გურამ შარაძის მკვლელობის აქამდე უცნობი დეტალები - „ერთ მშვენიერ დღეს, სწორედ, „ალდაგის“ ფირები იქნება, რომ ბევრს დაასამარებს და ყველაფერს საბოლოოდ დაუსვამს წერტილს“

გურამ შარაძის მკვლელობის აქამდე უცნობი დეტალები - „ერთ მშვენიერ დღეს, სწორედ, „ალდაგის“ ფირები იქნება, რომ ბევრს დაასამარებს და ყველაფერს საბოლოოდ დაუსვამს წერტილს“

გურამ შარაძის მკვლეობის საქმეში თავიდანვე ჩაიდო ე.წ. „ალდაგის“ ფირები, როგორც მთავარი მტკიცებულება, მაშინდელი ოფიციალური ვერსიის სასარგებლოდ, თუმცა როგორც გურამ შარაძის ქალიშვილი რუსუდან შარაძე ამბობს, გამოვიდა პირიქით - სწორედ, ეს ფირები ადასტურებს, რომ გურამ შარაძის მკვლელობის საქმე თავიდანვე გაყალბებულია და მკვლელობაც წინასწარ იყო დაგეგმილი. მისივე თქმით, გურამ შარაძის მკვლელობა კამერების წინ უნდა მომხდარიყო, რომ შეექმნათ ალიბი.

for.ge რუსუდან შარაძეს ესაუბრა.

რუსუდან, თქვენ გამოაქვეყნეთ ვიდეოკადრი, სადაც კარგად ჩანს როგორ შემოდის პროფესორი და მას მიჰყვება წყვილი, ხოლო მათ უკან, 20:31:16-ზე ჩნდება მკვლელი, რომელიც გადაუსწრებს წყვილს, ესვრის კეფაში ტყვიას და ქრება. შემდეგ ისევ ჩნდება, ესვრის პირველ საკონტროლოს და ისევ ქრება. მერე კვლავ ჩნდება - დაახლის მეორე საკონტროლოს და სამუდამოდ ქრება. ამ კადრებში მართლაც ბევრი საინტერესო დეტალია, მათ შორის ის წყვილი, რომელთა თვალწინ მოხდა მკვლელობა და ჩვეულებრივ აგრძელებენ გზას. თუ შეგიძლიათ ამ მონაკვეთზე გვიამბოთ, რა დასტურდება ამ კადრებით?

რუსუდან შარაძე: ე.წ. „ალდაგის“ ფირები არათუ დეტალია, არამედ მკვლელობის საქმეში თავიდანვე ჩაიდო, როგორც მთავარი მტკიცებულება, მაშინდელი ოფიციალური ვერსიის სასარგებლოდ. გამოვიდა პირიქით - სწორედ, ეს ფირები ადასტურებს, რომ გურამ შარაძის მკვლელობის საქმე თავიდანვე გაყალბებულია და მკვლელობაც წინასწარ, ზედმიწევნით კარგად იყო დაგეგმილი. ამაზე მეტყველებს, თუნდაც, მკვლელობის ოფიციალური დრო - ფირის მიხედვით, პირველი გასროლა 20:31 საათზე ხდება, ეს მაშინ, როდესაც „აჭარის“ საინფორმაციო გამოშვება უკვე პირდაპირ ეთერში გადასცემდა პოლიციის მიერ გადაკეტილ მელიქიშვილის გამზირს, იქ შეკრებილ უამრავ ადამიანს და სისხლში მოცურავე გურამ შარაძეს.

რეალურად რომელ საათზე მოხდა მკვლელობა?

- სინამდვილეში, მამაჩემი მოკლეს 20 საათსა და 10-15 წუთებს შორის. მოპარული დრო სჭირდებოდათ, რათა ნამდვილი მკვლელები სამშვიდობოს გასულიყვნენ, „სცენაზე“ გიორგი ბარათელი შემოეყვანათ და მერე ცალკე მისი დაკავების ინსცენირება მოეწყოთ. თუმცა, დაკავებისა და ჩხრეკის ოქმების შედგენა მაინც დააგვიანდათ და ბევრი სიმართლეც გაეპარათ. ამის შესახებ საქმის მასალები წლების წინ, არაერთხელ გამოვაქვეყნე.

