უკრაინაში ომი მალე ახალ ეტაპზე გადავა. პენტაგონი არ შეეწინაღმდეგება უკრაინის მიერ ყირიმზე დარტყმების განხორციელებას, მათ შორის დასავლეთის მიერ მიწოდებული იარაღით. მეტიც, ვაშინგტონი არ ისახავს მიზნად რამენაირად შეზღუდოს უკრაინა საკუთარი ტერიტორიების დაბრუნების საქმეში. აშშ-ის თავდაცვის მდივანის ლოიდ ოსტინის განცხაებით, აშშ ელის, რომ უკრაინა შეტევას გაზაფხულზე დაიწყებს.
„ვხედავთ, რომ რუსეთის ფედერაცია ახალ ძალებს გზავნის ბრძოლის ველზე. უკრაინას რისი გაკეთება სურს ახლა - ბრძოლის ველზე დაამყაროს პირობები, რომლებიც მომავალშიც მათ სასარგებლოდ იქნება. მათგან იერიშს გაზაფხულზე ველით. ამიტომ საკონტაქტო ჯგუფის პარტნიორებთან ბევრს ვმუშაობთ, რათა უკრაინას პოტენციალი ჰქონდეს ჯავშანტექნიკაში, რათა საჭირო ეფექტი შეიქმნას ბრძოლის ველზე.
ვაპირებთ უკრაინას მხარი იმდენ ხანს დავუჭიროთ, რამდენიც საჭირო იქნება. გავაგრძელებთ გაბედული ნაბიჯების გადადგმას. თვის დასაწყისში აშშ-მა უკრაინისთვის მორიგი სამხედრო დახმარების შესახებ გამოაცხადა, მათ შორის HIMARS სისტემების, საბრძოლო მასალისა და ტანკსაწინააღმდეგო ჭურვებზე. ამას გარდა, გადავწყვიტეთ, უკრაინის თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად 1.75 მილიარდი დოლარი გამოვყოთ“, - აღნიშნა ლოიდ ოსტინმა.
ახალი რიტორიკა აშშ-ს მხრიდან, კიევისთვის უფრო თანამედროვე და ძლიერი შეიარაღების მიწოდებასთან ერთად, ნიშნავს მხოლოდ ერთს - ომის თამასის კიდევ უფრო მაღლა აწევას. ამას ადასტურებს უკრაინის ჯარების სარდლობის განცხადებები ახალ სტრატეგიულ კონტრშეტევაზე, მას შემდეგ რაც კიევი მიიღებს შეიარაღების ახალ პაკეტს.
უკრაინის თავდაცვის მინისტრის ოლექსი რეზნიკოვის განცხადებით, უკრაინამ რუსეთს შავ ზღვაში დომინირება ჩამოართვა. როგორც უკრაინის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, Harpoon-ის ტიპის ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტები ამჟამად უკრაინის არმიას ემსახურება, რის გამოც რუს ოკუპანტებს ოდესასთან ზღვიდან მიახლოების შანსი არ აქვთ. გარდა ამისა, რეზნიკოვმა დასძინა, რომ რუსეთმა ოდესის სახმელეთო გზით აღება ვერ მოახერხა.
„კიევი რუსეთის წინააღმდეგ კონტრშეტევას რამდენიმე თვეში დაიწყებს. უკრაინის არმიის ფართომასშტაბიანი შეტევის დაწყება სამხედროების მომზადების ვადებსა და დასავლეთიდან მიღებული დახმარების ჩამოსვლაზეა დამოკიდებული. კიდევ რამდენიმე თვე დაგვსჭირდება დიდი კონტრშეტევის დასაწყებად და რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების გასათავისუფლებლად.
დასავლეთის მიერ დაპირებული ტანკები და სხვა აღჭურვილობა უკრაინაში ახლავე არ გაჩნდება, ამას გარკვეული დრო სჭირდება. ჩვენ ვსაუბრობთ რამდენიმე თვეზე, როდესაც სრულად მზად ვიქნებით. შემდეგ კი გენერალური შტაბის გადაწყვეტილებით გარკვეული მოქმედებები დაიწყება“, - განაცხადა ოლექსი რეზნიკოვმა.
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, უკრაინაში ომში რუსეთის არმიის 97% არის ჩართული, თუმცა რუსეთმა ერთიანი ძალის შექმნა ვერ შეძლო, რათა უკრაინის დაცვა გაერღვია.
