„მერაბიშვილის სახით მოიყვანეს არანაკლებ ოდიოზური და გახმაურებული გვამი“

„მერაბიშვილის სახით მოიყვანეს არანაკლებ ოდიოზური და გახმაურებული გვამი“

ლევან ხაბეიშვილი პარტიის თავმჯდომარის პოსტზე რომ მხლოდ ბუტაფორიაა, ეს ვანო მერაშვილის პოლიტიკურ ველზე შემოსვლამ კიდევ ერთხელ დაადასტურა. ყოფილმა ძალოვანმა, რომლის სახელს არაერთი მძიმე დანაშაული უკავშირდება, პოლიტიკური განცხადება მარკ ფეიგინის გადაცემა „ფეიგინ ლაივში“ გააკეთა. მერაბიშვილი ამბობს, რომ რაიონებსა და ქალაქებში მიტინგები ტარდება, ახლა ზამთარია, ქართველები არ არიან სიცივეს შეჩვეული ისე, როგორც ამას უკრაინელები, მაიდანი რომ მოაწყონ, მაგრამ ამბობს, რომ ყველაფერი კარგად მიდის.

„დასავლეთის ზეწოლა უნდა წარიმართოს შიდა პროტესტების პარალელურად, რაც მეტი იქნება შიდა პროტესტი, დასავლელი მეგობრები უფრო გაბედულად იმოქმედებენ. მსურს, აღვნიშნო, რომ ბოლო დროს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დასავლეთში საზოგადოებრივი აზრი უმჯობესდება. ვიმედოვნებ, რომ ერთობლივი ზეწოლა და ასევე, დარწმუნებული ვარ, ჩვენი პარტია ძალიან მალე აქტიურ მოქმედებებზე გადავა და ეს გარკვეულ შედეგებს მოგვცემს.

ახლა ყველაზე მთავარია, რომ მოხდეს პროტესტების ორგანიზება. დარწმუნებული ვარ, რომ პეტრე ცისკარიშვილი, ხაბეიშვილი, პარტიის ახალი ხელმძღვანელობა, სხვა ახალგაზრდა ადამიანები ძალიან სერიოზულად არიან ამით დაკავებული. ისინი აცნობიერებენ საკუთარ პასუხისმგებლობას საქართველოს მომავლის მიმართ“, - აღნიშნა ვანო მერაბიშვილმა.

ყოფილი შს მინისტრის და „ნაციონალური მოძრაობის“ არაფორმალური თავმჯდომარის საჯარო სივრცეში გამოჩენა და მით უფრო პარტიის სახელით პოლიტიკური განცხადებების გაკეთება მოულოდნელი და ამავე დროს მიუღებელია პარტიის ნაწილისთვის. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ბაჩო დოლიძე აცხადებს, რომ მერაბიშვილი პარტიისთვის პრობლემა იყო და ასეა დღესაც. მისი თქმით, კულისებს უკან მართული პროცესები ყველაფერს აზიანებს.

„კიდევ ერთხელ დავინახე ისევ „აქეთ“ მხარეს გადასროლილი ქვა რამდენიმე კაცის მიმართულებით, რომელიც ღიად საუბრობდა იმაზე, რომ ვანო მერაბიშვილი ამ პარტიისთვის პრობლემაა. მე დღესაც ასე მიმაჩნია. ყველა ადამიანი უნდა გამოვიდეს წინა ხაზზე თუ პროცესებში ჩართულია და არათუ ჩართული, როცა პროცესებს მართავს. კულისებიდან ეს პროცესები არ უნდა მართოს. პირველ რიგში, ეს ჩვენი პარტიის შეურაცხყოფაა, რომელიც ყველანაირად პოზიციონირებს, რომ დასავლური ტიპის პარტია იყო, შესაბამისად, კულისებს უკან მართული პროცესები რა თქმა უნდა, ყველაფერს აზიანებს.

მერაბიშვილი აქტიურად გამოჩნდა. ყველა ის ადამიანი, რომელიც ამ პროცესებს მართავს, ვფიქრობ, აქტიურად უნდა იყოს წინა ხაზზე, უნდა გამოჩნდეს, არ უნდა იმალებოდეს და ყველაფერს თავის სახელს უნდა ვარქმევდეთ“, - აღნიშნა ბაჩო დოლიძემ, რომლის განცხადებით მერაბიშვილი აქტიურად გამოჩნდება და განსაკუთრებით, საგარეო ფრონტზე.