სათვალთვალო კამერებზე საათის წინასწარ გადაყენება მარტივია, ამისთვის „ალდაგში“ ერთი კაცი იყო საჭირო. თუმცა არ ვიცი, რამდენმა „იშრომა“, რომ კამერები ზუსტად მკვლელების სასარგებლოდ ყოფილიყო დაყენებული. სულ არის „ალდაგის“ სამი კამერის მიერ გადაღებული სამი ფირი, საიდანაც ორი არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი - ისინი, რომლებიც მელიქიშვილის გამზირს ასახავს, ხოლო აქედან ერთში მკვლელობაც ჩანს. ბევრი მტკიცება არ სჭირდება, რომ პარამეტრის სრული კონტოლისთვის, მელიქიშვილზე, ორი კამერა ერთმანეთის საპირისპიროდ უნდა ყოფილიყო მიმართული, თუმცა მკვლელობის მომენტში, ერთ მხარეს იცქირებოდა. ვთქვათ, შეცდომა იყო, მაშინ მალევე რატომ გადააყენეს საპირისპირო მიმართულებით ისე, როგორც უნდა ყოფილიყო მკვლელობის დღეს?

როგორ ფიქრობთ, რატომ გააკეთეს?

- ეს იმიტომ გააკეთეს, რომ კადრში მკვლელი ზურგით გამოჩენილიყო და მისი სახე ფირზე არ აღბეჭდილიყო. მესამე კამერა იდგა შანიძის ქუჩაზე. წესით, ვიდეოთვალი პარამეტრს ფართოდ ხომ უნდა აკონტოლებდეს. მკვლელობის მომენტში ისე ეყენა, რომ აჩვენებდა მხოლოდ მოპირდაპირე ტროტუარს, სადაც მკვლელს არც გაუვლია, ის შუა ქუჩაზე, მანქანების რიგში გარბოდა. ესაა ფაქტები, რომლებსაც წყალი არ გაუვა, თუმცა ყველაფერი არ არის - საეჭვოა მანქანა, იქ მოტრიალე ადამიანები, აგრეთვე ფირის ხარისხი და ა.შ... რაც მთავარია, მასზე ასახული მკვლელი არ არის გიორგი ბარათელი და ვისაც ერთხელ მაინც უნახავს, დაადასტურებს, რომ ის სრულიად განსხვავებული ადამიანია. ბოლო-ბოლო, ფირზე მკვლელს თავზე თმა აქვს და ბარათელი, ამ დროს, თითქმის თავგადაპარსული იყო. თუმცა ოფიციალური ექსპერტიზის დასტურია საჭირო, რაც არ კეთდება.

როგორ ფიქრობთ, რატომ იყო საჭირო, რომ მკვლელობა კამერების წინ მომხდარიყო?

- სცენარის მიხედვით, გურამ შარაძის მკვლელობა კამერების წინ უნდა მომხდარიყო. ალბათ, ალიბივით რომ შეექმნათ - სად გაგონილა პოლიტიკური მკველობა კამერების წინ?! მით უმეტეს, რომ მაშინ, თბილისის ქუჩებში, ვიდეოთვალი აქა-იქ ეყენა. მამაჩემი ძალიან მოწესრიგებული კაცი იყო, გაწერილი სამუშაო განრიგითა და თავისი წეს-ჩვეულებებით, რომლებსაც იშვიათად ღალატობდა. მათ ეს ყოველივე ზედმიწევნით შესწავლილი ჰქონდათ. იცოდნენ, რომ როგორც წესი, კვირა დღეს, ეროვნულ ბიბლიოთეკაში მუშაობდა, საღამოს შინ ფეხით ბრუნდებოდა და ყოველთვის იმ ტროტუარით, რომელზეც მოკლეს. ახალგაზრდობიდან ასე იყო, როცა რუსთაველიდან ვაკისკენ მოდიოდა, არ უყვარდა მეორე მხარე, ბევრი გადასასვლელით.

