სანქციების მიუხედავად, რუსეთის ბაზრიდან, ჯერჯერობით, დასავლური კომპანიების 9%-ია გასული

სანქციების მიუხედავად, რუსეთის ბაზრიდან, ჯერჯერობით, დასავლური კომპანიების 9%-ია გასული

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეათე პაკეტზე მუშაობს. რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი, სავარაუდოდ, 24 თებერვალს იქნება მზად. დაწესებული სანქციების მიუხედავად, დასავლური კომპანიების უმრავლესობა რუსეთში ბიზნესს ჩვეულებრივ აწარმოებს.

გალენის უნივერსიტეტისა და IMD-ს კვლევით ირკვევა, რომ 2022 წლის ნოემბრის მონაცემებით, რუსული ბაზარი ევროკავშირის და G7-ს ქვეყნების კომპანიების მხოლოდ 8.5%-მა დატოვა. მათ შორის უმეტესობა - 18% ამერიკული კომპანიაა. ევროკავშირში ბაზირებული კომპანიების დონე 8.3%-ს შეადგენს, იაპონურებისა კი 15%-ს.

რუსეთში მოქმედი დასავლური ფირმების უმეტესობა გერმანულია. რუსეთში ოპერირება განაგრძეს ისეთმა კომპანიებმა, როგორებიცაა სამომხმარებლო გიგანტი „უნილევერი“, ამერიკული სწრაფი კვების რესტორანი „საბვეი“ და იტალიური მაკარონის მწარმოებელი „ბარილა“.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი ადასტურებს, რომ რუსეთის ბაზრიდან ჯერჯერობით დასავლური კომპანიების 9%-ია გასული. მისი თქმით, მოსკოვში დარჩენილი კომპანიების რაოდენობით გერმანია ლიდერობს, მეორე ადგილზე შეერთებული შტატებია, მესამეზე კი - იაპონია. როგორც პოდოლიაკი ამბობს, რუსეთში საქმიანობას განაგრძობს ავსტრიული ბანკი „რაი ფაიზენიც“, რომლის შემოსავალიც 313 პროცენტით არის გაზრდილი.

გალენის უნივერსიტეტისა და IMD-ს კვლევა კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს დასავლური კომპანიების სურვილს, ჩამოშორდნენ იმ ქვეყნების ეკონომიკებს, რომლებსაც დასავლური მთავრობები ახალ გეოპოლიტიკურ მოწინააღმდეგეებად მიიჩნევენ.

მიუხედავად ამ რეალობისა, უკრაინის ხელისუფლება ბრალს სდებს საქართველოს იმაში, თითქოსდა ქვეყანა არ შეუერთდა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს და მეტიც, საქართველო არის ის ქვეყანა, რომლის ტერიტორიიდან რუსეთში შედის სანქცირებული ტვირთი. ბარალდების მიუხედავად უკრაინის ხელისუფლებას და მედის კონკრეტული მტკიცებულება ამ დრომდე არ წარმოუდგენია.

ანალიტიკოსი გურამ ნიკოლაშვილი ამბობს, რომ სანქცია ოთხი მიმართულების არის. ამერიკას აქვს თავისი სანქციების სია, ევროკაშვირს თავისი, ბრიტანეთს და მის თანამეგობრობას თავისი და უკრაინას თავისი. ვისი ურისდიქცია სად ვრცელდება და ვინ როგორ დაიცავს სანქციებს, ამაზეა ლაპარაკი.

„ეს სანქციები არის საერთაშორისო და როგორ წარმოგვიდგენია ამერიკამ სანქცია დააწესა და ამას ამერიკული კომპანია არღვევს? - არა. შესაბამისად, ის კომპანიები, რომლებიც კერძო ბიზნესის ნაწილია და არ გამოსულან ბაზრიდან, ეს მათი მორალური არჩევანია. ამიტომ, როდესაც ვინმე ახსენებს სანქციებს, მაშინ უნდა დააკონკრეტოს. როგორც კი კონკრეტიკაზე გადავდივართ, პასუხი არ ვიცით. ვინმემ დაასახელოს რომელი ტვირთი გაატარა საქართველომ? იკრძალება რუსეთისთვის ნახევარგამტარების მიწოდება და საქართველო ამას აწვდის? ასეთი მაგალითი ვინმემ მომიყვანა? - არა“, - აცხადებს ნიკოლაშვილი.

