„როგორც სხვა პოსტსაბჭოთა კლეპტოკრატ ლიდერს, მილიონები არ მაქვს გადამალული. ადვოკატის ფული აღარ გვაქვს. დედაჩემმა მიწის ნაკვეთი უკვე გაყიდა და ბინის გაყიდვასაც ფიქრობს“, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა 27 იანვარს გერმანულ გამოცემა Spiegel-თან ინტერვიუში განაცხადა. ამ ინტერვიუდან რამდენიმე დღეში ცნობილი ხდება, რომ გიული ალასანიამ ამერიკულ საკონსულტაციო კომპანია „გლობალ პოინტთან“ მორიგი ხელშეკრულება 17 იანვარს გააფორმა. მომსახურება 20 000 დოლარი ღირს. ხელშეკრულება კომპანიის სხვადასხვა პოზიციაზე მყოფთათვის საათობრივ ანაზღაურებას მოიცავს, საათში 125-დან 400 დოლარამდე. პირველი ხელშეკრულება „გლობალ პოინტთან“ სააკაშვილის დედამ ნოემბერში გააფორმა.
„ღატაკი“ ექს-პრეზიდენტი და მისი ოჯახი აშშ-ის იურიდიული ფირმა სააკაშვილის ლობირების მასშტაბს ზრდის. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სააკაშვილის ოჯახმა ამერიკულ ლობისტურ კომპანია „აკერმანს“ 917 177 დოლარი გადაუხადა. მხარეებს შორის გაფორმებულ კონტრაქტს ხელს გიული ალასანია აწერს. კონტრაქტი 2022 წლის ივლისშია გაფორმებული. „აკერმანი“ ამ დროიდან მუშაობს იურიდიული კონსულტაციის გაწევაზე სააკაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებასთან დაკავშირებით.
მასალებიდან ირკვევა, რომ ლობისტური საქმიანობა ასევე მოიცავდა აშშ-ის და საერთაშორისო მედია საშუალებებისთვის სააკაშვილის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას და სტატიების გამოქვეყნების უზრუნველყოფას კლიენტის მძიმე მდგომარეობისა და ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, ადვოკატ მასიმო დანჯელოს კომუნიკაცია ჰქონდა საქართველოში აშშ-ის საელჩოს თანამშრომლებთან, ამერიკელი სენატორის, ჯინ შაჰინის ოფისთან, გლობალური სტრატეგიული კომუნიკაციების სპეციალისტთან, კრისტოფერ ჰარვინთან და აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და შრომის ბიუროში მდივნის თანაშემწის მოადგილესთან.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, კომპანია „აკერმანმა“, რომელიც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ლობირებს, სამედიცინო ექსპერტებს და ექიმებს დასკვნების სანაცვლოდ სოლიდური თანხა ($284,784 აშშ დოლარი) გადაუხადა. კერძოდ, ერიკ გოლდსმიტი - 75,864, სტიუარტ ფინკელი - 79,012, მაიკლ კოსნეტი - 6,825.00, შაჰინ ლაჰარი - 107,399.23, NMS Labs - 1,621, დეივიდ სმიტი - 11,200, ჯეიმს კობი - 2,923.62. Akerman-ის ჯგუფმა 35,000 დოლარი გადაუხადა კომპანია GP International-ს სააკაშვილის შესახებ საერთაშორისო მედიაში აქტიური კამპანიის განსახორციელებლად.
3 თებერვლით გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ადვოკატი მასიმო დიანჯელო 2022 წლის ივლისიდან მუშაობს სააკაშვილის ლობისტად, რაშიც ჯამში მისმა კომპანიამ 917,177.44 აშშ დოლარი მიიღო. ლობისტებთან გაფორმებულ სოლიდურ კონტრაქტს მიხეილ სააკაშვილის დედა აწერს ხელს. გიული ალასანია ამბობს, რომ არანაირი მილიონი დოლარი არ არის გადახდილი და საერთოდ არ იცის რა დოკუმენტზეა ლაპარაკი.
„მე არ დამითვლია, მაგრამ საკმარისად ბევრი იყო. დაქირავებული გვყავს ეს იურიდიული კომპანია, ასევე ექიმები, რომლებიც ჩამოვიდნენ, ექსპერტები და იმუშავა ხალმა. უთანხოდ ვინ მუშაობს?! სამმა ექიმმა, ერთმა ნობელიანტმა, ერთმა ბრიტანელმა და ერთმა კიდევ შვეიცარელმა საერთოდ უფასოდ იმუშავებს. მილიონ დოლარამდე არ მგონია იყოს დახარჯული, დიახ, მე ვაწერ ამ კონტრაქტს ხელს და ვიხდიდით. ის ადამიანები ასე აფასებენ თავის შრომას და ყველა ასე მუშაობს“, - აცხადებს გიული ალასანია.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ ამბობენ, რომ ექიმის მომსახურება, რაშიც ნებისმიერი ადამიანი ფულს იხდის, არ შეიძლება ლობირებად შეფასდეს.