ბოლო ხანს, წუხდა, რომ კუს ტბაზე ვეღარ ვარჯიშობდა, ვეღარც ფეხით დადიოდა და დაძაბული სამუშაო კვირის შემდეგ, მისთვის განტვირთვა იყო ეს მოციონი. აღსანიშნავია, რომ 2006-2007 წლებში, ყოველ ორშაბათს, „ასავალ-დასავალში“ იბეჭდებოდა მისი ინტერვიუების ციკლი „ასი წერილი ქართველ ერს“. გაზეთის რედაქცია გამომცემლობა „სამშობლოს“ შენობაში, კოსტავას ქუჩაზე იყო განთავსებული. გადაკითხვის გარეშე ინტერვიუს არასდროს ბეჭდავდა და კვირაობით, გაზეთის სტამბაში ჩაშვებამდე, იქაც მიირბენდა ხოლმე. ამიტომ შეირჩა მელიქიშვილისა და შანიძის კუთხე, ადგილი, სადაც კამერები ახლოს იყო, მაგრამ არც იმდენად, რომ ყველაფერი გამოჩენილიყო.

მარშუტი კარგად იყო შესწავლილი...

- რა თქმა უნდა. კვირას, 20 მაისს, მამა ბიბლიოთეკაში შუადღეს წავიდა. გიორგი ბარათელი ისედაც კონტროლზე ჰყავდა პოლიციას და გამოძიება არც მაშინ მალავდა. პირიქით, საქმეში ამის არაერთი მტკიცებულება დევს. მიზეზად, 5 მაისს მომხდარ ინციდენტს ასახელებდნენ, რომლის დროსაც, თითქოს, ბარათელმა საკუთარი ექიმი ტირზიკიანი მსუბუქად დაჭრა. შესაძლოა, ასეც იყო, მაგრამ წარმოიდგინეთ, 5 მაისიდან 20 მაისამდე, სააკაშვილის პოლიცია აკვირდებოდა და ხელს არ ჰკიდებდა დამნაშავე ბარათელს, ხოლო ტირზიკიანმა სხეულის ექსპერტიზა დაჭრიდან 16 დღეში, მამაჩემის მკვლელობის მეორე დღეს - 21 მაისს ჩაიტარა. საბოლოოდ, უკრაინაში გადაიხვეწა და მაშინდელ სასამართლოს წერილი გამოუგზავნა, ვერ გამოვცხადდებიო.

ბარათელის თქმით, პოლიციელებმა 20 მაისს, შუადღისას აიყვანეს და მისგან მოითხოვდნენ გურამ შარაძის მკვლელობის აღიარებას. მოგვიანებით მოყვა, რომ ვფიქრობდი, უკვე მოკლული იყოო. საჭირო დროს, ხორავას კუთხეში, მანქანიდან ჩამოსვეს და წადიო, უთხრეს. - მეგონა, მართლა გამიშვესო, - ესეც თქვა. სწორედ, ამ დროს ნახა შემთხვევით მოწმემ, ჩვენმა საერთო ნაცნობმა და მიესალმა კიდეც. „ბიგ-ბენთან“, ბარათელი წყნარად კვეთდა შანიძის ქუჩას, ხოლო პატრულს უკვე გადაკეტილი ჰქონდა ყველაფერი და პოლიციელებით სავსე იყო იქაურობა.

ოფიციალური ვერსიით ბარათელი სად იყო ამ დროს?

- ოფიციალური ვერსიით, პატრულის თანამშრომლებმა - ლევან ბოჭორიშვილმა და რობერტ პანიევმა საკუთარი თვალით დაინახეს გურამ შარაძის მკვლელი გასროლის მომენტში და მერე როგორ ავარდა ის შანიძის ქუჩაზე. ოფიციალური ვერსიითვე, პანიევი ადგილზე დარჩა, ხოლო ბოჭორიშვილი ფეხით გაეკიდა მკვლელს. ისინი სროლა-სროლით არბოდნენ მანქანების რიგში ზემოთ, ხორავას მიმართულებით. მართლაც ასე იყო, ოღონდ დიდი განსხვავებით - ეს დაახლოებით 15-20 წუთით ადრე მოხდა და მკვლელი ბარათელი კი არა, სრულიად სხვა ადამანი იყო, მოწმეთა თქმით - „საშუალოზე მაღალი“, „ნავარჯიშევი“, „ლომივით ტიპი“, „შეთხელებული თმით, მაგრამ თმით“, „გაპარსული წვერით“და სულ სხვაგვარი ჩაცმულობით.