ასე არ ფიქრობს „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი, დიმიტრი შაშკინი, რომლის თქმით, მერაბიშვილი პარტიის საქმიანობაში რიგითი სტატუსით არის ჩართული.

„ვანო მერაბიშვილმა არაერთხელ განაცხადა, რომ მას არ აინტერესებს არანაირი თანამდებობები საქართველოში და ის როგორც რიგითი წევრი, მხარს უჭერს „ნაციონალურ მოძრაობას“. ჩვენ ყველა ვართ ერთად, ვანო მერაბიშვილი არის ენმ-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი, თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ახლა არის ჩართული, როგორც ყველა ჩვენთაგანი, რიგითი სტატუსით ენმ-ის საქმიანობაში“, - განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.

მერაბიშვილი რომ თავისი აქტიურობით ოპოზიციას კიდევ უფრო აზიანებს, ეს ცხადია. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მერაბიშვილმა კანონის წინაშე სასჯელი კი მოიხადა, თუმცა დანაშაულს აქვს ასევე მორალური განზომილება და ჩადენილი დანაშაულები მას არ აძლევს მორალურ უფლებას, იყოს აქტიურ პოლიტიკაში. როგორც შალავა პაპუაშვილი ამბობს, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ოლიგარქიულ მმართველობას უკვე თავადაც ადასტურებენ.

„ის, რაზეც დიდი ხანი ვსაუბრობდით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ოლიგარქიულ არაფორმალურ მმართველობაზე, თავადაც ადასტურებენ ამას. ვხედავთ თუ ვინ მართავს პროცესებს „ნაციონალურ მოძრაობაში“. ვანო მერაბიშვილის აქტიურ პოლიტიკაში გამოჩენისას, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია დავაკვირდეთ ამ პროცესს, ვინ მიიღებს მას პოლიტიკაში, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ უცხოელი მხარდაჭერებისგან როგორი რეაქცია ექნება ამას. ახლა მნიშვნელოვანია დავაკვირდეთ რამდენად გაემიჯნებიან მათ „ნაციონალური მოძრაობის“ აქტიური მხარდამჭერები ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ, შევხედოთ, რა მორალურ პრინციპებზე დგანან ის მხარდამჭერები, რომლებსაც ჩვენ ხშირად ვხედავთ „ნაციონალური მოძრაობის“ გვერდით“, - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

დედაქალაქის მერის განცხადებით, ხაბეიშვილის თავმჯდომარეობით „ნაციონალურ მოძრაობას“ მეტეორი მოხვდა. კახი კალაძე ამბობს, რომ მერაბიშვილის გამოჩენა მმართველი პარტიისთვის ძალიან დიდი საჩუქარია.

„მერაბიშვილის გამოჩენას მხოლოდ მივესალმები, ეს მმართველი პარტიისთვის ძალიან დიდი საჩუქარია. ისეთი ადამიანები, როგორიც მერაბიშვილი და ხაბეიშვილია, რა თქმა უნდა, მხოლოდ კარგია ჩვენთვის. თუ მმართველი პარტია ინატრებდა ოპოზიციაში ასეთი ადამიანების ყოფნას, ეს შესრულებულია და ასრულებული. ხაბეიშვილის თავმჯდომარეობა მმართველი პარტიისთვის საჩუქარია. ხაბეიშვილის თავმჯდომარეობით მეტეორი მოხვდა „ნაციონალურ მოძრაობას“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

დიმიტრი ხუნდაძის შეფასებით, ვანო მერაბიშვილის პოლიტიკური მკვდრეთიდან აღსდგომით ძლიერდება ის ჯგუფი, რომელიც ამ პარტიას დასასრულთან ყველაზე მეტად დააახლოებს.

„მერაბიშვილი არათუ გააძლიერებს პარტიას, არამედ დააჩქარებს მის დასასრულს, ეს პროცესი დაწყებულია. ამის ერთ-ერთი ხელის შემწყობია, მაოხრებელი გზირი ხაბე. ვფიქრობ, რომ ძლიერდება ის ჯგუფი, რომელიც ყველაზე მეტად დააახლოებს ამ პარტიას დასასრულთან. მათი მახასიათებელი დესტრუქცია ისევე შეუბრუნდება პარტიას, როგორც მანამდე შეუბრუნდა ვადამდელი არჩევნები“, - განაცხადა მოძრაობა „ხალხის ძალის“ წარმომადგენელმა, დიმიტრი ხუნდაძემ.