როგორც ანალიტიკოსი განმარტავს, საქართველოს ხელისუფლებამ ღიად თქვა, რომ საქართველო საერთაშორისო სანქციებს არის მიერთებული და ამას იცავს, მაგრამ ცალმხრივად სანქციებს არ აწესებს.

„ამ კონფლიქტში ვგულშემატკივრობთ უკრაინას, მაგრამ ვინარჩუნებთ ნეიტრალიტეტს და არ შევდივართ ამ კონფლიქტში. როდესაც ლაპარაკობენ სანქციების დარღვევაზე, კონკრეტული მაგალითი ვერ წარმოადგინეს. მედიაში იმის ტრიალი, რომ საქართველო არღვევს სანქციებს, ეს არის პროპაგანდისტული ინსტრუმენტი, რომ მოსახლეობას შეექმნას ეს განცდა. მათ შორის - ამერიკულ გამოცემებში დაწერილი სტატიები და ახლა უკვე ლობისტური კონტრაქტების შინაარსის გამხელის შემდეგ გაირკვა ვისი ხელით და რა მექანიზმით იყო ეს გაკეთებული, მაგრამ იმ სტატიებმაც კი ვერ დაადასტურა, რომ საქართველო რაღაცას არღვევს და სანქცირებულ პროდუქციას აწვდის რუსეთს“, - აღნიშნა for.geს-სთან საუბრისას გურამ ნიკოლაშვილმა.

უკრაინის ხელისუფლების მხრიდან დაუსაბუთებელ ბრალდებას საქართველოში ხელისუფლების ცვლილების მოტივით ხსნის პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე, რომლის განცხადებით, უკრაინას საქართველოსგან სხვა უნდა, მაგრამ რა უნდა, იმას ვერ ამბობს - ხელისუფლების შეცვლა უნდა და არა დახმარება.

„უკრაინის ხელისუფლება ცდილობს, რომ უარყოფით ფორმაში წარმოაჩინოს ეს ხელისუფლება და დადებითი კუთხით ისაუბრონ სააკაშვილის ხელისუფლების მიმართ, მათი მიზანია ეს გამოავლინონ რაც შეიძლება მკაფიოდ არა იმიტომ, რომ გეგმა აქვთ როგორ შეცვალონ ხელისუფება და ა.შ. უბრალოდ, ემოციებს ვერ აკონტროლებენ, რა ემოციებზე არიან, იმ ემოციებით ლაპარაკობენ.  უყვართ ეს სააკაშვილი, რომელიც იმ გუნდის მფარველობაში იყო 2012 წლიდან. შესაბამისად, არ შეიძლება ერთდროულად ყველა გიყვარდეს და რახან სააკაშვილის გუნდი იმდენად უყვართ, რომ წამყვან პოზიციებზე ჰყავთ ე.ი. დღევანდელი ხელისუფლების მიმართ უნდა იყვნენ კრიტიკული და ამას ამჟღავნებენ“, - ამბობს პოლიტოლოგი.

რაც შეეხება გალენის უნივერსიტეტისა და IMD-ს კვლევას, რამაზ საყვარელიძის შეფასებით, უკრაინის ხელისუფლებას არ აინტერესებს რეალობა, ვინ უჭერს მხარს და ვინ არა.

„გაგვიგია ასეთი მძაფრი კრიტიკა გერმანიის, იაპონიის ან ამერიკის მიმართ? რა თქმა უნდა, არა. იმიტომ, რომ იმათგან რაღაც მოლოდინები აქვთ ტანკებიდან დაწყებული, ფინანსური დახმარებით დამთავრებული. ამ საქართველოდან არაფრის მოლოდინი არ აქვთ, თან მათთვის სიმპათიური ხალხი არ არის საქართველოს ხელისუფლებაში და მეტი მიზეზი რა გინდათ.

ამიტომ, როგორც სიტყვა მოუბრუნდებათ, ისე მოქმედებენ. თან, დიდად დაზუსტებული ინფორმაციით არ ლაპარაკობენ, როგორც სააკაშვილზე, ასევე საქართველოს მიერ გაწეულ დახმარებაზე. რატომ? ვერ დააზუსტებენ, რომ მოინდომონ? მაგრამ არ აწყობთ დაზუსტება“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.