„ხაბეიშვილს დიდი ხნით თავმჯდომარეობას მერაბიშვილი-კეზერაშვილი არ აპირებს, მათი განზრახვაა, 2024 წლისთვის ხაბეიშვილი ენმ-ის თავმჯდომარე აღარ იყოს“

„ხაბეიშვილს დიდი ხნით თავმჯდომარეობას მერაბიშვილი-კეზერაშვილი არ აპირებს, მათი განზრახვაა, 2024 წლისთვის ხაბეიშვილი ენმ-ის თავმჯდომარე აღარ იყოს“

ვანო მერაბიშვილმა ჩრდილიდან გამოსვლა დაიწყო. როგორც ჩანს, ის უკვე მოქმედებაზე გადავიდა და პარტიის მმართველობაში აქტიურ მონაწილეობას იღებს. უშედეგო სირბილით დაღლილი ლევან ხაბეიშვილი კი, რომელიც იმედს არ კარგავს, რომ ქვეყანაში მასობრივ საპროტესტო მუხტს ააგორებს, შეიძლება თავიდან მერაბიშვილმა და კეზერაშვლმა მალევე მოიშორონ. ეს მოსაზრება ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძეს გაუჩნდა, რომელიც ფიქრობს, რომ 2024 წლისთვის ხაბეიშვილი თავმჯდომარე აღარ იქნება. ძაბირაძე FOR.GE-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ მათ საქართველოს პოლიტიკაში რეანიმაცია სურდათ და ეს შეძლეს. ამიტომ მოსალოდნელია, რომ უკვე თავმჯდომარეობის ამბიცია თავად მერაბიშვილს გაუჩნდეს.

ლევან ხაბეიშვილი ერთი კვირაა ქვეყანაში საპროესტო მუხტის აგორებას ცდილობს, მაგრამ ამ ეტაპზე პარტიის ამომრჩევლის 1%-ის ქუჩაში გამოყვანაც ვერ შეძლო. როგორ ფიქრობთ, რა არის ამის მიზეზი?

- აქციები მასობრივი რომ არ იქნებოდა და ხალხი ქუჩაში არ გამოვიდოდა, ეს იმთავიდანვე ნათელი იყო, როცა ხაბეიშვიილმა საარჩევნო კამპანია დაიწყო. მისი დაპირების არ ვიცი ვის სჯეროდა და სჯერა, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ახალგაზრდა კაცი არც პარტიის წევრების და არც მისი ელექტორატის დიდი ნაწილისთვის ავტორიტეტს არ წარმოადგენს. არ ვიცი ხაბეიშვილს თავადაც მართლა თუ სჯეროდა ამის. შესაძლოა ქვეყანაში საზოგადოებრივი და პოლიტიკური სიტუაცია ვერ შეაფასა. ან უბრალოდ წინასაარჩევნოდ ასე აწყობდა და ეს პიარისთვის გამოიყენა. საქართველოს მოსახლეობა რომ სააკააშვილის გასათავისუფლებლად ქუჩაში არ გამოვარდება, ეს მისი დაკავების დღიდანვე ნათელი იყო. მისივე ამომრჩევლებმაც კი თავი არ შეიწუხეს, რომ თუნდაც სასამართლოზე მისულიყვნენ. ამიტომ ჩემთვის ძალიან გაუგებარია ხაბეიშვილს ეს იმედი რაზე დაყრდნობით უნდა ჰქონოდა, ან იმ ხალხმა რის საფუძველზე დაუჯერა, ვინც მას ხმა არჩევნებზე მისცა.

ხომ არ ფიქრობთ, რომ ლევან ხაბეიშვილის დაპირება მხოლოდ იმით იყო განპირობებული, რომ პოლიტიკურ ასპარეზზე მერაბიშვილი და კეზერაშვილი შემოსულიყვნენ? ხაბეიშვილი უბრალოდ ფიგურაა, რომელსაც ეს ადამიანები ამ მიზნის მისაღწევად იყენებენ?

- რა თქმა უნდა, ეს კითხვა თავიდანვე გაჩნდა და ამაში არ მგონია უკვე ვინმეს ეჭვი ეპარებოდეს. კეზერაშვილის და მერაბიშვილის პოლტიკური რეანიმაცია სჭირდებათ, ამისთვის კი ყველაზე საუკეთესო გზა, ქვეყანაში რიგით მეორე პარტიაა, მით უმეტეს ვანო მერაბიშვილს ამ პარტიის შექმნაში დიდი წვლილი მიუძღვის. ამ ადამიანებმა ორივემ ერთად, ხაბეიშვილის გამარჯვება უზრუნველყვეს. მერაბიშვილმა ჩრდილიდან გამოსვლაც უკვე დაიწყო. ის მედიაში ნელ-ნელა ჩნდება. მან ინტერვიუც კი მისცა. კაცს, რომელსაც მინისტრობის დროს ორი სიტყვა ერთმანეთზე გადაბმული არ უთქვამს, უცხოურ მედიაში ჩნდება და საუბრობს არა როგორც პარტიის რიგითი მხადამჭერი, არამედ როგორც ენმ-ის ლიდერი. მისი საუბრის ტონი მიანიშნებს იმაზე, რომ ის პარტიის მართვაში სრულიად ჩაება. მერაბიშვილი ხალხს მოუწოდებს, რომ 20 თებერვალს დედაქალაქში გამოვიდნენ. თუ თბილისში უფორ მეტი ხალხის მობილიზება მოხდა, მაშინ ამას მერაბიშვილი სააკუთარ თავზე მიიწერს. არაა გამორიცხული თბილისში კეზერაშვილის ფულით და მერაბიშვილის გავლენებით ერთჯერადად ნამდვილად ბევრი ხალხი შეიკრიბოს, მაგრამ ეს იქნება მხოლოდ წყალში წვეთი, მოსაჩვენებელი აქცია, რომლის იქითაც სააკაშვილის დარდი არც არავის არა აქვს.

