გადაწყვეტილება მიღებულია - საქართველოს შეეძლება, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამხედრო შესაძლებლობები უფრო მარტივად მოითხოვოს და შეიძინოს - ასეთია აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის განცხადება, რომელმაც პენტაგონში ქართველ კოლეგას ჯუანშერ ბურჭულაძეს უმასპინძლა. მხარეებმა შეხვედრაზე განიხილეს აშშ-ის ვალდებულება, დაეხმაროს საქართველოს შეკავებისა და თავდაცვის შესაძლებლობის გაძლიერებაში. პენტაგონის შეფის განცხადებით საქართველომ დასავლეთთან კავშირები გააღრმავა და განამტკიცა გზა ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ, ასევე, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა გლობალურ უსაფრთხოებაში.
„საქართველო იყო ყველაზე დიდი კონტრიბუტორი ერთ სულ მოსახლეზე ჯარისკაცების რაოდენობით ავღანეთში, ნატო-ს მისიაში. ღრმად ვაფასებთ საქართველოს უდიდეს გავლენას სამხრეთ კავკასიასა და მთელ მსოფლიოში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის კუთხით. ჩვენი პარტნიორობა უსაფრთხოების სფეროში კვლავ გაღრმავდება.
საქართველოს მონაწილეობა საკონტაქტო ჯგუფში გვეხმარება, გავაძლიეროთ უკრაინის უნარი, დაიცვას საკუთარი თავი და გააძლიეროს წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი, რომელიც ყველა ჩვენგანის უსაფრთხოებას იცავს. და ეს გადამწყვეტია, რადგან უკრაინა აგრძელებს ბრძოლას და გაბედულად იბრძვის რუსეთის არაპროვოცირებული და უსამართლო შეჭრის წინააღმდეგ“, - განაცხადა ლოიდ ოსტინმა.
აშშ-ისგან მიღებული გზავნილები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოსა და ამერიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში უმაღლეს ნიშნულზეა.
აშშ-ში საქართველოს ელჩის, დავით ზალკალიანის განცხადებით, ამერიკელმა პარტნიორებმა განსაკუთრებული მადლიერება გამოხატეს იმ მხარდაჭერისა და იმ კონტრიბუციისთვის, რომელიც საქართველომ და ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა შეიტანეს გლობალური უსაფრთხოების გამოწვევის წინააღმდეგ ბრძოლაში.
„თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძის აშშ-ში ვიზიტი უაღრესად მნიშვნელოვანი და დროული ვიზიტია. ჩვენ გვქონდა ძალიან საინტერესო და შინაარსიანი შეხვედრა პენტაგონში, აშშ-ის თავდაცვის მდივანთან. გზავნილები, რომლებიც ჩვენ მივიღეთ აშშ-ისგან, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოსა და ამერიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში უმაღლეს ნიშნულზეა.
ამერიკელმა პარტნიორებმა განსაკუთრებული მადლიერება გამოხატეს იმ მხარდაჭერისა და კონტრიბუციისთვის, რომელიც საქართველომ და ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა შეიტანეს გლობალური უსაფრთხოების გამოწვევის წინააღმდეგ ბრძოლაში. დღევანდელი უსაფრთხოების გარემო, თანამშრომლობა, რომელიც გვაქვს აშშ-თან, დარწმუნებული ვარ, ამ შეხვედრის შემდეგ კიდევ უფრო მეტი დინამიზმით იქნება გამორჩეული“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.
თავდაცვის მინისტრის ვიზიტი ამერიკაში და გზავნილები რომელიც სტრატეგიული პარტნიორისგან მიიღო, ცხადყოფს, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულმა საქართველომ გააღრმავა კავშირები დასავლეთთან და განამტკიცა თავისი გზა ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ, რომელმაც ამ დროის განმავლობაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა გლობალურ უსაფრთხოებაში.
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, თავდაცვის მინისტრის აშშ-ში ვიზიტი მეტყველებს, რომ ევროატლანტიკური სივრციდან საქართველოს არანაირი დაშორება არ ხდება. მისივე თქმით, პენტაგონის პირველი პირის განცხადებები მეტყველებს იმაზე, რომ საქართველო ამერიკისთვის სანდო პარტნიორია.
