მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ პროცესები მილევად რეჟიმში გადადის და, წესით, უნდა დასრულდეს ეს სცენარი, რასაც ჰქვია „სააკაშვილის სცენარი“ სამედიცინო კლინიკა „ვივამედში“. ალბათ, ამიტომაც ცალკეული პოლიტიკოსები სააკაშვილს ურჩევენ, რომ აზრს კარგავს მისი აქტიურობა და სჯობს ჩუმად მოიხადოს სასჯელი. ამავდროულად, სააკაშვილის ყოფილი თანამებრძოლი, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი აკაკი ბობოხიძეც იმ აზრს ავითარებს, რომ სააკაშვილმა უნდა გაუძლოს, რადგან ეს არაა ის ხელისუფლება, რომელზეც დასავლეთის მითითებები მოქმედებს, ამ ხელისუფლებამ გადალახა ეგ ზღვარი, ანუ, ფაქტობრივად, კაკო ბობოხიძე ურჩევს სააკაშვილს, საკუთარი აქტიურობით ნუღარ შეაწუხებს ოპოზიციას.
იმ ფონზე, როცა ყველა ფიქრობდა, რომ სააკაშვილი უკვე „უძრავი ქონება“ გახდა თვით „ნაცმოძრაობისთვისაც“ კი, ამ თემამ „სიენენზე“ მაინც გაიელვა. ტელეკომპანია „სიენენმა“ კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილის გონების დაკარგვის ეპიზოდები გაავრცელა. ეს ვიდეოები გასული წლის 4 და 6 ოქტომბრით თარიღდება და ტელეკომპანიას სააკაშვილის ამერიკელმა ადვოკატმა მასიმო დანჯელომ მიაწოდა. ამავდროულად, სააკაშვილის ადვოკატმა ტელეკომპანიასთან ინტერვიუში ექსპრეზიდენტის სამკურნალოდ გადაყვანა მოითხოვა, რადგან, მისი თქმით, არსებობს რისკი, რომ სააკაშვილი მკურნალობის შემთხვევაშიც ვერ გამოჯანმრთელდება.
რამდენად დააზარალებს საქართველოს საერთაშორისო იმიჯს „სიენენის“ მსგავსი კადრები სააკაშვილის მონაწილეობით?
პოლიტოლოგი თამარ კიკნაძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ მსგავსი კადრების გავრცელება უცხოურ ტელეარხებზე მომავალშიც არ გამოირიცხება, რადგან სააკაშვილის ოჯახმა პიარკომპანიას ერთი მილიონი დოლარი გადაუხადა, რაც იმის წინაპირობაა, რომ სააკაშვილის საკითხი ვერ გადავა მილევად რეჟიმში. პირიქით, მსგავსი სიუჟეტები სხვადასხვა გამოცემებში, ტელევიზიებში იტრიალებს, რათა როგორღაც ციხიდან მის გათავისუფლებას მიაღწიონ. რა თქმა უნდა, ეს პიარკომპანია მუშაობს, გავლენას ახდენს საერთაშორისო საზოგადოებაზე, ამის გამოძახილია ის აბსოლუტურად არამიზანშეწონილი რეზოლუციები, რომლებსაც იღებენ ევროსაბჭოში, ევროკავშირში. ეს რეზოლუციები იმაზე მეტყველებს, რომ უცხოელები გარკვეული გავლენის ქვეშ არიან და საქართველოში არსებულ რეალურ სურათს ან არ იცნობენ, ან არ უნდათ, დაინახონ.
„ვერ ვიტყვი, რომ ასეთმა სიუჟეტებმა შეიძლება საქართველოს იმიჯზე დამანგრევლად იმოქმედოს, შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს იმ უბრალო ადამიანზე, ვინც არ არის ჩახედული ამ პრობლემებში, შეიძლება გარკვეული ფონიც შექმნას. ცხადია, ეს საქართველოს იმიჯისთვის სასურველი არაა. „ნაცმოძრაობა“ და მიშა მაოხრებელ გზირს მაგონებს, სააკაშვილი თანამდებობიდან გადამდგარია, ექსპრეზიდენტის ამპლუაშია, მაგრამ, მიუხედავად ამისა, თავისი ქმედებებით საქართველოს ისევ პრობლემებს უქმნის. ჩვენი ხელისუფლება ძალიან ზომიერ საგარეო პოლიტიკას ატარებს, მაგრამ ყველაზე დიდი საფრთხე ჩვენთვის არის საშინაო საფრთხე, რომელსაც გვიქმნის „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი სატელიტი ნჯო-ებით“,-აცხადებს თამარ კიკნაძე.