ბარათელის სიმაღლე 1.65 მეტრია, მკვლელობის მომენტში, თითქმის თავგადაპარსული იყო და წვერი ჰქონდა. არსებობს ამის უამრავი თვითმხილველი და ნაწილის ჩვენება დევს საქმეში. მათი თქმით, პატრულის მანქანები მხოლოდ მაშინ მოვიდა, როდესაც მკვლელი და მდევარი ბოჭორიშვილი პეტრიაშვილის ჩიხში შევარდნენ, საიდანაც კიბეებით კეკელიძეზე ჩადიხარ. თითქოს, სცენარი ფანტასტიკის სფეროა, ხომ? აი, ასეთი „მრავალფეროვანი“ წარმოსახვა აქვთ ამ მანიაკებს და მას შემდეგ, რაც არაჟნის კონტეინერში ჩამალული, ყოვლად უღირისი კაცის ვიდეოები ვიხილეთ, მგონი, აღარავის უნდა უკვირდეს, რომ ასეთ სცენარებს დგამდნენ ადრეც. აღარაფერს ვამბობ, დაკავების შემდეგ, რაებს კადრულობენ სააკაშვილი და მისი მფარველები.

გასაგებია მოტივი რატომ გააყალბეს ფირი სააკაშვილის დროს, მაგრამ ჩნდება ლეგიტიმური კითხვა - ამ ხელისუფლებამ რატომ არ მოინდომა ამ ფირის გამოძიება, რატომ მალავას ამ მნიშვნელოვან ფირს გამოძიება? მოტივი რა შეიძლება იყოს და ვინ არის დაინტერესებული ამ ფირის დამალვით?

- „ალდაგის“ ფირები, ისევე, როგორც მთლიანი საქმე, ჯერ კიდევ, წლების წინ ვთხოვე ირაკლი შოთაძეს და უპრობლემოდ გადმომცა. მასთან პირდაპირი კავშირი მქონდა და არ მახსოვს, რამე მეთხოვოს და არ შეესრულებინა პროკურატურას. იქნებოდა ეს შეხვედრები, მოწმეთა დაკითხვა თუ სხვა საგამოძებო მოქმედებები, ყველაფერს ვერ დავაკონკრეტებ.

მამაჩემის შვილმა ყოველთვის ვიცოდი, რა ძალასთან მქონდა საქმე. ისიც კარგად მესმოდა, რომ სააკაშვილის ბანდის მფარველების მიერ, „ოცნებაზე“ თავიდანვე ხდებოდა ზეწოლა და სწორედ, ამის შედეგი იყო ე.წ. კოაბიტაცია. დღეს ადვილია ამაზე ლაპარაკი, როდესაც პოლიტიკურმა მოვლენება ღიად გამოაჩინა ყოველივე. თავიდან მეგონა, რომ ახალი ხელისუფლება დიპლომატიითა და ჭკვიანური პოლიტიკით ივლიდა მიზნამდე და მკვლელების პარტიაზე საბოლოოდ გაიმარჯვებდა. მივიღეთ ის, რომ „ჩათრევას ჩაყოლა“ ამჯობინეს და მშვენივრად „იკოაბიტირეს“ ზონდერებთან და მკვლელებთან.

„ბუა მოდის“ ძახილში, მართლა მოვიდა ეს „ბუა“ და საბოლოოდ, ისეა საქმე, რომ ხვალ, შეიძლება, სააკაშვილმა გარეთ ინავარდოს, ხოლო ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესონ. აი, ეს მოიტანა გაუგონარმა უსამართლობამ, რომელშიც ქართველი ხალხი გაგვხვიეს და რაშიც „ოცნებას“ თავისი წვლილი მიუძღვის. შეიძლება, ჩვენი ბრალიც არის, რომ თავიდანვე ყველას არ მოვთხოვეთ საკადრისი პასუხი.

სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ არაერთი მოღალატე და ზურგში მახვილის ჩამცემი აღმოაჩნდა ბიძინა ივანიშვილს, თვით უმაღლესი თამადებებობის პირებშიც კი, რამაც არამარტო „ოცნების“ ავტორიტეტი დააზიანა, არამედ სამართლიანი ქვეყანის აშენების იდეა დაასამარა, გარკვეული დროით მაინც. მე ვერ დაველოდებოდი ვერავის და ჩემს გასაკეთებელს ვაკეთებდი. 2012 წლის ოქტომბერიდან, დიდი ძალისხმევა დამჭირდა, რომ გურამ შარაძის მკვლელობის ხელახალი გამოძიება დაწყებულიყო. საბოლოოდ, საქმე განახლდა 2014 წლის ზაფხულში. თუმცა, ყველაფერი წინ მქონია და არ ვიცოდი.

რას გულისხმობთ?

- 2017 წლიდან დავუპირისპირდი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და პირადად სოსო გოგაშვილს, რომელიც ღიად, მტკიცებულებებით ვამხილე გამოძიებისთვის ხელის შეშლაში. საბოლოოდ, ჩვენი შეხვედრა და „შერიგება“ შედგა 2018 წლის 8 აგვისტოს, მოდულის შენობაში, მისავე კაბინეტში. ვთხოვე, რომ ჩატარებულიყო „ალდაგის“ ფირების ობიექტური ექპერტიზა, რისთვისად სათანადო ტექნიკის მოძიება იყო საჭირო. ის დამპირდა და მართლაც, მეორე დღიდან, დაიწყო სათანადო მოქმედებები და გოგაშვილთან ყოველდღიური, პირადი კონტაქტი მქონდა. საბოლოოდ, რამდენიმე დღეში, 20 აგვისტოს გოგაშვილი თანამდებობიდან მოხსნეს, ხოლო „სამხარაულმა“ ორ დღეში, 22 აგვისტოს დადო დასკვნა.

ექსპერტიზა სულ სამჯერ ჩატარდა, სამივეჯერ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ. პირველად და მეორედ, 2007 და 2014 წლებში, ფირები უვარგისად გამოცხადდა, ხოლო მესამედ, 2018 წელს, თქვეს, რომ ფირზე ასახული მკვლელი შეიძლება იყოს გიორგი ბარათელი, ისევე, როგორც შეიძლება არ იყოს. ეს სააკაშვილს არ გაუბედვს და იმიტომ გააკეთეს, რომ დავმფრთხალიყავი. ეს პროცესები ზუსტად მაშინ მიმდინარეობდა, როდესაც ირაკლი შოთაძე აღარ იყო მთავარი პროკურორი და პროკურატურასთანაც მეძაბებოდა ურთიერთობა.

საქმის გამომძიებელმა გადამიკრა კიდეც, - ვინ იცის, იქნებ ეს ახალი დასკვნა გამოვაქვეყნოთ კიდეცო. გულისხმობდა იმას, რომ ეს სიახლე, რომ ფირზე ბარათელი შეიძლება იყოს, ჩემს საწინააღმდეგოდ იმოქმედებდა. სიმართლე ერთია - გურამ შარაძე გიორგი ბარათელს არ მოუკლავს! ეს ფარატინა დასკვნები არაფერს ნიშნავს, კადრები სამუდამოდ არსებობს, ტექნიკაც, რომელიც კიდევ უფრო განვითარდება და ერთ მშვენიერ დღეს, სწორედ, „ალდაგის“ ფირები იქნება, რომ ბევრს დაასამარებს და ყველაფერს საბოლოოდ დაუსვამს წერტილს.

შეუძლებელი არაფერია, თუმცა ჩემი აზრით, სოსო გოგაშვილი, მიუხედავად იმისა, რომ განუსაზღვრელი ძალაუფლება ჰქონდა, იყო ჭანჭიკი და ემორჩილებოდა პოლიტიკურ ხაზს, რომელსაც „ოცნების“ ხელისუფლება ატარებდა - გურამ შარაძის მკვლელობის საქმე არ უნდა გახსნილიყო და მე უნდა გავეჩერებინეთ. ცხადია, ეს ემთხვეოდა მკვლელების ინტერესებსაც და თუ მათი აგენტი იყო, ორმაგად იხეირებდა.