„ამერიკის თავდაცვის მინისტრმა ძალიან დამაიმედებელი განცხადებები გააკეთა. მისასალმებელია განცხადება, განსაკუთრებით საქართველოსთვის იარაღის მიყიდვის გაიოლების მიმართულებით. რა თქმა უნდა, ეს იმაზე მეტყველებს, რომ საქართველო ამერიკისთვის ძალიან სანდო პარტნიორია. ასევე ხაზგასმული იყო ჩვენი წვლილი მსოფლიო უსაფრთხოებაში. მისასალმებელია, როცა ამერიკული მხარე აფასებს საქართველოს წვლილს ნატო-ს მისიებში - იქნება ეს კოსოვოში, ერაყში თუ ავღანეთში. საქართველოს თავდაცვის მინისტრის ვიზიტი მეტყველებს, რომ ევროატლანტიკური სივრციდან საქართველოს არანაირი დაშორება არ ხდება. ეს კარგად დაგეგმილი დეზინფორმაციული კამპანიის შედეგია. ერთ-ერთი გამოწვევაა გამკლავება დეზინფორმაციასთან, რაც მიზნად ისახავს ჩვენი ქვეყნის იმიჯის დაზიანებას დასავლეთში“, - აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.
პენტაგონის შეფის გზავნილების შემდეგ, ოპოზიცია ხელისუფლებისგან ითხოვს პასუხს ახსნას მისი პოლიტიკის ფორმულა, როცა ერთი ხელით აშშ-ის დახმარებას იღებენ, მეორე მხრივ, თავს ესხმიან მათ და ემუქრებიან აშშ-ის ელჩს. „ლელოს“ დეპუტატი სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ ომში ჩართვის ტყუილს იგონებს იმისთვის, რომ თავად დარჩეს ხელისუფლებაში, კორუფციით გამდიდრდეს და ხელი შეუწყოს უკეთესი ცხოვრებისთვის საქართველოს მოქალაქეების ქვეყნიდან გაქცევას.
„საქართველო ქართველების გარეშე სწორედ რუსეთის ინტერესებში შედის. გაუგებარი უნდა იყოს საზოგადოებისთვის, რა უნდა „ქართულ ოცნებას“, რომლის თავდაცვის მინისტრი ჩადის ვაშინგტონში, ხელს აწერს თანამშრომლობას აშშ-თან და იღებს 35-მილიონიან დახმარებას თავდაცვის უნარის გაძლიერებისთვის, ხოლო მეორე მხრივ, მისივე პარტიის წარმომადგენლები მუდმივ რეჟიმში თავს ესხმიან აშშ-ს, დასავლელ მოკავშირეებს და ადანაშაულებენ მათ, რომ წარმოადგენენ „გლობალურ ომის პარტიას“.
აგვიხსნან, რა არის მათი პოლიტიკა, როცა ერთი ხელით იღებენ აშშ-ის დახმარებას და მეორე მხრივ თავს ესხმიან მათ, ემუქრებიან აშშ-ს ელჩს, აგვიხსნან რა არის საბოლოო ჯამში მათი პოლიტიკის ფორმულა. ჩემი შეფასებით, „ქართული ოცნება“ ცდილობს მოატყუოს ქართველი ხალხი. მინდა ყველამ გაიგოს, რომ არავინ სთხოვს საქართველოს ომში ჩართვას, დღეს არავის დასავლეთში არ სჭირდება დამატებით თავის ტკივილი, ყველას ესმის, რომ ვითარების დაძაბვის შემთხვევაში ჩვენს ქვეყანას დასჭირდება დასავლეთის დახმარება, ამიტომ დასავლეთის ინტერესებში შედის ჩვენს ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნება“,- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
33 მილიონი უხარია, მაგრამ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი თვლის, რომ 300 მილიონიც შეეძლო მიეღო საქართველოს. გიორგი ვაშაძე მიიჩნევს, რომ ვიზიტი არა რეალური შედეგების მიღებას, არამედ იმას ემსახურებოდა, რომ ევროინტეგრაციის მომხრე მოქალაქეებს, რომლებიც მთლიანი მოსახლეობის 80 პროცენტს შეადგენს, აჩვენონ, თითქოს რამეს აკეთებენ.