პოლიტოლოგი განმარტავს, რომ გარკვეულ ძალებს სააკაშვილის დემენციაც აწყობთ, რადგან მიშა საერთაშორისო დონის ავანტურისტია. თუნდაც იმავე 2008 წლის ომთან დაკავშირებით ბევრი კითხვა ჩნდება, სააკაშვილს ბევრი ინფორმაცია აქვს, ამიტომ ზოგიერთ ძალას არ აწყობს, ეს ინფორმაციები გაჟღერდეს. უფრო მეტიც, ასეთი ტიპის ლიდერები ძალიან ცუდად ამთავრებენ. ამიტომ სააკაშვილისთვის უმჯობესი იქნება, ციხეში იჯდეს, ეს ხელისუფლება ძალიან უფრთხილდება სააკაშვილს, უფრთხილდება ისე, როგორც სხვა არავინ გაუფრთხილდება.
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ „სიენენის“ მიერ ნაჩვენები მიშას გონების დაკარგვის ეპიზოდები საქართველოზე დიდად არ აისახება, უბრალოდ, ეს იქაური საზოგადოებრივი აზრის შესაქმნელად სჭირდებათ. ჩვენი ხელისუფლება თითქოს ასეთ კადრებს ყურადღებას არ აქცევს, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, დისკომფორტი მაინც ექმნებათ.
„მიშას მომხრე და მისი ადვოკატი არ ვარ, მიშას შეცდომები თუ დანაშაულები ჩემს თვალწინ ხდებოდა, მისი მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე ვიყავი და ვხედავდი, რაც მის დროს ხდებოდა, მაგრამ კაკო ბობოხიძემ თავისი გუბერნატორობის დროს ჟურნალისტი, ირაკლი იმნაიშვილი რომ სცემა ქუთაისში, ვინმეს ახსოვს? ვის ოჯახში გაიზარდეო, ბობოხიძემ რომ ჰკითხა, ჟურნალისტმა კი უპასუხა, შენს ოჯახს მიხედეო, ბობოხიძემ სახეში გაუქანა და სთხლიშა ჟურნალისტს. ამის შემდეგ ნაცვლად იმისა, მიშას გაეგდო ბობოხიძე, გადმოიყვანა თბილისში და გვარდიის უფროსად დანიშნა. მაშინ კარგი იყო მიშა, როცა კაკო ბობოხიძე შეიწყალა და გვარდიის უფროსად დანიშნა? ამიტომ ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი, სჯობს, ჩუმად იყოს. რაც შეეხება მიშას, ქვეყნის სიმშვიდისთვის კარგი იქნებოდა, როგორც ეს ირაკლი კობახიძემ თქვა, სააკაშვილს იურიდიული ვალდებულება დააკისრონ, რომ ის ქართული პოლიტიკიდან საერთოდ წავა და გაუშვან ევროპაში. ამის შემდეგ თუ მაინც ჩამოვა და ჩაერთვება ქართულ პოლიტიკაში, ის დაარღვევს იმ ვალდებულებას, რომლითაც გათვალისწინებული იქნება სასჯელი ამ დანაშაულის გამო. ამიტომ ისევ ჩასვამენ ციხეში“, - აცხადებს სოსო ცინცაძე.
პოლიტოლოგის მოსაზრებით, მიშა არ არის ისეთი პიროვნება, როგორც ნიკა გვარამია, რომელიც ციხეშია და არავის არ აწუხებს, მერაბიშვილიც თავისთვის ჩუმად იჯდა, მაგრამ თავისი ბუნებიდან გამომდინარე, სააკაშვილი ჩუმად ვერ იქნება. სანამ ცოცხალია, სულ პრობლემას შექმნის.
გარდა ამისა, სააკაშვილს ჰყავს ე.წ. ბირთვული ელექტორატი. შეიძლება ისინი ცოტანი არიან, სამაგიეროდ, ხმაურიანები არიან და ისინიც პრობლემას ქმნიან. პოლიტოლოგის განმარტებით, არავინ ამბობს, რომ მიშა უდანაშაულოა, მიშა დამნაშავეა, მაგრამ აქ საკითხი დგას ჰუმანიტარულად, მას შეუძლია ფიზიკურად ციხეში მოიხადოს სასჯელი, თუ ჯერ განკურნება სჭირდება და მერე ჯანმრთელი შეეძლება დაბრუნდეს ციხეში?! ამაზე ლაპარაკი შეუძლია მხოლოდ კვალიფიციურ ექიმს.
„თუკი უცებ გაირკვევა, რომ მიშა უცხოეთში ჩავიდა, მეორე დღესვე სპორტულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, სირბილი და სეირნობა დაიწყო, მაშინ მისი რეპუტაცია შეილახება, ყველა იტყვის, აფერისტი ყოფილაო, რადგან თითქოს სამკურნალოდ მიდიოდა უცხოეთში. როგორც მისი ექიმები გვარწმუნებენ, სააკაშვილს იმდენი დაავადება სჭირს, მის რეაბილიტაციას ერთი და ორი თვე არ ეყოფა“, - აცხადებს პოლიტოლოგი.