„ქვეყნის ფარგლებს გარეთ, რა თქმა უნდა, სჭირდება გაათმაგებული მუშაობა, რომ სამართლიანი ამბავი, რაც მიხეილ სააკაშვილის თავს ხდება, მიტანილი იყოს ყველას ყურამდე. საჭიროა არამხოლოდ ლობისტური ორგანიზაციები, არამხოლოდ პოლიტიკოსები, საჭიროა დამატებით ადვოკატები, რომ ყველასთვის გახდეს ცნობილი ის საშინელება, რასაც საქართველოს ხელისუფლება სჩადის“, - აცხადებს დავით კირკიტაძე.
აღსანიშნავია, რომ ლობისტური საქმიანობისთვის მიღებული თანხის დიდი ნაწილი, დაახლოებით 300 000 დოლარამდე გამოყენებულია სამედიცინო ექსპერტების ანაზღაურებისთვის, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი მიხეილ სააკაშვილის საქმეში და მოამზადეს სამედიცინო დასკვნები. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ეჭვ ქვეშ აყენებს დასკვნების სანდოობას და ცხადყოფს, რომ აღნიშნული დასკვნები ლობისტური კამპანიის ნაწილია.
თუმცა, ცხადია ისიც, რომ ლობისტური კომპანია თავის დავალებას ზედმიწევნით ასრულებს. ყოველდღიურ რეჟიმში მოდის წერილები აშშ-დან და დასავლეთიდან, შინაარსი ყველა შემთხვევაში ერთია - „საქართველოს ხელისუფლება კლავს სააკაშვილს, არ აძლევს მკურნალობის საშუალებას და სასწრაფოდ უნდა იქნას გაყვანილი საქართველოდან“.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მილიონი დახარჯეს და დიაგნოზი ვერ დასვეს, ეს არის მოკლე შეჯამება იმ ყველაფრისა, რაც წარმოებს სააკაშვილის საქმის გარშემო. მისი თქმით, კიდევ ერთხელ გამოამჟღავნეს, რომ საააკაშვილი და მისი ოჯახი არიან მილიონრები და არა მარტო მილიონრები.
„გამოჩნდა, რომ ის კამპანია, რომელიც უკავშირდება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას, არის თავიდან ბოლომდე პოლიტიკური მიზნებით ნაკარნახევი, არავითარი სამედიცინო აქ არაფერია. არის ერთადერთი მიზანი, გათავისუფლდეს სააკაშვილი იმისთვის, რომ ქვეყანაში დაიწყოს არეულობა. საბოლოო მიზანი არის მეორე ფრონტი. ეს ლობისტური კონტრაქტი არის ამის კიდევ ერთი, მორიგი გამოხატულება.
ერთადერთი, რაც ხდება, არის ის, რომ სააკაშვილი შეგნებულად, მისი ოჯახის თანამონაწილეობით, არ იღებს სათანადო კალორაჟის საკვებს. ეს არის თვითდაზიანების პროცესი, რომ ამით და გარე ჩარევით უზრუნველყოფილი იქნება მისი გათავისუფლება. ვერც ლობისტური კონტრაქრებით და ვერც მათი მეგობრების მობილიზებით ჩვენ ვერ მივიღებთ ვერავითარ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, ეს არის სამართლებრივი საკითხი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი ამბობს, რომ კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მისი ოჯახისა და მხარდამჭერთა წრის მიზანი არასოდეს იყო სააკაშვილის ჯანმრთელობაზე ზრუნვა და მთავარი მიზანი იყო მავნე ნარატივის სახალხოდ გავრცელება, სახელმწიფოს წინააღმდეგ. მისი თქმით, ამ თანხის ერთი პროცენტიც რომ დაეხარჯათ კვალიფიციური ექიმის ჩამოსაყვანად, ალბათ, მისი ჯანმრთელობა არანაირი კითხვის გაჩენის საფუძველს არ მისცემდა.