ფაქტია ლევან ხაბეიშვილს ავტორიტეტად არც პარტიის პოლიტიკური ელიტა აღიქვამს და მის ყველა ინიციატივას, განცხადებას ლიდერები არ იზიარებენ. ეს მერაბიშვილს და კეზერაშვილს პრობლემას შეუქმნის, თუ პირიქით, ხაბეიშვილს ვინ დაემოერჩილება მათ საერთოდ არ ანაღვლებთ? როგორ წარმოგიდენიათ პარტია, სადაც თავმჯდომარეს არავინ არაფრად აგდებს?

- მერაბიშვილ-კეზერაშვილისთვის ლევან ხაბეიშვილი გარდამავალი ფიგურაა. რაღაც მომენტში ხაბეიშვილმა თავის თავზე აიღო ის, რაც სხვამ არ იკადრა. ამ ორი ადამიანისთვის ხაბეიშვილის პრობლემები მეორეხარისხოვანია. მათთვის მთავარია რომ ისინი პოლიტიკაში უკვე დაბრუნდნენ. ამიტომ მერაბიშვილის ჩრდილიდან გამოსვლა იმის მცდელობა კი არ არის, რომ ხაბეიშვილს ზურგი გაუმაგროს, აქციების გამართვაში დაეხმაროს და ა.შ. არამედ საკუთარი თავის ლიდერად წარმოჩენა შეძლოს. მას სჭირდება აქტიურობა და იმის თქმა, რომ მის მოწოდებას ხალხის მხრიდან რეაქცია მოჰყვა და მას პოლიტკური აქტივობა შეუძლია. ხაბეიშვილს მე მგონი საკუთარი გუნდიც კი რეალურ ლიდერად არ თვლის. რამდენად შეძლებენ შემდეგ უკვე მის გადაყენებას არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ ხაბეიშვილს დიდი ხნით თავმჯდომარეობას მერაბიშვილი-კეზერაშვილი არ აპირებს.

მათი განზრახვაა, რომ 2024 წლისთვის ხაბეიშვილი ენმ-ის თავმჯდომარე აღარ იყოს. სულაც არ გამოვრიცხავ, რომ მერაბიშვლს ამის პრეტენზია ჰქონდეს და თავმჯდომარეობა მან მოინდომოს. ის ნელ-ნელა პოლიტიკაში დაბრუნდება და შემდეგ ამ ამბიციას რეალობად აქცევს. როგორც არ უნდა იყოს, კეზერაშვილიც და მერაბიშვილიც უნიჭოები არ არიან. ერთმა ბიუჯეტი ისე გაძრაცვა და მილიარდერი გახდა, რომ დღემდე პასუხს ვერავინ სთხოვს. მეორემ კიდევ, გვინდა თუ არ გვინდა, პატრული, როგორც სისტემა, შექმნა. მას მენეჯერული თვისებები აქვს და ასე ადვილად ხელწამოსაკრავი არ არის. სხვა საქმეა მათ ხალხში რა რეპუტაცია აქვთ და ქვეყანა ანაღვლებთ თუ არა. მათ პოლიტიკაში დაბრუნება უკვე შეძლეს.

რაც შეეხება მელიას და მის მხარდამჭერებს, როგორ ფიქრობთ, პარტიიდან წასვლა ჯერ კიდევ რატომ არ წყვეტენ, რას ელოდებიან?