პარტია „საქართველოსთვის“ წევრის, ბექა ლილუაშვილის განცხადებით, ვანო მერაბიშვილი ამ ქვეყნის გუშინწინდელი დღე და კიდევ ერთი არაფორმალური მმართველია, რომელსაც შეუძლია არაფორმალური მმართველების წრეს მიეთვალოს. ლილუაშვილის თქმით, „მერაბიშვილის ინტერვიუ სხვა არაფერი იყო, თუ არა მისი როლის დადასტურება „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკაში, მათ შორის დღევანდელი მენეჯმენტის ფორმირებაში და მმართველობაში.

„ამ განცხადებით მერაბიშვილმა გამოავლინა თავისი მოტივი, რომ გაეძლიერებინა თავისი შესუსტებული პარტიის ახალი მმართველობა. ვანო მერაბიშვილი ამ ქვეყნის გუშინწინდელი დღეა და კიდევ ერთი არაფორმალური მმართველი. ვანო მერაბიშვილი არის წარსული. მისი განცხადებები მიმართულია „ნაცმოძრაობის“ გასამხნევებლად, ვისაც ახალმა ხელმძღვანელებმა იმედები გაუცრუეს. ვანო მერაბიშვილის გამოჩენა „ქართულ ოცნებას“ გააძლიერებს, რადგან მოქალაქეებს წარსულზე ფიქრი აღარ უნდათ, ისევე როგორც წარსულის სახეების მომავალთან გაიგივება“, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

ანალიტიკოს გია აბაშიძის განცხადებით, ადამიანური რესურსების მხრივ „ნაციონალურ მოძრაობას“ სერიოზული პრობლემები აქვს, პარტიაში ახალი სახეები ვერ მოდიან და იძულებული არიან, რომ ვანო მერაბიშვილი გამოიყვანონ ავანსცენაზე. მისი თქმით, ეს მეტყველებს, რომ ამ პარტიაში არის კრიზისი და ეს კრიზისი გაგრძელდებ მანამ, სანამ ე.წ. მოქმედი პოლიტიკოსები არიან საჯარო სივრცეში.

„ამაზე სერიოზული პოლიტიკური ანალიზის გაკეთება შეუძლებელია, იმიტომ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის პოლიტიკურად მკვდარი პარტია და რისი იმედი აქვს თუნდაც კეზერაშვილს, ან თუნდაც სააკაშვილს? შეუძლებელია ამის სერიოზული ახსნა. ვუსურვებ ქართულ ოპოზიციურ კონსტუქციულ სპექტრს, რომ უფრო გაძლიერდეს და რაც უფრო დაკნინდება „ნაციონალური მოძრაობა“ მით უკეთესია პოლიტიკური ოპოზიციური სპექტისთვის.

ამ პარტიის პრობლემა ის არის, რომ დღემდე ჰყავთ ვანო მერაბიშვილი და ვითომ ე.წ. ახალი სახე გამოაჩინეს, მაგრამ ვანო მერაბიშვილი ძალიან ბევრ გამწარებულ ადამიანს და ოჯახს ახსოვს. მერაბიშვილის პოლიტიკურ ბრენდად ტირაჟირება მეტყველებს იმაზე, რა სავალალო დღეშია „ნაციონალური მოძრაობა“. ვუსურვებ მეტ დაკნინებას ამ პარტიას და ვუსურვებ უდიდეს წარმატებას კონსტრუქციულ ქართულ ოპოზიციას“, - აცხადებს გია აბაშიძე.

კითხვაზე, რამდენად საშიშია ქართული პოლიტიკური პროცესებისთვის ვანო მერაბიშვილი და დავით კეზერაშვილის კულისებს მიღმა დგომა და პროცესების მართვა, აბაშიძე ამბობს, რომ საშიშნი ნამდვილად არ არიან.

„გასაგებია, კეზერაშვილი ხარჯავს უამრავ თანხას, რომ საწადელს მიაღწიოს. ჩვენ ვნახეთ „ოცნების“ ოფისთან შეკრებილი ე.წ. საპროტესტო აქცია, აი, ზუსტად გამოხატავენ ისინი „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერთა აზრს. არ აქვს მნიშვნელობა რამდენს დახარჯავს კეზერაშვილი. ფაქტია, რომ ეს პარტია მილევად მდგომარეობაშია“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას გია აბაშიძემ.

ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი თვლის, რომ მთლიანობაში ეს არის იმ დიდი კოლაფსის გამოხატულება, რომელშიც „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური სუბიექტები არიან, წინააღმდეგ შემთხვევაში მერაბიშვილი არ ჩაერთვებოდა არანაირად, რომელიც მისი თქმით, იმდენად დისკრედიტირებულია პოლიტიკურად, რომ ახლა ცხელი კარტოფილის როლშია.

„მაგრამ ეს არის პრობლემა ქვეყნისთვის და დემონსტრირება ხდება იმისი, რომ მთლიანად ქვეყნის პარტიული პოლიტიკური სისტემა, პარტიების ურთიერთობა და, საერთოდ, პოლიტიკური პროცესი არის ძალიან მძიმე კრიზისში. მოგვწონს თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ ის არის მოქმედი პოლიტიკური ორგანიზაცია და მთავარი ოპოზიციური პარტია. რასაკვირველია, ეს დიდწილად განსაზღვრავს მთლიანი პარტიის, პოლიტიკური სისტემის კონფიგურაციას და სტრუქტურას, რაც ამ სისტემას აქვს.

კოლაფსის მდგომარეობაა თვითონ „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით, როცა მერაბიშვილს სრულიად გაკოტრებულ ფიგურას გამოიყვან საჯაროდ. მას მიეწერება ამ პოლიტიკური ორგანიზაციის კრახი 2012 წელს, მისგან გაჟონა ინფორმაციამ თუ რა ხდებოდა ციხეებში. მოუწყვეს, თუ როგორ მოხდა, ამას მნიშვნელობა არ აქვს. დიდწილად მას აბრალებდნენ ამ წარუმატებლობას, ისე როგორც 2 გვამი და ა.შ.“, - აცხადებს ანალიტიკოსი.

როგორც დავით ზარდიაშვილი აცხადებს, ოდიოზურობა, რომელიც მერაბიშვილისთვის არის დამახასიათებელი, მიუღებელია იმ ნაციონალებისთვის, რომლებიც ჯანსაღი პოზიციიდან საუბრობენ და რომელსაც ახმოვანებს ბაჩო დოლიძე, რომელსაც კეთილგონივრულობის გარკვეული სტანდარტი აქვს და ისეთი არ არის, როგორიც არის მაგალითად ხაბე, ან ხაბეისტები.

„ეს აბსოლუტურად გაუგებარი ხალხია, რომელთაც არავითარი პერსპექტივა არ გააჩნიათ, მათ პოლიტიკაში არაფერი არ ესაქმებათ. ხაბეიშვილი არის საარაკო ხეპრე, ეს იმდენად თვალსაჩინოა, რომ ამის არდანახვა შეუძლებელია. პლუს, ახლა მერაბიშვილის სახით მოიყვანეს საარაკო, არანაკლებ ოდიოზური და გახმაურებული გვამი.

ამით აჩვენებენ, რომ ეს პოლიტიკური ორაგნიზაცია, როგორც ასეთი, განიცდის კრახს და კოლაფსის მდგომარეობაშია, იღუპება. მაგრამ მთავარი ის არაა, რომ იღუპება, არამედ ის, რომ ვინც მათ მისცა ხმა და ენდო, ისინი პოლიტიკაში ყოველგავრი გამოხატულების გარეშე რჩებიან“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით ზარდიაშვილმა.

ლევკოთეა რაც ნაციონალურმა მოძრაობამ ავნო ქვეყანას, მთლიანად საქართველოს მოსახლეობის იმ უმეტესობის სინდისზეა, რეკორდული უმრავლესობით რომ ხმა მისცეს სააკიანს პირველივე საპრეზიდენტოზე.
იმ გადარეულს კიდევ უფრო გადარევა უნდოდა? ამხელა ნდობა რომ გამოუცხადა ხალხმა, მე ვარ და ჩემი ნაბადიო და გარეკა ბოლომდე.
1 წლის უკან
merab მერაბიშვილის შემოსვლა ნიშნავს, ნაც ზონდერების შემოსვლას. ხომ არ დაგავიწყდა ნაცების ტერორი?
ეგ ყველაფერი მერაბიშვილი იყო.
ეს ადასტურებს, რომ ძალის გამოყენება აქვთ გამიზნული ამერიკელებს ხელისუფლების შესაცვლელად.
და რატომღაც არავინ ამბობს ამას.
1 წლის უკან
merab დაგვავიწყდა უნდა იყოს
1 წლის უკან
არაგველი641 გაიტანეთ გრენლანდია! რაღა დროს მერაბიშვილია!
1 წლის უკან