„ვხედავთ, რომ მილიონი იხარჯება ოჯახის მიერ ამ მავნე ქმედებების განსახორციელებლად. ფაქტია, რომ სადაც ასეთი მასიური პიარ-პროპაგანდისტული კამპანიის გაშლა ხდება, იქ მხოლოდ ეს თანხები არ არის ხოლმე საკმარისი. არის გარკვეული ძალების მხრიდან მწვანე შუქი ანთებული იმაზე, რომ საქართველოს წინააღმდეგ ეს დამაზიანებელი ფეიკი იქნას ფართოდ პროპაგანდირებული. ამიტომ, აქ ჩვენ დიდ ფულთან ერთად, ვხედავთ ჰიბრიდული ომის ყველა ნიშანს“, - აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.
ანალიტიკოსის დავით ქართველიშვილის განცხადებით, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში საინტერესო დეტალია ის, რომ „შიმშილის“ პირას მყოფი, გაღატაკებული სააკაშვილი ციხიდან თავის დახსნაში უპრობლემოდ იხდის მილიონამდე დოლარს. ქართველიშვილი ინტერესდება საიდან ეს თანხა?
„საიდან მოიტანა ქალბატონმა გიულიმ თუნდაც ეს რაღაცა 917 177 დოლარი, როდესაც ყოველდღიურად გვესმის „ვივა მედიდან“ რომ ჩვენ ღარიბები ვართ, დედაჩემს საიდან ფული, ბინას ვყდით და ა.შ. ერთი წამით რომ დავიჯეროთ ასეა, გამოდის, რომ ვიღაცამ გადაიხადა. სავსებით შესაძლებელია ეს ფული გადაიხადეს იმ საერთაშორისო აგენტოკრატებმა, რომელთა მიზნებში შედის ყველანაირი ხერხით და მათ შორის საქართველოს ხელისუფლებაზე სახიფათო ექსპერიმენტების ჩატარების გზით, საქართველოს მოსახლეობის ფინანსური დასჯის გზით დაიბრუნონ თავის კონტროლირებად ტერიტორიაზე ის ძალიან სახიფათო, ან თანამონაწილე, ან ინფორმაციის მატარებელი სააკაშვილი, რომელმაც შეიძლება ფსიქოლოგიურ ზეწოლას ვერ გაუძლოს, გატყდეს და ალაპარაკდეს არა მხოლოდ საკუთარ გმირობებზე, არამედ იმ აგენტოკრატების გმირობებზე, რომლებმაც 2003 წელს მისი დესანტირება მოახდინეს საქართველოში. და მას შემდეგ, ყველამ ვიცით, რა ამბები დატრიალდა, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. აქ ეს შეკითხვა არც არის საკვანძო - ვთქვათ, და არა სააკაშვილი იხდის, არამედ მის გამოხსნაში კრებსითი „აგენტოკრატების“ ფინანსური ძალისხმევაა ჩართული, ეს პირდაპირ ამტკიცებს ჩვენს არაერთ ვარაუდს, რომ უამრავ საერთაშორისო დანაშაულის პოტენციური თანამონაწილე ან სახიფათო ინფორმაციის მატარებელი, ფსიქოლოგიური „გატეხვის“ ზღვრამდე მისული სააკაშვილი (რომელმაც შეიძლება უხერხული ლაპარაკი დაიწყოს) სასწრაფოდ გადასაყვანია აგენტოკრატების კონტროლირებად ტერიტორიაზე“, - აცხადებს ქართველიშვილი.
როგორც ანალიტიკოსი აცხადებს, ძალიან ბევრი კითხვა გააჩინა ამ კონტრაქტის გამომზეურებამ იმ საბოლოო მიზნებათან დაკავშირებით, რომელიც კიდევ ერთხელ გამოაშკარავდა. მისი თქმით, საერთაშორისო მავნებელთა და მათი ადგილობრივი ლაქიების დაჯგუფების ერთადერთი მიზანია საქართველოს მომავალსა და სააკაშვილის მომავალს შორის ტოლობის ნიშანი არა თუ გაავლონ, არამედ სააკაშვილის სასარგებლოდ წარმართონ თავიანთი მავნებლური საქმიანობა.
„ამ მისიის შესასრულებლად მასიმო დანჯელო აქტიურად თანამშრომლობს ამერიკისა და ევროპის სამთავრობო ჩინოვნიკებთან, რათა სააკაშვილის დაპატიმრების გამო საქართველოს ხელისუფლებას დაუწესონ სანქციები, ეკონომიკური ჯარიმები, შეუჩერონ საერთაშორისო დაფინანსება და მიმდინარე ეკონომიკური პროექტები.