„ჩვენ ვხედავდით ძალისხმევას, რომლებიც წინ წაწევისკენ იყო მიმართული. ეს უდიდეს ფასად დაუჯდა რუსეთის არმიას. რუსეთის დასამარცხებლად უკრაინის დახმარებით დასავლეთი საკუთარ უსაფრთხოებას აძლიერებს. თუ რუსეთის არმიის 97% ახლა უკრაინაში იმყოფება, პირადი შემადგენლობის ძალიან, ძალიან დიდი გადინებით, პოტენციურად, მათი ბრძოლისუნარიანობა 40%-ით არის შემცირებული, ხოლო ტანკების ორი მესამედი განადგურებული ან დაზიანებულია, ამას პირდაპირი გავლენა აქვს ევროპის უსაფრთხოებაზე. რუსეთი წინ წაწევას პირველი მსოფლიო ომის დონეზე ცდილობს, იგივე დონის დანაკარგებით და წარმატების მაჩვენებლებით, რომლებიც მეტრებით და არა კილომეტრებით განისაზღვრება“, - აღნიშნა ბენ უოლესმა.
სამხედრო ანალიტიკოსის ვახტანგ მაიასაიას განცხადებით, დღევანდელი რუსეთ-უკაინის ომი ასახავს საბჭოთა კავშირსა და ნაცისტურ გერმანიას შორის ომს. თუმცა მაშინ საბჭოთა კავშირს ლენდ-ლიზით ეხმარებოდა ამერიკა და ბრიტანეთი, და სწორედ ლენდ-ლიზის დახმარებით საბჭოთა კავშირმა შეძლო გარდატეხის შეტანა და დაამარცხა გერმანია, რომელიც საბჭოთა კავშირის ძლიერი მოწინააღმდეგე იყო.
„გითხრათ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ნაკლები სიძლიერეით გამოირჩევიან, ასე არაა. მათ აქვთ საკმაოდ ძლიერი პოტენციალი. შეიძლება დასაწყისში ისე არ იყო ორგანიზებული, როგორც რუსეთის შეიარაღებული ძალები, მაგრამ უკრაიანა საკამოდ ძლიერი სახელმწიფოა და ერიც მებრძოლია. შეიძლება უკრაინამ გაიმეორეს საბჭოთა კავშირის ეს მაგალითი, როდესაც ლენდ-ლიზის გამოყენებით გარდატეხა შეიტანა. არაა გამორიცხული იგივე გაიმეოროს, მაგრამ ეს დიდი ხნის ამბავია და არა ერთი წლის. სამწუხარო რეალობა ასეთია, რომ ეს ომი შეიძლება კიდევ ორი წელი გაგრძელდეს. ორივე მხარეს თანაბარი ძალები აქვს“, - აცხადებს მაისაია.
მისი თქმით, რუსეთის გეგმა არის აღმოსავლეთ დნეპრის სანაპიროების დაკავება, კერძოდ, ხარკოვიდან-ოდესამდე არსებული ტერიტორიების დაკავება, იქ გამყარება და უკრაინის ორად გაყოფა, ხოლო პოზიციების გამაგრების შემდეგ გადავიდეს მთლიანი უკრაინის ოკუპაციაზე.
„ამ ომის პროგნოზირება ძალიან რთულია, შეუძლებელია. არავინ იცის ვინ გაიმარჯვებს. 1942 წელს ვინმე იფიქრებდა, რომ საბჭოთა არმია ბერლინში შევიდოდა? - ეჭვი მეპარება. სტალინგრადის ომის ფონზეც კი, ასეთ სცენარს ვერავინ ვერ წარმოიდგენდა თავის გააზრებაში. დღესაც 1942 წლის მდგომარეობა არის, როდესაც რთულია პროგნოზირება ვინ გაიმარჯვებს - უკრაინა თუ რუსეთი“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ მაისაიამ.
გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი, ანალიტიკურ ცენტრ „ჯეოქეისის“ მრჩეველი, ვახტანგ კაპანაძე ამბობს, რომ სერიოზული დარტყმისთვის რუსეთს არ გააჩნია რესურსი.
„მერამდენე თვეა იძახიან, ამას და იმას ვიზამთო, მაგრამ ვერაფერსაც ვერ იზამენ, შეტევის რესურსი არ გააჩნიათ. თუმცა, აწვებიან და აგრძელებენ ვრცელ ფრონტზე შეტევებს და აი, ასე ეცდებიან გააგრძელონ. როდის დასრულდება ეს ომი, ამის პროგნოზირება რთულია. როცა უკრაინა მიიღებს იმ დაპირებულ შეიარაღებას, მაშინ შეიძლება მოხდეს გარდატეხა და როცა მოხდება გარდატეხა, მერე შეიძლება დაიწყოს გარკვეული მოლაპარაკებები. უკრაინა ცდილობს, რომ როცა დაიწყება მოლაპარაკება, აი, მაშინ კარგ პოზიციაზე იყოს. იგივეს ცდილობს რუსეთი, რომელმაც იცის, რომ უკრაინა მიიღებს იარაღს და ამიტომ, სანამ უკრაინა მიიღებს დაპირებულ იარაღს, მანამდე რაც შეიძლება მეტი ტერიტორია დაიკავოს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ კაპანაძე.