ანუ, გამოდის, რომ შოთაძე არ ემორჩილებოდა იგივე ხაზს?

- ვერავის ვაპატიებ გურამ შარაძის და მისი მკვლელობის საქმის ღალატს, თორემ თუ ვხედავ, რომ ადამიანი ცდილობს, გარკვეულ შედეგს აღწევს და მეტი აღარ შეუძლია, დროებით მაინც, ვცდილობ, თავშეკავება ვიქონიო. პროკურატურა რაღაც ეტაპამდე წარმატებით მივიდა, სულ არაფერი იყო, საერთოდ. იყო მხოლოდ სააკაშვილის ოფიციალური ვერსია და „მკვლელი“, რომელიც ციხეში სასჯელს იხდიდა.

ამ ეტაპზე, ირაკლი შოთაძემ მაქსიმუმი გააკეთა და ჩემი აზრით, შესაძლებლობას თუ მისცემდნენ, საქმეს ბოლომდე მიიყვანდა. ყველაფერს რომ თავი დავანებო, ახლადაღმოჩენილი გარემოებების საფუძველზე, გამოძიება ხელხალა არის დაწყებული, დაკითხულია უამრავი მოწმე, საქმეში დევს სააკაშვილის დროინდელი ვერსიის გამაბათილებელი უამრავი მტკიცებულება და იქ ვინც ჩაიხედავს, ყველაფერი ნათელზე ნათელია. თუმცა არანაიარად არ ვფიქრობ, რომ რამე დამთავრდა, პირიქით. დაველოდოთ, ყველაფერს თავისი დრო აქვს.

ცხადია, რომ რიცხოვნობა არაფერს ცვლის, მაგრამ ეს მონაკვეთი რას ამბობს თქვენის აზრით, მკვლელი იყო ერთი, თუ რამდენიმე?

- ჩემი ღრმა რწმენით, მკვლელობის დროს, მთელი პარამეტრი კონტროლდებოდა და მელიქიშვილის გამზირი სავსე იყო ზონდერებითა და კუდ-ის თანამშრომლებით. ლევან ბოჭორიშვილი და რობერტ პანიევიც სცენარის ნაწილი იყვნენ და მკვლელობას იქვე ელოდნენ, რათა მერე „მოწმეების“ როლები შესრულებინათ, რაც „წარმატებით“ გამოუვიდათ. თუმცა, სასამართლოზე ბევრ რამეში აიბნა ბოჭორიშვილი. თქვენ სწორად თქვით, რამდენიც არ უნდა ყოფილიყო მკვლელი, არაფერს შეცვლიდა, ის კი არა, ბარათელსაც რომ მოეკლა, დამკვეთი და მკვლელობის შინაარსი მაინც იგივე დარჩებოდა. ძიებამ მიმიყვანა აქამდე, მოწმეთა მონათხრობსა და „ალდაგის“ ფირებზე დაყრდნობით, თავიდანვე ვამბობდი, რომ ორი მკვლელი იყო. ფაქტია, რომ დღეს, გამოძიებაც ორ სპეცრაზმელამდე - ჯგერენაია-ფაჩულიამდე მივიდა.

ვინ არის ის, ვინც გურამ შარაძეს ესვრის?

- ის არ არის გიორგი ბარათელი!

ჰყავს ამ საქმეს ისეთი მოწმეები, რომლებიც ამ დრომდე გამოძიებას არ დაუკითხვას, მაგრამ არიან მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელი?

- ძალიან ბევრნი არიან. პირადად რამდენი ვიცი და კიდევ რამდენი არ ვიცი. ნაწილს მიცემული აქვს ჩვენება. მარტო მკვლელობის თვითმხილველები არ არიან მოწმეები, მათ დაუმატეთ შანიძის, პეტრიაშვილისა და მიმდებარე ქუჩებზე გამოფენილი ხალხი, ვინც ნამდვილი მკვლელის გარეგნობა კარგად იცის; აგრეთვე, ვინც ბარათელი ნახა შანიძეზე, მერე პეტრიაშვილის ჩიხში და სამარშრუტო ტაქსში (ოფიციალური ვერსიით, ის გაიქცა, ორმხრივ სროლაში მოყვა და საბოლოოდ, პოლიციამ მრგვალ ბაღთან, „მარშუტკიდან“ ჩამოსვა); შემდეგ ისინი, ვინც ციხეში ბარათელთან ერთად იხდიდა სასჯელს და ა.შ... აღარაფერს ვამბობ ძალოვან უწყებებში მომუშავე ადამიანებზე, საიდანაც ორი უკვე „ოქროს“ მოწმეა.

