„ნაცმოძრაობას“ ყველაზე მოკლე დიაგნოზი დაუსვა „გირჩის“ წარმომადგენელმა იაგო ხვიჩიამ: „ნაცმოძრაობა“ უკვე აღარ არსებობს და მოხდა მისი გარდაქმნა საშიშიდან სასაცილომდე“. სავარაუდოდ, სასაცილოში იგულისხმება „ნაცმოძრაობის“ ახალი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი.
ახლა იმაზე მსჯელობენ, „ნაცმოძრაობა“, როგორც პარტია, თვითონ ნაციონალებმა აქციეს პაროდიად და დაასამარეს, თუ მათ გარედან „მიეხმარნენ“ და „ქართულმა ოცნებამ“ შეძლო „ნაცების“ დასრულება. ფაქტია, „ნაცებს“ ახალი მაიდნის და ახალი რევოლუციების თავი არ აქვთ, რაც არ უნდა შემოუძახონ გიგა ბოკერიამ და სხვებმა, რომ ახლა ყველაზე მოკლე გზა არის ისეთი ატმოსფეროს შექმნა, რომელიც იყო უკრაინაში მაიდნის დროს, ფაქტია, რევოლუცია არ იქნება.
იაგო ხვიჩია მიიჩნევს, რომ ახლა „ნაცმოძრაობისა“ და მიხეილ სააკაშვილისთვის ყველაზე კარგი იქნება, თუკი სააკაშვილის გულშემატკივრები გაემიჯნებიან „ნაციონალურ მოძრაობას“, როგორც პარტიას, რომელიც უკვე აღარ არის სააკაშვილის და არც შეიძლება ერქვას „ნაციონალური მოძრაობა“. შესაძლოა, ფულიც ჩაასხან ამ მომაკვდავ პარტიაში და მას ხელოვნურად გაუხანგრძლივონ არსებობა, მაგრამ საბოლოოდ იგი მაინც დაიშლება.
„ნაცმოძრაობა“ რომ აღარ არის ის, რაც ადრე იყო, ეს ძველმა ნაცებმა ყველაზე სწრაფად შენიშნეს. ნაცების ყოფილმა ლიდერმა მაია ნადირაძემ ჯერ კიდევ როდის შეამჩნია, რომ დღევანდელ „ნაცმოძრაობაში“ არის ხალხი, რომელსაც არ აქვს პოლიტიკური მეხსიერება და არ ახსოვს, რაც ხდებოდა იმ ცხრა წელს და რა რეფორმებიც ტარდებოდა თავის შეცდომებთან ერთად. ამდენად, მაია ნადირაძეს არც უკვირს, რომ ახლანდელი ნაცები 2003 წლის რევოლუციას ვერ გაიმეორებენ, ასე ბელარუსშიც ნახევარი მოსახლეობა გარეთ იყო, მაგრამ რევოლუცია ვერ მოახდინეს, რადგან რევოლუციას რაღაც სხვა სჭირდება - ლიდერი გამარჯვებას უნდა ხედავდეს.
პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ რომ არ არსებობს, ამაში „ქართულ ოცნებაშიც“ თანხმდებიან, უბრალოდ, მმართველ გუნდში აკონკრეტებენ, თუ სად შემორჩა რეალურად ნაცების პარტიის ნამსხვრევები. ეს არის მედიაპროდუქტი, „ნაცმოძრაობა“ რეალურად მედიით ცოცხლობს.
პოლიტოლოგი თამარ კიკნაძე ადასტურებს, რომ „ნაცმოძრაობას“ ძალიან დიდი პრობლემები აქვს, რადგან მისი სლოგანები არ ჯდება საქართველოს მოსახლეობის ინტერესებში, პირიქით, სულ უფრო მეტი აღქმაა იმის, რომ ნაციონალების ქმედებები ძალიან საშიშია საქართველოსთვის. მით უფრო, იმ ფონზე, როცა მარტივი ვითარება არ არის, ჩვენ ახლა გვჭირდება სიმშვიდე, კონსოლიდირება, რადგან გარშემო ცეცხლის ალია, ამიტომ მათი ქმედება არ ჯდება საქართველოს მოსახლეობის არც ერთ ინტერესში.
„ლევან ხაბეიშვილიც იმიტომ დანიშნეს ლიდერად, რომ თავიანთი ქმედებების რადიკალიზაცია სურთ, რაც საფრთხის შემცველია საქართველოსთვის. ახლა დებატებია იმის შესახებ, გამოვლენ თუ არა ნაციონალები საქართველოს პარლამენტიდან, მაგრამ მათი პატრონები ეუბნებიან, რომ არ უნდა გამოვიდნენ იმდენად, რამდენადაც ქუჩაში მათ მხარს არავინ უჭერს და სჭირდებათ დესტაბილიზაციის რაღაც არეალი პარლამენტის სახით. იმის გამო, რომ ნაციონალები პარლამენტის წევრები არიან, ალბათ, დესტრუქციას უკვე პარლამენტში განახორციელებენ“, - გვითხრა თამარ კიკნაძემ.
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ როგორც კი გადაწყდა ნაციონალების არჩევნების ჩატარება, მაშინვე დაასკვნა, რომ ეს იქნებოდა არჩევნების ეპიტაფია „ნაცმოძრაობისთვის“ და ახლაც ამავე აზრს იზიარებს.
„ზღაპარია, რომ „ნაცმოძრაობა“ უფრო გაძლიერდება, უფრო გაერთიანდება, კიდევ კარგი, რევოლუციის ძალა „ნაციონალებს“ აღარ შესწევთ, რადგან ამდენ რევოლუციას საქართველო ვერ გაუძლებს, ერთი ციცქნა ქვეყანას ჯერ კიდევ სამოქალაქო ომის ჭრილობები არ მოუშუშებია. ამერიკაში 150 წელი გავიდა 1864- 65 წლებში მოწყობილი სამოქალაქო ომიდან და დღესაც ვერ მოუშუშებიათ ის ჭრილობები, რასიზმის გამოვლენა, ჩრდილოეთის შტატები, სამხრეთის შტატები, ეს მოვლენები დღესაც იგრძნობა. ჩვენთან კი ნახევარი საუკუნეც არ გასულა სამოქალაქო ომიდან. ამიტომ კიდევ ერთ ახალ დაპირისპირებას ქვეყანა ვეღარ გაუძლებს“, - აღნიშნა სოსო ცინცაძემ for.ge- სთან საუბრისას.
რაც შეეხება გიგა ბოკერიას ნათქვამს, რომ მაიდნისთვის უნდა მოემზადონ, პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ პირველი განხეთქილების ვაშლი საერთო ოპოზიციაში გიგა ბოკერიამ შეიტანა, როდესაც ნაციონალებს გამოეყვნენ ე.წ. „ევროპელი დემოკრატები“, მაგრამ იმის მერე რამდენი არჩევნები მოიგეს „ევროპელმა დემოკრატებმა“, რომ კიდევ მაიდანზე ლაპარაკობენ?!