იყო, რომ აქციაზე ვანო მერაბიშვილიც გამოჩნდებოდა, თუმცა მან 20 თებერვლის აქციისგან დისტანცირება გადაწყვიტა.
„ყველას ჰქონდა განცდა, რომ 20 თებერვლის აქცია ვანო მერაბიშვილის მიერ იყო ორგანიზებული და უფრო მეტი ხალხი მივიდოდა. ის შეძლებდა და რეგიონებიდან ხალხის მობილიზებით თბილისში აქცია უფორ მასშტაბურ სახეს შეიძენდა. თუმცა ფაქტი ერთია, რომ ორშაბათს, მით უმეტეს სამუშაო საათებში, ხალხის ქუჩაში გამოყვანა ძალიან რთულია. თუკი ენმ ამ აქციისთვის ორი ან ერთი კვირით ადრე ემზადებოდა, ყველამ კარგად იცის, მით უმეტეს მერაბშვილმა, რომ ამ დროს აქციის ჩატარება წინასწარ კრახისთვის იყო განწირული. მაშინ ჩნდება მოსაზრება, რომ მან ეს განზრახ გააკეთა, რისი მიზანია ლევან ხაბეიშვილი კიდევ უფრო სუსტ ლიდერად იქენეს წარმოჩენილი და მეორეც, მიხეილ სააკაშვილი, როგორც პოლიტიკური ფიგურა, კიდევ ერთხელ იქნას დაკნინებული, რათა ხალხს აჩვენოს, რომ რეალური ლიდერი არც ერთი მათგანი არ არის. გარდა ამისა, ხაბეიშვილის თავიდან მოშორება უფრო მარტივად შეძლოს და 2024 წლის არჩევნებამდე თავმჯდომარე გახდეს. სხვაგვარად მართლა არ მაქვს ახსნა, რატომ შეიძლება ორშაბათ დღეს, დღის მეორე ნახევარში, აქცია დაგეგმო. მისი აქციაზე არმისვლაც ამით არის განპირობებული. მას ამ აქციასთან კავშირი არ უდა ჰქონოდა“, - ამბობს გია აბაშიძე.
მისივე თქმით, ამ მცირე აქციებით „ნაციონალური მოძრაობა“ საკუთარი თავის დისკრედიტაციას ახდენს. ფაქტია, რომ პარტიის ქუჩის რესურსი ამოწურულია და ქუჩაში ხალხის ძალით ან ანგარებით გამოყვანასაც კი ვეღარ ახერხებენ. მათსავე ამომრჩეველს არ სჯერა, რომ სააკაშვილი კვდება და ციხეში მას „ოცნება“ აწამებს.
„საქართველოში მყოფმა სენატორმა ჯიმ შაჰინმა სწორედ ამაზე გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ ოპოზიცია 2024 წლის არჩევნებისთვის უნდა მოემზადოს. მისი სიტყვები დროული და საგულისხმო იყო, სადაც ამბობს, რომ ხელისუფლება თუკი ეს ქართველ ხალხს სურს, დემოკრატიულად არჩევნების გზით უნდა იქნას შეცვლილი. ამერიკელი სენატორი ხვდება, რომ ქართველ ხალხს არანაირად ქუჩის აქციები და რევოლუციური სცენარები არ სურს. ამას კი ჩვენი ოპოზიცია ვერ ხვდება, ამიტომაც არის, რომ მათი მხარდაჭერა მილევადია. სააკაშვილი, როგორც პოლიტიკური ფიგურა საერთოდ ავანსცენიდან ქრება. რომ არა ეს პატარა აქციები და პარტიის ზოგიერთი წევრის აქტიურობა, ქართველ ხალხს ის რეალურად აღარც ახსოვს და არც აინტერესებს. ამიტომ მგონია, რომ მერაბიშვილი ახლა ინტრიგებს ხლართავს, რათა თავიდან ლევან ხაბეიშვილიც მალე მოიშოროს და პარტიის სათავეში უკვე ღიად მოვიდეს. ის ამისთვის ფაქტია ემზადება და ამასაც მალე ვიხილავთ“, - ამბობს აბაშიძე.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძეც მიიჩნევს, რომ „ნაციონლური მოძრაობის“ აქციის ორშაბათ დღეს, თანაც სამუშაო საათებში ჩატარება, კრახისთვის იყო განწირული. მართალია იმაზე მეტი ხალხი მივიდა, ვიდრე მანამდე მიდიოდნენ, მაგრამ ხელისუფლება ამ აქციას, ფაქტია, დიდად არ შეუწუხებია, როგორც პარტიის ლიდერები აანონსებდნენ. საყვარელიძე for.ge-სთან მიიჩნევს, რომ ვანო მერაბიშვილის აქციაზე არმისვლა ძალიან საგულისხმო ფაქტია. სავარაუდოდ, მას მეჩხერი აქციის სათავეში ყოფნა და მასთან დაკავშირება არ სურდა.
„უცნაურია, როცა მერაბიშვილი ხალხს აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებდა, მაგრამ თვითონ არ მივიდა. რა თქმა უნდა, ამიტომაც გაჩნდა მოლოდინი, რომ ამ აქციის ორგანიზება მას საკუთარ თავზე ჰქონდა აღებული. ფაქტი ერთია, რომ ვანო მერაბიშვილის მეთვალყურეობა ლევან ხაბეიშვილს უკვე აღიზიანებს. შიგნით რა ხდება და როგორ ვითარდება მოვლენები არ ვიცი, მაგრამ მრჩება განცდა, რომ მერაბიშვილი მხოლოდ ხაბეიშვილის მეთვალყურეობას აღარ დასჯერდება. ძალიან კარგად იცის მერაბიშვილმა და დიდი გამოცდილება აქვს, როგორ იგეგმება აქციები და მის ორგანიზებას რა და როგორ სჭირდება,
თუმცა ჩანს, რომ 20 თებერვალს თავი დიდად არ შეუწუხებია. ამიტომაც არ მივიდა, რომ მეჩხერ აქციასთან კავშირი არ ჰქონოდა. ჩათვალა, რომ კულისებიდან გამოსვლის დრო დღეს არ იყო. არ ვიცი როდისთვის ემზადება, მაგრამ ფაქტია, ემზადება. ეს აქცია მოვალეობის მოხდას უფრო რომ ჰგავდა სააკაშვილის დედის და ოჯახის განცხადებებშიც იგრძნობოდა. ყველას ერთი კითხვა ჰქონდა, რატომ დაიგეგმა აქცია ორშაბათს და თანაც სამუშაო დღეს? კი ბატონო, გვინახავს ასეთ დღეებში მასშტაბური აქცია, მაგრამ ეს მაშინ, როცა ხალხის ბრაზი და პროტესტი მართლა გულწრფელია“, - ამბობს საყვარელიძე.
და კიდევ, თუ მერაბიშვილი შეგნებულად უგდებს დაბლა ნაციონალებს რეიტინგს, რაღაში დასჭირდება ბოლომდე გაკოტრებული სექტანტები.
ნახა რომ აქცია ჩავარდა და აღარ გამოჩნდა მერაბიშვილი ხალხში. აბა ყიფილიყო ხალხმრავალი მიტინგი, მთელი ნაცების კრიმინალი ,,ვერხუშკა" გამოძვრებოდა სოროებიდან და ინტერვიუების დარიგებას დაიწყებდა.