რაც შეეხება ბარათელს, რომელიც ამ საქმის გამო იყო დაკავებული და მან პრინციპში თავის თავზე აიღო არჩადენილი დანაშაული, ციხეში რამდენჯერმე ნახეთ, მერე მოხდა დაპირისპირება სოსო გოგაშვილთან, რასაც მოჰყვა ის, რომ ბარათელი საქართველოდან გაიყვანეს. თუ შეგიძლია საქმის ეს დეტალი გაიხსენოთ, რას გეუბნებოდათ ბარათელი?

- ირაკლი შოთაძისა და მაშინდელი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის, კახა კახიშვილის ხელშეწყობით, 2016 წელს, გიორგი ბარათელს ციხეში სამჯერ შევხვდი. მისი თანხმობით, ბოლო შეხვედრა პროკურორ-გამომძიებლის თანდასწრებით შედგა და ალბათ, 3-4 საათი გრძელდებოდა. მისი ვერსიიდან ბევრი რამ დაემთხვა ჩემსას. ბოლოს თქვა, რომ მომიტანეთ ერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს ჩემს მონაყოლს და მზად ვარ, ოფიციალური, დეტალური ჩვენება მოგცეთ და ხელიც მოგიწეროთო.

მე მითხრა - რუსო, შენ აქედან სახლში წახვალ, მერე შვეიცარიაში და მე საკანში უნდა შევბრუნდე, 2012 წლის ნოემბერში, როგორც კი ხმა ამოვიღე, პროვოკაცია მომიწყეს, ორი წელი დამიმატეს და ახლა რა გარანტია მაქვსო. რა უნდა მეპასუხა. ბარათელი 2017 წელს გათავისუფლდა. მოვერიდე, აღარ შემიწუხებია. ამასობაში, გამოჩნდა ახალი „ოქროს“ მოწმე, დათა ახალაიას ყოფილი მარჯვენა ხელი, ყოფილი კუდ-ელი, ზუგდიდელი ვახტანგ გაბელია და სწორედ, ამას მოჰყვა სუს-თან და სოსო გოგაშვილთან დაპირისპირება.

2018 წლის 10 აპრილს, ამ თემაზე გავმართე პირველი პრესკონფერნცია, სადაც ყველაფერი ღიად მოვყევი. სამი კვირაც არ იყო გასული, რომ 28 აპრილს, გიორგი ბარათელმა საქართველო დატოვა და საბერძნეთის მიმართულებით გაემგზავრა. ეს პროკურატურის ოფიციალური ინფორმაციაა. მას შემდეგ აღარ დაბრუნებულა. ვინ მიეხმარა, ვინ მისცა თანხა და სად წავიდა, ამაზე ვერაფერს გეტყვით.

თქვენ სულ ამბობთ, რომ მკვლელები არიან სპეცრაზმელი თემურ ჯგერენაია, იგივე „ჯგერე“, რომელიც რუსეთში გაურკვეველ ვითარებაში მოკლეს და ასევე სპეცრაზმელი გია ფაჩულია, ორივე დათა ახალაიასთან და მეგის ქარდავასთან დაახლოებული პირია. ფაჩულია დღემდე სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის სპეცრაზმის უფროსის მოადგილეა. რა მტკიცებულებების საფუძველზე ამბობ, რომ ისინი არიან მკვლელები?

