იქნება თუ არა თბილისში 20 თებერვალს დაანონსებული აქცია ვანო მერაბიშვილის პოლიტიკაში რეანიმაციის შანსი? რატომ გადაწყვიტა ყოფილმა მინისტრმა საჯაროდ ამ ფორმით გამოსვლა და ხომ არ უნდა ველოდოთ, რომ 2024 წელს, საპარლამენტო არჩევნებს წინ, პარტიას სათავეში თავად ჩაუდგება?
მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის ხერხემლად წოდებული შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ჩრდილიდან გამოდის. რამდენიმეწლიანი დუმილის შემდეგ ის პოლიტიკურ გეგმებზე და პარტიის მომავალზე აქტიურად ალაპარაკდა და ამაზე ცნობილ ჟურნალისტთან მარკ ფეიგინის გადაცემაში ისაუბრა. ის ქვეყანაში აქტიური საპროტესტო ტალღის საჭიროებაზე საუბრობს. ამიტომ მხარდამჭერებს 20 თებერვალს თბილისში შეკრებისკენ მოუწოდებს. მერაბიშვილი ლაპარაკობს როგორ უნდა განვითარდეს მოვლენები საქართველოში იმისთვის, რომ ხელისუფლება შეიცვალოს. მან ინტერვიუში მაიდანი ახსენა, ამიტომ გაჩნდა კითხვა, არის თუ არა მისი გეგმის ნაწილი პროცესების მსგავსი სცენარით განვითარება?
ეს „ნაციონალურ მოძრაობაში“ ჩატარებული არჩევნების შემდეგ მერაბიშვილის პირველი ინტერვიუა. მერაბიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ ხელმძღვანელობას პასიურობასა და სააკაშვილის დასაცავად არასაკმარის აქტივობაში ადანაშაულებს. შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი აცხადებს, რომ დასავლეთის ზეწოლა უნდა წარიმართოს შიდა პროტესტების პარალელურად. მერაბიშვილმა გადაცემაში ჩართვისას მადლობა გადაუხადა უკრაინის მთავრობის წარმომადგენლებს მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი განცხადებებისთვის.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე მიიჩნევს, რომ ვანო მერაბიშვილის პოლიტიკაში გამოჩენა და აქტიურად ჩართვა მოსალოდნეი იყო. აბაშიძე for.ge-სთან ფიქრობს, რომ მას იმაზე მეტი ამბიციები აქვს ვიდრე ეს ღიად ჩანს. ამიტომაც მოქმედებაზე გადავიდა და მოსალოდნელია, რომ სხვადახვა მედიაში კიდევ აქტიურად გამოჩნდება.
„რა თქმა უნდა, ვანო მერაბიშვილის და დავით კეზერაშვილის დღის წესრიგი სრულიად სხვაა. ისინი ფიქრობენ იმაზე, საკუთარი თავების ქართულ პოლიტკაში რეანიმაცია როგორ და რა ფორმით მოახდინონ. უბრალოდ, მიხეილ სააკაშვილის სახელის გამოყენება ამის ერთ-ერთი ხერხია, რომელსაც მისი ამომრჩევლის დასაინტერესებლად აკეთებენ. სხვა მხრივ სააკაშვილის ციხიდან დახსნა თუ ჯამრთელობის საკითხი მათ არ ანაღვლებთ. სააკაშვილმაც უკვე კარგად იცის, რომ მას მერაბიშვილმა პარტია წაართვა. მიუხედავად ამისა, სხვა გზა არ აქვს. პირიქით, მას სურს რომ მერაბიშვილმა მისი სახელი ხშირად ახსენოს, სხაგვარად ისედაც გაბანკროტებული სააკაშვილი პარტიისგან თუ დისტანცირდება, მისი პოლიტიკური მომავალი საერთოდ გაცამტვერდება.
სააკაშვილიც თამაშობს და იციან, რომ ერთმანეთი აწყობთ. ამიტომ ლევან ხაბეიშვილის საკითხი ძალიან მალე გადაწყდება. მერაბიშვილის მხრიდაან 20 თებერვლის აქციის დაანონსება ძალიან საინტერესო და ყურადსაღები იყო. ის ახლა პარტიის მხარდამჭერებს აჩვენებს ვინ არის რეალური „ბოსი“. მას ძალიან კარგი შესაძლებლობები აქვს იმისთვის, რომ ხალხმრავალი აქციის გამართვა შეძლოს. ხაბეიშვილისგან განსხვავებით, ის არის მენეჯერული და ორგანიზატორული ნიჭით დაჯილდოვებული პოლიტიკოსი. მან შექმნა სისტემა, რომელმაც სააკაშვილის სისხლიან რეჟიმს ხელისუფლებაში ყოფნა გაუხანგრძლივა. ამიტომაც ის უკვე მოქმედებაზე გადავიდა და ვნახოთ, იმედია კანონის საწინააღმდეგოდ არ იმოქმედებს“, - ამბობს გაი აბაშიძე.