ამ ერთი ჯალათის და კრიმინალის გამოსახსნელად, აგენტოკრატების მიერ უკვე ღიად არიან ჩართულები დასავლეთის სამთავრობო პირები, რომლებიც კოლოსალური თანხის სანაცვლოდ მზად არიან საქართველოს, მისი ხელისუფლების, მისი მოსახლეობის მატერიალურ-ეკონომიკური კეთილდღეობა ამ ერთადერთი მიზნის განხორციელებას შესწირონ. დამოუკიდებელი და ძლიერი საქართველო, თუ პატიმარი სააკაშვილი - საერთაშორისო აგენტოკრატების ფსონი აშკარად ამ უკანასკნელზეა გაკეთებული. ამ შემთხვევაში ხელისუფლებამ რაც უნდა გააკეთოს, უნდა ამხილოს ნებისმიერი მცდელობა, ერთ სასწორზე დააყენოს ყველა და სულ ერთია ვინ იქნება - შიდა მავნებელი, თუ გარე მავნებელი“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით ქართველიშვილმა.
პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ სააკაშვილმა მოკლე ვადებში ისწავლა უცხოურ ლობისტურ კომპანიებთან მუშაობა, რაც ამ ხნის განმავლობაში ვერ ისწავლა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ, რაც ჩანს კიდეც. ამიტომ, მისი თქმით, იმაზე ლაპარაკი, რომ ეს არ გვეკადრება, ძალიან დამთრგუნველია იმ მხრივ, რომ ფაქტობრივად, ხელისუფლების მხრიდან აღიარება გამოდის იმისა, რომ პოლიტიკის წარმოების თანამედროვე ვარიანტებით იმოქმედეს.
„მთელი მსოფლიო ამ ლობისტური მექანიზმებით მუშაობს. ან, უნდა გქონდეს მისგან დაცვის ძალიან ძლიერი სისტემა მსოფლიოში, ან უნდა შეგეძლოს შენი ლობისტური ლაშქარის შექმნა. ვხედვათ, რომ ბრძოლა მიდის და ამ ბრძოლაში ლაშქარს წარმოადგენენ ლობისტები. ამიტომ, გამართლება და ამ მიმართულებით ხელების დაბანას აზრი არ აქვს. ეს, მხოლოდ მიუთითებს იმაზე, რომ მათ მართვის უნარი არ გააჩნიათ ამ ტიპის საკითხებში და, როგორც ჩანს, არც ცდილობენ, თორემ უსწავლელი რა არის ამ ქვეყანაში.
ერთ ხანს გამოჩნდა წერილები და გაჩნდა ვერსია, რომ ხელისუფლებამაც გადადა ნაბიჯები, მაგრამ ფაქტია, რომ დღეისთვის ამ მიმართულებით ძალიან დიდი სხვაობაა და მათ შორის ციფრებში. ყოფილი პრეზიდენტი და „ღატაკი“ სააკაშვილი მილიონიან ხელშეკრულებაზე მიდის ლობისტებთან, რადგან უღირს მაგ საქმე. არის მეორე მხარე, რაც შეიძლება მკაფიოდ იყოს დადასტურებული. კერძოდ ის, რომ სააკაშვილისთვის ამ ნაბიჯის გადადგმა არ არის მიზანშეწინილი. ისევ მსოფლიო პოლიტიკურ საინფორმაციო სივრცეში უნდა იყოს ეს არგუმენტები მკაფიოდ გატანილი და დადებული“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ ვერ მოახერხა, რომ მსოფლიო საინფორმაციო სივრცეში სააკაშვილის დანაშაულზე ყოფილიყო ჩამოყალობებული მკაფიო პოზიცია.
„მსოფლიო საინფორმაციო სივრცეში შევიდეს ეს ინფორმაცია, ერთი მხრივ ესეც ლობისტებზე მუშაობას გულისხმობს და მეორე მხრივ, ამ მასალების გამზადებას. სიმართლე გითხრათ, ჩვენთან ძალიან მკრთალად გაიელვა ინფორმაციამ, რატომ არ ეკუთვნოდა სააკაშვილს სასჯელის გადავადება, ან შემსუბუქება, მაშინ, როდესაც ყოველ დღე დიდი საინფორმაციო ნაკადი და ტალღა მოდიოდა მეორე მხარიდან. საქართველოში არ არის უზრუნველყოფილი სრული საინფორმაციო ფონი. რა თქმა უნდა, უცხოეთში ამის გაკეთება ძნელია, ოღონდ კიდევ უფრო საჭიროა“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.
აბაა! აი ეგეთი ხლე ნაროდია ნაც სექტა!