- მე არ ვამბობ, ამბობს მოწმე, ზუგდიდელი გურიკა ქადარია, მეგის ქარდავას ყოფილი მარჯვენა ხელი, რომელსაც მონაწილეობა უნდა მიეღო მკვლელობაში, მაგრამ, საბოლოოდ, ჯანმრთელობის პრობლემების მომიზეზებით, ეს არ გააკეთა, რაც ძვირად დაუჯდა. მისი ჩვენების საფუძველზე, როგორც ახლადაღმოჩენილი გარემოება, განახლდა გამოძიება 2014 წელს. მეგის ქარდავას დავალებით, გურამ შარაძის მოსაკლავად, მოწმეს ორი სპეცრაზმელი - თემურ ჯგერენაია და გია ფაჩულია მანქანით ზუგდიდიდან თბილისში უნდა ჩაეყვანა, სადაც ე.წ. „მასტერა“ დახვდებოდა და მკვლელობის დეტალურ გეგმას გააცნობდა.

ქადარია გაერიდა საქმეს, მაგრამ ერთ კვირაში, გურამ შარაძე მოკლეს. მოწმის სიტყვების სიმართლეში ერთი წამით ეჭვი არ მეპარება, მაგრამ დავუშვათ, სხვა სპეცრაზმელებს შეასრულებინეს. თავიდანვე რახან ფაჩულია-ჯგერენაია შეარჩიეს, ე.ი. მათ „გამოცდილება“ ჰქონდათ, ხომ? დილეტანტებს ხომ არ წაიყვანდნენ ამ მასშტაბის მკვლელობისთვის. ისინი მკვლელები არიან და სულ არ ვწუხდები, ეს სიტყვა ვუწოდო. საქართველოში ყველა ყველას იცნობს და იკითხეთ, რა სახელი აქვს ერთს ან მეორეს მშობლიურ სამეგრელოში.

გია ფაჩულია დაკითხულია და თავის ჩვენებაში არ უარყოფს, რომ ის და ე.წ. „ჯგერე“ ხშირად დადიოდნენ ერთად სპეცოპერაციებში და იმასაც ადასტურებს, რომ ჯგერენაია რუსეთში გადაიხვეწა და იქ გაურკვეველ ვითარებაში მოკლეს. დავუშვათ, ვაბრალებ - დედამიწის ზურგზე ვინმემ ხომ უნდა გამცეს პასუხი? არც ისეთი თავმდაბალი ვარ, რომ მჯეროდეს - არ აინტერესებთ გურამ შარაძის მკვლელობის საქმე და არც ის, თუ ვინ ივლის მისი მკვლელის ან მკვლელის მფარველის იარლიყით.

დღეს, არაერთი ყოფილი ზონდერი არათუ ინარჩუნებს თანამდებობას, არამედ დაწინაურებულიც არის. სამწუხაროდ, ფაჩულია ერთი არაა.

დაბოლოს, გაქვთ იმედი, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში გაიხსნება გურამ შარაძის მკვლელობის საქმე,

- „ოცნებას“ აქამდე ასეთი პოლიტიკა უჭირავს, რომ სააკაშვილს, როგორც მკვლელს, ვერ თუ არ ეხება. თუ გადახედავთ, ჯერჯერობით, არც ერთი პოლიტიკური მკვლელობა არ გახსნილა და მეტიც - ხელისუფლების მხრიდან, ტაბუ ადევს ამ თემებს. ალბათ, ისევ ცენზურის ბრალია. არ მგონია, ირაკლი ღარიბაშვილს ეწყინოს სააკაშვილის, როგორც მკვლელის გასამართლება და „ნაცმოძრაობის“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადება.

ღარიბაშვილის პირველი პრემიერობის დროს დაიწყო გურამ შარაძის საქმის ხელახალი გამოძიება, მაშინ მან ეს საქმე პირად კონტროლზეც აიყვანა და ვისურვებდი, რომ მეორე პრემიერობის დროს დასრულებულიყოს. დაველოდოთ, ორი წლის წინ, ვერც წარმოვიდგენდი, რომ სააკაშვილი საკუთარი ფეხით ჩამოვიდოდა და დღეს ამ მდგომარეობაში ვიხილავდი. ერთ რამეში დარწმუნებული ვარ - ხვალვე რომ გაუშვან, სადაც არ უნდა იყოს, მიხეილ სააკაშვილს ღმერთის სამართალი ბოლომდე აუცილებლად დაეწევა.