მისივე თქმით, არ არის გამორიცხული, რომ დავით კეზერაშვილიც დღის სინათლეზე მალე ვიხილოთ. ის მიხეილ სააკაშვილის მსგავსად დისტანციურად ინტერვიუების მიცემას დაიწყებს. თუმცა ჯერ მოქმედებას მერაბიშვილს დააცდის, რომელიც დროს არ კარგავს და აქციებსაც კი აანონსებს. აბაშიძე მიიჩნევს, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მერაბიშვილი, შესაძლოა, პარტიის თავმჯდომარეც კი გახდეს. მართალია იციან, რომ ეს ყველაზე მეტად ხელისუფლებას წაადგება, მაგრამ იმდენად აწუხებთ ამბიციები, რომ ამისთვისაც კი მზად არიან.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძეც მიიჩნევს, რომ ვანო მერაბიშვილი არ არის ის ფიგურა, რომელიც ლევან ხაბეიშვილის უკან იდგება და არ იაქტიურებს, მით უმეტეს მის პოლიტიკურ ამბიციებზე უკვე ბევრი ითქვა და დასამალიც არაფერი აქვს. საყვარელიძე for.ge-სთან ვარაუდობს, რომ მერაბიშვილი 20 თებერვლის აქციის ორგანიზებას შეძლებს და არ გამორიცხავს, რომ ახალი თავმჯდომარის ჩაშლილი აქციების უკან სწორედ მერაბიშვილი იდგეს.
„თავად მერაბიშვილმაც კარად იცის, რომ თავისი ფიგურის წინ წამოწევა ძალიან რთულია, მაგრამ ის თუკი 20 თებერვალს აჩვენებს, რომ პოლიტიკური გავლენები კვლავ აქვს და ხაბეიშვილზე ბევრი ხალხის გამოყვანა შეუძლია, მაშინ პოზიციებს პარტიაში ღიად გაიმყარებს. პარტიის პოლიტიკური ელიტის და ელექტორატის სიმპატიები არა, მაგრამ ნდობა, ალბათ, მერაბიშვილისკენ გადაიხრება. ყველამ კარგად იცის მერაბიშვილის ბეგრაუნდიც და ხაბეიშვილისაც. ყოფილი პრემიერ მინისტრი და შსს მინისტრი იყო. მან კარგად იცის თუნდაც რეგიონალური ორგანიზაციების დონეზე პარტიაში ვინ რას წარმოადგენს, წარსულში ვის რა შესაძლებლობები ჰქონდა და ა.შ. მის სიტყვას უფრო დაიჯერებენ, ვიდრე ქუჩაში უგზო-უკლოდ მორბენალი ახალგაზრდის. მერაბიშვილს კეზერაშვილის ფულის მიცემაზე დათანხმებაც არ გაუჭირდება. ახლა ბრძოლა უკვე ხაბეიშვილსა და მერაბიშვილს შორის წავა. მელია მერაბიშვილმა ძალიან ტაქტიკურად და მარტივად მოიშორა თავიდან. ახლა ხაბეიშვილს გასწევს გვერდით, რადგან 2024 წლის არჩევნებისთვის მთავარი მხოლოდ თავად იყოს.
რა თქმა უნდა, არ არის გამორიცხული მან თავი გაითეთროს და პარტიის თავმჯდომარეობაც კი მოისურვოს. მერაბიშვილის მსგავსებს ქართულ პოლიტიკაში თავის გათეთრება არ გასჭირვებიათ. ესეც ზუსტად ამას აკეთებს. რა თქმა უნდა, რაღაცა პატარა პროვოცირების მოწყობას შეეცდება, ასევე არაა გამორიცხული, არეულობის ინსცენირებაც მოსინჯოს. მაიდანი ტყუილად არ უხსენებია, ამის ფინანსური რესურსიც აქვთ და კავშირებიც. ჩვენ კიდევ კარგად ვიცით საქართველოში არეულობა რუსებს აწყობთ. რუსების აგენტობაზე მელიას ფრთამ მერაბიშვილისკენ ხელი უკვე გაიშვირა. თუკი ის ქვეყანაში არეულობის ინსცენირებას შეეცდება, მაშინ ეს ბრალდებები კიდევ უფრო გამყარდება“, - ამბობს საყვარელიძე.
შევარდნაძის დროინდელი, გახრწნილი მილიცია რომ ავგიას ბოსელივით გასასუფთავებელი იყო, დიდი მიგნება არ სჭირდებოდა.