შეძლებს თუ არა „ნაცმოძრაობა“ ურთულესი დილემის დაძლევას, რომ მიხეილ სააკაშვილის გარეშე ისწავლოს არსებობა და ახალი იდენტობა შექმნას?!
აქამდე „ნაცმოძრაობას“ სააკაშვილი როგორღაც მიათრევდა, მაგრამ სულ ახლახანს პარტიის თავმჯდომარის არჩევნებმა ყველას დაანახა, რომ სააკაშვილი ყველანაირად ცდილობდა საკუთარი პარტიისგან დისტანცირებას. ახალი ლიდერის არჩევის შემდეგ სააკაშვილმა მოკლე წერილით მიულოცა გამარჯვება ლევან ხაბეიშვილს და ტრადიციული მისალოცი სიტყვებით გვერდში დგომა აღუთქვა, ოღონდ დასძინა, რომ ხაბეიშვილს გვერდში დაუდგება უკრაინიდან. იქვე გააფრთხილა ხაბეიშვილი, რომ მისგან მეტის მოლოდინი არ უნდა ჰქონდეს, რადგან მიშა ქართული პოლიტიკისგან დისტანცირდება.
ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია მიიჩნევს, რომ 2018 წლიდან სააკაშვილი უკვე აღარ არის „ნაცმოძრაობის“ ლიდერი. ეს პარტია ისედაც ავტონომიურ რეჟიმში იმართებოდა და სააკაშვილის გავლენა „ნაცმოძრაობაზე“ ნომინალური იყო, დაახლოებით ისეთი, როგორც ვლადიმერ ილიას ძე ლენინი 1921 წლიდან „აკონტროლებდა“ ბოლშევიკურ პარტიას. მართალია, 1924 წლამდე, ანუ გარდაცვალებამდე ლენინი ფორმალურად იყო ბოლშევიკური პარტიის ლიდერი, მაგრამ მენტალური და სხვა დაავადებების გამო ვერ მართავდა სიტუაციას.
„ლენინსა და სააკაშვილს შორის მაინცდამაინც დიდი განსხვავება არაა, ორივე ავტოკრატიული მმართველი, მენტალურად დაავადებული ადამიანია, ბოლშევიკურ პარტიასაც და „ნაცმოძრაობისაც“ ბევრი მსგავსება აქვს, ასე რომ, სააკაშვილის ლენინიზაცია ამ პარტიაში დიდი ხანია, დაწყებულია. სააკაშვილს მხოლოდ ის პრივილეგია ჰქონდა, რომ ის იყო ამ პარტიის დამფუძნებელი, ხოლო სხვა პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს რეალურად არც ღებულობდა“, - აცხადებს ვახტანგ მაისაია ჩვენთან საუბრისას და განმარტავს, რომ ნაცები ახლა პოლიტიკურ მანიპულაციას მიმართავენ.
ის, რომ ნაცებმა თურმე ახალი იდენტობა უნდა შექმნან, ეს უკავშირდება მერაბიშვილისა და კეზერაშვილის მიერ სასახლის კარის გადატრიალების კლასიკურ მაგალითს, რადგან მერაბიშვილი აპირებს უშუალოდ მართოს „ნაცმოძრაობა“ თავისი არაფორმალური მმართველობით.
ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი for.ge- სთან საუბრისას აცხადებს, რომ „ნაცმოძრაობა“ სააკაშვილის გარეშე არსებობას ვერ ისწავლის, ეს გამორიცხულია, რადგან მთელი პოლიტიკური კაპიტალი, რაც „ნაცმოძრაობას“ აქვს, დაკავშირებულია ვარდების რევოლუციასთან, სააკაშვილის სახელთან.
ანალიტიკოსის შეფასებით, რევოლუციურ რიტორიკას სჭირდება ქარიზმა. თუკი სააკაშვილის ქარიზმა არ ექნებათ, რევოლუციონრობასაც ვერ შეძლებენ. ის, რომ ან მელია ჰყავდათ და ახლა ხაბეიშვილი ჰყავთ „ქარიზმატულ ლიდერად“, ეს უკვე სასაცილოა, განსაკუთრებით, ხაბეიშვილია სასაცილო.
„ეს არის აჯამის თითით საჩვენებელი მაგალითი, ეს ყველაფერი ტრაგიკულია. გვინდა, არ გვინდა, „ნაცმოძრაობა“ ქართული პარტიული სისტემის ნაწილია და ასეთი სამარცხვინო ლიდერი მთავარ ოპოზიციურ პარტიაში ჩვენი სირცხვილია, საქართველოს შეურაცხყოფაა. გასაგებია, რომ კეზერაშვილს და მერაბიშვილს უნდათ ამ პარტიის არაფორმალური მართვა, მაგრამ ამ გროტესკული ადამიანის მოყვანა პარტიის თავმჯდომარედ სირცხვილია. მმართველი პარტიის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს გვერდში ვერ დავუყენებთ ხაბეიშვილს, ვერც ელჩებთან გავუშვებთ მოსალაპარაკებლად, ქართველი ხალხის შეურაცხყოფაა, როცა ხაბეიშვილი გველაპარაკება, როგორც პოლიტიკური ლიდერი“,- აღნიშნა დავით ზარდიაშვილმა.
მანვე განმარტა, რომ 90- იანი წლებიდან მოყოლებული, უამრავი პერსონა უნახავს, მათ შორის, შალიკო ნათელაშვილი, მაგრამ შალვა ხაბესთან შედარებით კეისარი, მარკუს ავრელიუსი და ყველაფერი ერთადაა. ანალიტიკოსი არც იმას გამორიცხავს, რომ ეს იყოს კეზერაშვილის ბოროტი ხუმრობა, რომელმაც ქართველ ხალხზე შური იძია და დასცინა ხაბეიშვილის სახით, არ გინდოდათ უკეთესი ლიდერი, ახლა ეგ გყავდეთო. ეს არის ქართული პოლიტიკური სისტემის დაქვეითება. პოლიტიკას ეკარგება შინაარსი, ყველაფერს სასაცილოს ხდის ამ ადამიანის პოლიტიკაში მონაწილეობა.