„ამერიკელები მზად არიან ყველაფერი გააკეთონ საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაზრდისთვის, მათ შორის თანამედროვე შეიარაღების მოწოდებით. ამას არ აკეთებს „ქართული ოცნება“. უფრო მეტიც, მალულად, ჩუმად ჩადიან აშშ-ში, ამის თაობაზე საქართველოში არავინ ვიცოდით, დამალეს, რომ არ ყოფილიყო დისკუსია იმაზე, თუ რა საკითხები უნდა დაეყენებინა ქართულ მხარეს შეხვედრაზე. ამერიკის მხრიდან მზაობა არის სრულფასოვანი, რომ მხარდაჭერა აღმოუჩინოს საქართველოს, მაგრამ თუ ჩვენ არ ვიქნებით ინიციატორი, ეს იქნება შეხვედრა შეხვედრისთვის. თუ არ დააყენე საკითხი, რომ თანამედროვე შეიარაღება, რაც უკრაინაში შედის, გჭირდება შენც, მაშინ ამას არავინ მოგცემს, არც ერთ განცხადებაში არ გვინახავს, რომ რაიმე საკითხი დააყენა დამატებით. სწორი პოზიცია რომ აერჩიათ, დღეს უკვე გვექნებოდა ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები და ის თანამედროვე შეიარაღება, რაც განამტკიცებდა საქართველოს თავდაცვისუნარიანობას და საფრთხე რუსეთის მხრიდან იქნებოდა მინიმუმამდე დაყვანილი. მითხარით, სადმე დააყენა „ქართულმა ოცნებამ“ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების მოწოდების საკითხი? გაგახსენებთ, ფრანგულ მხარეს უარი უთხრეს პირდაპირ ამის მოწოდებაზე“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ოპოზიციისგან განსხვავებით პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე თვლის, რომ თავდაცვის მინიტრის ვიზტი აშშ-ში საყურადღებო ფრაგმენტია ქართული პოლიტიკური პროცესებისთვის, თუნდაც იმიტომ რა საკითხიც წამოწიეს ოპოზიციამ და უკრაინამ, რომ საქართველო ხელს უწყობს რუსეთს. პოლიტოლოგის განცხადებით, საქართველო რომ ხელს უწყობდეს რუსეთს, ვიზიტის გაუქმება საკმაოდ მარტივია.
„საერთოდ არ მიიღებდა ქართულ დელეგაციას ამერიკული მხარე. ამავე დროს, საქართველოს რომ ფეხი ჰქონდეს გადგმული იმ პროცესებში, რასაც აბრალებენ - სანქციების შემოვლა და ა.შ. დასავლეთი არც ტრანზიტის გზების აქეთ გადმოტანაზე დათანხმდებოდა, რაც აზერბაიჯან-საქართველოს მონაწილეობით ხდება და არც საქართველოდან მწვანე ენერგიის გატანაზე იქნებოდა თანახმა. ასე რომ, დასავლეთის პარტნიორობის ერთ-ერთი რგოლია ეს ვიზიტიც.
საქართველო რომ რუსული ხაზის გამტარებელი იყოს, წესით ეს მოძრაობები დასავლეთის მხრიდან არ უნდა ყოფილიყო, ისევე როგორც არ არის ბელარუსის მიმართ. არადა, ჩვენი ოპოზიცია ხშირად ახსენებს, რომ საქართველო და ბელარუსი ხელს უწყობენ პუტინს. თვითონ დასავლეთი ასე არ ფიქრობს და დეგნანის ბოლო ინტერვიუც ხაზს უსვამდა იმას, რომ საქართველოს ეკონომიკურ და პოლიტიკურ საქმიანობაში არანაირი ხინჯი არ შეემჩნევა, რომელიც მიუთითებდა მის რაიმე კავშირს რუსეთთან“, - ამბობს საყვარელიძე.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველო არ აქტიურობს იარაღის მოთხოვნაში, პოლიტოლოგი თვლის, რომ ასეთი მორიდებული შეიარაღებით მეორე ფრონტი გამორიცხულია.
„ოპოზიცია იმასაც საყვედურობდა საქართველოს რაღაცა შეიარაღებას გვაძლევდნენ და უარი თქვესო. აშკარად არ უნდა საქართველოს ძალიან მკვეთრი ნაბიჯები გადადგას შეიარაღების მიმართულებით იმიტომ, რომ ეს, რა თქმა უნდა, გააჩენს იმ ეჭვს, რომ თუკი თოფს იღებს საქართველო, მაშინ ის რუსეთის წინააღმდეგ იქნება მიმართული, რადგან სხვა მტერი საქართველოს არ ჰყავს. ასე რომ, აქაც არ მიკვირს საქართველოს სიფრთხილე და არც ის მიკვირს, რომ ძალიან დიდ რაოდენობას არც ამერიკა არ გვთავაზობს.
ძალიან დიდი რაოდენობები რომ ყოფილიყო, გაჩნდებოდა ვარაუდი, რომ შეიძლება ამერიკა სპეციალურად აიარაღებს საქართველოს, მერე საქართველომ უფრო გაბედულად გადადგას ნაბიჯები მეორე ფრონტის მიმართულებით. რახან ასეთი მოჭარბებულ შეიარაღებას არ ვხედავთ, მართლა იმ ფარგლებშია ეს დახმარება, რასაც იმსახურებს საქართველო და ამ შემთხვევაში ამაზეც პასუხს იძლევა ამერიკული მხარე. უფრო დიდი და ჭარბი რომ იყოს ეს შეიარაღება, მაშინ იფიქრებდა ადამიანი, რომ მეორე ფრონტის გახსნისთვის გამზადებს ამერიკა. ასეთი მორიდებული შეიარაღებით მეორე ფრონტი გამორიცხულია“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.