დიპლომატი, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი აცხადებს, რომ ძნელად პროგნოზირებადია როდის დასრულდება ომი, მაგრამ დარწმუნებულია, რომ დასრულდება უკრაინის გამარჯვებით. მისი თქმით, სიტუაცია ისე ვითარდება, რომ ამგვარ დინამიკას არ შეიძლება სხვა ბოლო ჰქონდეს. თუმცა, შექმნილი სიტუაცია არის თუ არა ხელსაყრელი რუსეთისთვის, ამბობს, რომ არის.
„მაგრამ არა დასავლეთის მიერ იარაღის მოწოდების შეფერხების გამო, არამედ იმიტომ, რომ რუსეთს საკმაოდ დიდი რეზერვი აქვს მობილიზებული და შეუძლია მისი გამოყენებით უფრო ეფექტურად იმოქმედოს, ვიდრე აკეთებდა. თუმცა, ჯერჯერობით, თქმა იმისა, რომ სერიოზულ გაკვეთილებს სწავლობენ წარსული შეცდომებისგან, ასეა არაა. შეცდომები რომელსაც ისინი უშვებენ, იდენტურია, მსგავსი იმისა, რაც მათ მთელი წლის განმავლობაში ჩაიდინეს.
რუსეთის მიერ დაშვებული შეცდომების შედეგი როდის დადგება, სწორედ ეს არის ძნელად პროგნოზირებადი. რუსეთი დიდი ქვეყანაა, დიდი გამოუყენებელი რეზერვები აქვს, მათ შორის ადამიანური რესურსი და ა.შ. მაგრამ ის, რომ რუსეთი ფეხზე ისე ვერ დადგება, რომ უკრაინულ არმიას დამარცხება აგემოს, ამაში ეჭვი არ მეპარება“, - აცხადებს დიპლომატი.
მისი თქმით, დახმარება, რომელსაც უკრაინა მიიღებს, ეს დიდწილად გადაწონის ბრძოლის ველზე ვითარებას უკრაინის სასარგებლოდ.
„ის, რაც ღია წყაროებიდან ვიცი, ეს რესურსები სრულიად საკმარისი უნდა იყოს იმისათვის, რომ უკრაინამ შეკრას მეტად ძლიერი შემტევი მუშტი და სასიკვდილო დარტყმა მიაყენოს რუსეთს. საუბარია ტანკებზე, არტილერიის ახალ სისტემებზე და ავიაციაზე, ამ სამ უმნიშვნელოვანეს კომპონენტზე, რომელმაც ომის ბედი საბოლოოდ უნდა გადაწყვიტოს. ომის იმგვარ ტაქტიკას, რომელსაც რუსეთი მიმართავს, უკრაინამ შეიძლება საკუთარი წარმოების იარაღიც კი დაუპირისპიროს.
რეალურად საუბარი არის ხალხის მასებზე, რომელთაც არც განსაკუთრებული შეიარაღება აქვთ და არც ცოდნა და რუეთი ტალღებად უშვებს ამ ადამიანებს სასაკლაოზე. ასე იყო „ვაგნერის“ შემთხვევაში და ახლაც ასეა, როდესაც მობილიზებულთა იმ რაოდენობას, რომელიც მას კიდევ დარჩა, სწორედ ასეთი სახით იყენებს. აი, მათ წინააღმდეგ ძალიან ეფექტურად შეიძლება იქნას გამოყენებული იარაღი, რომლის დამზადება დიდი რაოდენობით შეუძლია უკრაინას.
საუბარი არის ტყვიამქვრევებზე და ნაღმტყორცნებზე, რომელიც ტექნიკურად ბევრად უფრო მარტივი შეიარაღების საშუალებაა, ვიდრე თანამედროვე, დამიზნების სისტემების მქონე საარტირელიო სისტემები. ამ ტაქტიკური სვლის გამოყენება უკრაინას შეუძლია“, - განაცხადა for.ge-სთან საუბრისას ირაკლი მენაღარიშვილმა.