- რა თქმა უნდა, მელიას და მის ფლანგს მოლოდინი აქვთ, რომ ლევან ხაბეიშვილის ჩაფლავების შემდეგ, მათ უკან მმართველობაში დაბრუნების შანსები კვლავ მიეცემათ. ხაბეიშვილის დაქადნება, რომ ის სააკაშვილს დაიხსნიდა, ბლეფი აღმოჩნდება და ამის შემდეგ მისი გადარჩევა მოხდება. თუმცა მერაბიშვილი და კეზერაშვილი ამას არ დაუშვებენ. ხაბეიშვილს, ადრე თუ გვიან, თავიდან თავად მოიშორებენ. მელიას ფლანგი კი უკვე შემოდგომისთვის პარტიიდან წავა. მერაბიშვილს და კეზერაშვილს ეს ხალხი სულაც აღარ ანაღვლებთ. 2024 წელს 5%-იან ბარიერს პარტია რომც გაიყოს, მაინც აიღებს. ამიტომ მელიას რაც უფორ მალე მოიშორებენ თავის მხადამჭერებიანად, მათთვის მით უფრო უკეთესი იქნება. პირიქით, მელიას უკვე უქმნიან ისეთ სიტუაციას, რომ ის პარტიიდან წავიდეს.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, როგორ ფიქრობთ, როცა მიხვდება, რომ მისი გათავისუფლება ვერ ხერხდება და ხაბეიშვილის დაპირება ბლეფი იყო, ენმ-ისგან დისტანცირებას შეეცდება? როგორი იქნება მისი რეაქცია?

- დამერწმუნეთ მიხეილ სააკაშვილს არანაირი რეაქცია არ ექნება, რადგან მას უბრალოდ სხვა გზა არ აქვს. პირიქით, მას სჭირდება, რომ ორივე ჯგუფმა მისი სახელი ახსენოს და ეს რაც შეიძლება ხშირად გააკეთონ. მან კარგად იცის, რომ თუკი ისინი მის სახელს აღარ ახსენებენ, მისი პოლიტიკური აქტივობა, უბრალოდ, გაქრება. სააკაშვილი როგორც პოლიტიკური ფიგურა, უკვე მიმქრალია და ეს ხალხის აქციებზე არმისვლით დადასტურდა. მის მიმართ საზოგადოებაში ინტერესი მოკვდა. მან კარგად იცის, რომ მერაბიშვილმა და კეზერაშვილმა პარტია უკვე წაართვეს, მაგრამ სხვა გამოსავალი არ აქვს, არავისგან დისტანცირებას არ მოახდენს. სააკაშვილმაც კარგად იცის, რომ როგორც მას სჭირდება ხშირად ხსენება, ასევე კეზერაშვილ-მერაბიშვილს სჭირდება მისი სახელი, რომ ელექტორატი შეინარჩუნონ. ამიტომ სააკაშვილისთვის უკვე სულ ერთია, პარტიის მმართველი ვინ იქნება. მთავარია, ის პოლიტიკურად მუდმივად აქტიური იყოს, სხვაგვარად მისი შანსები კიდევ უფრო განულდება.

რაც შეეხება სააკაშვილის გათავისუფელბა-არგათავისუფლების თემას, ეს როგორ წარმოგიდგენიათ, რა გადაწყეტილებას მიიღებს ხელისუფლება?

- ხელისუფლება არანაირ გადაწყვეტილებას არ მიიღებს მანამდე, სანამ სააკაშვილის სიცოცხლეს რეალური საფრთხე არ დაემუქრება. ყველა კარგად ხედავს, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობას „ოცნება“ შესანიშნავად აკონტროლებს. მისი სიკვდილის უკვე მისსავე ამომრჩეველსაც აღარ სჯერა, ამიტომ ხელისუფლებისთვის სააკაშვილის თემა პრობლემას არ წარმოადგენს. რაც შეეხება დასავლეთს, სანამ სააკაშვილის ოჯახი ფულს იხდის, მანამდე გარკვეულ პოლიტიკურ წრეებში ამაზე საუბარი იქნება. როგორც კი ფულს აღარ გადაიხდიან, ეს თემაც გაქრება. ხელისუფლებამ ეს იცის და მოვლენებს თვალს მშვიდად ადევნებს. არანაირად არ ვფიქრობ, რომ სააკაშვილის გათავისუფლება სტატუსიის მინიჭებაზე გავლენას მოახდენს. ეს არის ტყუილი და ხელისუფლებამ კარგად იცის. ამიტომ „ოცნება“ სააკაშვილს მანამდე გამოიყენებს, სანამ ამის შანსი ექნება. ახლა უკვე ე.წ. საფრთხობელას სახით მერაბიშვილი და კეზერაშვილი ჰყავს, ამიტომ 2024 წლამდე თუ სააკაშვილის ჯამრთელობა გაუარესდა, გაუშვებენ კიდევაც. თუ არადა, მას არჩევნების წინ კიდევ დამატებით საფრთხედ გამოიყენებენ. ასე რომ, „ოცნებას“ პოლიტიკური დღის წესრიგი გადასარევად აქვს აწყობილი. მთელი ოპზიცია სააკაშვილზეა გადართული. ეს მოსახლეობას ძალიან აღიზიანებს, რადგან მათი პრობლემები გვერდით დარჩა. ამიტომ ხალხი ფიქრობს, რომ ოპოზიცია არაფარად ვარგა და ხელისუფლება რაღაცას მაინც აკეთებს. ეს არის ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური რეალობა, რომლის შეცვლასაც ოპოზიცია ვერაფრით ახერხებს.